"დაინახეს, რომ სისტემას კოროზია შეეპარა და ამის შეეშინდათ... დღეს ვიზეიმოთ და ვაჩვენოთ ყველას, რომ ხალხის ხელშია ძალაუფლება"
"პოლიტიკური გამარჯვება მოპოვებულია, დღეს ზეიმის დღეა, ვიზეიმოთ"
ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს ხელისუფლების განცხადებას კანონპროექტის უკან გაწვევასთან დაკავშირებით და თვლის, რომ ამ ბრძოლაში ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ, "ხალხის ძალამ" და საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიოს მათ მიერ მხარდაჭერილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი. ამასთან, ისიც ცნობილია, რომ დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია ისევ გაიმართება.
- საუკეთესოდ დამთავრდა ყველაფერი. ჩვენ ამ დღეებში გავხდით მოწმე პირდაპირი დემოკრატიული პროცესის განხორციელების. როდესაც ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური მოთხოვნის ფარგლებიდან და ერთგვარი სახელმწიფო გადატრიალება დაიწყო, ხალხმა ამ დროს დროებით დაიბრუნა ხელში ძალაუფლება და აიძულა ხელისუფლება, დაბრუნებულიყო კანონიერების ფარგლებში. ანუ აღადგინა კონსტიტუციური წესრიგი. ეს არის საკმაოდ მწიფე დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი და მისასალმებელია, რაც საქართველოში მოხდა. რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, გასაგებია, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა, ამაზე წასულიყო. როცა მან დაინახა საფრთხე, პირველ რიგში, თავისი თავისთვის, მოუწია უკან დახევამ, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია და სწორია. ჯობია, ცოტა გრძელი გზით, მაგრამ მშვიდობიანად ვიაროთ, ვიდრე - ტრაგიკურ მოვლენებში შევიდეთ.
- ხელისუფლება თავის განცხადებაში ამბობს, სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანაო.
- განცხადება, რაც გაკეთდა, ეს არის სახის შენარჩუნების მცდელობა, მეტი არაფერი. ხელისუფლება არ აღიარებს თავის დანაშაულს. ამ ნაბიჯით გატესტეს საზოგადოება, რამდენად შორს შეუძლიათ წავიდნენ, მაგრამ მიიღეს პასუხი და უკან დაიხიეს, ეს არის ფაქტი. დანარჩენი იურიდიული საკითხები, ტექნიკა და საუბარი იმაზე, რომ ასე არ შეიძლება კანონპროექტის გაწვევა, ეს არის სხვა დეტალები. აქ უმთავრესი ის არის, რომ მათ ნახეს ხალხის ძალა, შეეშინდათ ამ ხალხის და დაიხიეს უკან. ისინი მეორედ ამ კანონპროექტის შემოტანას ვერ გაბედავენ და თუ გაბედავენ, უფრო უარესი მოხდება და ბევრად უფრო ცუდად დაასრულებენ ყველაფერს, რადგან ამ ტიპის პოლიტიკური განაცხადების შემდეგ ისევ ვირეშმაკობა კიდევ უფრო ძვირი ჯდება. ფაქტია და ცალსახაა, ხალხმა გაიმარჯვა, ხალხმა დაიბრუნა ძალაუფლება ამ ეპიზოდში. ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, გრძელვადიანია და ხელისუფლებას, ალბათ, კიდევ ექნება ბევრი მცდელობა, ხალხის სისუსტეზე ითამაშოს, მაგრამ რადგან გაიღვიძა ხალხმა, არ უნდა დაძინოს. ჩვენ გვახსოვს, მხოლოდ ეს კანონი არ იყო პრობლემა, ამ ქვეყანაში ხელისუფლების ავტორიტარულ მიდრეკილებებთან დაკავშირებით ბევრი სხვა პრობლემაა. ის 12-პუნქტიანი ვალდებულებებია შესასრულებელი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და გამოღვიძებულმა საზოგადოებამ ეს ბრძოლა ამ მიმართულებით უნდა გააგრძელოს. დღეს უნდა გაიფორმოს ხალხმა ეს გამარჯვება, აქცია უნდა ჩატარდეს და ჩატარდება და დღეს უნდა იყოს ხალხის გამარჯვების ზეიმი. ამის გაფუჭება ახალი მოთხოვნებით იქნება შეცდომა. სულსწრაფობა ახლა არ ვარგა, ეს არ არის სწორი. საზოგადოებას მოენატრა გამარჯვებები ბოროტებაზე და დღეს მხოლოდ ზეიმის დღე უნდა იყოს და ერთადერთი მოთხოვნა უნდა იყოს, ამ აქციაზე ყველა დაკავებულის უპირობოდ გათავისუფლება.
