"კარგ, ხალხისთვის სასიკეთო კანონებს ძალადობრივად არ იღებენ! - გვექნება კიდევ უფრო ერთიანი, კოორდინირებული მოქმედებები, ჩვენ ახლა მრავალფუნქციური და გონიერი პროტესტი გვმართებს"
„ლელოს“ წევრის, დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი ძალადობრივ გარემოში მიიღო და პროტესტსაც ძალადობრივად გასცა პასუხი.
როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, კარგ, ხალხისთვის სასიკეთო კანონებს ძალადობრივად არ იღებენ!
„ხელისუფლება ძალის გამოყენებით იცავს თავის რუსულ არჩევანს და რუსულ კანონს. ჩვენ ვიცავთ და ვაგრძელებთ საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას. გვექნება კიდევ უფრო ერთიანი, კიდევ უფრო კოორდინირებული, დაგეგმილი მოქმედებები. ჩვენ ახლა გვმართებს მრავალფუნქციური და გონიერი პროტესტი. პროტესტს ექნება სხვადასხვა სახე, სხვადასხვა კერა, მას უერთდებიან და კიდევ უფრო გაიზრდება პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების პროტესტი. უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო ზუსტად ამ კანონის დამანგრეველი ეფექტი საქართველოს სახელმწიფოსთვის, ამიტომ აპროტესტებენ ადამიანები. ეს არ არის პარტიული და რომელიმე ერთი პარტიის კუთვნილება. ეს პროტესტი ქართველი ხალხის უფლებაც და ვალდებულებაცაა. ამით ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ამ ქვეყნის წარსულსა და ამ ქვეყნის მომავალს. შესაბამისად, ვაგრძელებთ პროტესტს, ვაგრძელებთ კოორდინაციას. ამ პროცესს სჭირდება რამდენიმე თანმდევი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ერთმანეთს შეავსებს და გააძლიერებს. მათ შორის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი არის პერსონალური პასუხისმგებლობა მათი, ვინც რუსეთის და არა საქართველოს ინტერესები აირჩია. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ის იღებს კარგ კანონს. ძალადობრივ გარემოში მიიღეს ეს კანონი და შემდეგ გააგრძელეს პროტესტის მიმართ ძალადობრივი პასუხი. კარგ კანონებს, ხალხისთვის სასიკეთო კანონებს ძალადობრივად არ იღებენ! თუ ეს კარგი კანონია, მას ძალადობრივი, ხელის გადაგრეხის მიდგომა ხელისუფლებისგან არ სჭირდება. ეს ამხელს მათ შორის, ამ კანონს რატომაა ეს კანონი რუსული. რაც აკეთეს ეს დღეები, საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის უკვე ძალიან დიდი ზიანია მიყენებული. ამას ვამბობდით ჩვენ. განხილვის დაწყებაც კი იქნება დივერსია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მათ აქვთ მკაფიოდ გამოხატული მიზანი, რომ საზოგადოება ორად დახლიჩონ და დააპირისპირონ. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს. ეს არის საფრთხე რომლის წინაშეც მათ მიზანმიმართულად დააყენეს ქვეყანა. ეს არ არის მარტივი ბრძოლა და არც ერთდღიანი ბრძოლა არაა. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ ამ რთულ, მაგრამ ძალიან ღირსეულ ბრძოლაში დავდოთ შედეგები“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
IPN