ბოლშევიკების რეჟიმს ქართველი პოეტებიც ებრძოდნენ: ვინ იყო ემიგრაციიდან დაბრუნებული და ბოლშევიკების წინააღმდეგ ფარულად მოქმედი "ცისფერყანწელი მზვერავი?"
რუსეთისა და საბჭოთა იმპერიების წინააღმდეგ ბრძოლა ქართველებში გენეტიკურად იყო და არის. ჩვენ არასოდეს შევგუებულვართ რუსეთის იმპერიის ბატონობას, როგორადაც არ უნდა შენიღბოს ის. გზა ევროპისკენ სწორედ რომ რუსეთის საუკუნოვანი იმპერიალისტური და კოლონიალური პოლიტიკისგან თავდაღწევისა და გადარჩენის შანსია. ეს ძალზე კარგად იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა და შეძლებისდაგვარად ყოველთვის ებრძოდნენ საბჭოთა/რუსულ იმპერიას, მათ შორის შორეული ემიგრაციიდან.
გასული საუკუნის 20 იანი წლების შუა პერიოდიდან საბჭოთა საქართველოში სადაზვერვო მისიით ემიგრაციიდან ქართველი პატრიოტების ფარულ შემოგზავნას ძირითადად ორი: სოციალ-დემოკრატიული და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიები ცდილობდნენ. სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან განსხვავებით, ეროვნულ-დემოკრატებს გაცილებით მწირი ფინანსური და ადამიანური რესურსები ჰქონდათ. ალბათ ამიტომაც სადაზვერვო მისიის შერულება ზოგჯერ სრულიად "მშვიდობიანი პროფესიის" ქართველ პატრიოტებსაც უწევდათ. მათ არ ჰქონდათ სადაზვერვო -კონსპირაციული მუშაობის გამოცდილება და მხოლოდ დიდი პატრიოტიზმის ხარჯზე უხდებოდათ ფარული დავალებების შესრულება.
1926 წლის 16 ივნისს საფრანგეთში ემიგრაციაში მყოფმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა სპირიდონ კედიამ თბილისიდან საიდუმლო არხებით გადმოგზავნილი ვრცელი ბარათი მიიღო (დოკუმენტის სტილი უცვლელია - ბ.ა.):
"ძვირფასო მეგობარო! აქამდის თუ ვერაფერი მოგწერე იმით აიხსნება, რომ სრულებით ვერ მოვახერხე სათანადო საშუალება; იმ წესით კი, როგორც შეგპირდი, აქ რომ გარემოებას შევხედე - ვეღარ გავბედე. ამის გარდა, ჩემი მდგომარეობა ისეთია, რომ საკმაოა მცირეოდენი საბუთი მივცე, რომ უცბად გამანადგურებენ. ყველაფერი ეს მათხოვიებს აგრეთვე, რომ თქვენც ძლიერ სიფრთხილით მომექცეთ და თუ ჩემთან ურთიერთობისათვის საჭიროება და შემთხვევა გექნებათ, აუცილებლად სანდო პირს და გზას მიმართოთ".
ამ მცირე ამონარიდიდანაც კარგად ჩანს, რომ წერილის ავტორი ძალზე ფრთხილობს და კარგად ესმის, რომ მცირედი შეცდომა და საბჭოთა სპეცსამსახური (ოგეპეუ) გაშიფრავს და "უცბად გაანადგურებენ". ავტორი კონსპირაციის დაცვას თხოვს ს. კედიასაც. ამ წერილის ავტორი ცნობილი ქართველი პოეტი, ცისფერყანწელი ლევან (ლელი) ჯაფარიძე იყო, რომლის ბედი დღემდე საიდუმლოებითაა მოცული: მისი გარდაცვალების ზუსტი წელი და მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენეელია. "ცისფერყანწელთა" შესახებ გამოცემულ კრებულებში მის შესახებ ბიოგრაფიული ინფორმაცია ძალზე მშრალია. ასე, რომ ლელი ჯაფარიძის მხოლოდ ფარული საქმიანობის ამსახველი დოკუმენტური მასალა კი არაა ხელმიუწვდომელი, არამედ 1927 წლიდან მისი ცხოვრების გზაც ბუნდოვანებითაა მოსილი. ერთ-ერთ წყაროში (https://niamorebi.ge/) ვკითხულობთ :
"ლელი (ლევან) ჯაფარიძე დაიბადა 1895 წელს ჭიათურაში. ლელი ჯაფარიძის მამა, ცნობილი ექიმი - სიმონ ჯაფარიძე იყო. 1914 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1913 წელს. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ჟურნალებში: "ცისფერი ყანწები" და "მეოცნებე ნიამორები", წერილები - გაზეთში "საქართველო" და სხვ. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, 1920 წლიდან ლელი ჯაფარიძე იყო ჟურნალისტების კავშირის წევრი. 1921-1926 წლებში იმყოფებოდა ემიგრაციაში. თარგმნა ბერნჰარდ კელერმანის "გვირაბი" (დაიბეჭდა 1934 წ.), შტეფან ცვაიგის "ამოკი" ( დაიბეჭდა 1927 წ.) და "შიში". ლელი ჯაფარიძე გარდაიცვალა 1934 წელს".
ამ მშრალი ინფორმაციის მიღმა არ ჩანს ლელი ჯაფარიძის აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა ( ის იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი) და შევეცდებით ეს ნაკლი ქართველი ემიგრანტების მოგონებებიდან მოხმობილი ფაქტებითა და ძველი , გაყვითლებული ფოტოსურათების ანალიზიდან შევავსოთ. და კიდევ ერთი: ლ. ჯაფარიძის ემიგრაციაში ყოფნის პერიოდი ბევრ წყაროში შეცდომითაა მითითებული - ის ემიგრაციიდან არა 1926 წელს , არამედ ორი წლით ადრე - 1924 წლის სექტემბერში დაბრუნდა, რაზედაც ქვემოთ იქნება საუბარი.
ყმაწვილი ლევან ჯაფარიძე აქტიურად იყო ჩართული ქუთაისის ლიტერტურულ ცხოვრებაში, რასაც ერთი ძალზე საინტერესო ისტორიული ფოტოსურათი ადასტურებს.
მარცხნიდან მარჯვნივ დგანან: გალაკტიონ ტაბიძე, აკაკი სვანი, ბარნაბა გელაზანია, ილია ბახტაძე, ია ეკალაძე, მიხაკო ჯანოევი (ნემო), თეოფილე ხუსკივაძე, კონსტანტინე გამსახურდია, ჯაჯუ ჯორჯიკია, დათიკო მებუკე (ცვარნამი), ლელიკო ჯაფარიძე. სხედან: ტიციან ტაბიძე, გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე), იროდიონ ევდოშვილი, ვარლამ რუხაძე, აკაკი წერეთელი, დავით კლდიაშვილი, ლადო დარჩიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი, ისიდორე კვიცარიძე.
გალაქტიონმა ამ ისტორიულ ფოტოსურათს 1957 წლის 20 ნოემბერს შემდეგი კომენტარები დაურთო (ავტორის სტილი უცვლელია - ბ.ა.):
"ტიციანს ახლად შეკერილი კოსტუმი აცვია. გიმნაზია ეს-ესაა დაათავა. მეორე მის ამხანაგს, ლელიკო ჯაფარიძეს ჯერ ისევ სამოსწავლო ბლუზი აცვია. ვერ მოუსწრია კოსტუმის შეკერვა და სდგას დ. მებუკის გვერდით”.
