"საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ბათუმს ბრიტანელები მართავდნენ" - კვირის პალიტრა

"საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ბათუმს ბრიტანელები მართავდნენ"

საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის, ბათუმს რომ ბრიტანელები მართავდნენ.

თუ როგორი იყო ის პერიოდი, ამის შესახებ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის მმართველი - ოთარ გოგოლიშვილი უნიკალურ ცნობებს გვაწვდის...

- ბატონო ოთარ, 68 ბრიტანელი ჯარისკაცის საფლავი ბათუმში 2013 წელს აღმოაჩინეს და მემორიალიც მოაწყვეს. დადგინდა, რომ ბრიტანელების საფლავები აქ გასული საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, ვიდრე ბათუმი დამოუკიდებელი საქართველოს ნაწილი გახდებოდა. დაახლოებით წელიწად-ნახევარი აჭარა ბრიტანული დროით ცხოვრობდა...

- ბათუმის ოკუპაციის გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ იყო მიღებული 1918 წლის 13 ნოემბერს. ბათუმი ბრიტანული ფლოტის ბაზირების სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენდა სხვა ფრონტებზე საომარი მოქმედებების უზრუნველსაყოფად... ბრიტანული მმართველობის პერიოდში (1918 წლის დეკემბერი - 1920 წლის ივლისი) ბათუმში ისეთი სიტუაცია იყო, როგორიც დიდი ბრიტანეთის სხვა კოლონიებში. ინგლისელებმა აჭარიდან დიდი რაოდენობის ოქრო და ძვირფასეულობა გაიტანეს. ისინი არც სასოფლო სამეურნეო პროდუქციისა და ხელოვნების ნიმუშების გატანას ერიდებოდნენ. 1919 წელს ინგლისურმა ფირმებმა აჭარიდან გაზიდეს 337,5 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, რომელიც სიმბოლურ ფასად ჰქონდათ შეძენილი ან საერთოდ, თვითონ კარნახობდნენ გასაყიდ ფასს... ინგლისელი სამხედროები ბათუმში თავს ისე გრძნობდნენ, როგორც კურორტზე... სწორედ მათი აქტიური თაოსნობით იხსნებოდა ქალაქში უამრავი კაბარე, კაზინო და რესტორანი, რომლებშიც ისინი დროს ატარებდნენ. როგორც ყოველთვის, ბევრ ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდნენ და მთელი ქალაქი მომსახურე პერსონალად ჰყავდათ გადაქცეული.

ასევე, ინგლისელები რატომღაც არ იყვნენ დადებითად განწყობილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ. ქართული ხელისუფლება პროტესტს გამოთქვამდა ინგლისელთა ანტიქართულ გამოხდომებზე, მარტო საქართველოს საგარეო სამინისტრომ არაერთი საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ინგლისის ხელისუფლებას, ბათუმში განხორციელებული ანტიქართული ქმედებების გამო.

ერთ-ერთ საარქივო დოკუმენტში საუბარია ინგლისელი ოფიცრის - ჰარისის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ ინგლისელები ბათუმში დიდხანს გაჩერებას არ აპირებენ; მათი მიზანია, ეს მხარე გადასცენ დენიკინის არმიას და აღადგინონ ძველი წყობილება. ამიტომაც შევქმენით რუსული მმართველთა საბჭოო. მართლაც, ინგლისელებმა ბათუმი გადააქციეს დენიკინის არმიის მომარაგების ადგილად. აქედან ზღვით თითქმის ყოველდღიურად მიემართებოდა იარაღითა და ტყვიით დატვირთული ინგლისური გემები დენიკინის არმიისათვის, ასევე ხშირად, მათ ცოცხალი ძალითაც ეხმარებოდნენ. ინგლისელებმა წააქეზეს სამუსლიმანო საქართველოსა და განსაკუთრებით, მესხეთის სეპარატისტული ძალები სერვეთ ბეგ ათაბაგის მეთაურობით და შექმნეს ე. წ. თითიდან გამოწოვილი "ყარსის რესპუბლიკა", რომლის დედაქალაქი იყო ბათუმი. ასევე მოგვიანებით, მათ შექმნეს სეპარატისტული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს რესპუბლიკა, ცენტრით ბათუმი, მაგრამ ყველა ეს სეპარატისტული წამოწყება მარცხით დამთავრდა, რადგან ქართულმა საჯარისო ერთეულებმა მათ "კუდით ქვა ასროლინეს". ბოლოს ინგლისელები დარწმუნდნენ, რომ მთელი აჭარა მიილტვოდა მხოლოდ საქართველოსკენ და ეს მხარე დაუბრუნეს დედასამშობლოს.

