ხევსური რეჟისორის პირველი პროფესიული ნაბიჯები და მეცნიერი მამის საჩუქარი შვილს
სად და როგორ აგრძელებს ცხოვრებას "ჯიბის თეატრი"
თეატრის მოყვარულთ და არა მარტო მათ, კარგად ახსოვთ თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის ერთ-ერთ ეზოში პატარა სივრცე - თეატრი, 3-კაციანი სცენითა და 20 მაყურებლისთვის განკუთვნილი ადგილით. თუმცა, ეს "მცირე მასშტაბები" ახალგაზრდა რეჟისორს სულ არ ზღუდავდა ხორცი შეესხა თავისი ჩანაფიქრებისა და ოცნებებისთვის. ფართობი ხელოვან შვილს მეცნიერმა მამამ აჩუქა და "ჯიბის თეატრმა" შემოქმედებითი ცხოვრება 2000 წელს დაიწყო...
სხვადასხვა დროს, ამ თეატრის სცენაზე, დამწყებ მსახიობებთან ერთად იდგნენ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არტისტები: ლეო ანთაძე, ნინო ფილფანი, მაია ლომიძე, დათო იაშვილი (იაშკა), კოტე თოლორდავა, ნატო გაგნიძე, ნინო ლეჟავა და ა.შ. ლელა ჭინჭარაულის ხელმძღვანელობით თეატრმა 5 წელი აქტიურად იარსება და ამ ხნის განმავლობაში დაიდგა როგორც უცხოელი, ისე ქართველ დრამატურგთა არაერთი პიესა. რეჟისორს ეჟენ იონესკუს პიესისთვის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში "გაკვეთილი" პრიზიც მიენიჭა - "საუკეთესო რეჟისორული გადაწყვეტილებისთვის", მაგრამ მერე ამ თეატრის ცხოვრებაში იყო საკმაოდ დიდი პაუზა. 23 წლის შემდეგ "ჯიბის თეატრი" აღდგა და ფუნქციონირება "აბრეშუმის თეატრის სცენაზე" დაიწყო. დღეს რეპერტუარში ლელა ჭინჭარაულის 2 სპექტაკლია: "დიქტატურა" და "ქორწილი უკანასკნელი".
ჭინჭარაულს ოჯახში ხელოვანი არავინ ჰყოლია, თუმცა თავად ბავშვობიდან იჩენდა ინტერესს ჰუმანიტარული საგნებისადმი, წერდა ლექსებს, მღეროდა, ხატავდა. როგორც ოჯახში, ისე სკოლაშიც ხელს უწყობდნენ, რომ თავის "სამყაროში" ლაღად ყოფილიყო. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი სამხატვრო აკადემიაში თავისუფალი მსმენელიც იყო და დღეს ორივე "საქმეს" ემსახურება. "ჯიბის თეატრის" გარდა, სპექტაკლები აქვს დადგმული სხვადასხვა სახელმწიფო თეატრის სცენაზეც. პარალელურად, 4 შვილის ზრდიდა და ასეთ დროს თეატრალურ პროცესებში სრულად ჩართვა, პიესაზე მუშაობა, საათობრივი რეპეტიციები და ა.შ. დამეთანხმებით, არ არის მარტივი.
იყო პერიოდი, როცა ნინო ანანიაშვილის ინიციატივით ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მსახიობის ოსტატობის გაკვეთილების ჩატარება გადაწყდა, სადაც ლელა ჭინჭარაული პედაგოგად კასტინგის შედეგად შეარჩიეს. რეჟისორს ბავშვებთან მუშაობის 15-წლიანი გამოცდილებაც აქვს და საუკეთესოდ ახსენდება ის წლები, როცა არა მხოლოდ მსახიობის ოსტატობას ასწავლიდა, არამედ მოზარდებთან სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლებსაც დგამდა. უნდა აღინიშნოს, რომ ლელას უკვე 15 წელია ყოველთვის თან დააქვს მეგობრის ნაჩუქარი წითელი ბლოკნოტი - "დამხმარე სახელმძღვანელო", სადაც ყველა იმ იდეას უყრის თავს, რომელიც შეიძლება სხვადასხვა დროს, მათ შორის ქუჩაში სეირნობისას გაუჩნდეს.