"ტიციანიც (ჰმ) ფეხზე დადგომას როგორ იკადრებს ლელიკო ჯაფარიძესა და ცვარნამის ( დათიკო მებუკე - ბ.ა.) გვერდით, ის ვეშაპელთანაა: ეს ხასიათი მას და პაოლოს ბოლომდე შერჩათ. . . უსათუოდ ცენტრში, ისე როგორ შეიძლება, ასე უნდოდათ . . .” . . მეექვსე თაობის: ტიციან ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია, დათიკო მებუკე და ლელიკო ჯაფარიძე. . .. ლელიკოს, დათიკოს და ტიტეს ჯერ კიდევ მშობლები ეხმარებოდნენ”. "ლელიკო ჯაფარიძე და დავით მებუკე სადღაც წავიდნენ, არ ვიცი”.. "აჰა, სკამზე მიგდებული გიმნაზიელის ქუდიცაა. სჩანს, ალბათ, საწყალი ლელიკოსია”.
განსაკუთრებით საყურადღებო გალაქტიონის კომენტარების ბოლო წინადადებაა ("სჩანს, ალბათ, საწყალი ლელიკოსია”), რომელიც ბევრ კითხვას აჩენს ლ. ჯაფარიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მას მოგვიანებით დავუბრუნდებით.
1916 წელს ქუთაისში ახალგაზრდა პოეტებმა "ცისფერყანწელთა ორდენი" დააარსეს და შემოქმედდთა ეს ჯგუფი გასული საუკუნის 30 იან წლების დასაწყისამდე არსებობდა. ლელი ჯაფარიძე ახალზრდობიდან აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ძალზე საინტერესოა 1918 წელს გაზეთ "საქართველო"-ს №166 -ში გამოქვეყნებული ლ. ჯაფარიძის სტატია "მოლიპულის გზით" (ავტორის სტილი უცვლელია -ბ.ა.):
"ქართველმა სოციალ-დემოკრატიამ სცნო რა შესაძლებლათ საქართველოს დამოუკიდებლობა, დაუყონებლივ აფრინა უქვეშევრდომილესი თხოვნა რუსის დემოკრატიისადმი და პატიება სთხოვა თავის უმფროსობას. . . . . . ჩვენ მუდამ ვამბობდით, არსებითი განსხვავება რუსეთის დემოკრატიისა და ძველ ბიუროკრატიას შორის არ არსებობს და თუ ჩამოხსნით მას სოციალისტურ ყელსაბამს, ხელში შეგრჩებათ ის რუსი, რომელიც ძველათ გვინახავს "ჩინოვნიკების" სახით, რომლის დამალული პირი, გამოჩნდა ბოლშევიკებში და აქ კი ვიხილეთ რუს სოციალისტებათ. სხვა და სხვა ტანსაცმელში ერთი და იგივე პირი".
სანამ სპირიდონ კედიასადმი გაგზავნილი დაშიფრული წერილის დაწვრილებით ანალიზს შევუდგებით, აუცილებელია ლელი ჯაფარიძის, როგორც პოეტისა და "ცისფერყანწელთა" აქტიური წევრის შესახებ ვისაუბროთ. მით უფრო, რომ ჩემი აზრით, ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრის, ლელი ჯაფარიძის ემიგრაციიდან დაბრუნებისა და საქართველოში ფარული პატრიოტული საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი მისი, როგორც "ცისფერყანწელთა ორდენის" წევრობა იყო და გარკვეული გარემოებების გამო იმედი ჰქონდათ, რომ მასზე ეჭვს ნაკლებად მიიტანდნენ. ცნობილია, რომ ,,ცისფერყანწელები" ბოლშევიკების შემოსვლას საქართველოში ერთგვარი სიმპათიებით შეხვდენენ, რადგან მიაჩნდათ, რომ, როგორც მათ მოახდინეს " რევოლუცია პოეზიაში", ასევე ბოლშევიკ-კომუნისტები მოახდენდნენ სოციალურ-ეკონომიკურ რევოლუციას საქართველოში და ორივე მხარე ვითომდა სიახლეებისკენ და პროგრესისკენ მიისწრაფოდა. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სწორედ ,,ცისფერყანწელები" გახდნენ ლავრენტი ბერიას სისხლიანი რეპრესიების ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი.
