"უკრაინას დასავლეთის დახმარება სჭირდება, მაგრამ გამოკითხვების შედეგები შემაშფოთებელ ტენდენციას აჩვენებს"
ბრიტანულ ჟურნალ "ეკონომისტში" (The Economist) დაბეჭდილია სტატია სათაურით - "უკრაინას დასავლეთის დახმარება სჭირდება, მაგრამ გამოკითხვების შედეგები შემაშფოთებელ ტენდენციას აჩვენებს".
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
ის, რომ უკრაინა დღემდე აგრძელებს ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, იმით აიხსნება, რომ კიევს აშშ ეხმარება. ჯო ბაიდენმა უკრაინას იმდენი დახმარება აღუთქვა, "რამდენიც საჭირო იქნება", მაგრამ შეძლებს თუ არა ამერიკა იმავე დონითა და მოცულობით გააგრძელოს დახმარება, ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზეც, თუ რამდენად პოზიტიურად მოეკიდებიან ამერიკელი მოქალაქეები უკრაინისადმი გაწეულ ფინანსურ დახმარებას. არადა, იმ გამოკითხვის შედეგები, რომელიც "ეკონომისტმა" ბრიტანულ კომპანია YouGov-თან ერთად ჩაატარა, მოწმობს იმას, რომ ახლა, რესპუბლიკელებთან ერთად, დემოკრატებიც კი ითხოვენ, რომ ზოგიერთი სახის დახმარება უნდა შემცირდეს და იმდენი არ უნდა იყოს, რამდენიც გასულ წელს.
ზოგიერთი რესპუბლიკელი სულ უფრო აქტიურად არ ეთანხმება ხელისუფლების მიერ გაწეული ამერიკული უხვი დახმარების პაკეტებს. რესპუბლიკური პარტიის გავლენიანი წევრები, მათ შორის - კევინ მაკარტი და რონ დესანტისი მკვეთრად აკრიტიკებენ კიევისადმი დახმარების პოლიტიკას, განსაკუთრებით ახლა, როცა ამერიკელები თვითონ განიცდიან ინფლაციის მაღალი დონის ნეგატიურ გავლენას საკუთარ ქვეყანაში. დემოკრატიული პარტიის წევრებიც სულ უფრო ხშირად იჩენენ ფრთხილ მიდგომას უკრაინის მიმართ, როცა საკითხი ფინანსურ და მატერიალურ სოლიდარობას ეხება. თუ 2022 წლის აპრილში ჩატარებული გამოკითხვის დროს დემოკრატების 82% და რესპუბლიკელთა 67% პოზიტიურად მიიჩნევდა დახმარების იდეას, 2023 წლის თებერვალში იგივე თვალსაზრისი ჰქონდა დემოკრატების მხოლოდ 75%-ს და რესპუბლიკელების 39%-ს.
მართალია, ჯერჯერობით არც ერთ სახელმწიფოს არ გამოუთქვამს სურვილი უკრაინაში ჯარის გაგზავნაზე, როგორც გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, ამ იდეას მხარს დაუჭერდნენ დემოკრატების 31% და რესპუბლიკელების 19%. დახმარების ერთადერთი სახე, რომელსაც ეთანხმება ამერიკელთა უმრავლესობა, სასურსათო და სამედიცინო დახმარებაა. შესაბამისად, მას მხარს უჭერს დემოკრატთა 86% და რესპუბლიკელთა 78%.
მიუხედავად ომის გეოგრაფიული სიახლოვისა და იმ საფრთხისა, რომელიც რეგიონს ემუქრება სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით, ევროპელებს შორის ისინი, ვინც მხარს უჭერენ საკუთარი ჯარის მონაწილეობას უკრაინის ომში, უფრო ცოტანი აღმოჩნდნენ, ვიდრე - ამერიკელები. დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში ჯარების გაგზავნას 20%-ზე ნაკლები რესპოდენტი ეთანხმება.
გამოკითხვები ასევე მოწმობენ, რომ რადგან რუსეთ-უკრაინის ომი დიდ ზიანს აყენებს ევროპის ენერგომომარაგებას, ბევრი მცხოვრები უკვე დაღლილობას გრძნობს ამგვარი სიტუაციით - ენერგომატარებლებზე ფასების მატებით, ტარიფების ზრდით, რაც ცხოვრების დონის გაუარესებას იწვევს. მაგალითად, 2022 წლის აპრილში ბრიტანელების 45% თანახმა იყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ცხოვრების დონე გაუარესდება, დეკემბერში კი მათმა რაოდენობამ 35%-მდე დაიკლო. ანალოგიურად შემცირდა სანქციების გამკაცრების მომხრეთა რაოდენობა საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში.
უკრაინელები მამაცურად უწევენ წინააღმდეგობას რუსეთის აგრესიას, მაგრამ მხოლოდ სიმამაცე არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მტერს გაუმკლავდე. აუცილებელია, დასავლეთის ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მხარდაჭერაც", - ნათქვამია სტატიის დასასრულს. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