"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის მიერ ოკუპირებული 2008 წლის აგვისტოს ომამდეც იყო და რუსეთი სრულად პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე" - კვირის პალიტრა

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის მიერ ოკუპირებული 2008 წლის აგვისტოს ომამდეც იყო და რუსეთი სრულად პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე"

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის მიერ ოკუპირებული 2008 წლის აგვისტოს ომამდეც იყო და რუსეთი სრულად პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „მამასახლისი და სხვები საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ" საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით, რუსეთს დაეკისრა ლევან მამასახლისისა და გრიგოლ ნანავას მიმართ ინდივიდუალურად 35,000 ევროს გადახდა, ხოლო ხარჯების ანაზღაურება 23,300 ევროს ოდენობით.

„სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მამასახლისი და სხვები საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ 2008 წლის აგვისტოს ომამდეც იყო და რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება 2021 წლის 21 იანვარს მოიპოვა და დადასტურდა, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. წინამდებარე საქმეში კი, პირველად დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა 2008 წლის ომამდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. კერძოდ, მომჩივნები ლევან მამასახლისი და გრიგოლ ნანავა, 2001-2007 და 2003-2005 წლებში უკანონოდ დააკავეს და დააპატიმრეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, დრანდას ციხეში. ისინი დაექვემდებარნენ არაადამიანურ მოპყრობას და მათ არ ეძლეოდათ უფლება, ენახათ თავიანთი ოჯახის წევრები.

მოცემული ფაქტებისა და მთავრობის მიერ მიწოდებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ ადამიანის უფლებათა ამ დარღვევებზე სრულად პასუხისმგებელია რუსეთი, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს აფხაზეთზე, 2008 წლის აგვისტოს ომამდეც. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, თუმცა ის 1990-იანი წლებიდან მოყოლებული არ ექვემდებარება საქართველოს ცენტრალური მთავრობის კონტროლს რუსეთის მხრიდან გადამწყვეტი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩარევის გამო”, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით,ევროპული სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით, უკვე სამართლებრივად დადასტურდა 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და 1990-იან წლებში აფხაზების სასარგებლოდ რუსეთის უშუალო ჩართულობა სამხედრო კონფლიქტში.

„კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ ხსენებულ კონფლიქტში აფხაზები არა მხოლოდ იყენებდნენ რუსულ იარაღს და მნიშვნელოვანი რაოდენობის რუსი იბრძოდა მათ მხარეს, არამედ რუსული სამხედრო შენაერთებისა და საბრძოლო ტექნიკის პირდაპირი ჩართულობის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა კონფლიქტის დასრულება სეპარატისტების სამხედრო გამარჯვებით. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ არაერთი საერთაშორისო წყარო მიუთითებს ამ კონფლიქტის დროს ქართველების „ეთნიკურ წმენდაზე".

აღნიშნულ საქმეებზე საქართველოს მთავრობის კონსოლიდირებული სამართლებრივი პოზიციები და მტკიცებულებები 2017 წელს გაიგზავნა. მათ შორისაა, მასალა შესაბამისი ეროვნული არქივებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები და დოკუმენტები, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების საჯარო განცხადებები, დოკუმენტები და რუსული საკანონმდებლო აქტები, აფხაზეთის დე ფაქტო „ხელისუფლების" და რუსეთის ფედერაციის „ურთიერთობის" ამსახველი წყაროები: ინფორმაცია მათ შორის არსებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, სამხედრო და სხვა ტიპის მჭიდრო კავშირებზე, პასპორტიზაციაზე.

ამგვარად, დეოკუპაციის წინააღმდეგ გონივრული და შეუპოვარი ბრძოლის შედეგად, რომელსაც საქართველოს მთავრობა 2012 წლის შემდეგ აწარმოებს, საქართველომ კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ამჯერად სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკით დადასტურდა რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის უწყვეტი ხაზი 2008 წლის აგვისტოს ომამდე და მას შემდეგ, რაც ნიშნავს იმასაც, რომ რუსეთი პასუხისმგებელია აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა სხვა დარღვევაზე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

ინფორმაციისთვის, წინამდებარე საქმეში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაარღვია მომჩივანთა ევროპული კონვენციის მე-3 (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-6 (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) მუხლებით დაცული უფლებები. შესაბამისად, რუსეთს დაეკისრა ლევან მამასახლისისა და გრიგოლ ნანავას მიმართ ინდივიდუალურად 35,000 ევროს გადახდა, ხოლო ხარჯების ანაზღაურება 23,300 ევროს ოდენობით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.