"ერთადერთი ძალა ქართველი ხალხის განუხრელი ზეწოლაა, რასაც შეუძლია, ეს გადაათქმევინოს "ქართულ ოცნებას" - რა სამართლებრივი გზა არსებობს, რომ პროცესი შეჩერდეს?
საზოგადოების უდიდესი პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა სასწრაფო წესით, გუშინ პირველი მოსმენით ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტს 76 ხმით მხარი დაუჭირა. ახლა ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და ყველა დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება იქიდან მკაცრ შეფასებებს მიიღებს. ეს დღეებია ვისმენთ უცხოელი პარტნიორებისგან მწვავე განცხადებებს, მაგრამ ვხედავთ, მმართველი გუნდი ყურად არ იღებს ამას. ხალხის მწვავე პროტესტი კი ისევ გრძელდება. დღეს ისევ გამოვა ქუჩაში ჩვენი ათასობით თანამოქალაქე და ამ კანონპროექტს გააპროტესტებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცალსახად დაგმო ფაქტი და განაცხადა, რომ კანონს აუცილებლად ვეტოს დაადებს. სამართლებრივად რა მექანიზმები არსებობს ასეთ დროს ბრძოლისთვის? ამ საკითხებზე იურისტი ვახუშტი მენაბდე გვესაუბრება.
- ვახუშტი, ხალხის პროტესტის მიუხედავად, კანონპროექტმა პირველი მოსმენა გაიარა. ვნახეთ, რა ხდებოდა გუშინ და როგორ გამოვიდა აღშფოთებული საზოგადოება ქუჩაში. რა სამართლებრივი გზა არსებობს, რომ ეს პროცესი შეჩერდეს?
- ერთადერთი, რაც შეუძლია პარლამენტს, უარი უნდა თქვას ამ კანონპროექტის განხილვაზე მეორე მოსმენით ან - უკან გაიწვიოს.
- ამ ვითარებაში ვენეციის კომისიაში გაგზავნა რამეს შეცვლის?
- ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება სარეკომენდაციო ხასიათის, რომლის გათვალისწინება სავალდებულოა. თუმცა იქიდან რომ მოიწერონ, ეს არ მიიღოთო, მაინც შეუძლიათ მიიღონ ეს კანონი.
- მიღებული კანონის გაუქმების მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოში თუ გასაჩივრდება, რამდენად შეიძლება იქ დაკმაყოფილდეს ეს მოთხოვნა?
- კანონის მიღების შემდეგ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრის შეტანა, შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმოს მიღებული კანონი და არაკონსტიტუციურად ცნოს, თუმცა მე არ მგონია, რომ იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც დღეს არის საკონსტიტუციო სასამართლო, შეეწინააღმდეგოს "ქართული ოცნების" პოლიტიკას. რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უმრავლესობა "ქართული ოცნების" მიერ კონტროლდება, ამიტომ მე არ ველი, რომ ისინი შეეწინააღმდეგებიან "ქართულ ოცნებას".
- პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცალსახად ამბობს, რომ კანონს ვეტოს დაადებს, ეს ნაბიჯი რამეს შეცვლის?
- ვეტოს დადება არაფერს შეცვლის, რადგან 76 ხმით გადაილახება ეს და არსებითად შემაკავებელი არავითარი ძალა ამ ვეტოს აღარ ექნება. ასე რომ, ესეც არის პატარა დაბრკოლება, რასაც "ქართული ოცნება" გადალახავს. ერთადერთი ძალა, რასაც შეუძლია ეს გადაათქმევინოს "ქართულ ოცნებას", ეს არის თავად ქართველი ხალხის განუხრელი ზეწოლა. მე მგონია, რომ დღეს ერთადერთი გამოსავალი სწორედ ეს არის. გასაგებია გუშინ ვინც იქ იდგა მათი აზრი, მაგრამ ახლა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში მნიშვნელოვანია რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პროცესი და რა ფორმები იქნება გამოყენებული, ახლა უკვე ამაზეა ბევრი რამ დამოკიდებული.
- 78-ე მუხლის დარღვევაზე ბევრს საუბრობენ, ამაზე რას იტყვით?