რაც შეეხება 68 ჯარისკაცს, რომელთა საფლავები ბათუმშია, ისინი ბათუმის ოლქის დაუფლებისას არ დაღუპულან, რადგან აქ არანაირი შეტაკება არ მომხდარა ინგლისის ჯართან, 1918 წლის დეკემბერში, როდესაც ისინი ქალაქში შემოვიდნენ. ეს ჯარისკაცები დაიღუპნენ პირველი მსოფლიო ომის დროს სხვადასხვა ადგილას და გემით ბათუმში ჩამოასვენეს, ხოლო დაღუპულთა შორის ნაწილი შეეწირა ბათუმის მიდამოებში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს, რომლებსაც ხშირად ბოლშევიკები და პროოსმალური პარტიები ახორციელებდნენ. დაღუპულები დიდი პატივით დაკრძალეს ბათუმის ცენტრალურ სასაფლაოზე. ამ ცერემონიაში მონაწილეობდა ბათუმის ინგლისური ხელისუფლება და საკმაო რაოდენობით ადგილობრივი მოსახლეობა. ამ ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაღუპულია არა 68 ბრიტანელი ჯარისკაცი, არამედ გაცილებით მეტი - 78. ვფიქრობ, ჯარისკაცებისა და დაღუპულების ერთი ნაწილი სულ სხვა ადგილას არის დასაფლავებული, რომელიც დღეისათვის უცნობია. კარგი იქნება, თუ გაგრძელდება მუშაობა მათი საფლავების აღმოსაჩენად.

- ადგილობრივებიდან ძალიან ცოტას თუ ეცოდინებოდა ინგლისური ენა. ენობრივი ბარიერი რა შეფერხებას ქმნიდა?

- დიახ, შეიქმნა რთული მდგომარეობა. ადგილობრივი მოსახლეობის დიდმა რაოდენობამ არ იცოდა ინგლისური... ბათუმელები ვერც გაერკვნენ, რისთვის მოვიდნენ ინგლისელები აქ, რა უნდოდათ, ასე მოულოდნელად რატომ გახდნენ მათი ტერიტორიის გამგებლები. პროკლამაციები, რომლებიც ინგლისელებმა ქალაქში გამოაკრეს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენაზე (და არა ქართულ), მოსახლეობისათვის სავსებით გაუგებარი იყო. ამიტომაც ქალაქში სრული ანარქია და ქაოსი გამეფდა.

- გვიამბეთ მასლოვის შესახებ... რას წერს და რატომ არის მისი ჩანაწერები მნიშვნელოვანი?

- ინგლისელებმა ბათუმში შემოსვლისთანავე, სამოქალაქო ხელისუფლება ჩააბარეს მასლოვის თავმჯდომარეობით შექმნილ ბუტაფორიულ ორგანოს, რომელსაც "ბათუმის ოლქის მმართველი საბჭო" უწოდეს (მასლოვი იყო კონსტიტუტიურ-დემოკრატიული პარტიის (კადეტები) წევრი. პროფესიით ადვოკატი, ბათუმში იგი ცნობილი იყო, როგორც მექრთამე, გამომძალველი და ხალხში ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა). ინგლისელ გენერალ-გუბერნატორის, კუკ-კოლისის დავალებით საბჭოს დაკომპლექტებისას უნდა გაეთვალისწინებინათ ოლქის მოსახლეობის ეთნიკური და კონფენსიური მრავალფეროვნება... მმართველი საბჭო 9 წევრით დაკომპლექტდა და მოქმედებდა 1918 წლის 27 დეკემბრიდან 1919 წლის 15 აპრილამდე. საბჭოს ჰქონდა თავისი გაზეთი "ნაშ კრაი". ეროვნული წარმომადგენლობის მიხედვით, საბჭოში შევიდა 2 რუსი, ორი ქართველი ქრისტიანი, ერთი ქართველი მუსლიმანი, ბერძენი, პოლონელი, ებრაელი, სომეხი. ადგილები კი ასე განაწილდა:

