"მე თუ მკითხავთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი განაღდებული გვაქვს..." - კვირის პალიტრა

"მე თუ მკითხავთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი განაღდებული გვაქვს..."

საქართველოს ბოლო 30-წლიანი ისტორია სავსეა როგორც საპროტესტო გამოსვლებით, ასევე პროტესტის სხვადასხვა ფორმით: მიტინგი, გაფიცვა, დემონსტრაცია, შიმშილობა, გზების გადაკეტვა, კარვები, საკნები, სახელმწიფო უწყებების ბლოკირება თუ მათში შეჭრა... თუმცა 7-8 მარტის საპროტესტო აქციები შინაარსით თუ ფორმით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა წინა საპროტესტო გამოსვლებისგან. ე.წ. აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ რუსთაველზე პროტესტანტთა შეკრება დაიწყო, რომლის მთავარ ბირთვს იმ თაობის ახალგაზრდები შეადგენდნენ, რომლებიც აქამდე ქუჩაში არ გასულან. მათ, ფაქტობრივად, შეცვალეს პროტესტის ფორმა. 2-დღიანი პროტესტი, რომლის დაშლასაც წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობდა ხელისუფლება, საბოლოოდ კანონპროექტზე პარლამენტის უარის თქმით დასრულდა. ვენეციის კომისიაში გაგზავნილი დოკუმენტი უკან გამოიწვიეს და 10 მარტის სხდომაზე იმავე დეპუტატებმა, რომლებმაც პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი კანონპროექტს, მეორე მოსმენაზე ის ჩააგდეს. იბადება კითხვა, რატომ მიიყვანა ხელისუფლებამ საქმე აქამდე, როდესაც გასული წლის ბოლოდან მოყოლებული ე.წ. ხალხის ძალის მომზადებული კანონპროექტის თაობაზე როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ მხოლოდ კრიტიკა ისმოდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოუწოდებდნენ ხელისუფლებას არ მიეღო ეს კანონპროექტი და მოძრაობაც ქვეყანაში ლოზუნგით "არა რუსულ კანონს" სულ უფრო მძლავრი ხდებოდა? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

tvalchrelidze-sandro.jpg

- გაგახსენებთ, ჩვენს წინა ინტერვიუში გითხარით, რომ ეს კანონპროექტი ვერ გავიდოდა. პროცესების მთლად ასე დრამატულად განვითარებას შეიძლება არ ველოდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ არ დაკანონდებოდა, რაც ასეც მოხდა. ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ ეს კანონი ჩვენი დასავლური კურსისთვის იყო სახიფათო, ის ემუქრებოდა ჩვენს თავისუფალ არჩევანსაც და გაცილებით დამაზიანებელი იყო, ვიდრე ეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ეგონათ.

ჩემი აზრით, ამ კანონის ინიცირება და პირველი მოსმენით მიღება სულ სხვა პროცესების მხოლოდ ზედაპირია. რასაც ახლა ვიტყვი, ჩემი ვარაუდია, არა მაქვს სხვა არანაირი დოკუმენტი ამის დასამტკიცებლად და არც იმას გამოვრიცხავ, ვცდებოდე...

1951 წელს ფანტასტიკის ჟანრის ძალიან ცნობილმა მწერალმა რობერტ ჰაინლაინმა დაწერა რომანი "თჰე Pუპპეტ Mასტერს", რომელიც შეიძლება ვთარგმნოთ როგორც "მეთოჯინეები". მასში უცხოპლანეტელების აგრესია დედამიწაზე ცეცხლითა და მახვილით კი არ ხდება, არამედ ხელისუფლებების მმართველი რგოლებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა ტვინში შეღწევითა და მათი მენტალიტეტის შეცვლით. ჩემი დაკვირვებით, ხელისუფლება სწორედ ამგვარი "მეთოჯინეების" თუ "მეთოჯინის" ბრძანებებს ასრულებს. არ დავასახელებ ბრძანებების გამცემს, რომელსაც, ჩემი აზრით, განსხვავებული მიზნები აქვს. ვფიქრობ, "მეთოჯინემაც" მშვენივრად იცოდა, რომ შეუძლებელი იყო ამ კანონპროექტის კანონად გადაქცევა და ეს დემარში განკუთვნილი იყო დასავლეთისთვის ამგვარი გზავნილით, მთავრობა ისე მოიქცევა, როგორც მინდა და ამიტომ მოდით და მე მელაპარაკეთო. ასე სცადა თავისი მიზნების მიღწევა.…

- კი არ ასახელებთ, მაგრამ ცხადია, ბიძინა ივანიშვილს გულისხმობთ. დავაზუსტოთ, მან ამ კანონპროექტით სცადა დასავლეთთან ვაჭრობა და ამის უკან მისი პირადი ინტერესი დგას?

