რით აიხსნება ლარის გამყარება და როგორ აისახება ეს მოსახლეობის მდგომარეობაზე - კვირის პალიტრა

რით აიხსნება ლარის გამყარება და როგორ აისახება ეს მოსახლეობის მდგომარეობაზე

ბოლო დროს ლარი მყარდება როგორც ევროს, ისე დოლარის მიმართ. 20 თებერვალს (ორშაბათს) თუ 1 ევრო ოფიციალური კურსით დაახლოებით 2,82 ლარი ღირდა და 1 აშშ დოლარი - 2,64 ლარი, იმავე კვირის ბოლოს, შესაბამისად, 2,77 და 2,61 ლარი გახდა. არადა, როგორც წესი, წელიწადის ამ დროს ეროვნული ვალუტა მაინცდამაინც გამყარების ტენდენციით არ გამოირჩევა. რით აიხსნება ამ ბოლო დღეებში ლარის გამყარება, რამდენ ხანს შეიძლება ეს გაგრძელდეს და როგორ აისახება ეს მოსახლეობის მდგომარეობაზე, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრას" ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი ესაუბრა:

- ზოგადად, ყოველთვის არსებითია ერთი და იგივე ფაქტორები - ქვეყანაში დოლარის შემოსვლა და ლარის მასის გაზრდა. რამდენიმე თვეა, ეროვნული ბანკი წარმართავს ნახევრად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას, რაც გარკვეულწილად მოქმედებს და ინფლაციის საშუალო დონე მაინც ქვემოთ ჩამოდის. მაღალი ინფლაცია გვაქვს და ვიცით, რომ მაღალი ინფლაცია გაგრძელდება, მაგრამ წინა და იმის წინა წელს რომ შევადაროთ, წლიური საშუალო მაჩვენებელი კლების ტენდენციითაც კი ხასიათდება, აგვისტოდან მოყოლებული, ორი თვე იყო გამონაკლისი. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ გრძელდება დოლარის შემოსვლა ფულადი გზავნილების სახით და თან ყოველთვიურად ზრდის ტენდენციითაც ხასიათდება. ბოლო თვის მონაცემები ჯერ არ არის, მაგრამ წინა თვეების მონაცემებს თუ ვნახავთ, სულ მომატებულია. ამავე დროს, ვიცით, რომ კიდევ გაიზრდება და ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად უფრო მოიმატებს ქვეყანაში ტურისტების შემოდინებაც. აღარაფერს ვამბობ რუსეთიდან შემოსულებზე. მეორე მხრივ, ეს არის მოკლევადიან პერიოდში გამყარება და ამით ტენდენციაზე ვერ ვილაპარაკებთ. ლარი ერთი კვირით რომ მყარდება ან უფასურდება, ამის საფუძველზე ვერაფერს იტყვი. უნდა ვნახოთ, ეს ტენდენცია რამდენიმე თვეს შენარჩუნდება თუ არა. შენარჩუნება კი დამოკიდებულია ბევრ რამეზე, უმთავრესად, როგორც ვთქვით, დოლარის შემოდინებასა და ქვეყანაში ლარის მასაზე, რა ტემპით იზრდება ის, ან საერთოდ, იზრდება თუ არა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამყარების მიზეზი კი შესაძლოა იყოს ყოველდღიური ვაჭრობის შედეგი, ან რამე ინვესტიციის მოლოდინი.

- ლარი დიდი ხანია მყარია. მიზეზად ჯერ რუსების შემოსვლა სახელდებოდა, მერე გზავნილები, მერე ტურისტული სეზონი დაემატა, მაგრამ ახლა საინტერესო ის არის, რომ გამყარების ტენდენცია ზამთარშიც შენარჩუნდა, როცა, სულ ცოტა, ტურისტული სეზონი არ არის. ამიტომ ახლა გამყარება, თუნდაც მოკლევადიანი, რით განსხვავდება ამ გრძელვადიანი გამყარებისგან?

- ერთია, რომ რაც მანამდე იყო, გარკვეულწილად შენარჩუნდა - ფულადი გზავნილების ტემპი, შემოსული ადამიანების ზრდის ტემპი. რომ ნახოთ დეკემბერ-იანვარს შემომსვლელთა რაოდენობა და შევადაროთ წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს, ზრდა მკვეთრია - ანუ ეს მიზეზები, რაც გაზაფხულსა და ზაფხულში იყო, შენარჩუნდა შემოდგომა-ზამთრის პერიოდშიც, შესაბამისად - გამყარების ტენდენციაც. უშუალოდ ამ ერთ კვირაზე კი, როგორც გითხარით, ძნელია ჯერ კონკრეტულად რამის თქმა. აქამდეც ხშირად ყოფილა სამი-ოთხი დღის განმავლობაში მკვეთრი გამყარებაც და გაუფასურებაც, მაგრამ მალევე უბრუნდება ზოგად ტრენდს. ის ფაქტორი, რომ საიდანღაც ქვეყანაში უცბად ბევრი დოლარი გაჩნდა, ასეთი რამ არ მომხდარა. ფაქტორები, რაც ამყარებდა ლარს, არ შეცვლილა.

