"პირადი ცხოვრება გვერდზე გადავდე, რადგან გარკვეული მიზანი მქონდა დასახული"
რას ამბობს ელენე დავითაია მეწყვილეებთან დაშორების მიზეზებზე
მოცეკვავე ელენე დავითაია ტელემაყურებელმა "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გაიცნო. პროექტის ბოლო სეზონში ელენე ნიკო ნანიტაშვილის მეწყვილე გახლდათ. წყვილმა მეორე ადგილი დაიკავა... გადავწყვიტეთ, ელენე დავითაია მკითხველისთვის უკეთ გაგვეცნო...
- ცეკვა 12 წლისამ დავიწყე, მანამდე მოციგურავე ვიყავი - 4 წლიდან ვვარჯიშობდი. შემდეგ ისე მოხდა, რომ 2 წლით ფიგურული სრიალის აკადემია "გაჩერდა" - აღარ მუშაობდა. ფიგურული სრიალი რომ გამეგრძელებინა, ბათუმში საცხოვრებლად უნდა გადავსულიყავი, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს მარტივი არ არის... ბებიაჩემმა ჩემს სკოლაში გახსნილ ცეკვის წრეზე შემიყვანა, სამოყვარულო დონეზე. ისე მომეწონა, რომ ფიგურული სრიალის გაგრძელება საერთოდ აღარ მინდოდა. მალევე "წყვილშიც დავდექი". სოლო მოცეკვავე არასოდეს ვყოფილვარ... მას მერე, სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სფეროში დავრჩი და დავრჩი... ტურნირებში მონაწილეობა დავიწყეთ. მე და ჩემი პირველი მეწყვილე დაახლოებით 5 წელი ერთად ვცეკვავდით. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ახალგაზრდების კატეგორიაში ნახევარფინალისტები გავხდით. 15 წლის ვიყავი, როცა მე და ჩემი მეწყვილე საცხოვრებლად პოლონეთში გადავედით, მუშაობა იქ გავაგრძელე...
- 15 წლის მოზარდს სხვა ქვეყანაში ცხოვრება არ გაგიჭირდა?
- არ გამჭირვებია, რადგან მეწყვილესთან და მასწავლებელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. მასწავლებელი თან გვახლდა - მარტო არასოდეს დავუტოვებივართ. თუმცა, რა თქმა უნდა, თავდაპირველად მაინც ძალიან მიჭირდა - მშობლების გარეშე ყოფნას მიუჩვეველი ვიყავი.
- პოლონეთში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილებას მშობლები როგორ შეხვდნენ?
- მიხვდნენ, რომ იქ უფრო მეტი საშუალება მომეცემოდა, პროფესიულად გავზრდილიყავი, წინ წავსულიყავი... ამის გამო დათანხმდნენ, მაგრამ თავდაპირველად ჩემი გაშვება არც უნდოდათ. ძალიან დიდხანს ფიქრობდნენ, რა ექნათ, მაგრამ საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ასე ჯობდა.
- პოლონეთში ცხოვრება, კარიერა როგორ აეწყო?
- იქ სკოლაშიც დავდიოდი, პოლონურ ენასაც ვსწავლობდი, რადგან ცეკვაზე ეს ყველაფერი მჭირდებოდა. თან, ასე უბრალოდ იქ ცხოვრება არ შეგეძლო - სკოლაშიც უნდა ჩარიცხულიყავი და ა.შ. თავად ქალაქი და იქაური ცხოვრება არ მომწონდა, რადგან მეგობრები არ მყავდა, არავის ვიცნობდი, ვერ ვერთობოდი... სიმართლე გითხრათ, საქართველოში დაბრუნება იმიტომაც გადავწყვიტე, რომ იქ გაჩერება აღარ შემეძლო.
- იქ ყოფნისას ცეკვის სფეროში წინსვლა გქონდა?
- ტურნირებზეც გავდიოდით. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე სწორედ პოლონეთიდან წავედით, რადგან ასე თუ ისე, ხელშეწყობა გვქონდა.
- როგორც აღნიშნე, იგივე მეწყვილე და მასწავლებელი გყავდა, ვინც საქართველოში. პოლონეთში ყოფნა უფრო პერსპექტიული რატომ იყო?
