"სავარაუდოდ, ეს იყო ივანიშვილის ახირება, რომელიც ისე შორს არის კანონმდებლობისგან და იურისპრუდენციისგან, როგორც ჩვენ ჩინეთისგან" - კვირის პალიტრა

"სავარაუდოდ, ეს იყო ივანიშვილის ახირება, რომელიც ისე შორს არის კანონმდებლობისგან და იურისპრუდენციისგან, როგორც ჩვენ ჩინეთისგან"

ორი დღეა, რუსთაველის გამზირი ხალხს ვერ იტევს. ჩვენი საზოგადოების მწვავე პროტესტი ნახა მთელმა მსოფლიომ. ისიც ცალსახაა, რომ ამ მასშტაბურმა პროტესტმა შედეგი ნამდვილად გამოიღო და "ქართული ოცნება" აიძულა, უკან დაეხია. "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს, "ხალხის ძალისა" და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება ამ დილით გავრცელდა. ცნობილია, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიონ კანონპროექტი. ამას საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა, თუმცა მათი მეორე მოთხოვნა ისევ ძალაშია, ისინი ითხოვენ დაკავებულების გათავისუფლებას. დღეს აქცია პარლამენტთან ისევ გაიმართება და საზოგადოებას დამატებითი გარანტიები სურს, რადგან ბოლომდე არ ენდობიან ხელისუფლებას. ყველა ხვდება, რომ ამ განცხადებით არ სრულდება ყველაფერი, ცალსახაა, რომ "ქართულ ოცნებას" მოუწევს სამართლებრივი პროცედურების გავლა, რომ კანონი უკან გაიწვიოს. რა პროცედურა უნდა გაიაროს საკანონმდებლო ორგანომ, რა შედეგი მოჰყვა ხალხის პროტესტს? ამ დღეების პროცესების შეფასება ვთხოვეთ ცნობილ იურისტ ლია მუხაშავრიას:

liamuxashavria-1678362806.jpg

- პირველ რიგში, "ქართული ოცნების" განცხადება სასიხარულოა, თუკი აღარ იქნება ეს კანონპროექტი განხილვაში, მაგრამ აქ პროცედურა არის საკმაოდ რთული. ფორმალურად როგორ უნდა მოხდეს პირველი მოსმენით მიღებული კანონის უკან გაწვევა? ერთი, შეიძლება არ დაუბრუნდნენ ამ კანონს საერთოდ და დარჩეს ასე, მაგრამ ეს გზა მაინც არ არის საიმედო. იმ საზოგადოებას, რომელსაც ცივი წყალი ასხეს ეს ორი დღე, იმ ხალხს, რომელიც გაზის მოწამვლის ფონზე იქ შეუდრეკელი იდგა, ეს არ დააკმაყოფილებს. ვფიქრობ, რაღაცნაირად პარლამენტის თავჯდომარემ უნდა მოძებნოს ამ სიტუაციაში გამოსავალი და დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ამ კანოპროექტის განხილვა და მიღება გამორიცხულია. ასევე, საყურადღებოა ისიც, რომ მეორე კანონპროექტი ისევ არის პარლამენტში, რომელიც ჯერ არ ყოფილა გატანილი სესიაზე. ასე რომ, სიტუაცია არ არის ცალსახა და არ არის დამაჯერებელი განცხადება, რომ ის კანონპროექტი მოკვდა და მეორე არ იქნება რეანიმირებული, მაინც ტოვებს ეჭვებს, საზოგადოება არ ენდობა უმთავრეს რაღაცებში "ქართულ ოცნებას", როგორიცაა საგარეო პოლიტიკური კურსი, დამოკიდებულება ევროკავშირთან, ამიტომ შედეგიანი ნაბიჯები უნდა დაგვანახვოს ხელისუფლებამ.

- ანუ გამოსავალი არის, მეორე მოსმენა ჩატარდეს და ჩააგდონ კანონპროექტი?