თავმჯდომარე იყო მასლოვი. იგი ითავსებდა საგარეო უწყებასა და პოლიციას; მოადგილე იყო ს. ანისიამოვი, რომელიც ხელმძღვანელობდა სურსათით მომარაგებასა და ფინანსებს. მიწათმოქმედებას ხელმძღვანელობდა ზ. ხითაროვ-ბესტავაშვილი, განათლებას - მგალობლიშვილი, სასამართლოს - პ. სემენოვი, კულტურას - ომერ აღა-მემედ აღა ზადე, ფოსტა-ტელეგრაფს - გენდლერი, ტექნიკურ ნაწილს პოლონელი ინჟინერი კ. კორიბეტ-დაშკევიჩი, საზღვაო პორტს და საბჭოს - ი. პილოანი. საბჭო დამტკიცდა 1918 წლის 27 დეკემბერს. მეორე სხდომაზე კანცელარიის საქმეთა მმართველად დაინიშნა ძველი ჩინოვნიკი ს. გინკული. საბჭო აშკარად რუსულენოვანი და შოვინისტური იყო. თუმცა, ოლქის ფაქტობრივი გამგებელი გახლდათ ინგლისელი სამხედრო გუბერნატორი, ბრიგადის გენერალი კუკ-კოლისი. მმართველი საბჭო მის განკარგულებებს ემორჩილებოდა. ამის შესახებ დენიკინელი გენერალი ერდელი ბათუმიდან გაგზავნილ მოხსენებით ბარათში, 1919 წლის 9 იანვარს წერდა, რომ ინგლისელებმა "მმართველი საბჭო" შექმნეს, როგორც ეს მათ კოლონებშია მიღებული და საოკუპაციო ხელისუფლებამ 1918 წლის 30 დეკემბერს ოფიციალურად გადასცა ძალაუფლება "მმართველ საბჭოს". საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა დაევალა 500-კაციან რუსულ მილიციას, აქედან 150 მილიციელი ბათუმში იდგა, 350 მილიციელი ოლქის სხვადასხვა უბანში. იმავე ფუნქციას ასრულებდა ინგლისის სამხედრო პოლიცია.

გუბერნატორის დავალებით მასლოვმა ბათუმის ოლქის უბნებში შექმნა ხელისუფლების ორგანოები: უბნების უფროსებად დაინიშნა ძველი მონარქისტი ოფიცრები, რომლებიც ინგლისელ ჯარისკაცთა თანხლებით ჩავიდნენ დანიშნულ ადგილზე. სადგურ ნატანებთან დაწესდა საზღვარი, დააყენეს შეიარაღებული დაცვა, აღმართეს რუსეთის დროშა, სხვა რეგიონებთან მიმოსვლისთვის საჭირო გახდა სპეციალური საშვი. ამის შესახებ მასლოვმა წერილობით აცნობა დენიკინს 1919 წლის 2 თებერვალს, მაგრამ რუსები მალე დარწმუნდნენ, რომ ინგლისელები ბათუმშიც საკუთარი ინტერესებისთვის მოქმედებდნენ. "ბათუმში რუსთა მოლოდინი არ გამართლდა ინგლისელების მოსვლასთან დაკავშირებით, ისინი როგორც ჩანს, აქ მოვიდნენ არა გაწამებული რუსეთის დასახმარებლად, არამედ საკუთარი ანგარებით ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისთვის", - ეწერა "ბათუმის რუსული ეროვნული საბჭოს" 1919 წლის 28 მარტის დადგენილებაში, რომლის ასლი გაიგზავნა დენიკინის შტაბში.

