"თურქი განდი" და ქემალისტი - ვინ არის ერდოღანის 74 წლის მთავარი მეტოქე ქემალ კილიჩდაროღლუ
თურქეთში რამდენიმეთვიანი ცხარე დებატების შემდეგ ექვსი ოპოზიციური პარტიის ალიანსი ("სახალხო ალიანსი") 14 მაისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კონკრეტულ კანდიდატზე შეთანხმდა: გუშინ, 6 მარტს, "ექვსეულმა" რეჯეფ ერდოღანის მეტოქე დაასახელა - 74 წლის ქემალ კილიჩდაროღლუ, რომელიც სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერია. "ჩვენი ერთადერთი მიზანია, ქვეყანა ავაყვავოთ, სადაც მშვიდობა და სიხარული იბატონებს", - განაცხადა მან ანკარაში, თავისი მხარდამჭერების მრავალათასიან მიტინგზე, - "ჩვენ თურქეთის მართვას კონსულტაციებისა და კონსენსუსის საფუძველზე დავიწყებთ".
შეთანხმება უთანხმოების შემდეგ: 5 ვიცე-პრეზიდენტი?!
"სახალხო ალიანსი" დიდი ხნის განმავლობაში ვერ თანხმდებოდა ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის წამოყენებაზე სახელმწიფოს მეთაურის არჩევნებში. უფრო მეტიც - ბოლო დღეებში ოპოზიციური ბლოკის დაშლის სიმპტომებიც კი გაჩნდა: ექვსიდან ხუთი პარტია თანახმა იყო ქემალ კილიჩდაროღლუს კანდიდატურაზე, მაგრამ მის წინააღმდეგ "კარგი პარტიის" ლიდერი მერალ აქშენარი გამოდიოდა, რომელიც თვლიდა, რომ უკეთესი კანდიდატურები იქნებოდნენ სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ ან ანკარის მერი მანსურ იავაში. სხვათა შორის, ორივე იმ სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრები არიან, რომლის ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუა.
შეთანხმება, რომელსაც "სახალხო ალიანსმა" სულ ბოლო მომენტში მიაღწია, ითვალისწინებს, რომ ქემალ კილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში, დანარჩენი ხუთი ოპოზიციური პარტიის ლიდერები ვიცე-პრეზიდენტები გახდებიან. გარდა ამისა, ოპოზიციური პარტიების ბლოკი მიიჩნევს, რომ "შესაბამის პირობებში" ვიცე-პრეზიდენტებად შეიძლება ანკარისა და სტამბოლის მერებიც დაინიშნონ.
რას ჰპირდება თურქებს "სახალხო ალიანსი"?
თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს უნდა ჩატარდეს. უკვე ცნობილია, რომ ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი თავისი უფლებამოსილების შენარჩუნებას აპირებს.
ოპოზიცია, თავისი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, თურქებს ჰპირდება, რომ დააბრუნებს ქვეყნის მართვის საპარლამენტო სისტემას, რომელიც რეჯეფ ერდოღანმა საპრეზიდენტოდ გარდაქმნა. გარდა ამისა, "სახალხო ალიანსს" განზრახული აქვს ინფლაციასთან ბრძოლა, ცენტრალური ბანკის ფინანსური დამოუკიდებლობის აღდგენა, თურქეთის როლის განმტკიცება ნატოში და სწრაფვა ევროკავშირში გაწევრებისათვის.
ქემალი, ქემალის მემკვიდრე
მშრალი ბიოგრაფიული მონაცემებიდან: ქემალ კილიჩდაროღლუ 1948 წელს დაიბადა თურქეთის თუნჯელის პროვინციაში, რომელიც აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარეობს. მამამისი, ქამერ ყარაბულუტი, წარმოშობით ქურთი-ალავიტი, ადგილობრივ უწყებებში საქმის მწარმოებელი იყო, დედა - იემუში კი - დიასახლისი. ოჯახი მრავალშვილიანი იყო, ქემალს კიდევ ექვსი და-ძმა ჰყავდა, ერთ-ერთი კი - ადილი მისი ტყუპისცალი იყო. სანამ შვილს სკოლაში მიიყვანდა, მამამისმა ქამერმა გვარი შეიცვალა - რადგანაც სოფელში ყველას გვარი ყარაბულუტი იყო, მან ახალი გვარი ბაბუის სახელისგან შეადგინა და ოჯახის წევრები გვარად კილიჩდაროღლუები გახდნენ.
