''გუშინდელი ღამის შემდეგ რთულია გადაცემის დაწყება... ჩემთვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილები იზრდებოდნენ ევროპულ ღირებულებებზე"
თეატრთმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც გადაცემა "იმედის დღის" წამყვანია ამბობს, რომ მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა ევროპულ საქართველოში გაიზარდოს.
დღევანდელი ეთერის დაწყებამდე მან აღნიშნა, რომ გუშინდელი მოვლენების შემდეგ გადაცემის წაყვანა უჭირს.
"გუშინდელი ღამის შემდეგ რთულია გადაცემის დაწყება... ჩემთვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილები იზრდებოდნენ ევროპულ ტრადიციებსა და ღირებულებებზე. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როცა ამის ფიქრის შესაძლებლობა გეძლევა და იქმნება შესაძლებლობა იმისა, რომ ბავშვები, ჩვენი მომავალი თაობა უფრო ნათელ და ღირსეულ ცხოვრებას გააგრძელებენ ევროპულ საქართველოში" - ამბობს ნიკა წულუკიძე.
ცნობისთვის, 7 მარტს საკანონმდებლო ორგანოსთან მასშტაბური აქცია გაიმართა. საზოგადოება აპროტესტებდა "აგენტების კანონის" განხილვას, მიუხედავად ამისა, პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ამის შემდეგ აქციაზე ვითარება დაიძაბა. ადგილზე მობილიზებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა პროტესტანტების დაშლა დაიწყო. მათ არაერთხელ გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი, თუმცა, ადამიანები ადგილზე ბრუნდებოდნენ და პროტესტს განაგრძოდნენ. აქცია დილამდე გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 66 მოქალაქე.
ambebi.ge