- რეალურად, პოლონეთში ჩემი მასწავლებელი ერთ-ერთ სტუდიაში ქორეოგრაფად მიიწვიეს. მართლა უძლიერესი პედაგოგია. რადგან მან გაგვზარდა, საქართველოში ჩვენი დატოვება არ სურდა. ამიტომ მსაჯს, რომელმაც პოლონეთში მიიწვია, მოელაპარაკა, - იქნებ ჩემი წყვილიც წამოვიყვანოო? თანხმობა მიიღო და გავემგზავრეთ... ვერ ვიტყვი, რომ ცეკვის სფეროში, საქართველოსთან შედარებით, პოლონეთში მკვეთრად განსხვავებული დონეა. ჩვენთან ეს სფერო ახლა კიდევ უფრო მეტად განვითარდა, ვიდრე მაშინ, 8 წლის წინ იყო... პოლონეთში დაახლოებით 2 წელი გავატარე. იმ გადაწყვეტილებას საერთოდ არ ვნანობ.
- საქართველოში დაბრუნებულმა კარიერული გზა როგორ გააგრძელე?
- დაბრუნებიდან დაახლოებით 1 კვირაში საქართველოს ტურნირი იმართებოდა. მე და ჩემს მეწყვილეს რაღაც პრობლემები გვქონდა (ცეკვას არ ეხებოდა). ვიცოდით, უნდა "დავშლილიყავით". ტურნირზე ვიცეკვეთ და შემდეგ ჩვენი 5-წლიანი ურთიერთობა დასრულდა.
- მხოლოდ პროფესიული ურთიერთობა თუ პირადიც?
- პირადიც. ახლა იმ ადამიანთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს.
- რომანტიკული ურთიერთობაც გქონდათ?
- არა. მეწყვილესთან პირადი (რომანტიკული) ურთიერთობა არასდროს მქონია. გარკვეულწილად ყოველთვის ამის წინააღმდეგი ვიყავი.
- რატომ?
- მაშინ მეგონა, რომ გარკვეული დოზით, პირადი ურთიერთობა ცეკვას ხელს უშლიდა, რადგან ხშირად ისე ხდებოდა, რომ როცა შეყვარებული წყვილი ერთმანეთს შორდებოდა, ერთად ცეკვასაც თავს ანებებდნენ. ძალიან ბევრი კარგი წყვილი ასე დაიშალა. არადა, დიდი მომავალი ჰქონდათ. ზუსტად ეს არ მინდოდა, მომხდარიყო. დაახლოებით 4 მეწყვილე მყავდა და მათთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მქონდა. რა თქმა უნდა, ახლო მეგობრები ვიყავით. მე და ავთო (პირველი მეწყვილე) პოლონეთში ერთად ვცხოვრობდით. ასევე, მე და მომდევნო 2 მეწყვილეც სახლში სულ ერთად ვიყავით და არანაირი რომანტიკული ურთიერთობა ან რამე მსგავსი არ ყოფილა.
- საქართველოში დაბრუნებულმა ახალი მეწყვილე იოლად იპოვე?
- არა, რადგან 5 წელი ერთ ადამიანთან ცეკვას შეჩვეული ვიყავი. თან, ქართველი იყო. მოგეხსენებათ, საქართველოში სამეჯლისო-სპორტული ცეკვების სფეროში ბიჭების ნაკლებობაა. ვფიქრობდი, უცხოელ მეწყვილესთან დავმდგარიყავი, რაც ენის ბარიერსაც უკავშირდება, საცხოვრებელი ადგილის პრობლემაცაა: ძირითადად, ყველას უნდა, საცხოვრებლად მის ქვეყანაში წახვიდე. მარტივი არ არის, სხვაგან გადახვიდე, ყველაფერი თავიდან დაიწყო... ამიტომ რაღაცნაირად უნდა შევთანხმებულიყავით, რომ ხან აქ ვყოფილიყავით, ხან - სხვა ქვეყანაში. ასეც მოხდა: მე და იტალიელი მოცეკვავე - სიმონე ჯირალდი "წყვილში დავდექით". გადავწყვიტეთ, ხან მე ვიქნებოდი იტალიაში და მის მასწავლებელთან ვივარჯიშებდით, ხან თავად სიმონე ჩამოვიდოდა საქართველოში და ჩემს მასწავლებელთან ივარჯიშებდა.
