"ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ ქალ-გინეკოლოგებთან შეგვიძლია მისვლა, ქალ ექიმებთან და ექთნებთან" - აკრძალვების ახალი ტალღა და ჰუმანიტარული კრიზისი ავღანეთში
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სი" (BBC news) თავის ვებ-გვერდზე აქვეყებს სტატიას სათაურით - "თალიბების ხელისუფლება ქალებზე ძალადობს: ჰუმანიტარული კრიზისი ავღანეთში", რომელშიც ავღანელი ქალების მძიმე ცხოვრებაა გადმოცემული - აკრძალვები ცოდნის მიღებაზე, აკრძალვები სამსახურზე, აკრძალვები ქუჩაში გასვლაზე, ჩაცმა-დახურვაზე, სიცოცხლეზე...
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
გაერთიანებული ერების ორგანიზაცის განცხადებით, ავღანეთი, თალიბთა მთავრობის მმართველობიდან დაწყებული, 2021 წლის აგვისტოდან, ყველაზე რეპრესიულ სახელმწიფოდ იქცა, ქალის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.
თალიბთა ხელისუფლებამ მილიონობით ავღანელი ქალი პრაქტიკულად სახლებში ჩაკეტა და სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებელებში ცოდნა-განათლების მიღება აუკრძალა.
"ძალიან სამწუხაროა, როცა უყურებ, თუ როგორ მეთოდურად, წინასწარ განზრახულად და სისტემატურად ავიწროვებენ ავღანელ ქალებს და გოგონებს, თუ როგორ იდევნებიან ისინი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრებიდან", - ამბობს როზა ოტუნბაევა, გაეროს მისიის ხელმძღვანელი ავღანეთში. დიპლომატის თქმით, ქალების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები იმ უდიდეს ზიანს წარმოადგენს, რასაც ავღანელი ერი საკუთარ თავს აყენებს. თანაც, ახლა ავღანეთი ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება და ქალების დასაქმებაზე შეგნებული უარი სიტუაციას სულ უფრო მეტად აუარესებს.
აკრძალვა ცოდნის მიღებაზე
მას შემდეგ, რაც ამერიკელები ავღანეთიდან პრაქტიკულად გაიქცნენ და ქვეყნის ხელისუფლებაში რადიკალურ-ისლამისტური მოძრაობა "თალიბანი" დაბრუნდა, ახალმა მთავრობამ ქალები ყველა სახელმწიფო თანამდებობიდან გაათავისუფლა. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ პარკებში სეირნობა, ბაზრებში სიარული, სპორტულ დარბაზებში და საზოგადოებრივ აბანოებში მისვლა. ქალები ვალდებულები არიან, ქუჩაში, ღია ადგილზე ყოფნისას თავსაფარი ჰქონდეთ მოხვეული და სახე დამალონ, იდეალურ შემთხვევაში კი ატარონ ნიქაბი, რომელიც მთლიანად ფარავს სახეს და სხეულს.
მაგრამ ყველაზე მეტად თალიბებმა გოგონები და სტუდენტი ქალიშვილები დაჩაგრეს: მთავრობამ მათ საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა აუკრძალა. კიდევ კარგი, რომ დაწყებითი სკოლები გოგონებისთვის ჯერ კიდევ არსებობს - მათთვის თალიბებმა მხოლოდ წერა-კითხვის სწავლა საკმარისად ჩათვალეს.
თავდაპირველად თალიბები საქვეყნოდ აცხადებდნენ, რომ ასეთი აკრძალვები მხოლოდ დროებითი ზომაა, რადგან განათლების ინფრასტრუქტურაში ბიჭებისა და გოგონების ცალ-ცალკე სწავლებისათვის მასწავლებელები და ლექტორები არ გვყოფნისო, მაგრამ გასული წლის ბოლოს განათლების სამინისტრომ უბრალოდ გამოაცხადა, რომ სტუდენტი გოგონები ზამთრის არდადეგების შემდეგ უნივერსიტეტებში აღარ დაბრუნდებიანო.
თალიბები ქალებს უარს უცხადებენ განათლების მიღებაზე იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთმა საკმაოდ მნიშვნელოვანი სახელის მქონე ისლამისტმა ავტორიტეტმა ქალებს მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ ყურანში მსგავსი აკრძალვა არსად ნახსენები არ არის.
ავღანეთის ერთ-ერთმა წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწემ - ფაკირულა ფაიკმა განაცხადა, რომ ქალების მიერ ცოდნა-განათლების მიღება პრობლემად არ უნდა იქცეს, ხოლო ადგილობრივი ისლამური საზოგადოების წარმომადგენელმა ჰარუნ იმთიაზმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის მიერ გოგონებითვის სწავლის აკრძალვა ისლამურ მოძღვრებას ეწინააღმდეგება: "ყურანში და წინასწარმეტყველთა გამონათქვამებში ვერსად იპოვით ისეთ სიტყვებს, რომლებიც თალიბთა მოქმედებას გაამართლებს", - თქვა მან.
იუნესკოს მონაცემებით, 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით, სასკოლო და სტუდენტური ასაკის მქონე ავღანელი გოგონების 80% სახლებშია ჩაკეტილი და არც ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ სწავლობს.
თალიბთა ამ გადაწყვეტილებამ ხაზი გადაუსვა ყველა იმ წარმატებას, რასაც ავღანეთმა განათლების სფეროში მიაღწია ბოლო 20 წლის განმავლობაში.
