როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია თბილისის საპროტესტო აქციას
თბილისის ცენტრში პოლიციამ ათასობით დემონსტრანტის დაშლის მცდელობისას წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს, რომელიც თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„დემონსტრანტები შიშობენ, რომ კანონპროექტმა, შეიძლება, ზიანი მიაყენოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების იმედს“, -აღნიშნავს გამოცემა.
Reuters-ი წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა განიცდის დამკვირვებლების კრიტიკას, რომლებიც აცხადებენ, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიდის.
„ივნისში, ევროკავშირმა, პოლიტიკური და სასამართლო რეფორმების შეფერხების მოტივით, უარი თქვა, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისში მიმდინარე მოვლენებს BBC-იც ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს დედაქალაქში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საკამათო კანონპროექტს, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, ზღუდავს პრესის თავისუფლებას და თრგუნავს სამოქალაქო საზოგადოებას.“
„სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ხალხის დასაშლელად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოცემა წერს, რომ აქციის მონაწილეთა და ქვეყნის ოპოზიციის უმეტესობას შიშობს, რომ კანონის მიღება დაასრულებს საქართველოს მრავალწლიან ამბიციას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
„საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, რაც ასევე ქვეყნის კონსტიტუციაშიც არის გათვალისწინებული. ბრიუსელი ამჟამად განიხილავს საქართველოს განაცხადს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა სა უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს“, - წერს BBC-ი.
თბილისის საპროტესტო აქციებს გამოცემა Guardian-იც ეხმაურება და წერს, რომ „უცხოური აგენტების“ კანონის კრიტიკოსების განცხადებით, მან შეიძლება გაანადგუროს თბილისის იმედები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.“
„პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს საქართველოს, ევროკავშირისა და აშშ-ის დროშები ეჭირათ და საკანონმდებლო ორგანში მყოფ პოლიტიკოსებს უყვიროდნენ: „არა რუსულ კანონს.“ ბევრი ქართველი რუსეთს მტრად განიხილავს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მხარი დაუჭირა სეპარატისტებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რის შედეგადაც ასიათასობით ქართველი იძულებით გადაადგილებული რჩება“, - წერს გამოცემა.
გამოცემა „დოიჩე ველე“ წერს, რომ, ბრიუსელისა და ვაშინგტონის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს "უცხოელი აგენტის" კანონპროექტს.
„კანონპროექტი ფართოდ განიხილება, როგორც რეპრესიული რუსული კანონის მიბაძვა, რომელიც კრემლს საშუალებას აძლევს გაანადგუროს თავისი კრიტიკოსები. საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ანტიდასავლური ნარატივები და უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების შეერთებაზე უარის თქმა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველო რუსეთის ორბიტისკენ იხრება“, - წერს გამოცემა.
IPN