როდესაც ამდენი ანტიეროვნული ამბავი ხდება ყოველ დღე ჩვენს ქვეყანაში, როდესაც დააბინძურეთ მშობლიური ენა უცხო სიტყვების კალკით, სიტყვა "აგენტი" გაღიზიანებთ მხოლოდ?! - კვირის პალიტრა

როდესაც ამდენი ანტიეროვნული ამბავი ხდება ყოველ დღე ჩვენს ქვეყანაში, როდესაც დააბინძურეთ მშობლიური ენა უცხო სიტყვების კალკით, სიტყვა "აგენტი" გაღიზიანებთ მხოლოდ?!

როდესაც ამდენი ანტიეროვნული ამბავი ხდება ყოველ დღე ჩვენს ქვეყანაში, როდესაც დააბინძურეთ მშობლიური ენა უცხო სიტყვების კალკით, სიტყვა "აგენტი" გაღიზიანებთ მხოლოდ?!

არ ვაპირებდი. ეტყობა ემოცია გადამდებია და ასეთი სათაურით ვწერ "აგენტებზე.“

რევოლუცია აღარ მოხდება ჩვენს ქვეყანაში! თუ ვინმეს საღი აზრი შერჩენია, წესით აღარ უნდა მოხდეს! არ უნდა გვინდოდეს! არა იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, არამედ მინდა გითხრათ:

როცა ამდენი ანტიეროვნული ნაბიჯია ანტიეროვნული ადამიანების მიერ წლიდან წლამდე, ხელისუფლებიდან ხელისუფლებამდე, სიტყვა "აგენტმა“ გაგაღიზიანათ? გულწრფელად ვკითხულობ! თქვენ არ იყავით "თქვენივე "მეფობის ჟამს“, რომ გაიძახოდით: "ვინც ჩვენთან არ არის ჩვენი მტერიაო??!

სიტყვები: მტერი, მოღალატე და მონა უფრო სასტიკია, თუ სიტყვა „აგენტი“ ცოტა დავიბენი... როდესაც შედარებით გაწონასწორებულ ადამიანებს (ჩემი შეხედულებით) ვკითხე კანონის შესახებ, რომელიც ჯერ წაკითხული არ მქონდა, არგუმენტები ეთქვათ, ეგრევე "თავდასხმა“ მივიღე და მივხვდი რომ ბევრს რაღაც აეწვა.

იმ დროს, როცა მშობლიური ენა დააბინძურეთ უცხოური სიტყვების კალკით, რაღა აგენტი გახდა შფოთის საგანი? ვამბობ: თქვენს ეროვნულობას მაშინ დავიჯერებ, როდესაც რუსეთიდან მიღებულ თქვენს თანხებს გაასაჯაროვებთ. როდესაც, რუსეთისთვის და ერთმანეთისთვის იაფად მიყიდულ მიწებს და სახელმწიფო ობიექტებს მოინანიებთ, როდესაც ყოველ დღე დეზინფორმაციით აღარ გამოკვებავთ მოსახლეობას და ასე შემდეგ.

ამ "ქოცნებისთვისაც“ კიდევ რა გახდა სიტყვა აგენტის მართებულად თარგმნა? მეც აგენტი ვარ, საინფორმაციო სააგენტოს აგენტი. აგენტი მყავდა ინგლისშიც, როდესაც სამსახურს ვეძებდი... ევროპული აგენტი ჩვენებურად "წარმომადგენელი“ შეიძლება იყოს.

საერთოდ, რას გავს ხელისუფლების ქმედებები? რატომ ვერ მიაქვს სწორად ინფორმაცია მოქალაქეებამდე რა უნდა. ასევე, რა გახდა რომ გარკვევით იყოს მითითებული, რომ მსგავსი კანონი ამოქმედდება მათ წინააღმდეგ ვინც ფინანსდება რუსული, ევროპული თუ ამერიკული ფულით, მაგრამ დაფინანსებული საქმიანობა უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყანაზე (და, უცილობლად უნდა დასახელდეს რა გავლენაზეა საუბარი) ყოველ შემთხვევაში ასეთი კანონი გასაგები იქნებოდა და სხვადასხვა "ინტერპრეტირება“ აღარ მოხდებოდა.და, საერთოდ კანონის გარეშე, რატომ ვიღებთ ყოველ დღე ამდენ უარგუმენტო ინფორმაციას? რატომ ვრცელდება ვიღაცის გამოთქმული აზრის დამახინჯება? ცრუ გზისკენ ადამიანების მოწოდება? რატომ ვერ მოქმედებს შესაბამისად ხელისუფლება?