- წარმატებას მიაღწიეთ?
- ერთად ძალიან ცოტა ხანს ვცეკვავდით. ბევრ ტურნირზეც არ ვყოფილვართ, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებზე ფინალშიც გავსულვართ და კარგი შედეგიც გვქონია. უბრალოდ, ჩვენი პარტნიორობა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა.
- მიზეზი რა იყო?
- ჩემი აზრით, ადამიანთან შეჩვევა ძალიან რთულია. მნიშვნელოვანი მხოლოდ ცეკვა არ არის, პირიქით - მგონია, რომ ეს ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. შეიძლება მეწყვილეები ერთმანეთს ხასიათით ვერ შეეწყონ. რაღაცნაირად, ერთმანეთთან ვერ ჩამოვყალიბდით და "დავიშალეთ"... სიმონეს შემდეგ, ალბათ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდ წარმატებას მივაღწიე, როცა მე და ერთი მოლდaველი ბიჭი - დანიელ გუზუნი "წყვილში დავდექით". სხვათა შორის, ამ ბიჭთან ჩემი პარტნიორობის ინიციატორი საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტი - გიგი გაჩეჩილაძე გახლდათ. მე და დანიელს დიდი მიღწევები გვქონდა - მსოფლიო ტურნირზე მეოთხე ადგილზე ვიყავით, 21 წელს ქვემოთ კატეგორიაში. გერმანიაში მეორე ადგილი დავიკავეთ... საერთოდ, ცეკვის სფეროში საერთაშორისო ტურნირები ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ ტურნირებზე წარმატებას მივაღწიეთ.
- თუმცა მაინც დაშორდით...
- კი. ანალოგიური პრობლემა იყო, რაც წინა 2 მეწყვილესთან. პატარ-პატარა მიზეზების გამო, გარკვეულ საკითხებში ვერ ჩამოვყალიბდით... ერთად 2 წელი ვიცეკვეთ, მერე კი, სამწუხაროდ, "დავიშალეთ". სწორედ მაშინ პანდემია დაიწყო. ცეკვაში დიდი "ჩაგდება" მქონდა: დაახლოებით წელიწად-ნახევარი მეწყვილეს გარეშე ვიყავი, რაც მოცეკვავისთვის ძალიან ბევრი დროა... გარკვეული შემოთავაზებები მქონდა: საქართველოში რამდენიმე მოცეკვავე ბიჭი იყო ჩამოსული, ერთად ცეკვა ვცადეთ, მაგრამ ვერ ავეწყვეთ... ზუსტად წელიწად-ნახევრის მერე, მე და ერეკლე გირგვლიანი წყვილში დავდექით.
- ერთმანეთი როგორ იპოვეთ?
- ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. თავდაპირველად კონკურენტები ვიყავით, შემდეგ ერთსა და იმავე სტუდიაში ვცეკვავდით, სხვადასხვა მეწყვილე გვყავდა... ისე დაემთხვა, რომ თავის მეწყვილეს ზუსტად იმ პერიოდში დაშორდა, როცა მეც მეწყვილის გარეშე ვიყავი. მოვიდა და ერთად ცეკვა შემომთავაზა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან ვფიქრობ, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მოცეკვავეა.
- "ცეკვავენ ვარსკვლავების" წინა სეზონის განმავლობაში, როცა პროექტში გიორგი გასვიანს უწევდი პარტნიორობას, შენ და ერეკლე მეწყვილეები იყავით. შემდეგ რა მოხდა, რატომ დაშორდით?
- მერე ბევრი რამე მოხდა (იცინის)... ალბათ, ეს საკითხი ჩემთვისაც და ერეკლესთვისაც ზედმეტად პირადია, ამიტომ ამ თემაზე ვერ ვილაპარაკებ... დიდი ხნის განმავლობაში კონტაქტი გაწყვეტილი გვქონდა, მაგრამ ახლა, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ისე მოხდა, რომ ურთიერთობა აღვადგინეთ.
- რომანტიკული ურთიერთობა გქონდათ?
- არა, არა... უბრალოდ, ბევრი რაღაც იყო, რაც მხოლოდ ჩვენ ორს არ გვეხება. ამიტომ ვამბობ, რომ ყველაფერს ვერ ვილაპარაკებ (იღიმის)...
