"დღევანდელი აქცია არის ხალხის პასუხი "გავრილოვის ღამე 2"-ზე, რომელიც გუშინ მოაწყო "რუსულმა ოცნებამ" - კვირის პალიტრა

"დღევანდელი აქცია არის ხალხის პასუხი "გავრილოვის ღამე 2"-ზე, რომელიც გუშინ მოაწყო "რუსულმა ოცნებამ"

დღევანდელი აქცია არის საზოგადოების, ქართველი ხალხის პასუხი "გავრილოვის ღამე 2“-ზე, რომელიც გუშინ მოაწყო "რუსულმა ოცნებამ“. შეხედეთ პოლიტიკოსებს, როგორც ინსტრუმენტს, რომ თქვენი ევროპული მომავალი იყოს უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადამიანები, ვინც ახლა რუსთაველზე დგანან, დგანან ევროპული მომავლისთვის.

"დღევანდელი აქცია არის პასუხი საზოგადოების, ქართველი ხალხის "გავრილოვის ღამე 2-ზე", რომელიც გუშინ მოაწყო "რუსულმა ოცნებამ". ეს არის ქართველი ხალხის პასუხი იმაზე, რომ "არა რუსულ კანონს", რომ ჩვენ გვინდა ევროპაში, გვინდა უკრაინის გამარჯვება, ცივილიზებულ სამაყროსთან ერთად გვინდა, რომ ყველას ერთად გვინდა ევროპულ საქართველოში ცხოვრება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ წლების განმავლობაში მოახერხა და ახერხებდა ბიძინა ივანიშვილი, არის ის, რომ წარმატებით დააპირისპირა ხალხი ერთმანეთს. მისი მთავარი ამოცანა იყო ხალხის დაყოფა, გახლეჩა და გათითოკაცება. დააპირისპირა მეგობრები, მეზობლები, ახლობლები და ცდილობს ყველა გადაკიდოს ერთმანეთს. ამ წლების განმავლობაში არ უშენებია ერთობა, ქართველი ხალხის კეთილდღეობა და დღეს თქვენი აქ მოსვლით ყველაფერი თავზე ენგრევა ბიძინა ივანიშვილს. არაფერმა შეგაშინოთ. ხელები არ ჩამოუშვათ, არავითარ შემთხვევაში, ვერ უნდა მოახერხონ თქვენი დაბულინგება, რომ „აი იმასთან ერთად“, „ამასთან ერთად“... თქვენ დგახართ თქვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან, თქვენი შვილების, მომავლის კეთილდღეობასთან ერთად და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი. ამ წლების განმავლობაში რასაც აკეთებს რუსი ოლიგარქი, დაწყებული გელათის განადგურებით, გაგრძელებული ჯვრის მონასტრის ფაქტობრივ განადგურებამდე მიყვანით, საყდრისის აფეთქებით, რუსული კანონის მიღებით, ეს არ უნდა შევარჩინოთ ოლიგარქს და გამოიყენეთ პოლიტიკოსები ინსტრუმენტად, შეხედეთ პოლიტიკოსებს როგორც ინსტრუმენტს თქვენს ხელში, რომ საბოლოო ჯამში თქვენი ევროპული მომავალი იყოს უზრუნველყოფილი. ძალა ხალხშია,“ - მიმართა ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს.

"ინტერპრესნიუსი"