- თბილისში დავიბადე, ვერაზე გავიზარდე და 53-ე სკოლაში ვსწავლობდი. სამი და ვართ. მამაჩემიც თბილისში დაიბადა და ოჯახში მხოლოდ ის ვიცოდით, რომ წარმოშობით შატილიდან გახლავართ. წინაპრებიდან სოფლის ერთი უძველესი შავ-თეთრი ფოტოსა და პაპის სახარების გარდა, არაფერი გvქონდა, რომელზეც აღმოვაჩინეთ წარწერა: "ბესარიონ ჭინჭარაული მოინათლა შატილში, დაჰქვივნეს აბრაამ". შატილისკენ გზა მე და ჩემმა უმცროსმა დამ გავკვალეთ, როცა ჩვენი წარმომავლობით დავინტერესდით. 22-23 წლის ასაკში ხელახლა აღმოვაჩინე ხევსურეთი, იქაური საოცარი კულტურა, ნათესავებიც და ასაკოვანი, ანთროპოლოგიის მცოდნე ადამიანები, რომლებმაც ჩემი ხელის თითების, მაჯების, ცხვირის პროპორციებით და იერით მიმამსგავსეს წინაპრებს. მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ხევსურებს იმდენად დამახასიათებელი გარეგნული ნიშნები აქვთ, ძალიანაც რომ მოინდომო, შენს წარმომავლობას მაინც ვერ მოიტყუები. ამ კვლევა-ძიებაში იქ იმდენი ვიარე, რომ ოჯახიც ხევსურთან - გიგაურთან შევქმენი და ახლა შინ სუფთა სისხლის 4 ხევსური მყავს: მარიამი, ლუკა, დავითი და მატასი (იღიმის). სხვათა შორის, იყო პერიოდი, როცა ხევსურეთში საცხოვრებლად გადასვლას და იქ თეატრის გახსნას ვფიქრობდი. როშკაში საამისოდ კოშკის მშენებლობაც დავიწყეთ, მაგრამ ზოგჯერ ყველა ოცნება ვერ ხდება.
- თუმცა, ეს ოცნება, მხოლოდ ცოტათი სახეცვლილი, მაინც აისრულეთ და თბილისში საკუთარი თეატრი გახსენით. როგორია ამ სივრცის დაბადების ამბავი?
- 90-იანი წლების ბოლოს, მამაჩემი, თავის გამოგონებასთან დაკავშირებით, სამუშაოდ ციმბირში მიიწვიეს, მაგრამ იქაურ პირობებში ცხოვრება გაუჭირდა. ნაშრომისთვის გარკვეული თანხა მიიღო, საქართველოში დაბრუნდა და მარჯანიშვილის ქუჩაზე პატარა ფართობი შეიძინა სამუშაოდ, ოფისის გასახსნელად. იმ დროს მე უკვე სარეჟისოროზე ვსწავლობდი, დიპლომი უნდა დამეცვა. იმ ავბედით დროს, კითხვაზე, თუ როგორ უნდა დაგვეცვა დიპლომი, დეკანატიდან ასეთი პასუხით გამომისტუმრეს: როგორც გინდათ, გინდ მარჯანიშვილში დადგით, გინდ რუსთაველში, აიყვანეთ ვინც გსურთ და ჩვენ მოვალთ, ჩავიბარებთო. არადა, სახელმწიფო თეატრში სპექტაკლს ასე არავინ დაგადგმევინებდა. თუმცა, ხევსურული სითამამით, ჩემი დამუშავებული პიესა ეჟენ იუნესკოს "მეფე კვდება" იღლიაში ამოვიდე, მარჯანიშვილის თეატრში შევაჭერი და განვაცხადე, - სპექტაკლი უნდა დავდგა-მეთქი. რა თქმა უნდა, გაუკვირდათ, აქ სპექტაკლს ვინ დაგადგმევინებსო?! უარით გამომიშვეს. ამის შემდეგ გადავწყვიტე გეზი რუსთაველის თეატრისკენ ამეღო, მაგრამ სანამ იქ მივიდოდი, დამირეკეს და თეატრალურში დამიბარეს. დიპლომის დასაცავად მითითებული პირობებიდან სახელმწიფო თეატრები მოხსნეს და არჩევანის თავისუფლება მომცეს: სადაც გინდა, იქ დადგი, ბაღში, მინდორში თუ სახლში, დაგვიძახე და დავესწრებითო. შინ რომ დავბრუნდი, ამ ამბავს ანთებული და აღელვებული ვყვებოდი, მაშინ გაუჩნდა მამას იდეა, თეატრი მისი ოფისისათვის განკუთვნილ ფართობში მოგვეწყო. საამისოდ ბევრი იშრომა და სცენაც თავის ხელით დაგვიგო... მამას ძალიან უყვარს ხელოვნება და 2000 წელს თეატრი რომ გავხსენით, უზომოდ ბედნიერი იყო.
- როგორ შეარჩიეთ სახელწოდება და დასი როგორ შედგა?