ჰოსნა ჯალილი პირველი ქალი იყო ავღანეთში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში, 26 წლის ასაკში, ქალების საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მანამდე კი იგი მუშაობდა ჯერ ავღანეთის სამთამადნო მრეწველობის სამინისტროს აპარატში, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მაგრამ დაბრუნდნენ თუ არა თალიბები ქაბულში, მათ "ქალთა საქმეების სამინისტროს" სახელი შეუცვალეს და უწყებას "სათნოების პროპაგანდისა და მანკიერების თავიდან აცილების სამინისტრო" უწოდეს.
"თალიბთა მმართველობის 20-წლიანმა წყვეტამ - 2001 წლიდან 2021 წლამდე - მოსახლეობის აზრი საკმაოდ შეცვალა", - ამბობს ჰოსნა ჯალილი, - "ავღანელებმა გააცნობიერეს, რომ ყველას - მამაკაცებსაც და ქალებსაც საბაზო უფლებები უნდა ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრებისათვის. 1990-იან წლებში ავღანელი ქალები ჩუმად იყვნენ და უუფლებობას იტანდნენ, მაგრამ შემდეგ, 2001 წლიდან მათ ხმა აღიმაღლეს და წარმატებებს მიაღწიეს (საერთაშორისო სამშვიდობო კოალიციური ძალების დახმარებით, რომელმაც თალიბების ხელისუფლება დაამხო), ახლა კი ქალებს ისევ დევნა დაუწყეს".
მართალია, ზოგიერთი ავღანელი ქალი ახლაც ბედავს საპროტესტო აქციების ჩატარებას, მაგრამ მათ ხელისუფლება არბევს, ხოლო მის მონაწილეებს აპატიმრებს. მაგალითად, ამას წინათ ქაბულში, გაეროს წარმომადგენლობასთან, ავღანელმა ქალებმა - სტუდენტებმა - მცირე აქცია ჩაატარეს: წიგნებით ხელში გამოვიდნენ და კითხვა დაიწყეს, მაგრამ აქცია პოლიციამ დაშალა, მონაწილეები კი დააკავეს. ზოგიერთმა სტუდენტმა ბიჭმა ქალიშვილების პოზიცია დაიცვა და ყველას მოუწოდა, ლექციებისადმი ბოიკოტი გამოეცხადებინათ, სანამ მათ არ გაათავისუფლებდნენ, მაგრამ ჯერჯერობით სიტუაცია უცვლელია.
აშკარაა, რომ სტუდენტი მამაკაცებიდან ყველა არ ეთანხმება მთავრობის პოლიტიკას ქალებისათვის სწავლის აკრძალვაზე. ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, აკრძალვის გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ქაბულის უნივერსიტეტში შექმნილი მდგომარეობა სამგლოვიაროს ჰგავდა: "ისეთი შეგრძნება იყო, რომ თითქოს ვინმე ჩვენიანი გარდაიცვალა. ყველას ძალიან გვეწყინა. სამწუხაროდ, იძულებულები ვართ, ჩუმად ვიყოთ, თორემ გაგვრიცხავენ და დაგვაპატიმრებენ".
აკრძალვა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე
საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ქალების განდევნა კიდევ ერთ პრობლემას ქმნის, რაც კვალიფიციური კადრების უკმარისობაში გამოიხატება.
მაჰბუბა სერაჯი, რომელმაც თალიბების დაბრუნების შემდეგ გაბედა და ავღანეთში დარჩენა გადაწყვიტა, ამბობს, რომ ასეთი აკრძალვები ქვეყანას კატასტროფისაკენ უბიძგებს.
2022 წლის დეკემბერში თალიბებმა ახალი ბრძანებულება გამოსცეს - ამჯერად ქალებს აეკრძალათ არასამთავრობო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მუშაობაც, რომლებშიც ისინი თანამშრომელთა 35-45%-ს შეადგენდნენ. ეს აკრძალვა უკვე ავღანელ ქალებს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ. მათ ოჯახის გარეთ ურთიერთობის უფლება მხოლოდ და მხოლოდ სხვა ქალებთან ექნებათ.
"ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ ქალ-გინეკოლოგებთან მისვლა შეგვიძლია, ექიმ ქალებთან და ექთნებთან. ჩვენს გოგონებს მხოლოდ პედაგოგი ქალები ასწავლიან. ოჯახებში, სადაც მამაკაცები არ არიან, ქალებს არ შეუძლიათ ფინანსური ან სასურსათო დახმარების მიღება, თუ ამ დახმარების გამცემ პუნქტში ქალი არ მუშაობს", - ამბობს ფატიმა, რომელიც ნამდვილ სახელს, გასაგები მიზეზების გამო, არ ამხელს. განა შეუძლიათ ასეთ პირობებში არსებობა უკაცო ოჯახებს?
მაგრამ იმ ადგილებშიც კი, სადაც ქალებს მეტ-ნაკლებად მუშაობის უფლება ჯერ კიდევ აქვთ, მაგალითად, საავადმყოფოებში, მათი სამსახური მხოლოდ ზეპირ მოლაპარაკებას ეფუძნება, არანაირი დოკუმენტი არ ფორმდება. "თალიბები ცდილობენ, თავი არაფერში დაივალდებულონ, რადგან ზეპირი მოლაპარაკებით სამსახურში მიღება იოლად უქმდება".
მოკლედ, თალიბების დაპირებები, რომ ქალების უფლებებს დაიცავდნენ, ყალბი გამოდგა. რადიკალმა ისლამისტებმა სიტუაცია გაამკაცრეს და ავღანელ ქალებს ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაუქციეს: "ერთ-ერთმა ქალმა, რომელსაც ჩვენ ავღანეთში ვესაუბრეთ, გვითხრა, რომ აკრძალვები ქალებისათვის სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანას ჰგავს, ოღონდ დაყოვნებული და გაჭიანურებული სახით", - ამბობს Amnesty International-ის ავსტრალიელი წარმომადგენელი. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