თეთრგვარდიელი ოფიცრების უბნების მმართველებად დანიშვნამ მოსახლეობის მღელვარება გამოიწვია. ისინი მოითხოვდნენ მმართველებისა და ინგლისური რაზმების უკან გაწვევას. წესრიგის დასამყარებლად უბნებში დამატებითი რაზმები შეიყვანეს, რამაც ვითარება უფრო დაძაბა. 3 იანვარს ბათუმში შეიკრიბა შავშეთ-იმერხევის, არტანუჯის, ართვინის, ზემო აჭარის წარმომადგენლები და კუკ-კოლისს წარუდგინეს საპროტესტო მემორანდუმი. მეორე დღეს გაიმართა ხალხმრავალი მიტინგი, რომლის შესახებაც იუწყებოდა გაზეთი "ერთობა" 1919 წელს: "გუბერნატორთან არსებულ საბჭოზე უკმაყოფილება თანდათან იზრდება, მისგან დანიშნული კაცებით ოლქში აჭარლები დიდად უკმაყოფილონი არიან, მოითხოვენ თავიანთი კაცების დანიშვნას".

ბათუმის ოლქში შეიქმნა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა სურსათსა და პირველადი მოთხოვნილების საქონელზე, ფასები იზრდებოდა. რუსული ნაციონალური საბჭოს მმართველობაში წარმოქმნილმა ვითარებამ გამათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურება გამოიწვია. ლოზუნგი იყო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ბათუმის ოლქის გაერთიანება. დაძაბული ვითარების გამოსასწორებლად მასლოვი ითხოვდა დენიკინის სამხედრო მმართველობას ბათუმის ოლქში. თვითონ მასლოვი ჩავიდა დენიკინთან ეკატერინოდარში, მაგრამ ინგლისელების მიერ ოკუპირებულ ქალაქში ჯარის გადმოსროლას დენიკინი არ დათანხმა სამხედრო პოლიტიკური მოსაზრებით. კერძოდ, გამწვავდებოდა ისედაც დაძაბული ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან.

მასლოვის ასეთმა ქმედებამ ინგლისის უკმაყოფილება გამოიწვია და ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის ბრძანებით, მმართველთა საბჭო დაითხოვეს.

ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მასლოვი ემიგრაციაში წავიდა. იქ მან დაწერა მოგონებები, რომელიც სწორედ აღნიშნულ პერიოდს შეეხებოდა და იმპერიალისტური მოსაზრებებით ცალმხრივად წარმოაჩინა ის დრო. თუმცა, მისი მოგონებები დიდებულ წყაროს წარმოადგენს აღნიშნული პერიოდის შესასწავლად. მასლოვი ქართველთა დაუძინებელი მტერი იყო. როდესაც ის საუბრობს "მმართველთა საბჭოს" დაკომპლექტებაზე, აღნიშნავს: საბჭოს ყველა წევრი სწორად შევარჩიე, მხოლოდ შევცდი მგალობლიშვილში, რომელიც ქართველთა აგენტი აღმოჩნდაო.

- ბათუმში ბრიტანელების მმართველობის დროს გაჩნდა შრომისა და სავალუტო ბირჟებიც, სადაც ბრიტანული გირვანქა სტერლინგი იყო დომინანტი. გამოუშვეს ბრიტანული მარკები. ბათუმში შემოდიოდა ევროპული საქონლით დატვირთული გემები.

- დიახ, ინგლისელების მმართველობის დროს დაიწყო ამ მხარის ინგლისურ ყაიდაზე მოწყობა, ასევე, ქუჩებისა და მოედნების კეთილმოწყობა. ბათუმში რამდენიმე სახლი გადახურეს ინგლისიდან სპეციალურად ჩამოტანილი სახურავებით. ქალაქში სამ ადგილას გაჩნდა შრომის ბირჟა, მათთან სიახლოვეს კი სავალუტო ბირჟები. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი ბათუმელებისათვის იმდენად უცხო აღმოჩნდა, რომ ადგილობრივების დარეგისტრირება ასეთ შრომით ბირჟებზე ძალიან ნაკლები იყო, ამ ბირჟებით ძირითადად ბათუმში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლები სარგებლობდნენ. რაც შეეხება სავალუტო ბირჟებს, აქაც იგივე მდგომარეობა იყო, მისით სარგებლობდა არაქართული მოსახლეობა და ბათუმში მყოფი უცხოელები. ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ქართველები საერთოდ არ დადიოდნენ ასეთ სავალუტო ბირჟებზე. რა თქმა უნდა, დადიოდნენ და ნელ-ნელ დაიწყეს გირვანქა სტერლინგით სარგებლობაც, მაგრამ ეს შეეხებოდა მოსახლეობის შეძლებულ ფენას და არა დიდ ნაწილს. შემოდიოდა ინგლისური და სხვა ქვეყნების საქონლით დატვირთული გემები. ბათუმის მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები გადავსებული იყო ინგლისური საქონლით. ამასთანავე, აყვავდა კოტრაბანდა, ბათუმი გადაიქცა კონტრაბანდისტების ქალაქად. მართალია, პოლიცია მას ებრძოდა, მაგრამ ეს ბრძოლა უმნიშვნელო იყო. ასევე, ქალაქში რამდენიმე ადგილას გაჩნდა საროსკიპო სახლები, რომლითაც ძირითადად ინგლისელები სარგებლობდნენ.

