"ვრისკავთ, მარტო დავრჩეთ ადგილობრივი, რეგიონული ძალების პირისპირ და ეს არ არის მხოლოდ რუსეთი"
ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, საკუთარ ხალხს მოუსმინოს და არ წავიდეს საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, გუშინ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო.
მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არა ერთხელ გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის შემცველი სპეციალური სითხე და ცრემლსადენი გაზი, თუმცა აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ.
„როგორც იცით, კონკრეტულ პიროვნებებზე ან დაწესებულებზე არ ვსაუბრობ ხოლმე, რომლებიც შესაძლოა, აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა სანქციების სამიზნეები გახდნენ, თუმცა ხელთ რიგი ინსტრუმენტები გაგვაჩნია, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, ანგარიშვალდებულებაში გვყავდეს ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ქვეყანაში, ვინც პასუხისმგებელია უნივერსალური ადამიანის უფლების დარღვევაზე... ახლოდან დავაკვირდებით ამ კონტექსტში, როგორც ნებისმიერ სხვა კონტექსტში, რათა ანგარიშვალდებულებაში გვყავდეს ისინი, ვინც შეეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმას, თუ რას ელის და იმსახურებს ქართველი ხალხი მათი უნივერსალური უფლებების მხრივ”, - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. რას ნიშნავს დასავლელი პარტნიორების ასეთი პოზიციები და მოვლენების როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ? ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი გობრონიძე გვესაუბრება:
- მოდი, რეალობა ობიექტურად შევაფასოთ და ვთქვათ, რა ტიპის საერთაშორისო პოლიტიკური შედეგი შეიძლება დადგეს ე.წ. აგენტების კანონის მიღების შედეგად. პირველ რიგში, სწორად უნდა გავიაზროთ, რას წარმოადგენს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე. ზოგიერთი ფიქრობს, რომ საქართველო არის მხოლოდ დერეფანი, არადა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში საქართველო რეგიონში იყო ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე თავისუფალი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კანონი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიას, ჩვენი პარტნიორების მხრიდან მტკივნეულად იქნება აღქმული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს დემოკრატიული მშვიდობის თეორია და საერთაშორისო ურთიერთობების წესები, რომელთა დაყრდნობითაც დემოკრატიული ქვეყნები უფრო მარტივად თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ამ კანონის მიღების შემდეგ თეორიულად შეიძლება, ისევ შენარჩუნდეს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, მაგრამ ეს არ იქნება იმ ურთიერთობის დონისგან განსხვავებული, როგორიც არის, მაგალითად, აზერბაიჯანსა და დასავლეთს შორის. აზერბაიჯანი დასავლეთისთვის უბრალოდ საჭიროა, როგორც ნედლეულის ბაზა და ჩვენ ვიქნებით, უბრალოდ საჭირო, როგორც დერეფანი. ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლური პოლიტიკური ჯგუფები შეძლებენ ამ დერეფანში მშვიდობის შენარჩუნებას, კონკრეტული ეკონომიკური მიზნებისთვის, მაგრამ ქვეყნის შემდგომ განვითარებაში აღარ გვექნება მათი მხარდაჭერა და აღარ იქნება ინვესტიციები. ანუ, თუ ჩვენ გვინდა, რომ შევდგეთ ისეთ სახელმწიფოდ, რომელიც დემოკრატიული სამყაროს ნაწილს წარმოადგენს, მაშინ დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მსგავსი ტიპის კანონების მიღებას, მით უფრო მაშინ, როდესაც საამისო საფუძველი საერთოდ არ არსებობს და არც დროა შესაბამისი.
- ე.ი. თქვენი ვერსიით, დღეს ამ კანონის მიღების საჭიროება უბრალოდ არ არსებობს?
- დიახ, რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლებას თუ მართლა აწუხებს ქვეყანაში უცხოურ ძალასთან დაკავშირებული პირების არსებობა, შეუძლია, მოქმედება უკვე არსებული სისხლის სამართლის კოდექსის გამოყენებისა და შესაბამისი სამსახურების საშუალებით აღკვეთოს. ჩვენი კოდექსის მიხედვით, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მუშაობა უკვე ისედაც არის მიჩნეული დანაშაულად. ჩნდება კითხვა, თუ ეს ისედაც დანაშაულად არის მიჩნეული, რაში გვჭირდება დამატებითი კანონმდებლობა, ხომ არ გვინდა იმ ორგანიზაციების შეზღუდვა, რომლებიც წარმოადგენენ სამოქალაქო კონტროლის მექანიზმს პოლიტიკურ ელიტაზე?! აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია, იმის დაჯერება, რასაც ხელისუფლება გვეუბნება. იმედი მაქვს, მმართველ გუნდში დაფიქრდებიან, თუ რას აკეთებენ, ვინაიდან ამ კანონის მიღება კიდევ უფრო შეამცირებს ჩვენს, როგორც განვითარებისკენ მიმავალი სახელმწიფოს ნდობას და საერთაშორისო ასპარეზზე გაჩნდება მოსაზრება, რომ ჩვენ ვართ ჩვეულებრივი კავკასიური, პოსტსაბჭოთა, ტოტალიტარული რეჟიმი და შესაბამისადაც მოგვექცევიან. უკვე გასაგებია ის შეშფოთება, რასაც გამოხატავენ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები. საერთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის, დემოკრატიული მიმართულებით, ნიშნავს ვალდებულებების შესრულებას. ამ შემთხვევაში კი ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ უარს, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე და კიდევ ერთხელ ვატყუებთ ჩვენს პარტნიორებს. პარტნიორების მოტყუება კი ძალიან ცუდი ტონია. ეს იმას ნიშნავს, რომ ვრისკავთ, მარტო დავრჩეთ ადგილობრივი, რეგიონული ძალების პირისპირ და ეს არ არის მხოლოდ რუსეთი. უნდა გვესმოდეს, რომ რეგიონში თავისი ინტერესები აქვს როგორც თურქეთის რესპუბლიკას, ასევე - ირანს. ყველაფერი, რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას რეგიონში არსებულ ძალებს შორის სავაჭრო ობიექტად ვაქცევთ. ყველაფერი იქით მიდის, რომ როდესაც რეგიონული ლიდერები დაინაწილებენ გავლენის ზონებს, ჩვენ აღმოვჩნდებით გასაყოფი ლოტების სიაში. ეს გრძელ და საშუალოვადიან პერსპექტივაში დააზიანებს საქართველოს უსაფრთხოებას. მე არ ვსაუბრობ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ მიმართ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს, მე ვსაუბრობ მიდგომაზე, რომელსაც აჩვენებს ხელისუფლება. წავიკითხე ამ კანონის ტექსტი და ერთადერთი, რისი თქმაც შეიძლება არის ის, რომ ხელისუფლებას უჩნდება დამატებითი კონტროლის მექანიზმები არასამთავრობო ორგანიზაციებზე.
