"12-პუნქტიანი საქორწინო ხელშეკრულება" - რა უნიკალური წესი ჰქონდათ მოხევეებს, რომლის შესახებ დღეს საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის
"...ნამდვილად გასაოცარია ის ფაქტი, რომ ერთი საუკუნის წინ ხევში ქალის უფლებები იურიდიულად იყო დაცული. მოხევე "ხმოსნების" მიერ შეიქმნა კანონი, რომელიც ახალდაქორწინებულებს ავალდებულებდა, შეედგინათ საქორწინო ხელშეკრულება ჯვრისწერის დროს, ე.წ. პირობის ხელშეკრულება, - ამბობს ახალგაზრდა მკვლევარი - ნინი არაბული, რომელიც "კვირის პალიტრას" უნიკალურ ცნობებს აწვდის...
- ძალიან საინტერესოა და ბევრმა, ალბათ, არ იცით, ის რომ მოხევეებს ჰქონდათ ე.წ. საქორწინო ხელშეკრულება. ნამდვილად გასაოცარია, რომ ერთი საუკუნის წინ ხევში ქალის უფლებები იურიდიულად იყო დაცული. მოხევე "ხმოსნების" მიერ შეიქმნა კანონი, რომელიც ახალდაქორწინებულებს ავალდებულებდა შეედგინათ საქორწინო ხელშეკრულება ჯვრისწერის დროს, ე.წ. პირობის ხელშეკრულება, რათა განქორწინების შემთხვევაში ზედმეტი უსიამოვნება თავიდან აეცილებინათ. ამავე კანონში განხილული იყო საკითხები, რომლებიც იცავდა ქმრისგან მიტოვებული და ქვრივი ქალების, ასევე - შვილების უფლებებს, რათა ისინი დაცული ყოფილიყვნენ. ამ ყველაფერს ანდრია კობაიძე მოგვითხრობს გაზეთ „ერთობაში" გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც დაიბეჭდა 1920 წლის 29 ივლისს. მოდი, გავეცნოთ ამ ხელშეკრულების პირობებს. სტილი დაცულია.
"საზოგადოთ ჩვენმა მოხევეებმა დაიწყეს ხშირათ განქორწინება, ცოლ-შვილზედ ხელის აღება და უკანონოთ ახალ ქალებზე სამოქალაქო წესით ქორწინება. ზოგმა უდროოთ დააობლა წვრილი შვილები და დედები მათი ულუკმაპუროთ გაისტუმრა მშობლებთან. ამიტომაც ხევის ერობის „ხმოსნებმა“ გასული მაისის 23-ს საერთო სხდომაზე ერთხმად დაადგინეს, რომ ამ სენს რამე წამალი დაედოს და ბოლო მოეღოს ქმრების მიერ ჩადენილ მხეცურ საქციელს. ხმოსანთ ამოირჩიეს თავის შორის კომისია, სამი კაცისგან შემდგარი, რომელთაც შეიმუშავეს და დასწერეს ამისთანა განქორწინებულთათვის სახელმძღვანელო (ინსტრუქცია) თანახმად ადგილობრივ ზნე-ჩვეულებისა.
1) უკეთუ ცოლი ქმარს უმიზეზოდ გაექცა, მაშინ მას არ შეეძლოს ქმარისგან რაიმე საზრდოს მოთხოვნა, თუნდა ქმარს დიდი ქონებაც ჰქონდეს. ამ შემთხვევაში ქმარს ნება უნდა ჰქონდეს მოქალაქეობრივი ქორწინებისა.
2) უკეთუ უმიზეზოთ ქმარმა ცოლი დაითხოვა, მარტო იმ მოსაზრებით, რომ მას სხვა ქალი მოსწონს და მასთან უნდა იქორწინოს, მაშინ ქმარი თავის თავად განშორდეს ოჯახს და სადაც უნდა იქ იქორწინოს ოჯახის ქონების ხელშეუხებლათ, სხვა ქალთან იცხოვროს ოჯახის გარეშე, სადაც უნდა.
3) მცირე წლოვანი ბავშვები უნდა სცხოვრობდნენ დედასთან ერთად მამისეულს სახლში, ვიდრე იგინი სრული წლოვანნი შეიქმნებიან და თუ მათ მამის ოჯახში შესანახავი სახსარი არ აღმოუჩნდება რამე, მაშინ მამა მოვალე არის, მცირე წლოვან ყმაწვილებს აძლიოს საზრდო თავის საკუთარის შრომიდან, ვიდრე იგინი სრული წლოვანნი შეიქმნებიან.
4) როდესაც ყმაწვილები სრული წლოვანნი შეიქმნებიან, მაშინ შესაძლოა, რომ მოისურვონ მამასთან ცხოვრება, მაგრამ მაინც და მაინც მათ მოხუცის დედის იმ სახლიდან დათხოვნა არ შეიძლება და პირიქით, დედას მოხუცობის ჟამს უნდა აძლიონ შვილებმა შეძლებისდაგვარათ საზრდო! წინააღმდეგ შემთხვევაში, დედას შვილებისას სრული უფლება ეძლევა მთლათ მიითვისოს უძრავ-მოძრავი ქონება კუთვნილი ქმარისა და შვილებისა.
