"ქართველო ძმებო! დაიცავით თქვენი თავისუფლება! ჩვენ ყოველთვის დაგიჭერთ მხარს" - რა მიმართვას ავრცელებს გონჩარენკო
უკრაინელი პოლიტიკოსი, რადას დეპუტატი, ალექსი გონჩარენკო თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება და წერს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას. ის სოციალურ ქსელში პოსტს ქართულ ენაზე ავრცელებს:
"მიმართვა ქართველ ხალხს. ქართველო ძმებო! უკრაინელი ხალხი ყოველთვის იქნება თქვენ გვერდით. ჩვენ ყოველთვის დაგიჭერთ მხარს. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენ მხარეს. ასობით ქართველი ომობს ჩვენთან ერთად ჩვენი და თქვენი დამოუკიდებლობისთვის.
ასობით უკრაინელი იყო თქვენთან 2008 წელს, როცა მტერი თავს დაგესხათ. რუსეთმა ვერ შეძლო თქვენი მიტაცება ძალით, ამიტომაც ის ცდილობს დაგიპყროთ კორუფციით. რუსეთმა ვერ გაანადგურა თქვენი სახელმწიფო, ამიტომ ის ცდილობს ვასალებად გაქციოთ. დაიცავით თქვენი თავისუფლება! დიდება საქართველოს!" - წერს გონჩარენკო.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო.