"12 წლის ასაკში, ბურთის თამაშისას თავის ტრავმა მიიღო, ექიმების დიაგნოზი კი განაჩენივით გაისმა" - ანდრეა ბოჩელის რთული გზა წარმატებამდე და ვიზიტი საქართველოში - კვირის პალიტრა

"12 წლის ასაკში, ბურთის თამაშისას თავის ტრავმა მიიღო, ექიმების დიაგნოზი კი განაჩენივით გაისმა" - ანდრეა ბოჩელის რთული გზა წარმატებამდე და ვიზიტი საქართველოში

„მუსიკოსი, რომელიც მსმენელის სულში იხედება“ - ასე აფასებენ იტალიელ მომღერალს, ყველასათვის ცნობილ ტენორს ანდრეა ბოჩელის მუსიკის კრიტიკოსები. შეუდარებელი ხმის მუსიკოსს წარმატების მიღწევამდე საკმაოდ რთული გზის გავლამ მოუწია...

მომავალი მუსიკოსი 1958 წლის 22 სექტემბერს ტოსკანაში, ერთ პატარა სოფელ ლაიატიკოში დაიბადა. აღსანიშნავია, რომ ბიჭი არ გაზრდილა მუსიკოსთა ოჯახში, ანდრეას მშობლებს ფერმა ჰქონდათ და საკუთარ ვენახს უვლიდნენ.

ბოჩელის პატარა ასაკიდანვე ჰქონდა მხედველობის პრობლემა. დრო გადიოდა და ბავშვი მხედველობას კარგავდა, ამიტომ მას ოპერაციებს უკეთებდნენ. ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციისას კი, პატარა ბიჭი ფირფიტაზე ჩაწერილ იტალიურ ოპერას საათობით უსმენდა. ყველასგან მოულოდნელად, ანდრეამ ოპერები ისწავლა და ხან ღიღინებდა კიდეც. მუსიკით დაინტერესებულმა ბიჭმა ფორტეპიანოზე, ფლეიტასა და საქსაფონზე დაკვრაც ისწავლა.

44487ed8fba0f2b82d9d5c8e9a98ed4b9d67f7c75e21d8b1a6cda1869e8697fd-1678431258.jpg

12 წლის ასაკში, ბურთის თამაშისას მან თავის ტრავმა მიიღო, ექიმების დიაგნოზი კი განაჩენივით გაისმა: გლაუკომის გამწვავებამ მხედველობის დაკარგვა გამოიწვია... ანდრეა არ შეუშინდა წინააღმდეგობას და, მხედველობის დაკარგვის მიუხედავად, განაგრძო სვლა მიზნის მისაღწევად. ბავშვობისას მან რამდენიმე მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა და იურისტის დიპლომიც მიიღო.

ახალგაზრდა ბიჭმა მოახერხა და მუსიკალურ სასწავლებელშიც ჩააბარა, სწავლის გადასახადის მოსაგროვებლად კი, პარალელურად, ბარებსა და რესტორნებში მღეროდა.

1992 წელი მუსიკოსის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. მისი შესრულებული სიმღერა Miserere მსოფლიო ვარსკვლავის - ლუჩანო პავაროტის ხელში მოხვდა, ის ახალგაზრდა მუსიკოსის შესრულებით აღფრთოვანდა... სწორედ აქედან დაიწყო ანდრეა ბოჩელის წარმატებული კარიერა.

332351934-938662600487781-6236570461807248021-n-1678431258.jpg

ერთი წლის შემდეგ ფესტივალ „სან-რემოზე“ პრემია მიიღო ნომინაციაში „წლის აღმოჩენა“. კომპოზიციით Il mare calmo della sera ის საუკეთესო იტალიელ მუსიკოსთა რიცხვში მოხვდა. მუსიკოსის პირველი ალბომი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა - იტალიაში მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ბოჩელის შემდეგი ალბომი Bocelli-ც წარმატებული გამოდგა, ის მთელ ევროპაში გაიყიდა.

ანდრეას იწვევდნენ სხვადასხვა ქვეყანაში კონცერტის ჩასატარებლად,1995 წელს კი ვატიკანში, რომის პაპის წინ შეასრულა მუსიკა და მისი დალოცვაც მიიღო. თუ ბოჩელის პირველ ორ ალბომში მხოლოდ კლასიკური მუსიკა შევიდა, მესამე ალბომში მან ნეაპოლიტანური სიმღერებიც შეიყვანა. მეოთხე ალბომი პოპ-მუსიკას დაეთმო, მათ შორის კი იყო ყველასათვის საყვარელი Time to say goodbye, რომელსაც ანდრეა ბოჩელი სარა ბრაიტმანთან ერთად ასრულებდა. ალბომში შესული სიმღერები მსმენელს განსაკუთრებულად მოეწონა, ამის შემდეგ მომღერალმა ტურნე გამართა და ჩრდილოეთ ამერიკაში წავიდა.

1999 წელს ბოჩელიმ The prayer სელინ დიონთან ერთად შეასრულა. ამ მუსიკისთვის მან Golden Globe Awards-ის ჯილდოც მიიღო. დუეტი ლარა ფაბიანთან ერთად - Vivo per lei დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის შემდეგ ანდრეა ბოჩელიმ Quizás, quizás, quizás ცნობილ პოპ-მომღერალ ჯენიფერ ლოპესთან ერთად იმღერა.