- ეროვნული ბანკის "სანახევროდ გამკაცრებული" პოლიტიკა ახსენეთ. რამდენად შესაფერისია ამგვარი პოლიტიკა, თან ვიცით, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იცვლება და ხომ არ არის მოსალოდნელი პოლიტიკის შეცვლაც? და რა გავლენას იქონიებს ეს?

- "სანახევროდ გამკაცრებული პოლიტიკა" ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, გაზრდილია რეფინანსირების სესხებზე განაკვეთები, მაგრამ, მეორე მხრივ, გაზრდილია რეფინანსირების სესხების რაოდენობაც და ის სულ იმატებს. შიდა ვალის სახით მთავრობა ყოველწლიურად ასეულმილიონობით ლარს იღებს. ეს კი არის ე.წ. ახალი ფული, ანუ არ არის შესაბამისი საბაზრო მოთხოვნა და ეს პირველ რიგში ფასების ზრდას იწვევს. მეორე ხელით ცენტრალური ბანკი ცდილობს რეფინანსირების სესხებზე პროცენტის აწევას, რათა ფულის მასის ზრდა შენელდეს, მაგრამ ეს ისევ მოქალაქეების ხარჯზე ხდება, რადგან პროცენტი მათ უძვირდებათ. \ფულის მასის შენელებული ზრდით გამოიხატება, პოლიტიკა რამდენად მკაცრია და რადგან ეს სიმკაცრე მხოლოდ მოქალაქეების ხარჯზეა, ამიტომაც ვამბობ, რომ სანახევროა. ეს კი საკმარისი არ არის და პირველ რიგში ეროვნული ბანკი მთავრობის მიერ ფულის მასის ზრდას უნდა უშლიდეს ხელს, რადგან ეს ზრდა მოთხოვნიდან არ გამომდინარეობს. როცა მთავრობა შიდა ვალს იღებს, იღებს კომერციული ბანკებისგან, სადაც ამისთვის დამატებით შედის ფული და ეს ყველაფერი კეთდება, ძირითადად, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაბალანსებლად და არა საბაზრო მოთხოვნის გამო.

ხელისუფლების პოლიტიკაა, რაც შეიძლება მეტი შიდა ვალი აიღოს და ნაკლები - საგარეო, რაც სწორი არ არის იმის გამო, რაც გითხარით - ეს ხელოვნურად ზრდის ფულის მასას, რაც მოქმედებს კურსზეც და ინფლაციაზეც. გამოსავალია, ხელისუფლებამ მაქსიმალურად ნაკლები შიდა ვალი აიღოს და ეროვნულმა ბანკმა, ბოლოს და ბოლოს, ხმა ამოიღოს, რომ ეს სწორი პოლიტიკა არ არის, მით უმეტეს, რომ საგარეო ვალისგან განსხვავებით, შიდა ვალი ძალიან მაღალ პროცენტშია აღებული.

შეიცვლება ეს თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად მიაღწევენ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს. არადა, მიზნობრივი 3%-იანი ინფლაცია როდის იქნება, ძნელი სათქმელია. 2023 წელს საშუალო ინფლაციის დონე 5-6%-ის ფარგლებშია დაგეგმილი - ანუ წლეულს რადიკალურ ცვლილებებს ეროვნული ბანკის პოლიტიკაში ნაკლებად უნდა ველოდოთ, რადგან თავად ამბობენ, რომ ეს პოლიტიკა მანამდე გაგრძელდება, სანამ წლიური ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს არ მიაღწევს.

- ლარი რომ მყარდება, ეს ინფლაციაზე გავლენას რატომ არ ახდენს? მით უმეტეს, იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ.

- იმიტომ, რომ რეალურად კურსსა და ინფლაციას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი ნაკლებია. ასეთი რაღაც წარმოვიდგინოთ - ვთქვათ, ფულის მასა არის 100 ლარი, 60 ლარის პროდუქტი შემოგვაქვს, 40 ლარისას კი ვყიდულობთ ადგილობრივ ბაზარზე. თუ გაგვიძვირდა იმპორტირებული პროდუქცია, ეს ნიშნავს, რომ უკვე 70 ლარი დაგვჭირდება იმავე რაოდენობის პროდუქციის შემოსატანად. დაგვრჩება 30 ლარი, ანუ 40 ლარზე ნაკლები, და შევამცირებთ მოთხოვნას ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც გაცვლით კურსზე დამოკიდებული არ არის. მაგრამ მოთხოვნის შემცირება ფასების შემცირებას ნიშნავს და რეალურად ფასები დაბალანსდება სხვა ყველა თანაბარ პირობებში. ინფლაციას კი იწვევს ის, რომ ბაზარზე ფულის მასა 100 ლარის ნაცვლად 110 ან 120 ლარი გახდება, რითაც ფასები გაიზრდება როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივ პროდუქციაზე. ეს არის ახსნა - კურსის გამყარება ან გაუფასურება აუცილებლად არ ნიშნავს ფასების საშუალო დონის აწევას თუ შემცირებას, რადგან ფასების დონე მიბმულია ფულის მასაზე.