- დიახ, ვფიქრობ, ეს დიდწილად პირად ინტერესებს უკავშირდება. წარმოუდგენელია, არ სცოდნოდათ, ეს რა რეაქციას გამოიწვევდა. ბოლო კვლევები ნახეთ, ევროკავშირში გაწევრების მომხრეა ჩვენი საზოგადოების 80%.

სხვა საქმეა, რამდენად ეთიკურია ახალგაზრდების ჯანმრთელობით, მათი გულწრფელობითა და სიბრაზით ვაჭრობა. კიდევ უფრო მძიმე საკითხია ის, რა ხელისუფლებაც გვყავს, რომელიც მუდამ ვიღაცის ზარზეა დამოკიდებული - დაურეკავენ, ეტყვიან და მწვანე ღილაკს დააჭერს ხელს, დაურეკავენ და მერე წითელს... ორი კაცი გამოდგა მთელ ამხელა საპარლამენტო უმრავლესობაში, რომლებიც საკუთარი პრინციპების კარნახით მოიქცა. სერგეენკოსა და ჩაჩიბაიას აქამდეც ვცემდი პატივს, მაგრამ ახლა განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი პოზიცია, ისინი პიროვნებები არიან, მათ ღირსება არ დაივიწყეს.

მთელი უბედურება ის არის, რომ მართვის ამგვარი სტრუქტურა ჰქონდა ყველა ჩვენს ხელისუფლებას - ასე ხდებოდა ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძის თუ მიხეილ სააკაშვილის დროს - ანუ გადაწყვეტილებების მიღება ერთი პირის ნებაზე იყო ყოველთვის დამოკიდებული. ერთადერთი გიორგი გახარია ცდილობდა დამოუკიდებლობას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა...

სალომე ზურაბიშვილის მაგალითია საინტერესო - თვითონ დაასახელეს საპრეზიდენტო კანდიდატად, ყველაფერი გააკეთეს, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო, დღეს კი მისი პოზიცია აღარ მოსწონთ და ლამის "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს ეძახიან, რაც დიდი სირცხვილია.

მოგეხსენებათ, ამ მოვლენების დროს პრეზიდენტი აშშ-ში იყო და ძალიან სწორი და მკვეთრი პოზიცია გამოხატა. დიდი ყურადღებით ვუსმინე მის ბოლოდროინდელ ინტერვიუებს სი-ნე-ენთან თუ ფრანგულ ტელევიზიებთან, საოცრად ხისტი და სწორი გამოსვლები ჰქონდა. ამ კარიერის დიპლომატმა, ფაქტობრივად, გვერდზე გადადო დიპლომატიური ენა და ისე ილაპარაკა ჩვენს ხელისუფლებაზე, რუსეთსა თუ ევროკავშირზე. ასეთი გაბრაზებული სალომე ზურაბიშვილი არც გვინახავს. მისი აქცენტები იყო ზუსტი, როდესაც ევროკავშირს შეახსენა, წლების განმავლობაში რუსეთთან ლოიალურმა დამოკიდებულებამ სადამდე მიიყვანა მსოფლიო.

დასავლეთში ბევრმა ხელისუფლების უკან დახევა შეაფასა როგორც ხალხის ხმის მოსმენა, მაგრამ არა მგონია, ეს სწორი იყოს. ჩვენ გაცილებით უარეს ვითარებაში ვართ, ვიდრე წარმოგვიდგენია, იმიტომ, რომ ჩვენს მთავრობას არა აქვს არავითარი სტრატეგია. მას აქვს რაღაც ტაქტიკური სვლები, რაც გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუნქტურიდან, ვგულისხმობ ერთი პირისა თუ გარკვეული ჯგუფების ინტერესებს. მთელი უბედურება ის არის, გადაწყვეტილება მიიღება სწორედ ამ ჯგუფების მყისიერი ინტერესების და არა სტრატეგიული მომავლის გათვალისწინებით. სტრატეგიულად შეიძლება გჭირდებოდეს უკან დახევა, რათა მერე მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთო, მაგრამ დღეს ჩვენი ხელისუფლება არავითარ სტრატეგიას არ ცნობს, ამიტომაც სულ ცუგცვანგში ვართ.