ლელი ჯაფარიძე ჯერ კიდევ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლისას დაუმეგობრდა მომავალ ,,ცისფერყანწელებს", პირველ რიგში ტიტე ტაბიძეს. შემდეგში ახალგაზრდა ქართველმა პოეტებმა საკუთარ სახელებს "პოეტური ჟღერადობა" მისცეს და პავლე იაშვილი - პაოლო, ნიკოლოზ ნადირაძე - კოლაუ, ტიტე ტაბიძე - ტიციანი, ნიკოლოზ მიწიშვილი (ნიკოლოზ სირბილაძე) - ნიკოლო გახდნენ. ,,ცისფერყანწელები" განსაკუთრებით გააქტიურდნენ გასული საუკუნის 20 იანი წლების შუა პერიოდიდან, როდესაც ემიგრაციიდან დაბრუნდნენ ლელი ჯაფარიძე, ნიკოლო მიწიშვილი და "საბჭოთა კულტურულ ფრონტს" შეუერთდნენ. ქართველ ბოლშევიკებს განსაკუთრებით ნიკოლო მიწიშვილი დაუახლოვდა: ის ჯერ სახელმწიფო გამომცემლობის სამხატვრო განყოფილების ხელმძღვანელად დანიშნეს, 1926-28 წწ. რედაქტორობდა მწერალთა კავშირის ჟურნალ "ქართულ მწერლობას", შემდეგ გახდა ლიტერატურული ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დირექტორი.
ბოლოს კი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო გამომცემლობას. როგორ ენდო 1922-1925 წლებში ემიგრაციაში მყოფ პოეტს საქართველოს ბოლშევიკური ხელისუფლება, მაშინ როდესაც ყველა ემიგრანტი "სამშობლოს მოღალატედ" ჰყავდა შერაცხული ? ერთ-ერთი ვერსიით ნ. მიწიშვილი საბჭოთა ხელისუფლების დავალებით გაიგზავნა ქართულ ემიგრაციაში განხეთქილების შესატანად. ძნელია ამ ვერსიის ბოლომდე ნდობა, თუმცა ფაქტია, რომ 1923 წლის 28 მაისით დათარიღებულ წერილში ნიკოლოზ მიწიშვილი ქართველი ბოლშევიკების ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ღოღობერიძეს პარიზიდან ატყობინებს (ავტორის სტილი უცვლელია):
" . . .ამ ჟურნალის გამოცემაზე დიდხანს ვიფიქრე და კონსტანტინოპოლში ყოფნისას საუბარი მქონდა ამხანაგ მგალობლიშვილსა და მოდებაძესთან, რომლებიც გაეცნენ რა ჟურნალის იდეასა და მთელ ჩემს განზრახვებს, თუ რის გაკეთებას ვაპირებდი, სიამოვნებით დამთანხმდნენ დახმარებაზე . . . . ჟურნალი მხატვრულია, ხელოვნებაში მემარცხენე მიმართულებისა და როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ - "საბჭოთა პლატფორმაზე დგას" .
ასევე ძალზე საინტერესოა ისიც, რომ ნ. მიწიშვილმა 1924 წელს პარიზში ჩამოაყალიბა "ქართველ ხელოვანთა კავშირი" და პარიზში აქტიურად თანამშრომლობდა გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით გამომავალ პრობოლშევიკურ გაზეთ "ახალ საქართველოსთან".
ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან გასაგებია, რომ ნ. მიწიშვილის ემიგრაციაში საქმიანობა პირდაპირ უკავშირდებოდა ახალი, ბოლშევიკური საქართველოს ქება-დიდებას და მათი "აღმშენებლობითი მუშაობის" პროპაგანდას. თუმცა სათანადო საარქივო დოკუმენტების გარეშე მტკიცება იმის, რომ ნ. მიწიშვილი საბჭოთა სპეცსამსახურების დავალებით იყო ემიგრაციაში გაგზავნილი, მაინც არამართებულად მიმჩნია. გასული საუკუნის 20 იან წლებში ბოლშევიკურ საქართველოში ემიგრაციიდან სხვადასხვა მიზეზით დაბრუნებული პოლიტიკოსები და მწერლები ცდილობდნენ "სანიმუშო მოქალაქეები" გამხდარიყვნენ და აქტიურად ჩაბმულიყვნენ "კომუნისტური აღმშენებლობის ფერხულში". ერთი შეხედვით გამონაკლისი არც ლელი ჯაფარიძე იყო. ემიგრაციიდან დაბრუნებისთანავე ის კვლავ ბოლშევიკებთან ლოიალურად განწყობილი "ცისფერყანწელების ორდენის" ბოჰემური ცხოვრების ცენტრში აღმოჩნდა. როგორც შემდეგ დავინახავთ ის ცდილობდა რეალური პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური ინფორმაცია მოეგროვებინა და ეგრაციაში, სადაც საქართველოდან რეალური ინფორმაციის სიმწირე იყო, ფარულად გადაეგზავნა.
პირველ რიგში: ნიკოლო მიწიშვილი, თამარ ოქრომჭედლიშვილი-იაშვილი, სანდრო შანშიაშვილი, მარო კასრაძე-შანშიაშვილი; მეორე რიგში: ვალერიან გაფრინდაშვილი, ეფემია გედევანიშვილი-ლეონიძე, გერონტი ქიქოძე, პაოლო იაშვილი, ნინო მაყაშვილი-ტაბიძე, ალი არსენიშვილი; მესამე რიგში: რაჟდენ გვეტაძე, შალვა აფხაიძე, ტიციან ტაბიძე, ლელი ჯაფარიძე, გიორგი ლეონიძე.
ამ ფოტოს გადაღებიდან სამი თვის შემდეგ ლელი ჯაფარიძე პარიზში სპირიდონ კედიას ატყობინებს (ავტორის სტილი უცვლელია- ბ,ა.): "შენი დაფასება მდგომარეობის სავსებით სწორია და უტყუარი. ქართველი ხალხის და ინტელიგენციის განწყობილება ასეთია: ბოლშევიკების სიძულვილში იგი სავსებით გაერთიანებულია - ხელისუფლება პოპულარული არ არის არც ერთს წრეში, მაგრამ აგვისტოს ამბების შემდეგ ხალხის ნებისყოფა ისეა მოტეხილი, რომ მის აქტიობაზედ ფიქრი არ შეიძლება. მაგრამ არანაკლები აღშფოთებაა მენშევიკების მიმართ და ყოველი მათი უმიზნო გამოსვლა (პროკლამაციები, რომელთაც ისინი შემთხვევისთანავე ყრიან) და რომელთაც რეპრესიებით უპასუხებენ დაუყონებლივ უდანაშაულო ხალხის მიმართ, აბრაზებს ხალხს. დღეს ასეთი პრიმიტიული ხასიათის პროპაგანდა სრულებით ზედმეტია _ ვიმეორებ, ხალხი ერთსულოვნად განწყობილია ბოლშევიკების წინააღმდეგ და პროპაგანდას არ საჭიროებს. პროპაგანდისათვის საკმაოა ის გარემოება, რომ ემიგრაცია არსებობს და არავითარ შემთხვევაში მადედან არ უნდა მოიხსნეთ".
როგორც ვხედავთ ლელი ჯაფარიძე ობიექტურად აფასებდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ საქართველოში შექმნილ მდგომარეობას და "მენშევიკების" მოქმედებების არაეფექტიანობას.
(პირველი ნაწილის დასასრული)