- ახლა, როდესაც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული ვართ ფულად გზავნილებზე, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვისაც დოლარის ან ევროს ყიდვა არ სჭირდება, ლარის გამყარებას რა სარგებელი მოაქვს?

- კურსის გამყარების ტენდენცია ნიშნავს, რომ ჩვენი ვალუტა უფრო ძლიერია. ცხადია, ამას მოჰყვება დადებითი და უარყოფითი შედეგებიც. დადებითია ის, რომ ძლიერი კურსის გამო ისეთ პროდუქტში, როგორიც არის ნავთობი, ნაკლები ლარი გეხარჯება, მაგრამ იმპორტულ პროდუქციის შემთხვევაში თუ უფრო მსყიდველობით­უნარიანია, ექსპორტისას ეს პირიქით მოქმედებს - შენი პროდუქცია უძვირდება იმას, ვისაც გააქვს. სხვა თანაბარ პირობებში მცურავი კურსის მთელი არსი ეს არის. პრობლემა იქმნება, როცა ხელოვნურად ხდება გაუფასურება ან გამყარება. ცხადია, სხვა ბევრი ფაქტორიც არსებობს და ამიტომ ვამბობთ ხოლმე "სხვა თანაბარ პირობებს". მთავარი ის არის, რაც შეიძლება ბუნებრივად, ანუ საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად მოხდეს გამყარებაც და გაუფასურებაც და არა ხელოვნური ჩარევებით... მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ ვალუტასთან, როგორიც ლარია, რომელიც ახალგაზრდა, სუსტი ვალუტაა და, სამწუხაროდ, ცუდი ისტორიის მქონეც, მას იშვიათად ჰქონია ისეთი პერიოდები, როცა ძლიერად ჩაითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გამყარების მონაკვეთებიც ჰქონოდა. მით უმეტეს, იყო დრო, როდესაც წლების განმავლობაში გაცვლითი კურსი მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო, მაგრამ მერე გაუფასურდა და ახლაც, ფაქტობრივად, იმიტომ გამყარდა, რომ უკრაინაში ომია. პატარა ქვეყნებისთვის, ვფიქრობ, საკუთარი ვალუტის ქონა ძალიან დიდი ფუფუნებაა და მილიონობით ადამიანი ზარალობს. ერთმანეთს რომ შევადაროთ ლარის ინფლაცია და დოლარის ინფლაცია, ან ევროს ინფლაცია, ვნახავთ, რომ ლარის გაცილებით მაღალია არსებობის განმავლობაში. ამიტომ ყველაზე სწორი გამოსავალი იქნებოდა, და ამაზე თქვენთანაც არაერთხელ მისაუბრია, დოლარიზაცია ან ევროიზაცია. თუ ვაპირებთ ევროკავშირში შესვლას და ამავე დროს გვინდა ევროზონის წევრები გავხდეთ, შეგვიძლია წინასწარ ვიზრუნოთ ამაზე და ევრო ავიღოთ ვალუტად, მაგალითად, როგორც მონტენეგრომ გააკეთა. ასეთ შემთხვევაში გვექნება გაცილებით დაბალი ინფლაციის ტემპი, დაბალი პროცენტი და ბევრი ინვესტიციაც, რაც ამას მოჰყვება. თუმცა, სამწუხაროდ, იმედი არა მაქვს, რომ ხელისუფლება ამას გააკეთებს.

- ამ ეტაპზე ევროკავშირი იქნება თანახმა, ევროზონაში რომ შევიდეთ?

- არ საჭიროებს ეს ევროკავშირის თანხმობას. მონტენეგრომ ეს უკვე გააკეთა, კოსოვომაც, მაგრამ მონტენეგრო უკეთესი მაგალითია. მეორე ვარიანტია დოლარიზაცია, რადგან დოლარი უკეთესი ვალუტაა, ვიდრე ევრო. აშშ ყოველთვის ეხმარება იმ ქვეყნებს, რომლებსაც ასეთი პოლიტიკის გატარება სურთ. ევრო კი იმიტომ არის უმჯობესი, რომ ჩვენ ევროკავშირისკენ მივდივართ და მოქალაქეებისთვის უფრო მარტივად ასახსნელი შეიძლება იყოს.

რუსა მაჩაიძე