- ეს არის გამოსავალი, რომ ყველამ ვინც ხმა მისცა, უნდა უარყოს მეორე მოსმენაზე და ეს გზა იქნება სიკვდილი ამ კანონპროექტის, მაგრამ მე ძალიან მეეჭვება, რომ "ქართული ოცნების" ყველა ტვინგაცხელებული პარლამენტარი ამას გააკეთებს. ყველაფერია მოსალოდნელი, შეიძლება "ქართული ოცნება" ამაზე არ წავიდეს, უგუნურობას ჩვენთან საზღვარი არ აქვს. სესია უნდა შედგეს, ეს უნდა გაკეთდეს, ეს არის უცილობელი მტკიცებულება, რომ ამ კანონს მეტი დღე არ უწერია. მეორე კანონპროექტის გატანა უკან შეუძლია საინიციატივო ჯგუფს, ე.წ ხალხის ძალას, რომელსაც მე უგუნურების ძალა დავარქვი, რადგან ის კენჭისყრაზე არ ყოფილა.

- რაც შეეხება იმას, რომ ვენეციის კომისიაში გაგზავნილია, იქ რა მოხდება?

- იქ მარტივად, წერილი მიეწერება ვენეციის კომისიას და ისინიც შვებით ამოისუნთქავენ, რომ მოაკლდებათ სამუშაო და უფრო მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებენ.

- როგორ ფიქრობთ, რატომ დაიხია უკან "ქართულმა ოცნებამ", ხალხმა შეაშინა ისინი თუ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლამ და განცხადებებმა?

- ორივე ფაქტორმა ერთდროულად იმოქმედა. რომ არ ყოფილიყო ასეთი მრავალათასიანი მიტინგი და საზოგადოების განწყობა ასეთი, ეს შედეგი ვერ დადგებოდა. ასევე, უკიდურესად გაძლიერდა საერთაშორისო ზეწოლა. მე მადლიერი ვარ ჩვენი პრეზიდენტის, რომელიც არ დაბრუნდა საქართველოში. მართალია, ითქვა, რომ მან გააუქმა ყველა შეხვედრა, მაგრამ მან გამოიყენა ყველა შესაძლებლობა, მედიით გამოსვლიდან დაწყებული, რომ ღიად დაეფიქსირებინა თავისი უკმაყოფილება ამ კანონის გამო. მისი ხმა ძალიან სერიოზული იყო და ჩემი მადლიერება მინდა, ამის გამო გამოვხატო სალომე ზურაბიშვილის მიმართ. როცა კარგს გააკეთებს ადამიანი, ეს უნდა დაუფასო. პრეზიდენტის იქ ყოფნა და მისი აქტიურობა იყო გადამწყვეტი ნაბიჯი, რადგან მეტად გააძლიერა საერთაშორისო ზეწოლა ამ ხელისუფლებაზე და ამან დაახევინა მათ უკან.

- დღეს ისევ იკრიბებიან აქციის მონაწილეები და მოთხოვნაა დაკავებულების განთავისუფლება, ამაზე წავა ხელისუფლება?

- ვფიქრობ, ყველა დაკავებულს დღის ბოლომდე გაათავისუფლებენ. ეს იქნება ავტომატური შედეგი. საღამოს 7 საათზე, ალბათ, აქციაზე ისევ მოვა ხალხი, უნდა დარწმუნდნენ, რომ კანონი მართლა არ განიხილება არასდროს და არც მეორე კანონს არავინ მიუბრუნდება. უნდა დარწმუნდნენ იმაშიც, რომ ყველა დაკავებული გაათავისუფლეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისაღებია. ჩემი კოლეგები, ადვოკატები, ამ დრომდე ეძებენ რამდენიმე აქციის მონაწილეს და მათ კვალს ვერ მიაგნეს, მაგრამ, ვფიქრობ, ახლომახლო ქალაქებში ეყოლებათ გადაყვანილი, როგორც ეს ხდებოდა სხვა მიტინგების დროს. ასე რომ, დღის განმავლობაში უნდა ველოდოთ მათ გათავისუფლებას, ამის გარეშე არ მოხდება ჩაწყნარება სიტუაციის.