5) თუ ქონების შემოსავალმა უძლური დედა ვერ დააკმაყოფილა, მაშინ დედას უფლება ეძლევა, რომ ყველა უძრავ-მოძრავი ქონება გაჰყიდოს ქმრისა და შვილებისა დაუკითხავათა და თავის გამოსაკვებავათ მოიხმაროს.
6) დაქვრივებული ქალები, რა ხნისაც უნდა იყვნენ იგინი, თუ კანონიერი ცოლ-ქმრები იყვნენ, ქმრის სახლში იმ დრომდე უნდა დარჩნენ ვიდრე იგი სხვა ქმარს გაჰყვებოდეს და თუ მოისურვებს შეიძლება სამუდამოთაც გაუთხოვარი დარჩეს. მაშინ იგი, ქვრივი ქალი სრული მფლობელი უნდა იყვეს ქმრის ნაქონის სახლ-კარისა და უძრავ-მოძრავი ქონებისა, ამ შემთხვევაში ქმრის ნათესაობას ნება არა აქვთ ქვრივის დათხოვნის და ქონების ჩამორთმევისა, ვინაიდან მეუღლეთა ოფლით და შრომით შეძენილი არის ქონება. რადგანაც ეს ჩვეულების მიხედვით თითქო დაკანონებული იყო ქვრივის განდევნა და ქონების ქმრის ნათესავების მიერ მითვისება! მას არ შეეძლო ქმრის სახლიდან რამე ქონების წაღება, გარდა თავის საკუთარი ტანისამოსისა, ლოგინისა და თან მოტანილი სხვადასხვა ნივთებისა.
7) უკეთუ გარდაცვლილ მშობელთა ობლები განურჩევლათ სქესისა, არიან თანასწორი ძენი მშობლებისა და მათ შორის არ უნდა იყვეს განსხვავება, ვიდრე ესენი დასრულწლოვანდებიან და ქალები დათხოვდებიან. მხოლოდ მათ დაენიშნოთ აპეკუნი, რათა მცირე წლოვანთა ქონება ქვრივმა ან ნათესავებმა არ გაფლანგონ.
8) უკეთუ დედ-მამით დაობლებული მცირეწლოვანი ბავშვები (შეიძლება დედის გათხოვებითაც) დარჩნენ, მათ აღარავინ ჰყავთ შემნახველი, მაშინ ერთ-ერთი ახლო ნათესავთაგანი, თუნდა მამის მხრით და თუნდა დედის მხრით ბავშვებს მიიღებს და მათი უძრავ-მოძრავი ქონებითაც ის ისარგებლებს, ვიდრე ეს მცირეწლოვანნი აღიზრდებიან, მხოლოდ ქონების რაოდენობა ანუ შემოსავალი მათის დედულ-მამულის და ცხვარ-საქონლისა ცხადი უნდა იყვეს ერობის გამგეობასთანა და ხმოსანთანა, რომელთა ვალი არის თვალყური ადევნონ მცირეწლოვანთ ქონებას და მის წესიერათ მოხმარებას ობლებისთვის. უკეთუ დაობლებულთ არ აღმოუჩნდებათ არავითარი სახსარი არსებობისა და არც გულშემატკივარი ახლო ნათესავი, მაშინ ერობამ უნდა იკისროს საერობო ხარჯით (ეს სახელმძღვანელო არის დროებითი, ვიდრე საერთო კანონი გამოიცემოდეს და სოფლებში მოეწყობოდეს ობოლთა თავშესაფარი).
9) ამ სახელმძღვანელოს შედგენის დროს კომისიამ საჭიროთ დაინახა დაევალოს ახალ მექორწინეთ ჯვარის წერის წინათვე იქონიონ პირობის ხელშეკრულებაც, რომელშიაც აღნიშნული უნდა იყვეს, რა ქონება მიაქვს ქალს მამაკაცთან, რა დახვდება ქალს ქმრის სახლში, სადაც აღინიშნება ახლათ შეძენილი მათ მიერ ქონებაც, რომ შემდეგი თუ განქორწინება მოხდა, ამ სიის მეოხებით გაუადვილდეს ერობის ხმოვანთ ცოლ-ქმართ შუა ჩამოვარდნილი შფოთის ადვილათ დაბოლოვება და საქმის გარჩევა.
10) აუცილებლათ ყოველივე მეუღლეთა შორის ჩამოვარდნილი დავა და უსიამოვნება უთუოთ უნდა ირჩეოდეს და გასამართლდეს ერობის ხმოსანთა მიერ, ადგილობრივ ზნე-ჩვეულებების და პირობების მიხედვით აქვე და არა ადმინისტრატიულის, კონსტისტორიული განსამართლებით და ბრძანებით, რადგანაც ხალხის ხმის უმეტესობით გადაწყვეტილი საქმე უფრო სამართლიანი უნდა იყოს, ვიდრე სამოქალაქო, სასულიერო, საადმინისტრაციო და საქალაქო მოხელეებისგან გარჩეული!
