საპატრიარქო პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

საპატრიარქო პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ჩვენი ქვეყანა მტკიცე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ურთულეს გზას გადის, რისთვისაც დღეს უდიდესი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან“.

"ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, გულმხურვალედ ლოცულობს მშვიდობისა და ერთსულოვნებისათვის.

მიგვაჩნია, რომ ჩვენს სამეზობლოში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მშვიდობიანი კურსის შენარჩუნება და ქვეყნის დამოუკიდებლობა ქვეყნის წინსვლისათვის ერთადერთი ამოსავალი ფაქტორია. მშვიდობის დარღვევის მცდელობად მიგვაჩნია პოლარიზების გამღვივებელი რადიკალური განცხადებები, რომელი მხრიდანაც უნდა ვრცელდებოდეს ისინი, მით უმეტეს, სასულიერო პირთაგან.

სოციალურ ქსელში ხდება იმ ცალკეულ სასულიერო პირთა ქადაგებების თუ გამოსვლების ტირაჟირება, რომელნიც პოლიტიკურ თემებს ეხებიან, იქნება ეს ჩრდილოელი მეზობლის მიმართ გადაჭარბებული „სიმპათიები“ თუ უშუალოდ სახელმწიფოს მიმართ რადიკალური კრიტიკა.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ ასეთი დამოკიდებულებები უცხოა ეკლესიის ოფიციალური ხედვისა და, ზოგადად, ქრისტიანული სულისკვეთებისათვის, რაც არაერთხელ დაფიქსირებულა და გაჟღერებულა საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციებსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირად განცხადებებში ევროინტეგრაციის გზის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში

"ინტერპრესნიუსი"