პარლამენტმა კეთილი ინებოს და ჩაატაროს ერთი სხდომა, ხელფასს ხომ კარგად იღებენ! ამდენი ათასი ადამიანი მივიდა იქ და 150 კაცი რომ მივიდეს პარლამენტში, არაფერი უჭირთ და ჩააგდონ ეს კანონპროექტი. პაპუაშვილმა, ვნახე ამ დილით, როგორ დაათვალიერა ტერიტორია და ნახა რომ იყო გაწმენდილი და დაცული ყველა მისასვლელი, ვეკითხები მას არ შერცხვა, ამას რომ აკეთებდა? მე მას პირადად ვიცნობ, ადრე მუშაობდა ერთ-ერთ გერმანულ ორგანიზაციაში და ერთად ვიყავით გერმანიაში საქმიანი ვიზიტით. კაცმა მიიღო ევროპული განათლება, მაინტერესებს რა დაემართა, რატომ ცვლის თანამდებობა ამ ადამიანებს, რა ემართებათ ასეთი?

ძალიან მძიმე იყო ეს ღამეები, საზიზღარი სპეცოპერაცია ჩატარდა და გამახსენდა ყველა ის აქცია, სადაც ძალის გადამეტება მოხდა. ვნახეთ, როგორც კი გააფრთხილეს ხალხი და მოსთხოვეს დემონსტრანტებს ტერიტორიის დატოვება, მაშინვე დაიწყეს სპეცტექნიკის და ძალის გამოყენება, რაც აშკარად კანონსაწინააღმდეგოა და არაფრით არ შეიძლება, გაფრთხილების შემდეგ გონივრული ვადა არ მიეცეს ადამიანებს ტერიტორიის დასატოვებლად. როგორც გავიგე წიწაკის სპრეი და წყლის გამოყენება ერთად განსაკუთრებით მძიმე შედეგებს იწვევს ხუთვის და სუნთქვის უკმარისობის თვალსაზრისით. ასეთი კომბინაციით ამის გამოყენება შეიძლება ჩაითვალოს არაპროპორციული ძალის გამოყენებად. გულსაკლავია და დიდი სირცხვილია, რომ ხალხის არჩეული დეპუტატები სპეცდანაყოფების მობილიზებას ახდენენ იმისთვის, რომ პარლამენტის შენობა დატოვონ და მათ ეშინიათ თავიანთი გადაწყვეტილების გამო ხალხთან შეხვედრის. ძალიან კარგად იცოდნენ, რა კენჭისყრაც მოაწყვეს და ამიტომ მიიღეს ზომები, ვიღაცამ გასცა განკარგულება, რომ შემოეყვანათ სპეციალურად გაწვრთნილი ქვედანაყოფი. არადა, ადამიანები სამართლიანად აღშფოთდნენ. ვნახეთ, როგორ სპონტანურად მოხდა იქ ხალხის მისვლა. მიუხედავად არგუმენტებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა, "ქართული ოცნება" მაინც შეეცადა, რქებით გაეტან ე.წ რუსული კანონი.

- ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა.

- როგორ შეიძლება იმ ვითარებაში ვინმეს ობიექტური შეფასება გაეკეთებინა. კობახიძის განცხადების საპირისპიროდ ჩვენ გვქონდა ლევან იოსელიანის განცხადება. ის იდგა ქუჩაში, დემონსტრანტებთან და მან ვერ შეძლო, შეეფასებინა არსებული სიტუაცია ობიექტურად, მართლაც ეს იქნებოდა რთული. პირდაპირ ცეცხლში აღმოჩნდა ლევან იოსელიანი და მინდა, მას ჩემი პატივისცემა დავუდასტურო. წარმოუდგენელია, კაბინეტში მყოფი კობახიძე როგორ ახერხებს სიტუაციის შეფასებას?!

- საერთოდ, რას ემსახურებოდა ამ კანონის ასეთი სასწრაფო წესით მიღება?

