"ელგუჯა მასწავლებელო, მთაწმინდაზე ვიყავით, "დედა ენაც" კი დაუმარხავთო..." - ემიგრანტი პოეტისა და პედაგოგის ქართულის გაკვეთილები საბერძნეთში
გზა თელავიდან თესალონიკამდე გრძელიც იყო, მრავალფეროვანიც და საინტერესოც. ჯერ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ სასულიერო სემინარიაში ისწავლა, რომ სკოლებში საღვთო სჯულისა და რელიგიის ისტორიის სწავლებისას ამ სფეროს საფუძვლიანი ცოდნა ჰქონოდა და ბავშვების დასმულ ყველა კითხვაზე არგუმენტირებული და ამომწურავი პასუხი გაეცა... დღეს ელგუჯა ციგროშვილი ცდილობს, უცხოეთში დაბადებულ-გაზრდილი მომავალი თაობა მშობლიურ ფესვებს არ მოსწყდეს.ის 29-ე წელია, ემიგრაციაშია.
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალში "გზა" გამოქვეყნებული სტატიიდან:
"ბოლოს საქართველოში 2018 წელს ვიყავი. უწინ, თუ ჩემი სამშობლო რუკაზე სარფიდან იწყებოდა, ახლა დედ-მამას საფლავიდან იღებს სათავეს, სადაც საქართველოში ჩამოსული პირველ რიგში ავდივარ ხოლმე. ახლა ის ორი ბორცვია ჩემთვის სამშობლო და შემდეგ გადაიშლება სულ ყველა და სულ ყველაფერი..."
"საბერძნეთში პირველსავე დღიდან ჩანთააკიდებული დავდიოდი ხან ზეთისხილის, ხანაც ვაშლის კრეფაზე, ვმუშაობდი ქარხნებშიც. ჩვენგან საბერძნეთში ჩამოსული ან მშენებლობაზე მუშაობს, ან რამე ხელობით, სხვა სამსახურს აქ ნაკლებად ნახავ... 1988 წელს დედა საავტომობილო ავარიის შედეგად გარდამეცვალა. ყოველთვის ვამბობდი, - ხომ არაფერი მაქვს, მაგრამ დედას გარდა მაინც არაფერი მაკლია-მეთქი..."
"საბერძნეთში წასულ ჩემს მეზობელს, ალავერდის წინამძღვარს მივწერე: მამაო, იქნებ მანდ რამე გამომიძებნოთ და ცოტა ხნით ჩამოვიდე, ვერც საერო და ვერც სასულიერო საქმით ვერაფერს ვაკეთებ-მეთქი. ჩამოდიო, შემომითვალა და ასე წავედი. გამგზავრებისას ვალს იღებ, რასაც გასტუმრება უნდა, ამიტომ საბერძნეთში ჩავედი თუ არა, ფიზიკურად მუშაობა დავიწყე..."
"ერთ დღეს მოსწავლემ, ანამ მითხრა, ზაფხულში საქართველოში მივდივარო... ვუთხარი, იმ მწერლების ფოტოები ხომ გახსოვს, კლასში რომ გვეკიდა? თბილისში რომ ჩახვალთ, ბებიაშენს უთხარი, მთაწმინდის პანთეონში აგიყვანოს და იქაურობა დაგათვალიერებინოს-მეთქი. სექტემბერში ანა საბერძნეთში ჩამოქანდა და „ანგარიში ჩამაბარა“: ელგუჯა მასწავლებელო, მთაწმინდაზე ვიყავით, ვაჟას, ილიას, აკაკის, გოგებაშვილის საფლავები ვნახეთ, მაგრამ შოთა რუსთაველის ვერ ვიპოვეთ, „დედა ენაც“ კი დაუმარხავთო."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 9 მარტის ნომერში წაიკითხავთ.
ანა კალანდაძე