რატომ ვატარებთ არა ჭეშმარიტების, არამედ სიცრუის კონკურენციაში დროს? უცხოური გავლენების გაკონტროლება არც ერთი განვითარებული ქვეყნისთვის უცხო არ არის, მაგრამ როგორც იქ, ჩვენთანაც სასამართლოც და სხვა მიმართულებებითაც უნდა იყოს გამართული სისტემა.

და, მთავარი! როდესაც ფიქრობ (თუკი, ამას ფიქრობ ხელისუფლებავ!), რომ ქვეყნისთვის უარყოფითი ქმედებების და გავლენების დაფინანსება უნდა გაკონტროლდეს, მაშინ შენც ზედმიწევნით ეროვნული ხელისუფლება უნდა იყო! გესმის?! ეროვნული ხელისუფლება! უნდა გვქონდეს ქვეყნის განვითარების მწყობრი პოლიტიკა! მხოლოდ ხელისუფლებები იცვლება, ეს ხომ იცი?! სისტემური დამოკიდებულებები კი იგივე რჩება, თავისი მონოპოლიზებული სიმართლით და გაყიდული საქართველოთი, საკუთარ ბოსტნად რომ აქციეთ ეს ქვეყანა.

70-წლიან მენტალიტეტს ვერ აბიჯებთ და ვაი, როგორ მეცინება ხან ერთნი, რომ ადანაშაულებთ პრორუსულობაში მეორეს, სხვებს კი თავი მოგაქვთ პროევროპულობით.

ოპოზიციის აღტკინება და რევოლუციის მცდელობა, იმის საწინააღმდეგოს მტკიცებაა, რაც თავად დანერგეს წლების განმავლობაში. ის მორალი, ის დამოკიდებულებები კორუფციის, "მეშჩანობის", თანამდებობის, მომხვეჭელობის, ამპარტავნების, ზოგადად, ქვეყნისა და ხალხის მიმართ ავლენს იმას, რის გამოც 30 წლის განმავლობაში 3-მილიონიან ქვეყანას ვერა და ვერ აშენებ.

კარგად დააკვირდით, ვინ „მართავს“ სიტუაციას ქვეყანაში - აგრესიით სავსე პოლიტიკოსები და საეჭვო რეპუტაციის, დაბალი ღირებულებების მქონე ადამიანები... მაინც შეგახსენებთ, 1992 წელს ძალადობით მოსული შევარდნაძის რეჟიმის გაგრძელებაა ის რაც ხდება დღეს! არ მინდა დავიჯერო, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი ერთ თამაშს თამაშობს. ჰო, რა ვიცი... რუსეთის მაშინდელი აგენტურა და მათი შვილები დღესაც პარლამენტსა და მთავრობაში არიან. რაც დათესეს იმას მოვიმკით მანამ, ვიდრე სიმართლეს თვალს არ გავუსწორებთ.

და, რადგან მცირეოდენი ემოციის საფუძველზე დავწერე ეს ბლოგი, მოქალაქეებს მეგობრულად ვეტყვი, ჩაიხედეთ თქვენსავე თავში, რამდენი „პროევროპულად“ მოაზროვნე დგახართ ეხლა მთავარ გამზირზე? რამდენი არ იყიდებით ფულზე? რამდენს გიხარიათ "კარგი“ ახლობელი (ანუ გავლენები)? რას გავს თქვენს სტრუქტურებში ურთიერთობები და მომსახურებები?...

რა თქმა უნდა ევროპულ სტრუქტურებში გაერთიანება ერთადერთი გამოსავალია ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ არა სიტყვიერად, არა ფორმალურად გაწევრიანება, არამედ ჩვენი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტვინების განთავისუფლება.

ადამიანებო, ჯოჯოხეთი არის მუდმივი ღეჭვა ერთი და იმავესი ან შეუძლებელი სიკვდილი, მარადიული სიკვდილი იმ გაგებით, რომ კვდები, კვდები და ვერ კვდები.

ზოგადად, ადამიანის მოვალეობაა გამოცდილების გამოტანა ნებისმიერი პროცესიდან, ანუ წერტილის დასმა. ამ პროცესების შემხედვარეს მაქვს განცდა, რომ ჩვენ, დღესაც არ გვაქვს არანაირი შანსი და ძალა წერტილი დავუსვათ ამ ყველაფერს, სამწუხაროდ!