32-1678431258.jpg
ოჯახთან ერთად

2020 წელს, როცა კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მთელი მსოფლიო სახლში მოაქცია, მუსიკოსმა მილანის ცარიელ საკათედრო ტაძარში აღდგომის კვირას კონცერტი ჩაატარა, რომლის ტრანსლირება მომღერლის Youtube არხზე მიმდინარეობდა.

"ჩემთვის დიდი პატივია ეს მოწვევა და მიხარია, რომ დავთანხმდი. მე მჯერა ერთად ლოცვის ძალის, მჯერა ქრისტიანული აღდგომის, როგორც თავიდან დაბადების უნივერსალური სიმბოლოსი. ეს კი ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება", - განაცხადა მუსიკოსმა.

მსოფლიო დონის ვარსკვლავი საქართველოსაც სტუმრობდა. იტალიელმა ტენორმა 2011 წლის დადგომა ხალხს ბათუმიდან თამარ ივერთან ერთად სიმღერით მიულოცა.

"ცნობილმა მომღერალმა ანდრია ბოჩელიმ ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვა - პირველად მისი შემოქმედების ისტორიაში, ახალ წელს სახლში არ შეხვდება და ჩვენთვის იმღერებს", - განაცხადა მუსიკოსის საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით იმდროინდელმა კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ.

„ძალიან ბევრს ვსწავლობდი, ყოველ დღე ვმუშაობდი ჩემს ხმაზე. როცა მღერი, უნდა გქონდეს რაღაც, ძალიან მნიშვნელოვანი შენს გულში. სულიერი შთაბეჭდილების გარეშე, სიმღერა არ გამოდის“, - განაცხადა მუსიკოსმა „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში.

როგორც ამბობენ, ის პატრნიორების შერჩევისას ძალიან პრეტენზიულია და თამარ ივერთან სიმღერაც კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყვიტა. ანდრეა ბოჩელიმ ახალი წლის ღამეს სიმღერა სოფო ნიჟარაძესთან ერთადაც შეასრულა.

sofo-1678431258.jpg
სოფო ნიჟარაძესთან ერთად

„ორივე არაჩვეულებრივი მომღერალია... გაოცებული ვარ აქაური მუსიკალური ტრადიციებით... ბედნიერი ვარ თქვენს ქვეყანაში, ეს ჩემი კიდევ ერთი გამოცდილებაა და იტალიაში მშვენიერი მოგონებებით დავბრუნდები. მიყვარს ზღვა და ეს მნიშვნელოვანია, რომ აქ ზღვაა“, - განაცხადა მუსიკოსმა.

პირადი ცხოვრება

ჯერ კიდევ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა, პირველი მეუღლე - ენრიკა ჩენზატი მაშინ გაიცნო, როცა ბარში უკრავდა. წყვილი გაცნობიდან 5 წლის შემდეგ დაქორწინდა. მათ ორი ვაჟი - ამოსა და მატეო შეეძინათ. კონცერტებისა და დატვირთული გრაფიკის გამო, წყვილს შორის უთანხმოებამ საბოლოოდ, 2002 წელს, ისინი განქორწინებამდე მიიყვანა.

enrika-1678431258.jpg
ენრიკა ჩენზატისთან და ვაჟთან ერთად

ცნობილი მუსიკოსი დიდხანს არ ყოფილა მარტო. მან იმავე წელს გაიცნო 18 წლის ვერონიკა ბერტი, რომელიც მაესტრო ივანო ბერტის შვილი გახლდათ. ისინი მალე გადავიდნენ ერთად საცხოვრებლად და ოფიციალურად 2014 წელს დაქორწინდნენ. დროთა განმავლობაში ვერონიკა ბოჩელის ცოლობასთან ერთად დირექტორობასაც ითავსებდა. ის ანდრეა ბოჩელის ფონდსაც ხელმძღვანელობს. მოგვიანებით ბოჩელის ვაჟები მამასთან გადავიდნენ საცხოვრებლად. 2012 წელს წყვილს გოგონა, ვირჯინია ბოჩელი შეეძინათ. ასაკში 25-წლიანი სხვაობის მიუხედავად, ისინი ერთად და ბედნიერად ცხოვრობენ.

andrea-bocelli-his-wife-veronica-berti-and-children-1678431258.jpg
ოჯახთან ერთად

„ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი სულის ტყუპის ცალი ვიპოვე, ეს ჩემი ცხოვრების ძალიან სასიამოვნო პერიოდია“, - განაცხადა ბოჩელიმ ქართველ ჟურნალისტთან მეუღლეზე საუბრისას.

238854568-4942583785754805-3901211636101962693-n-1678431258.jpg
მეუღლესთან ერთად

2022 წელს ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსმა ისევ განაახლა კონცერტები. ის აქტიურად მუშაობს სხვადასხვა კომპოზიციაზე, სოციალურ ქსელშიც აქტიურობს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მისი გაყიდული ალბომის რიცხვი 80 მილიონს აჭარბებს.