- მათ გათავისუფლებაზე წავა ხელისუფლება?
- უნდა წავიდეს ამაზე ხელისუფლება, იმიტომ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთელ ამ პროცესზე მას ეკისრება. ამ დრამატიზმამდე მიიყვანეს სიტუაცია და საბოლოოდ მოუწიათ ამის აღიარება და კანონპროექტზე უარი თქმა.
- მაშინ რაში სჭირდებოდათ ეს აჟიოტაჟი და საქმის ამ სიტუაციამდე მიყვანა?
- დატესტეს ამით ის, რამდენად შორს შეუძლიათ წავიდნენ. გარკვეულწილად ისინი ამით რუსეთთან აკეთებდნენ გზავნილს, რომ მათ, თითქოს, შეუძლიათ ვითარების კონტროლი და ვითარების გადატეხვა. მე მგონია, ეს ყველაფერი რუსეთზე იყო გათვლილი და რუსეთს ეპრანჭებოდნენ, იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, რუსეთის გარდა ყველა ქვეყანა ცალსახად ამბობდა, რომ ეს იყო უვარგისი კანონი და ამის მიღება არ შეიძლებოდა. ამის მიუხედავად, ჯიუტად ცდილობდნენ გატანას. არადა, მართლა, არც ერთი ქვეყანა არ დარჩა, ვინც ეს არ გააპროტესტა. გუშინდელ დღემდე ხელისუფლება ძალიან კატეგორიული იყო, მაგრამ მას ხალხის შეეშინდა და, ფაქტობრივად, უკან დაიხია. მათ არ გამოუვიდათ რუსეთისთვის იმის ჩვენება, რომ მათ შეუძლიათ ფსონი დადონ ამ ხელისუფლებაზე, რომ მათ შეუძლიათ საზოგადოების კონტროლი, მაგრამ ხალხმა აჩვენა - ეს მათ არ ხელეწიფებათ და ამას ვერასდროს შეძლებენ. ესეც არის დღეს მიღწევა ქართველი საზოგადოების.
- მართლა ყველა ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა ამ კანონს, საბოლოოდ, ხომ არ შეშინდნენ, რომ ევროპა მათ გზას ჩაუკეტავდა?
- ევროკავშირი ამათ ნაკლებად აინტერესებთ. ევროკავშირი რომ აინტერესებდეთ, ისინი არ დაიწყებდნენ ამ პროცესს საერთოდ, რადგან ცალსახად ეუბნებოდა ყველა, რომ ამ კანონის მიღებით კარი ჩაიკეტებაო. ამის მიხედავად, ეს გააკეთეს, მერე კი აქციებით საფრთხე ხალხისგან დაინახეს, ქვეყნის შიგნით და ამის შეეშინდათ, რომ ვერ გააკონტროლებდნენ სიტუაციას. ბევრი იმ ადამიანისგანაც მოხვდათ, ვისთანაც პარაზიტებივით არიან მიკერებულები, დაინახეს, რომ სისტემას კოროზია შეეპარა და ამის შეეშინდათ. ძალიან მარტივი რამეა, ვიღაცას ეუბნები მე შენ სახლში მინდა ცხოვრება, ის გეუბნება ჩემთან სახლში არ ეწევიანო და შენ პოლიტიკას ატარებ ისეთს, შენ ვინ გეკითხება, მე მოვწევ თუ არაო. ეს ხომ აბსურდია.