- ზოგადად, გაუგებარი იყო მათი ქმედება. თუკი გადაწყვეტილი გაქვს, ვენეციის კომისიას სთხოვო შენი კანონპროექტის შეფასება, რატომ უნდა მიიღო პირველი მოსმენით? თუკი ვინმე თავს გაიმართლებს და იტყვის, რომ პირველი მოსმენით ხდება პრინციპების და ძირითადი დებულებების შეთანხმება და ამაზე კენჭისყრაო, ეგებ ვენეციის კომისიას პრინციპებიც არ მოსწონდა? რა აუცილებლობა იყო ამ კანონის ასე საჩქაროდ მიღება ყოვლად გაუგებარია და ვერავინ შეძლო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მართლა გაუგებარია ისიც, ერთი და იმავე პოლიტიკურმა ჯგუფმა რატომ გააკეთა ორი მსგავსი კანონპროექტის ინიცირება? იმისთვის, რომ თუ პირველი არ გავიდოდა, მეორე გაეტანა? ხელისუფლება შეეცადა, ნებისმიერ ფასად მიეღო ეს კანონი. როგორ შეიძლება მსჯელობა დავარქვათ იმას, რაც ხდებოდა პლენარულ სხდომაზე. ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს და ეს კიდევ უფრო აშიშვლებს მათ ფარულ ზრახვებს და საზოგადოებას აფიქრებინებს, რომ ბინძური თამაში იყო ჩაფიქრებული და სჭირდებოდათ ვითომ განხილვის მოწყობა.

შემზარავი იყო იმის ყურება, პარლამენტში ხელების გადაგრეხვით როგორ ცდილობდა თავისი გაეტანა "ქართული ოცნებას". ამ პროცესებმა უნდა დააფიქროს საზოგადოება, რომ უფრო მეტი გონიერებით აირჩიოს მომავალში ხელისუფლება და მეტი სერიოზულობით მოექცეს არჩევნებს და დაფიქრდეს მეტად, ვის რამდენად წაადგება გაკეთებული არჩევანი...

ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ნათელი სურათი აქვთ იმაზე, სად დგას ქართველი საზოგადოება და სად დგას ხელისუფლება. მათთვის კარგად დასანახი გახდა, რომ ეს ზღვარი კიდევ უფრო გაღრმავდა. ჩვენ, საზოგადოებას, არ გვაქვს სამტკიცებელი რომ უვარგისი ხელისუფლება გვყავს, ამას ისედაც ხედავენ. მე ვისურვებდი, რომ სტრატეგიული პარტნიორები ევროკავშირში გაწევრების დაჩქარების და დახმარების კვალდაკვალ გვეხმარებოდნენ იმაში, რომ ნამდვილი, რეალური, სამართლიანი არჩევნების ჩატარება მოხერხდეს ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ რაც ხდება, ეს დიდი სხვაობა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, გამოწვეულია სწორედ იმით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენმა პოლიტიკოსებმა ძალიან კარგად ისწავლეს არჩევნების გაყალბება და ვითომ დემოკრატიის გზით გაყალბებული არჩევების მითვისება.

იმ ფონზე, როცა ევროკავშირისკენ მივდივართ, ნამდვილად ვერ ვხდები, რა საჭირო იყო ეს. მაგრამ, სავარაუდოდ, ეს იყო ივანიშვილის ახირება, რომელიც ისე შორს არის კანონმდებლობისგან და იურისპრუდენციისგან, როგორც ჩვენ ჩინეთისგან. მას უბრალოდ ჰგონია, რომ ეს იქნებოდა კარგი აღვირი, რითაც ის შეძლებდა გაკონტროლებას და ხმას ჩააკმენდინებდა დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს და არასამთავრობო სექტორს, რომელიც მას უკვე ძალიან უშლის ნერვებს და ჰგონია, რომ ასე შეიძლება ქართველი საზოგადოებისთვის აღვირის ამოდება. ეს არ გამოუვიდათ.

უნდა გაითავისოს ყველამ, რომ ჩვენს ახალგაზრდობას ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ევროპის გარეშე და თუ ვინმე ევროპის კარს ჩაუკეტავს და შეეცდება, შეაბრუნოს ჯოჯოხეთისკენ, რუსეთისკენ, ამას ის ვერ მიაღწევს. ივანიშვილი წინა საუკუნის ადამიანია, მაგრამ რამ დააბრმავა ხელისუფლებაში მყოფი ახალგაზრდობა, თანამდებობამ როგორ გადააგვარა ისინი, ამას მართლა ვერ ვხვდები. ამ ორმა დღემ დაანახა მათ, რომ ჩვენი გზა არის ევროპისკენ და მათ არაფერი გამოუვათ.

(სპეციალურად საიტისთვის)