11) ხმოსანთა გადაწყვეტილება ამა თუ იმ მეუღლეთა შესახებ სწრაფათ აღსრულებაში მოყვანილი უნდა იქნას ყოვლის უარის უთქმელათა და პირუთვნელათ - მილიციის უფროსის მიერ, რათა ერთ-ერთმა გასამართლებულმა მეუღლემ თავისი ქონება არ გადასცეს განგებ სხვას ან გაყიდოს და ასე არ დასტოვოს უსახლკაროთ და ულუკმაპუროთ კანონიერი განტოვებული ცოლი და უსუსური შვილნი.
12) სახელმძღვანელო ესე მიღებული უნდა იყვეს ხმოსანთა მიერ და პირი ამისა გაეგზავნოს დუშეთის სამაზრო ერობას. ამ სახელმძღვანელოს ექმნება კერძოთ მოხევეთათვის დროებითი ხასიათი, რადგანაც განქორწინება და ცოლის ანუ შვილთა განდევნა (უღვთოთ დაობლება უსუსურის ბავშვებისა) გადამდებ სენსავით მოედვა ჩვენს ხალხსა და დღეს მრავლათ არიან უბინაოთ, უსახლკაროთ, ულუკმაპუროთ გარეკილნი, ამასთანავე ზოგს ისევ მშობლებთან უფარია თავი, ზოგი კავკავისკენ იხიზნება, სადაც განიცდიან საშინელ სიმშილს და სიტიტვლეს. შემდეგ კი, როდესაც დამფუძნებელი კრება გამოსცემს საერთო კანონს, რომელიც სავალდებულო იქნება მეუღლეთა ქორწინებისა თუ განქორწინებისა, მაშინ რასაკვირველია ეს ინსტრუქცია თავის თავათ გაუქმებული იქნება ჩვენშიაცა. მაგრამ საჭირო არის, რომ რაც უნდა წესდება გამოიცეს, უსათუოდ ხალხის ზნე-ჩვეულებაც უნდა იყოს სახეში მიღებული, დაკანონდეს ის, რომ ქალი და ვაჟი თანასწორი იყვნენ ყველაფერში. ისევე უნდა დაკანონდეს, რომ ცოლ-შვილიანი ოჯახი, როდესაც განქორწინდება ხდება ქონებრივათ, ყოველს ოჯახის წევრს თანასწორი ერგოს საერთო ქონებიდანა“. (წერილი მოძიებულია ნ.ავსაჯანაშვილის მიერ)
სხვათა შორის, ხევსურეთში და სვანეთშიც, ასე ვთქვათ, დიდ დავი-დარაბასთან იყო ხოლმე დაკავშირებული განქორწინება და, ზოგადად, ღალატის საქმე. ეგნატე ბალიანის წიგნში ვკითხულობთ ასეთ რამეს: „როცა ცოლის თხოვას სვანეთში საფუძველი ეყრება, სიძე აძლევს ერთი წლის შემდეგ საცოლის მშობლებს ერთ ხარს, შემდეგ ერთ უღელ ხარს და ორ ძროხას, მერე იწერს საცოლეზე ჯვარს“. აქ არ შემიძლია პარალელი არ გავავლო ხევსურეთთან. ზუსტად ასეთი გამოცდის ერთწლიანი ტრადიცია ჰქონდათ ხევსურებს. ერთი წლის შემდეგ, თუკი მხარეები მორიგდებოდნენ, შედგებოდა უკვე ქორწილი.
ამ გამოცდის ტრადიციაზე ცალკე სტატიას შემოგთავაზებთ...
რა ხდება ახლა განქორწინების დროს სვანეთში: „დამწუნებელი მხარე იხდის დაწუნებულის სასარგებლოდ მედიატორული განჩინებით მისჯილ ჯარიმას, ხოლო თუ ასეთი მორიგებით საქმე არ დამთავრდა და ერთმა მათგანმა მიატოვა, ეს, სვანების თვალსაზრისით, „კაცის ნახევრად მოკვლას“ უდრის და ან მკვლელობით თავდება საქმე, ან ფასდება კაცის მოკვლის ნახევარ ფასით, ე.ი. 1.500 მანეთამდე“ (ე. გაბლიანი).
მსოფლიოში უნიკალური სამართალია სვანური სამართალი და ეს უკვე ცალკე თემაა და აქ აღარ გავშლი, მხოლოდ აღვნიშნავ, რომ თითქმის ანალოგიური მდგომარეობა იყო ხევსურეთშიც. განქორწინების დროს ამ ყველაფერს ხევსურული რჯული ადგენდა და დამწუნებელს დაწუნებულისთვის რჯულით დადგენილი საფასური, ე.წ. სამწუნობრო უნდა გადაეხადა.
(სპეციალურად საიტისთვის)