"კრემლს რუსეთის არმიის "ბლიცკრიგი" ჩაეფუშა. ვერც დასავლეთმა მოახერხა მრავალრიცხოვანი სანქციებით რუსეთის შეჩერება" - რას წერს Financial Times?
„კრემლის ოცნება უკრაინასთან ომში სწრაფი ტრიუმფის შესახებ არ განხორციელდა. ვერც დასავლეთმა მოახერხა მრავალრიცხოვანი სანქციებით რუსეთის შეჩერება. ორივე მხარემ ამოწურა თავიანთი შემტევი პოტენციალი და ახლა თითოეულს იმედი აქვს, რომ დრო მის მხარეს იქნება“, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთის - „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „რუსეთ-დასავლეთის ენერგეტიკული კონფლიქტი ერთმანეთის გამოფიტვის ომში გადადის“ (ავტორი - სერგეი ვაკულენკო, „კარნეგის ფონდის“ თანამშრომელი).
უკრაინის კონფლიქტს მრავალი ფრონტი აქვს და მათ შორის ენერგეტიკული ფრონტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კრემლს ჰქონდა გეგმები, რომ კიევზე ელვისებურად მოიპოვებდა გამარჯვებას, მაგრამ რუსეთის არმიას „ბლიცკრიგი“ ჩაეფუშა. ვერც დასავლეთს გაუმართლა, როცა რუსეთს სანქციებით აიძულებდა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას. ომი გაჭიანურებულ სტადიაში - სასანგრო ბრძოლებში გადავიდა და ერთმანეთის გამოფიტვის ხასიათი მიიღო.
კრემლი დარწმუნებული იყო, რომ ევროპა რუსულ გაზს შემცვლელს ვერ მოუძებნიდა, დაიხურებოდა სამრეწველო საწარმოები, კომპანიები. მოსკოვი თვლიდა, რომ გაზის დეფიციტით და ფასების ზრდით მოსახლეობაში უკმაყოფილება შეიქმნებოდა და სოციალურ-პოლიტიკური სტაბილურობა დაირღვეოდა, აქედან გამომდინარე, ევროკავშირი იძულებული გახდებოდა, უარი ეთქვა უკრაინის მხარდაჭერაზე და ისევ რუსული გაზის მიღებას დათანხმდებოდა.
„გაზის ომი“ დასავლეთს - ევროპას მართლაც ძვირი დაუჯდა, ასობით მილიარდი ევრო დასჭირდა ალტერნატიულ წყაროებს. დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ ევროკავშირის ქვეყნების ქიმიური ქარხნები, რომლებიც რუსული ნედლეულიდან სასუქებს აწარმოებდნენ. გაზის გაძვირებამ მართლაც გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება, მაგრამ არა იმდენად, როგორსაც რუსეთი იმედოვნებდა: შედარებით თბილი ზამთრის გამო მოსახლეობამ გაზის მოხმარების შეზღუდვა იოლად გადაიტანა.
მეორე მხრივ, ევროპასა და დასავლეთში იმედი ჰქონდათ, რომ რუსეთის ეკონომიკა ძალიან იყო დამოკიდებული დასავლურ ტექნოლოგიებზე, დასავლურ იმპორტზე და თუ რუსეთი თავის გაზს დასავლეთში ვერ გაყიდდა, სხვა კლიენტს „გაზპრომი“ ვერ მოძებნიდა, შესაბამისად, მოსკოვს ენერგოექსპორტისგან მიღებული შემოსავლები შეუმცირდებოდა. აქედან გამომდინარე, დასავლეთში ფიქრობდნენ, რომ რუსული ეკონომიკა ჩამოიშლებოდა და ომისათვის ფული აღარ ექნებოდა.
