ვინ არის დეპუტატი, რომელიც კენჭისყრაზე ერთადერთი მხარდამჭერი აღმოჩნდა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის?
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, დეპუტატი, რომელიც კენჭისყრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ერთადერთი მხარდამჭერი აღმოჩნდა, დიმიტრი სამხარაძეა.
როგორც ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ბიძინა ივანიშვილის მომხრე მხოლოდ დიტო სამხარაძე დარჩა, ყველა დანარჩენმა კი უღალატა“.
მისივე თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატებს სურდათ კენჭისყრამდე საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ, თუმცა მოსალოდნელიც იყო, რომ „სასწრაფოდ შეეცდებოდნენ, ეს კანონპროექტი ჩაეგდოთ“.
„მოსაზრებები უნდა გვეთქვა, მაგრამ რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა, რომ სასწრაფოდ შეეცდებოდნენ, რომ ჩაეგდოთ ეს კანონპროექტი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით დამთავრდება ყველაფერი და იმ ახალგაზრდების დასჯას გააგრძელებენ, პირიქით, მინდა ვუთხრა მათ - უფრო გაამწვავებენ სიტუაციას და გუშინ და გუშინ ვინც გამოვიდა, მათზე ბევრად მეტი ადამიანი გამოვა, თუ 1 ადამიანს მაინც დაედება ხელი და მათ დაკავებას დაიწყებენ“,- განაცხადა ბოტკოველმა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით, 76 დეპუტატის ხმით 7 მარტს მიიღო. თუმცა მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მისი მეორე მოსმენით ჩაგდება, ხოლო მეორე - „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა გადაწყვიტა. ამასთან, პარლამენტმა ორივე დოკუმენტი უკვე გამოითხოვა ვენეციის კომისიიდანაც. 7-8 მარტს გამართულ აქციებზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავდა ათობით ადამიანი. სამართალდამცველებმა კი 133 პირი დააკავეს, რომელთაგან ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გუშინ გათავისუფლდა.
IPN