"დამტანჯეს, "ნაცი" ხარო, სინამდვილეში არ ვარ... რუსეთთან ბრძოლას ყველაზე ძვირფასი რამ შევწირე - სიყვარული" - რატომ დააკავეს უკრაინიდან ჩამოსული ნადიმ ხმალაძე და რას ამბობს მეუღლესთან დაშორებაზე?
"პოლიციელებმა ძალიან ცუდი რამ მითხრეს, ისეთი ცუდი სიტყვით მომმართეს, თქვენთან ვერც გავიმეორებ, ხელები ამიკანკალდა, ძლივს მოვთოკე თავი..." - ამის შესახებ, ზაჰესის იზოლატორიდან დახსნილმა ნადიმ ხმალაძემ მითხრა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან ჩამოსული ქართველი მებრძოლი, ნადიმ ხმალაძე პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც მასთან სატელეფონო ინტერვიუს ვიწერდი. მას საქართველოში ჩამოსვლის მიზნებსა და უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ვესაუბრებოდი, როდესაც პოლიციამ გააჩერა და ტელეფონის გათიშვა უბრძანა...
ბატონ ნადიმს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ მეგობრები და ადვოკატები. დღის ბოლოს კი ზაჰესის იზოლატორში მიაგნეს. რის გამო დააპატიმრეს უკრაინიდან ჩამოსული ქართველი მებრძოლი, რა გადახდა თავს ზაჰესის იზოლატორში, ამ და კიდევ ბევრ სხვა ამბავს ქართველი მებრძოლი თავად გვიამბობს:
ნადიმ ხმალაძე:
- თქვენ რომ გელაპარაკებოდით, თბილისი გალერეადან ახალი გამოსული ვიყავი. პოლიცია კი დავინახე, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. მოულოდნელად წრე შემომარტყეს და საბუთები მომთხოვეს. ვუთხარი, რომ ჟურნალისტს ვესაუბრებოდი და ტელეფონს ვერ გავთიშავდი. ერთმა პოლიციელმა უხეშად მითხრა - გათიშე ეგ ტელეფონიო. ვუთხარი - კარგი-მეთქი და გავთიშე. ისევ უხეშად მითხრეს - საბუთები მომეციო. მივეცი, ჩაიხედეს და მკითხეს - ხულოდან ხარო? - კი, აჭარელი კაცი ვარ-მეთქი. - მერე რა ჩემი ის გინდა აქო? ჯერ გავშრი, გავფითრდი, მერე ავკანკალდი. ჩემს თავს შემოვუძახე, არ აჰყვე, ამათაც ეს უნდა-თქო და ისღა ვუთხარი, - მე ჩემს სამშობლოში ვარ, იქნებ რუსებს ჰკითხოთ, აქ რა უნდათ-თქო. ამ ამბავმა 35 წლის წინანდელი ამბავი გამახსენა. თბილისში „გაიშნიკმა“ გამაჩერა და საბუთებში რომ ჩაიხედა, მკითხა - თათარი ხარო? მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ემოციები ვერ მოვთოკე და ის სამხრეები ავაგლიჯე. ჩვენთვის, აჭარლებისთვის ეს ძალიან მძიმე საკითხია. ახლაც ძალიან გამიჭირდა ამის მოსმენა, მაგრამ მოვთოკე თავი. ახლა ყველაზე მთავარი რა არის?! მიცნობენ, მაგრამ მეკითხებიან - ვინ ხარო? მერე მანქანაშიც მითხრეს - ყოველდღე გიყურებთო. შეიძლება გულუბრყვილო ვარ, მაგრამ მომეჩვენა, რომ უფროსის გარდა ყველა ჩემი გულშემატკივარი იყო.
- ასე რის საფუძველზე იფიქრეთ?
- ალბათ იმიტომ, რომ უკრაინაში რუსების წინააღმდეგ ვიბრძვი. რაც ჩამოსული ვარ, პოლიცია კი არ მითვალთვალებს, პირდაპირი მნიშვნელობით - დამდევს. არც კი ცდილობენ შენიღბვას, ნაგლად მიმანიშნებენ, რომ დამდევენ. სხვა მიზეზი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ უკრაინაში ვიბრძვი. არასდროს არაფერი დამიშავებია, პირიქით, რაც თავი მახსოვს, სულ ვმუშაობ, ვშრომობ და ვცდილობ, ჩემი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში პატარა აგური დავდო. ესენი კი სულ რაღაცას მედავებიან, სასამართლოში მიჩივიან, მოვიგებ საქმეს, ისევ მიჩივიან, მოვიგებ, ისევ მიჩივიან... დამტანჯეს! მეუბნებიან, „ნაცი“ ხარო. სინამდვილეში არ „ნაცი“ ვარ, არც „ქოცი“ ვარ. ახლა ისე გამამწარეს, ყველა პროდასავლურ პარტიას დავუჭერ მხარს, ვინც „ქართული ოცნებას“ დაუპირისპირდება, სულერთია, „ლელო“ იქნება ის, „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუ შალვა ნათელაშვილი. მთავარია, რუსეთისკენ არ იყურებოდეს. რუსეთთან ბრძოლას ბევრი რამ შევწირე, უფრო სწორად ყველაზე ძვირფასი რამ - სიყვარული. (გააგრძელეთ კითხვა)