"არასდროს ვეთანხმებოდი იმედის საინფორმაციო პოლიტიკას და ღიადაც ვაფიქსირებდი ამას" - რატომ დატოვა ტელეკომპანია "იმედი" კახა კინწურაშვილმა? - კვირის პალიტრა

"არასდროს ვეთანხმებოდი იმედის საინფორმაციო პოლიტიკას და ღიადაც ვაფიქსირებდი ამას" - რატომ დატოვა ტელეკომპანია "იმედი" კახა კინწურაშვილმა?

გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" თანამშრომლობა შეწყვიტა. ამის შესახებ კახა კინწურაშვილმა "მედიაჩეკერთან" ინტერვიუში განაცდა.

კინწურაშვილი, 10 წელზე მეტია, არხის ერთ-ერთი სახეა და "დილის შოუ" და "ცეკვავენ ვარსკვლავები" მიჰყავდა.

"მე "იმე­დი­დან" რე­ა­ლუ­რად, 1 კვი­რის წინ წა­მო­ვე­დი, რად­გან ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი იყო უკა­ნას­კნე­ლი წვე­თი. ვფიქ­რობ, ყვე­ლა ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი საბ­რძოლ­ვე­ლი აქვს და ამ ბრძო­ლა­ში ის ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს, რაც და­აგ­რო­ვა შეგ­ნე­ბი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით", - ამ­ბობს კინ­წუ­რაშ­ვი­ლი "მე­დი­ა­ჩე­კერ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

კითხვაზე, რა საფრთხეებს ხედავს მსახიობი კანონპროექტებში "უცხო აგენტების შესახებ"? რამ უბიძგა, შეერთებოდა აქციას, ის პასუხობს:

კახა კინწურაშვილი: ჩემთვის მიუღებელია პროცესები, რაც ერთი მხრივ, თან ახლავს ამ კანონპროექტების დამტკიცებას, და მეორე მხრივ, ის, რა საფრთხეების წინაშეც გვაყენებს ამ კანონპროექტების შინაარსი. მიუღებელია, რომ რეალურად, დღეს, სახელმწიფო უხვევს დასავლურ კურსს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის არჩევანს. და ის, რომ ეს რუსული კანონია, ჩანს არამხოლოდ შინაარსში, არამედ იმ გამოცდილებაშიც, რაც რუსეთის მაგალითის სახით გვაქვს და ამის არდანახვა უბრალოდ, თვალში ნაცრის შეყრაა.

ისიც, რაც გუშინ გააკეთა ხელისუფლებამ, რუსულია. ზუსტად ეს არის პრობლემა: მენტალობასა და სამყაროს, რეალობის აღქმაში. როგორც ექცევა ხელისუფლება ჩვენს თანამოქალაქეებს, ზუსტად ეს არის რუსული მიმართება, რისგანაც, ამდენი წელია, იტანჯება ქვეყანა. გასულ 1 საუკუნეს რომ თავი დავანებოთ, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, რუსეთისგან და მისი ინტერესებისგან ვიტანჯებით. მთელი ეს წლები, ყველა თაობის ადამიანებისგან გვესმოდა, დადგება დრო, როდესაც ჩამოვყალიბდებით თავისუფალ საზოგადოებად და სახელმწიფოდო, და ამისკენ ძალიან ბევრი ნაბიჯიც გადაიდგა - ამას შეეწირა ადამიანების სიცოცხლე აფხაზეთში, 2008 წლის ომში და მანამდეც. ამ ყველაფრის უარყოფა და განულება არის საზოგადოებისა და ქვეყნის ღალატი და სწორედ ეს ხდება დღეს და ეს ჩანს ხელისუფლების უკვე ღია განაცხადში.

არ შეიძლება, უპირისპირდებოდე მეგობრულ სახელმწიფოებს, რომელთა თანადგომით დღემდე მოვედით და თუ რაიმე სახის სიმშვიდე და წინსვლა არსებობს ამ ქვეყანაში, მათი თანადგომის უდიდესი დამსახურებაა. უპირისპირდებოდე შენს მოქალაქეებს და თან, თამაშში შედიოდე იმ ქვეყანასთან, რომელმაც გაანადგურა შენი სახელმწიფო და საზოგადოება, რუსული საქმეა".

იხილეთ ინტერვიუ სრულად