- როგორც თქვენ აღნიშნეთ, იმედი გაქვთ, რომ მმართველ გუნდში ამ კანონის სავალალო შედეგებზე დაფიქრდებიან. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები მეტყველებს, რომ დაფიქრდნენ, მაგრამ არაფრის შეცვლას არ აპირებენ. ის ამბობს, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უკვე გაგზავნეს და მისი განხილვა მხოლოდ რამდენიმე თვეში, ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღების შემდეგ გაგრძელდება. უფრო მეტიც, ნანობს, რომ მსგავსი კანონი უფრო ადრე არ მიიღეს და ირწმუნება, რომ „ვიღაცას არ უნდა, გამჟღავნდეს, ვინ აფინანსებს საქართველოში ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შეფერხებას და ა.შ.“
- მე ვამბობ იმას, რა უნდა გააცნობიეროს მმართველმა გუნდმა, თორემ, წესით, საერთოდ არ უნდა დაეწყოთ მსჯელობა ასეთ კანონზე.
- როგორ გგონიათ, რა არის მმართველი გუნდის რეალური მიზანი, რატომ ცდილობს კბილებით გაიტანოს კანონი, რომელმაც, შესაძლოა, საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზული პრობლემები შექმნას?
- ასეთი განცდა დამრჩა, „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის ფონზე, საქართველოში ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებელი გაიზარდა, დაინახა, რომ აზერბაიჯანისა და კასპიის ზღვის ქვეყნების მნიშვნელობა იზრდება, დასავლეთის ენერგომომარაგების კუთხით, საქართველო მონაწილეობს ენერგორესურსების ტრანსპორტირების პროცესში და მიიჩნიეს, რომ ჩვენმა ფასმა აიწია. აი, ამ ფონზე გადაწყვიტეს ძალაუფლების კონსოლიდაცია. მე არ ვიზიარებ კონსპირაციებს იმის თაობაზე, რომ ეს არის სხვისგან ნაკარნახევი კანონმდებლობა, არა, ეს არის „ქართული ოცნების“ ლიდერების გუმანით ნაკარნახები კანონმდებლობა. ისინი მიიჩნევენ, რომ ახლა აქვთ შესაძლებლობა, შექმნან კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების კონტროლის მექანიზმი და მოახდინონ ძალაუფლების კონსოლიდაცია. დასავლეთისთვის საჭირო ვართ და მოუწევთ ამასთან შეგუება.
- მაგრამ რა იქნება ამის ფასი? თქვენ, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, იქნებ ზუსტად გვითარგმნოთ დიპლომატიური ენიდან, რას ნიშნავს, ნედ პრაისის ეს განცხადება:
„ხელთ რიგი ინსტრუმენტები გაგვაჩნია, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, ანგარიშვალდებულებაში გვყავდეს ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ქვეყანაში, ვინც პასუხისმგებელია უნივერსალური ადამიანის უფლების დარღვევაზე“.
- თუ „ქართული ოცნების“ ლიდერებს საერთოდ აქვთ ყურები, მათ უნდა გაიგონ, რომ დასავლელ პარტნიორებთან ძალიან მძიმე მოლაპარაკებები ელით. საერთაშორისო ვალდებულებებისგან გადახვევას მათ არავინ აპატიებს. აუცილებლად დადგება საკითხი, რომ ვალდებულებები უნდა შესრულდეს. აქ უკვე არა ერთი ზეწოლის მექანიზმია და ის ძალიან არაკომფორტულია, განსაკუთრებით - გადაწყვეტილების მიმღები ზოგიერთი პირისთვის. არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ფიქრობენ, რომ დასავლეთთან კონფრონტაცია საქართველოსთვის მომგებიანია.
(სპეციალურად საიტისთვის)
ხათუნა ბახტურიძე