- კარგი. როგორი ხასიათი გაქვს? მეწყვილეებთან დაშორება ცოტათი შენი ბრალიც ხომ არ იყო?
- ალბათ, იყო კიდეც. 2 ადამიანს შორის დამნაშავე მხოლოდ 1 მხარე არასდროსაა. ზოდიაქოს მიხედვით, სასწორი ვარ, ცვალებადი ხასიათი მაქვს. შესაძლოა, რაღაც ჩემი ბრალიც არის. საკუთარ თავზე არასდროს ვიტყვი, - სულ სწორად ვიქცეოდი-მეთქი. დაშორების ინიციატორი არასდროს ვყოფილვარ - ამ გადაწყვეტილებას ყოველთვის ერთად ვიღებდით.
- შენი ხასიათის დადებით და უარყოფით თვისებებად რას მიიჩნევ?
- ცეკვასთან დაკავშირებით ძალიან მიზანდასახული ვარ. ჩემი პირადი ცხოვრება გვერდზე გადავდე, რადგან გარკვეული მიზანი მქონდა და მთელი ცხოვრება წინ მივიწევდი... შრომისმოყვარე გახლავართ. უბრალოდ, ისეთი ცვალებადი ხასიათი მაქვს, რომ ხანდახან სიზარმაცე მიტევს და შეიძლება, ბევრ რამეში ხელი შემეშალოს. ჩემი უარყოფითი თვისება ის არის, რომ "ფეთქებადი" ვარ. ალბათ, ეს ბევრ რამეში მიშლის ხელს. ჯიუტიც ვარ, მაგრამ არ ვიცი, ეს უარყოფითი თვისებაა თუ არა (იღიმის)...
- დედმამიშვილები გყავს?
- ძმა მყავს, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჩემზე 2 წლით უმცროსია, მაგრამ ხანდახან ჩემზე უფროსი მგონია. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ძმასთან, მშობლებთან, დედაჩემის დეიდასთან, რომელიც ჩემთვის მეორე დედაა. ოჯახის წევრებმა თავიანთი ცხოვრება გადადეს, რომ რამისთვის მიმეღწია. ჩემს ცხოვრებაში რაც კარგი ხდება, მათი დამსახურებაა, მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი... ბებია ხელოვანია - კარგად ხატავდა, პიანინოზეც უკრავდა... ჩემი ძმა სპორტით იყო დაკავებული - ფეხბურთელი გახლდათ...
- მოცეკვავეები სხვა პროფესიასაც ირჩევენ ხოლმე. სწავლობ სადმე?
- ხატვა ძალიან მიყვარს. ხელოვნების ისტორია მთელი ბავშვობა მაინტერესებდა. ამიტომ უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. უნივერსიტეტში ვხატავდი კიდეც და ვსწავლობდი, სადამდეც შემეძლო, რადგან როცა მოცეკვავე აქტიურად ვარჯიშს იწყებ, სხვა აღარაფრისთვის გცალია. ვარჯიში დილიდან გვიან ღამემდე მაქვს... ამჟამად, უნივერსიტეტში ჩემი სტატუსი შევაჩერე, რადგან სწავლისთვის დრო არ მქონდა.
- "ცეკვავენ ვარსკვლავების" ბოლო სეზონში შენი მეწყვილის - ნიკო ნანიტაშვილის გადაცემის - "ნიკოს შოუს" პირველი სტუმარი იყავი. მოგწონს ნიკოს იუმორი?
- საერთოდ, ნიკო ყოველმხრივ ნიჭიერია. არ ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანს ყველაფერი გამოსდიოდეს: ცეკვა, სიმღერა... რა თქმა უნდა, იუმორი მაღალ დონეზე აქვს განვითარებული. მიხარია, რომ ახალი შოუ დაიწყო, რადგან ეს ადამიანი ნამდვილად ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს. სიმართლე გითხრა, სანამ მეტყოდა, გადაცემაში უნდა მოხვიდეო, გარკვეულწილად ველოდი, რომ "ნიკოს შოუს" პირველი სტუმარი ვიქნებოდი. ძალიან გამიხარდა, რომ ასე მოხდა (იღიმის)...
ეთო ყორღანაშვილი