რაც შეეხება ბრიტანულ მარკებს, ის რამდენჯერმე გამოუშვეს ინგლისელებმა. ამ მარკების ერთი ნაწილი დღეს ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

- პერიოდულად დემონსტრაციებიც იმართებოდა - ბათუმელები დედასამშობლოსთან დაბრუნებას ითხოვდნენ...

- ინგლისელების თითქმის ორწლიანი მმართველობის დროს ბათუმსა და მთელს აჭარაში გაიმართა 22 დემონსტრაცია. ძირითადი მოთხოვნა ბათუმის ოლქის დედასამშობლოსთან დაბრუნება იყო. ინგლისელებმა შეძლეს მხოლოდ ორი დემონსტრაციის აღკვეთა; დააპატიმრეს მოთავეები, რომლებიც მალევე გაათავისუფლეს, მაგრამ დანარჩენი დემონსტრაციები ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდა. ძალიან აქტიურობდა "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი" და პროოსმალური ჯგუფი "სედაი მილეთი". მიტინგების დიდი რაოდენობა მათი მოწყობილი გახლდათ. "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტის" მემედ ბეგ აბაშიძე მეთაურობდა და მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ მას უჭერდა მხარს.

- ნავთობსადენიც აღადგინეს, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე მოთხოვნა მცირე იყო.

- ინგლისელებმა შეძლეს აღედგინათ ტერორისტების მიერ აფეთქებული ნავთობსადენი აჭარის ტერიტორიაზე, მაგრამ ის შემდეგაც ააფეთქეს ბოლშევიკებმა, ისევ აღადგინეს და გააძლიერეს დაცვა ნავთობსადენის დასაცავად. რაც შეეხება მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე მოთხოვნას, ის მართლაც მცირე იყო. ბათუმიდან ნავთობი გემებით ძირითადად, ინგლისში და ევროპის სახელმწიფოებში გადიოდა, ასევე ნავთობპროდუქტებით ეხმარებოდნენ დენიკინის არმიასაც.

- 1919 წლის 6 სექტემბრის ღამეს ბათუმის სანაპიროსთან შემოსულ ინგლისურ გემს რატომ დაესხნენ თავს?..

- ამ დღეს თავს დაესხნენ ინგლისურ გემს, რომელმაც ბათუმში მყოფი ინგლისელი ჯარისკაცებისა და ბათუმის ოლქის ინგლისური ხელისუფლებისათვის ფული და სურსათი შემოიტანა. თავდასხმა განახორციელეს ბოლშევიკმა ტერორისტებმა. შეტაკებისას მოკლეს 12 ინგლისელი ჯარისკაცი, რომლებიც დამარხული არიან სწორედ ბათუმის ცენტრალურ სასაფლაოზე. თავდასხმელებიდან ოთხი ლიკვიდირებული იქნა პოლიციის მიერ, ბევრმა მიმალვა მოასწრო.

- რა არის ცნობილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთვის დაღუპული სამხედროების შესახებ?

- დიდი ბრიტანეთის საელჩო აქტიურად იყო ჩართული ამ საკითხში. ბრიტანეთის ელჩი რამდენჯერმე შეხვდა ბათუმში ისტორიკოსების ნაწილს, რომლებიც ამ საკითხის შესწავლით იყვნენ დაკავებული. მივიდნენ სასაფლაოს იმ ადგილას, სადაც ბრიტანელი ჯარისკაცები განისვენებენ, პატივი მიაგეს მათ. ბრიტანულ პრესაში რამდენჯერმე გაშუქდა ეს საკითხები, ხოლო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ლონდონელი პროფესორები მონაწილეობდნენ.

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი "გზა"