"კლინიკაში რომ გადაიყვანეს, ნიკა კონტაქტური იყო" - ვინ არის ბათუმში მოკლული ახალგაზრდა და რას ამბობს ოჯახის ახლობელი მომხდარზე? - კვირის პალიტრა

"კლინიკაში რომ გადაიყვანეს, ნიკა კონტაქტური იყო" - ვინ არის ბათუმში მოკლული ახალგაზრდა და რას ამბობს ოჯახის ახლობელი მომხდარზე?

ბათუმში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის დეტალებს სამართალდამცავები იძიებენ. როგორც ირკვევა, გუშინ, 10 მარტს, ღამის კლუბში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, მეგობრებს შორის დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. მოკლულია ნიკოლოზ თუთაშვილი, მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი ალეკო სირაბიძე ძალოვანებმა უკვე დააკავეს.

როგორც ამბობენ, ბიჭმა შემთხვევის ადგილი დატოვა, მაგრამ ძალოვნებმა ის მალევე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მეგობრებს შორის შელაპარაკება ღამის კლუბში დაიწყო, ფაქტის თვითმხილველებმა სცადეს მათი გაშველება, მაგრამ კონფლიქტი გარეთ გაგრძელდა. რა დროსაც ალეკო სირაბიძემ მეგობარს დანით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ნიკოლოზ თუთაშვილი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, ექიმებმა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს, ახალგაზრდა დღეს გარდაიცვალა. თურმე დანით ფეხის არეში მიყენებულმა ჭრილობამ ნიკას არტერია დაუზიანა. ბიჭმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, მას ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ ვერ გადაარჩინეს.

334558335-738461417866760-7882629956282886096-n-1678551699.jpg

მოკლული ახალგაზრდა ბათუმელია, ის მეზღვაური იყო. მეგობრები და ახლობლები ძალიან განიცდიან მომხდარს. ჩვენთან საუბარში ადასტურებენ, რომ მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული მეგობრები იყვნენ. მომხდარის დეტალებზე საუბარი ყველას უჭირს.

"ნიკა იყო ჩვენი გული და სული. განსაკუთრებულად თბილი, ყურადღებიანი და ძალიან მოსიყვარულე ბიჭი. ყველას გვერდით მდგომი. ძალიან განვიცდით, საოცარი ნიკუშა დავკარგეთ. უპატიოსნესი ოჯახის შვილია. ჰყავს ერთი ძმა, ორივე ძმები მეზღვაურები იყვნენ. ნიკა დაოჯახებული არ იყო. იქ რა მოხდა და რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ, არ ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს და ალბათ დაადგენს. ვიცით ის, რომ მეგობართან ერთად იყო კაფეში და რომ მისი მეგობარია დაკავებული. რა მოხდა რეალურად, არ ვიცი. კლინიკაში რომ გადაიყვანეს, ნიკა კონტაქტური იყო, მერე გარდაიცვალა. ნიკას სულ ღიმილი და სითბო ჰქონდა სახეზე. ძალიან მტკივა გული და ძალიან განვიცდი", - ამბობს Kvirispalitra.ge-სთან ოჯახის ახლობელი ინგა გოგუაძე.

რა ჩვენება მისცა გამოძიებას ბრალდებულმა, ეს დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მოკლულის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ის ბათუმში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, ფაქ­ტზე ერთი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის” 117-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

(სპეციალურად საიტისთვის)