ნიკა გვარამია წერილს ავრცელებს
თავისუფლებით გალახული „ქართული ოცნება“ უკვე დარწმუნებულია საკუთარი მარცხის გარდაუვლობაში და ჩვენ მას უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტით, პრინციპულობით, თანმიმდევრულობით და თავხედური გამბედაობით უნდა დავეხმაროთ, რომ ეს უფრო კარგად გააცნობიეროს, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის წერილშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, მისმა მეგობარმა, სანდრო წერეთელმა წაიკითხა.
როგორც ნიკა გვარამიას წერილშია ნათქვამი, გუშინ დიდი დღე იყო და „ქართული ოცნების“ სპეცოპერაციას სახელად, „კონსტიტუციური გადატრიალება“ ქართველმა ხალხმა თავისუფლების დიდი მუშტი შეაგება.
ამასთან, გვარამიამ მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს, რომლებმაც მისი თქმით, თავიანთი გამბედაობითა და პატრიოტიზმით ქართული სპორტის სამოქალაქო ღირსება აღადგინა.
„ქართული ოცნების“ სპეცოპერაციის სახელად „კონსტიტუციური გადატრიალება“ ქართველმა ხალხმა თავისუფლების დიდი მუშტი შეაგება. თავისუფლებით გალახული „ქართული ოცნება“ უკვე დარწმუნებულია საკუთარი მარცხის გარდაუვლობაში და ჩვენ მას უნდა დავეხმაროთ, რომ ეს უფრო კარგად გააცნობიეროს. დავეხმაროთ უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტით, პრინციპულობით, თანმიმდევრულობით და თავხედური გამბედაობით. ზუსტად ეს თვისებები აქვს გუშინდელი აქციის უდიდეს უმრავლესობას, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობებს და თითოეულმა ჩვენგანმა, პირველ რიგში, პოლიტიკოსებმა ეს მათგან უნდა ისწავლონ, მათ უნდა მიბაძონ. სწორედ ეს არის ის ხალხი, ვინც ჩვენგან, საბჭოთა კავშირში დაბადებულთაგან უნდა გადაიბაროს ეს ქვეყანა და უკან მოუხედავად, შეუჩერებლად იაროს წინ - ნათელი დასავლური მომავლისკენ. ჩვენი ისტორიული ვალდებულებაა, მათ თავისუფალი და ევროპული საქართველო გადავაბაროთ, რადგან დამონებულ რუსულ საქართველოს ეს გოგოები და ბიჭები, უარს ეუბნებიან დღეს და უკვე ქალები და კაცები, უარეს ეტყვიან ხვალაც.
პერსონალური მადლობა ყველა სპორტსმენს, ვინც თავისი გამბედაობით და პატრიოტიზმით ქართული სპორტის სამოქალაქო ღირსება აღადგინა, რომელსაც ასე მიზანმიმართულად ანგრევენ „ოცნების“ ზონდერებად ქცეული სპორტული ფსევდო ელიტები. ამ მხრივ ყველაზე სიმბოლური „დინამოს“ პოზიციაა, რომელმაც კვლავ დაგვარწმუნა, რომ ის არა უბრალოდ დიდი ისტორიის საფეხბურთო გუნდია, არამედ ქართული კულტურული კოდის მატარებელი ეროვნული სიმბოლო. ამით დღევანდელმა „დინამომ“ გაიმეორა 1981 წლის „დინამოს“ გმირობა - „დინამო, დინამო, დინამო, გამარჯვება ბიჭებო და გოგოებო“. თქვენი ნიკა, 212-ე საკნიდან“, - წერს ნიკა გვარამია.
"ინტერპრესნიუსი"