"მოდი, დავიწყოთ მადლობით... საქართველო ევროპაა" - როგორ ეხმაურება გიორგი გახარია "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" გადაწყვეტილებას - კვირის პალიტრა

"მოდი, დავიწყოთ მადლობით... საქართველო ევროპაა" - როგორ ეხმაურება გიორგი გახარია "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" გადაწყვეტილებას

მოდი, დავიწყოთ მადლობით! მადლობა ახალგაზრდებს! - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით.

როგორც გახარია აღნიშნავს, ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს გამარჯვების დასაწყისია.

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის! მადლობა ყველა ჩვენს უცხოელ მეგობარს, ევროკავშირს, აშშ-ს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის ურყევი მხარდაჭერისთვის! ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. ეს გამარჯვების დასაწყისია. საქართველოს ადგილი ევროპაშია!

ამ კანონის ინიცირებამ, მისმა დაცვამ და უკან წაღებამ ყველას დაანახა, რომ დღეს ქვეყანა იმართება ერთი ადამიანის შიშებით და აღქმებით. დადგა დრო, რომ ყველამ, პირველ რიგში კი საჯარო სექტორმა, გააკეთოს არჩევანი - ემსახურებით ერთ ადამიანს, თუ ემსახურებით ქვეყანას!

საქართველო ევროპაა - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება აუცილებელია - ძალა კი უკვე მხოლოდ ერთობაშია!“- წერს გიორგი გახარია.

IPN