- ესეც ცალკე "სთორია" (იღიმის). იმ პერიოდში ჩემთვის ძალიან ახლო ავტორი იყო ეჟენ იონესკო. თან, აბსურდი და პარადოქსი თუ მოუხდებოდა იმ სიტუაციას, რაც მაშინ თბილისში იყო. ვინაიდან "მეფე კვდება", იმ ფართობში ვერ დაიდგმებოდა, ვიპოვე ამავე დრამატურგის 3-კაციანი პიესა "გაკვეთილი", რომლის შესახებაც თავად ავტორი წერდა, რომ ამ აბსურდის სტილში დაწერილი პიესის დადგმა არც ერთმა თეატრმა არ ისურვა და ბოდვაც კი უწოდესო. ამიტომ შინ, პატარა ფართობში თეატრი გახსნა, სადაც თავადვე ითამაშა მასწავლებლის როლი. დღეს მსოფლიოში უკვე უამრავი "ჯიბის თეატრი" ფუნქციონირებს, მაგრამ პარიზში პირველი "ჯიბის თეატრის" გახსნა სწორედ ეჟენ იუნესკოს სახელს უკავშირდება. რომ გადავთვალეთ, ამ დრამატურგის თეატრის გახსნიდან 50 წელი იყო გასული და ჩვენი თეატრის გახსნაც ამ თარიღს დაემთხვა. "ჯიბის თეატრი" გაიხსნა სპექტაკლით "გაკვეთილი", სადაც მოსწავლის როლზე ჩემი ნინო ფილფანი დავაკავე, მსახური ქალის როლზე მაიკო ლომიძე, მაგრამ არ გვყავდა მთავარი გმირი - მასწავლებელი, რომელზეც დგას მთელი პიესა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, სამეფო უბნის თეატრში ლეო ანთაძესთან მივედი და ჩემი ჩანაფიქრის შესახებ ვუამბე. წარმოიდგინეთ, ამხელა ვარსკვლავი პატარა გოგოს წამომყვა და სპექტაკლზე ჩვენთან დაიწყო მუშაობა. მისგან ვისწავლე მსახიობის ოსტატობა და არა მარტო, ის გარშემო მყოფების მიმართ უდიდეს სითბოსა და სიყვარულს ამჟღავნებდა. თეატრალურ უნივერსიტეტში ჩემი პედაგოგი ასიკო გამსახურდია იყო და მას ძალიან ვემადლიერები, ხოლო შემდეგ ასევე ჩემს ერთ-ერთ მასწავლებლად ლეო ანთაძეს ვთვლი. მას არასდროს უკითხავს, რამდენი ექნებოდა ჰონორარი ან რამე მსგავსი. სულ ერთად ვიყავით და 5 წლის განმავლობაში ჩვენი თეატრის პატარა სივრცეში ყველა ერთად ვცხოვრობდით. "ჯიბის თეატრში" ლეო ანთაძის ყოფნამ ბევრი გააკეთა. მანამდე ვერ წარმოვიდგენდი, რომ მარჯანიშვილის ქუჩის 30 ა-ში ხალხი გვესტუმრებოდა, მაგრამ თეატრალური სამყაროს წარმომადგენლებიდან არავინ დარჩენილა ისეთი, ვინც ჩვენთან ერთხელ მაინც არ არის ნამყოფი.
- საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ, "ჯიბის თეატრი" სპექტაკლებს "სილქ ფაქტორი სტუდიოს" "აბრეშუმის თეატრის" სცენაზე წამოადგენს...
- დიახ, წლების შემდეგ, "ჯიბის თეატრს" სცენა "აბრეშუმის თეატრმა" დაგვითმო, სადაც დიდი სითბოთი დაგვხვდნენ. "სილქ ფაქტორი სტუდიომ" სრული თავისუფლება მოგვცა. პანდემიის პერიოდშიც ვმუშაობდით და შედეგად, წელს რეპერტუარში უკვე 2 სპექტაკლი გვაქვს. "აბრეშუმის თეატრის" სცენაზე სხვადასხვა რეჟისორის წარმოდგენები და კონცერტები იმართება. ასევე ძალიან მალე გვექნება გამოფენა-პერფორმანსი, რომლის საშუალებით საინტერესო ხელოვან-მეთოჯინეს გაიცნობს ფართო საზოგადოება... ამგვარი თავისუფლების განცდა მქონდა მამის, ვაჟა ჭინჭარაულის ნაჩუქარ თეატრში და ახლაც, "აბრეშუმის თეატრმა" იგივე განცდა მაჩუქა. თან, ჩემი მოსწავლეებისა თუ ნამოწაფარების გარდა, თავისუფალი ვარ არტისტების არჩევანშიც. ეს არის ექსპერიმენტული და ღია სივრცე, სადაც ჩემ გარდა სპექტაკლებს წარმოადგენს "თეატრი სინთეზი" და რაც მთავარია, სივრცე ეთმობა ყველა მსურველს, ვისაც საინტერესო იდეის განხორციელება სურს. ევროპაში ასეთი სივრცეების არსებობა ყოველთვის მომწონდა და მიხარია, რომ ის თბილისშიც გვაქვს. ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, მსახიობობაზე ყველას უოცნებია და სამომავლოდ ჩაფიქრებული მაქვს ისეთი სტუდია გავაკეთო, სადაც ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს, ვისაც სცენაზე დგომის სურვილი აქვს, საშუალება მიეცემა ოცნება აისრულოს. პანდემიამ თეატრის აუცილებლობა ყველას ნათლად დაგვანახვა, ვერანაირი კომპიუტერი თუ ტელევიზორი ვერ ჩაანაცვლებს ცოცხალ ურთიერთობებს და ვხედავთ კიდეც, რომ დღეს თეატრებში ბილეთები არ იშოვება, ეს ჩემთვის ეს დიდი სიხარულია...
ანა კალანდაძე