1971 წელს ქემალმა ანკარის ეკონომიკისა და ვაჭრობის აკადემია დაამთავრა, სტაჟირება საფრანგეთში გაიარა (კარგად ფლობს ფრანგულ ენას), 1983 წელს კი თურქეთის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამმართველოში ჯერ განყოფილების გამგედ, შემდეგ კი - დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. მომდევნო წლებში იმავე უწყებაში მუშაობას სხვადასხვა თანამდებობაზე აგრძელებდა, 1992 წლიდან კი - თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროში - მინისტრის თანაშემწედ. 1994 წელს ქემალ კილიჩდაროღლუ ჟურნალმა Ekonomik Trend-მა "წლის სახელმწიფო ჩინოვნიკად" აღიარა. 1999 წელს იგი გადადგა თურქეთის სოციალური დაზღვევის ფონდის გენდირექტორის პოსტიდან და პენსიაზე გავიდა. იმავე ხანებში დაიწყო პოლიტიკური მოღვაწეობა - გახდა ქემალისტური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წევრი (რომელიც დაარსებულია 1923 წელს მუსტაფა ქემალ ათა-თურქის მიერ), რომლის სიით 2002 წელს თურქეთის დიდი ეროვნული კრების (პარლამენტის) წევრად აირჩიეს.
ქემალ კილიჩდაროღლუმ სწრაფი პარტიული კარიერა გაიკეთა და მალე სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ცენტრალურ საბჭოში (კომიტეტში) გავლენიან ფიგურად იქცა. 2009 წელს მონაწილეობდა სტამბოლის მერის არჩევნებში, მაგრამ ხმების 36% მიიღო. 2010 წელს ქემალ კილიჩდაროღლუმ, პარტიის ლიდერობიდან დენიზ ბაიკალის გადადგომის შემდეგ, თავმჯდომარის არჩევის დროს ყრილობის 1250 დელეგატიდან 1246-ის ხმა მიიღო, რაც პარტიის ისტორიაში რეკორდულად შეფასდა.
ექსპერტების აზრით, ქემალ კილიჩდაროღლუ, როგორც მემარცხენე შეხედულებების მქონე პოლიტიკოსი, მუსტაფა ქემალ ათა-თურქის იდეოლოგიური პრინციპების ერთგულია, რომლებიც გამოიხატება რესპუბლიკანიზმში, ნაციონალიზმში, ეტატიზმში (სახელმწიფოს ჩარევაში ყველა სფეროში), სახალხოობაში, სეკულარიზმში და რევოლუციურობაში. სხვათა შორის, თურქეთის (ოსმალეთის იმპერიის) ისტორიაში, რომელიც მუსლიმანური სახელმწიფო იყო, ქემალისტური პარტიის ხანგრძლივი მმართველობის ჟამს, რომელიც საერო სახელმწიფოს აშენებდა, ხშირია რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტები. პარტიის ლიდერად არჩევის შემდეგ ქემალ კილიჩდაროღლუს, მკაცრი გადახრების გამო მოსახლეობისათვის ბოდიშის მოხდამ მოუწია და პატიება ითხოვა. რა თქმა უნდა, იგი საერო სახელმწიფოს ერთგული რჩება. ზოგიერთები მას "თურქ განდის" უწოდებენ (ინდოელ მაჰათმა განდისთან გარკვეული მსგავსება მართლაც არსებობს - ქემალ კილიჩდაროღლუ ატარებს სათვალეს, სახით ინდოელ ლიდერს ჰგავს, თავშეკავებული ქცევის მანერა აქვს).
ქემალ კილიჩდაროღლუ არჩევნების დროს, სავარაუდოდ, შეეცდება, ქურთი ამომრჩევლების ხმები მიიზიდოს - იმის გათვალისწინებით, რომ მის ოჯახს ადგილობრივ ქურთებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და გარკვეული პოპულარობით სარგებლობდა.
ცოტა რამ პრეზიდენტობის კანდიდატის პირადი ცხოვრებიდან:
1974 წელს ქემალ კილიჩდაროღლუმ ცოლად შეირთო სელვი გიუნდუზი, ჟურნალისტი, წარმოშობით ქურთი, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა - ორი გოგონა (ასლი და ზეინები) და ერთი ვაჟი (ქერემი). ზეინები იურისტია, ქერემი კი - მუსიკოსი. ოჯახი თურქეთის მასშტაბით მაინცდამაინც დიდ ქონებას არ ფლობს - აქვს ორი სახლი, ერთი მიწის ნაკვეთი და მცირე წილი ზოგიერთ კომპანიაში, თუმცა ეს მონაცემები უკვე საკმაოდ მოძველებულია.
მოამზადა სიმონ კილაძემ,
თურქულ, რუსულ და გერმანულ წყაროებზე დაყრდნობით.