- ამ მუხლის გარეშეც ეს კანონი არის არაკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. სულ არ იყო ეს მუხლი ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტში და, ბუნებრივია, იქ ეს მუხლი ვერ იქნებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, უნგრეთის კანონი ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ მიიჩნია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ და ის გააუქმა. ასე რომ, რაც ხდება დღეს, ეს, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, ამის მაგალითია რაზეც ახლა გესაუბრეთ. ბევრისგან ისიც მოვისმინე, რომ ეს არის პირველი მოსმენა და ამიტომ არ არის საგანგაშო. ასე ნამდვილად არ არის. სწორედ პირველი მოსმენა ნიშნავს ყველაფერს. აქ ხომ არ არის საუბარი იმაზე, რომ მეორე მოსმენის დროს რომელიღაც მუხლში მძიმე სხვანაირად ჩავსვათ, ერთი შეზღუდვა ამოვიღოთ და ორი დავამატოთ და ვთქვათ, რომელი ფორმულირება უკეთესად მიაღწევს რაღაც მიზანს. ამაზე ხომ არ არის აქ ლაპარაკი? ცალსახად ეს არის მიუღებელი კანონი, იმიტომ, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების დემოკრატიულ ღირებულებებს და ეწინააღმდეგება ჩვენს არჩევანს ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. სწორედ ეს არის აქ მთავარი.
უკვე აღვნიშნე, მე ვერ ვხედავ იმასაც, რომ კანონის მიღების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს ეყოფა ძალა და სითამამე, რომ რაღაც როლი ითამაშოს და გააუქმოს ეს კანონი. ჩვენ დღეს არავის იმედი არ უნდა გვქონდეს, საკუთარი თავის გარდა. უმრავლესობამ კიდევ ერთხელ მოგვატყუა. პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა გუშინ არ გადადო და სასწრაფო წესით განიხილა. წინა თვეებში ვამბობდით, რომ საქართველოს მომავლისთვის ბრძოლის ველი უკრაინაზე გადის.
გუშინდელი დღის მერე საბოლოოდ გახდა ცხადი: ამ ველმა საქართველოში გადმოინაცვლა. ჩვენ ორივე ფრონტზე გავიმარჯვებთ, ამისთვის მთავარია ხალხის პროტესტი. ეს დღეები, როგორც იურისტს მეკითხებიან, ამ კანონის შესაჩერებლად რა შეუძლია გააკეთოს სახალხო დამცველს? რა შეუძლია გააკეთოს პრეზიდენტს ან ოპოზიციას, ან საკონსტიტუციო სასამართლოს? ვუპასუხებ ამ ყველაფერს ერთი სიტყვით - არაფერი არ შეუძლიათ.
სამაგიეროდ, შეგიძლია შენ, ერთ მოქალაქეს, სხვა მოქალაქეებთან ერთად, ვინც ხელისუფლების ამ ნაბიჯს შეეწინააღმდეგები. სწორედ ამგვარი წინააღმდეგობა გვაჩვენებს, რომ პროცესი ერთი ინტერესთა ჯგუფიდან კი არ იმართება, არამედ - ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური ხედვის და ღირებულებების ადამიანები თანაბრად არიან აღშფოთებულები ხელისუფლების ამ ნაბიჯით. სწორედ ამგვარი მრავალფეროვნება იძლევა საშუალებას, რაც შეიძლება ბევრმა მოქალაქემ იპოვოს საკუთარი თავი და ადგილი ამ პროცესში. ამგვარ პროტესტთან ბრძოლა უფრო რთულია ქართული ოცნებისთვის, რადგან მას ასე მექანიკურად ვერც ერთ წყაროსთან ვერ დააკავშირებ და ვერც ჩაახშობ. აქამდე, როგორც წესი, დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ერთიანი ფრონტის სტრატეგია გამოიყენებოდა საქართველოში, ახლა კი ბრძოლის ველი გაშლილია. ეს არსებითად ახალი ნაბიჯია და მგონია, უფრო ეფექტიანიც, ვიდრე - წინა. გასაგებია, რომ ეს დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს არ აწყობთ, მაგრამ აწყობს დემოკრატიას.
უფრო და უფრო მეტი წინააღმდეგობის არე უნდა გაჩნდეს, ყველა კუთხეში, სადაც კი გაიხედავ, გაბრაზებული მოქალაქე უნდა იდგეს, რომ ამ ხელისუფლებას არ მიეცეს საშუალება, დაგვაშოროს ევროპას.
(სპეციალურად საიტისთვის)