- ამ დილით გავრცელდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის განცხადება, რომ ესაუბრნენ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, ამ ზეწოლამ ხომ არ მოახდინა, გარკვეულწილად, გარდატეხა?
- ეს ფაქტორები, ყველაფერი მოქმედებდა. მაგრამ ლომის წილი ამ ყველაფერში არის ქართველი ხალხის პროტესტი. ჩვენ ვხედავდით ეს დღეები, ხელისუფლება დემონსტრაციულად იგნორირებდა ამერიკელების და ევროპელების განცხადებებს, რომლებიც ცალსახად ამბობდნენ, რომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება, მაგრამ მაინც ხომ აგრძელებდნენ? მათაც არ მინდა დავუკარგო დამსახურება, ჩვენს პარტნიორებს ამისთვის მადლობა, მაგრამ ხალხის ხმა იყო ისეთი, რომ ხელისუფლება მიხვდა, უკან უნდა დაეხია.
- დღეს ისევ იკრიბება საზოგადოება, რას ეტყოდით მათ?
- დღეს არის ზეიმის დღე და დღეს არ არის პროტესტის დრო. ეს თემა ამოწურულია და გამარჯვება მიღწეულია ამ კონკრეტულ საკითხზე. ეს ხელისუფლება მზაკვარია, მისი ნდობა არ შეიძლება, მაგრამ დღეს ახალი მოთხოვნების დაყენება იქნება შეცდომა, ამით ხელისუფლებას მიეცემა არგუმენტი, თქვას, ყველაფერი გავაკეთეთ და მაინც აგრძელებენო. ეს გამარჯვება გადაიყრება წყალში. არაერთი ასეთი ფაქტი მომხდარა ჩვენს ისტორიაში. სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს გამარჯვების გაფორმება. დღეს ვიზეიმოთ და ვაჩვენოთ ყველას, რომ ხალხის ხელშია ძალაუფლება. ნუ გავაფუჭებთ ამ გამარჯვებას პროვოკაციების გაგრძელებით. წუხელ რაც მოხდა, მე ვთვლი, რომ ეს იყო პროვოკაციული ქმედებები, მათ შორის, ზოგიერთი პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერის მხრიდან. ახლა კონკრეტიკას რა მნიშვნელობა აქვს, არ მინდა, ეს გამარჯვება გავაფუჭო ნეგატივით. რაც მოხდა, ის შეგნებულად იყო თუ შეუგნებლად, ეს სხვა საკითხია, მაგრამ როცა ითხოვ ალყის დარტყმას პარლამენტის შენობაზე, ისმის კითხვა, კარგი, ალყა შემოარტყი, მერე რა? ამას ხომ ერთადერთი შედეგი აქვს, ფორმალურად მისცე ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ იძალადოს ხალხზე, სხვა შედეგი ხომ აქ არ არსებობს?! პოლიტიკური შედეგი რა უნდა იყოს, გარდა იმისა, რომ თავი შესთავაზო გასალახად. ასეთი ნაბიჯები გაუმართლებელია და ოპოზიციას მართებს მეტი სიბრძნე. დღესაც იმაზე აპელირებას იურიდიულად, როგორ უნდა მოხდეს პროცედურები ამ კანონპროექტის გაუქმების, ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. ხელისუფლება ვერ გაბედავს კიდეც ერთხელ დაუბრუნდეს ამ კანონპროექტს. ნეტავ, კიდევ შემოაგდონ, ეს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იმუშავებს და ეს გამოჩნდა კიდეც. ასე რომ, პოლიტიკური გამარჯვება მოპოვებულია, ეს უნდა გაფორმდეს. დღეს ზეიმის დროა და ვიზეიმოთ ეს გამარჯვება.
(სპეციალურად საიტისთვის)