"რით ვერ ისწავლეთ, რამდენჯერაც დაარბევთ, უფრო მეტი გამოგივარდებათ ქუჩაში! ხალხი მასზე ხელის აღმართვას არ პატიობს... ისტორიის ლოგიკას ვერ გადააბიჯებთ"
თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი გუშინდელ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"რით ვერ გაიგეთ, რით ვერ ისწავლეთ. რამდენჯერაც დაარბევთ უფრო მეტი გამოგივარდებათ ქუჩაში! ეს სიბრაზე არსად მიდის და არ იკარგება! დათმობა მოგიწევთ, იმიტომ რომ ხალხი მასზე ხელის აღმართვას არ პატიობს. ბოლოში ყველას ყოფნიდა გონება და თმობდა, იმიტომ რომ ხვდებოდნენ ამის შემდეგ ტყვია უნდა ესროლათ ასე ისტორიის ლოგიკას ვერ გადააბიჯებთ!
მხოლოდ გარდაუვალს ახანგრძლივებთ უფრო მეტი ნაცემი ახალგაზრდის ხარჯზე! საკუთარ ხალხთან გაბუტულ, ზურგშექცეულ და მოძალადე ხელისუფალს არასოდეს გაუმარჯვია, და თუ ძალაულების შესანარჩუნებლად სისხლის დაღვრას არ მოერიდებით დედამიწაზე ვერაფერი ვეღარ გიშველით დიახ, ეხლა ემოციები აჯობებს, ემოციების ზღვაშია ქვეყანა გახვეული და ხელისუფლებაში როცა ხართ ამ ემოციების ზღვაში მყოფ ხალხზეც ხართ ზუსტად პასუხისმგებელი, მათ სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, თავისუფლებაზე.
ვინმე ვაშაძემ ან სხვამ რაც არ უნდა ჩაიდინოს მანდ, მას თავისი მოეკითხება, მაგრამ ეს თქვენ ვერ გაგასუფთავებთ, მოძალადის იარლიყს არ ჩამოგრეცხთ! ეს ხალხი დღეს თქვენზეა გაბრაზებული, თქვენმა ღალატმა გამოიყვანა ქუჩაში, თქვენმა ცინიზმა და დაცინვამ, თქვენმა გუშინდელმა ძალადობამ დატოვა ქუჩაში.ეს არ დაგავიწყდეთ !გაიწვიეთ ეს რუსული კანონი!" - წერს ხიდაშელი "ფეისბუქში".
რუსთაველის გამზირზე ვითარება თითქმის მთელი ღამის განმავლობაში დაძაბული იყო. ადგილზე საპროტესტო აქცია დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო. 21:00 საათზე "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ მთავრობას ერთ საათს აძლევდა ორი მოთხოვნის შესასრულებლად: ე.წ. აგენტების კანონპროექტების უკან გაწვევა და 7 მარტს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. 22:00 საათზე ვაშაძემ მომიტინგეებს მოუწოდა, მშვიდობიანი ფორმით პარლამენტის შენობის პიკეტირება მოეხდინათ.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან არსებული რკინის ჯებირები გაარღვიეს, რა დროს სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.