ომის დაწყების დღიდან დასავლელმა მყიდველებმა რუსული ნავთობის შესყიდვაც მკვეთრად შეამცირეს. მართალია, გასული წლის მარტ-აპრილში რუსული ნავთობის ექსპორტი 10%-ით შემცირდა, მაგრამ შემდეგ ისევ ძველ მოცულობას დაუბრუნდა. რასაკვირველია, რუსეთის ეკონომიკამ გარკვეული ზარალი განიცადა, მაგრამ სწრაფად მონახა ახალი კლიენტები ჩინეთისა და ინდოეთის სახით, რომლებმაც ევროკავშირის სახელმწიფოები ჩაანაცვლეს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს რუსეთი და ევროკავშირი თანაბარ სიტუაციაში არიან: რუსეთს თავისი ენერგომატარებლებისათვის გასაღების ახალი ბაზარი აქვს, ევროპამ კი რუსული გაზი ამერიკული და არაბული გაზით ჩაანაცვლა. ეს ნიშნავს, რომ მხარეებმა თავიანთი ენერგოშემტევითი პოტენციალი ამოწურეს და ახლა იმედი აქვთ, რომ პერსპექტივაში რომელიმე მხარეს მაინც გაუმართლებს. მაგალითად, რუსეთს იმედი აქვს, რომ ევროპაში იაფი ციმბირული გაზის გარეშე ეკონომიკური განვითარება დამუხრუჭდება და ბოლოსდაბოლოს, ცივი ზამთარიც დადგება, მოსახლეობა იგრძნობს და საკუთარი მთავრობების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყება.
რუსეთს აქვს შესაძლებლობა, გარკვეული დროით 1973 წლის მსგავსი ენერგოკრიზისი გამოიწვიოს, თუ მსოფლიო ბაზარზე თავისი ნავთობის გატანას უეცრად შეწყვეტს, მაგრამ ჯერჯერობით კრემლი ასეთ ნაბიჯს არ დგამს, სიტუაციას პრაგმატულად აფასებს და უპირატესობას ფასებით მანიპულირებას ანიჭებს.
დასავლეთს უკვე აღარ დარჩა თავის არსენალში ისეთი ინსტრუმენტი, რითაც რუსეთის ენერგოსექტორს დამატებით ზარალს მიაყენებდა. დასავლეთმა ყველაფერი უკვე ჯერ კიდევ ვენესუელისა და ირანის წინააღმდეგ გაჩაღებულ ენერგოომში გამოცადა, მაგრამ არსებით შედეგს მაინც ვერ მიაღწია. თუ ევროპას ეკონომიკის ისეთივე სწრაფი და დინამიკური ზრდა სურს, როგორიც ადრე ჰქონდა, მაშინ მან იაფი ენერგოწყაროები უნდა იპოვოს, ეს კი რუსეთის გარეშე ახლო პერსპექტივაში ვერ მოხერხდება: ალტერნატიული ენერგოწყაროები - მზისა და ქარის ენერგიისაგან გიგავატების სწრაფი მიღება შეუძლებელია. თანაც, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აშშ-ისა და არაბული სამყაროს გარდა, თხევადი გაზის საექსპორტო ბაზარი რუსეთსაც საკმაოდ მნიშვნელოვნად აქვს დაკავებული. რუსეთს აქვს შესაძლებლობა, ფასები დასწიოს და ამით დროებით შემოსავლები შეიმციროს, მაგრამ სამაგიეროდ ახალი კლიენტები იპოვოს და ევროპას აყურებინოს...
მოკლედ, ჰორიზონტზე გიგანტური მასშტაბის ენერგეტიკული კონფლიქტი იკვეთება, რომელიც ისევე, როგორც პირველი მსოფლიო ომი, დასაბამს მისცემს ახალ ეპოქას - ეკონომიკური ომების პერიოდს. ამ ომებში გამოყენებული იქნება ახალი სტრატეგიები თავისი დამანგრეველი შედეგებით, რაც საბოლოოდ ახალ მსოფლიო ენერგეტიკულ წესრიგს ჩამოაყალიბებს.
მოამზადა სიმონ კილაძემ