- მინდა გკითხოთ ამ საპროტესტო ტალღაზე, რომელიც ნამდვილად სპონტანურად აგორდა, მას არ ჰყოლია არც საორგანიზაციო ჯგუფი, არც ლიდერი, შესაბამისად, იყო საფრთხე, რომ პროვოკაციებს მძიმე შედეგი მოეტანა პროტესტანტებისა და ზოგადად ქვეყნისთვის, თუმცა ღმერთს მადლობა და, გადავრჩით... მეტიც, ვფიქრობ, ეს დღეები ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ეტაპად ჩაიწერება. რას იტყვით იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც, ფაქტობრივად, პირველად გავიდნენ ქუჩაში და ძალიან მედგრად დაიცვეს საკუთარი პოზიცია?

- სამწუხაროდ, ასაკი არ მიწყობს ხელს, რომ მეც რუსთაველზე ვმდგარიყავი, არც სოციალურ ქსელებში ვარ დარეგისტრირებული, რათა იქ გამომეხატა ჩემი პოზიცია. ამიტომ ახლა თქვენი გაზეთის საშუალებით ვიტყვი, რომ სულით და გულით მეც რუსთაველზე ვიყავი მათი პროტესტის დროს. დიახ, საქართველოს გზა მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და ძალიან კარგია, რომ ჩვენს ახალგაზრდობას აღმოაჩნდა ბრძოლის ასეთი ჟინი და შემართება.

რას აჩვენებს ეს პროცესი? - უპირველესად იმას, რომ საქართველოში ძალიან ძლიერია სამოქალაქო საზოგადოება. "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორ ირაკლი კობახიძეს რატომღაც ჰგონია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენენ მხოლოდ ენჯეოები... არა, ბატონო დოქტორო, სამოქალაქო საზოგადოებას წარმოვადგენთ ყველა ის ადამიანი, ვინც თავისუფლად ვაზროვნებთ; მეორე - ამ დღეებმა აჩვენა, რომ ეს იყო ძალიან მძაფრი საზოგადოებრივი პროტესტი, რომელშიც პოლიტიკოსების მონაწილეობა იყო უკიდურესად მცირე, და რაშიც მიიღეს მონაწილეობა, იქ ყველაფერი აურიეს. ვგულისხმობ ვაშაძისა და მისი კოლეგების გადაწყვეტილებას რაღაც ალყაზე, რასაც მოჰყვა პროვოკაციები, საბოლოოდ კი საქმე დარბევამდე მივიდა. მე არ ვიცი, ვინ იყვნენ ეს პროვოკატორები, არ გამოვრიცხავ, შეგზავნილი, ხელისუფლებისგან მართული პირებიც იყვნენ. ვერც რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობას გამოვრიცხავ, მაგრამ მთელი სიკეთე ამ ამბავში ის არის, რომ ეს ახალგაზრდები არ აჰყვნენ პროვოკაციებს. ისინი არც პოლიტიკოსების ნებას დაჰყვნენ დიდად. მეტიც, მეორე დღეს ვაშაძე გააძევეს აქციიდან, ასევე გაუშვეს აქციიდან ისინი, ვისაც სურდათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოეთხოვათ.

პირველად დავეთანხმე ლევან ხაბეიშვილს, როდესაც თქვა, აქ შეკრებილ პროტესტანტებს ყველა პარტია ერთ ადგილზე კიდიათო, მართალია, იმ ბავშვებს ჰქონდათ ძალიან მართალი მიზანი, მათთვის პოლიტიკოსები იყვნენ მეასეხარისხოვანი, ზოგს, ალბათ, არც იცნობდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეს აღმოჩნდა შედეგიანიც და მთელი მსოფლიოსთვის საინტერესოც. აშკარა იყო, პოლიტიკოსებს პროტესტის სათავისოდ გამოყენება და დივიდენდების ჩაწერა სურდათ, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს, რაც მეტყველებს ახალგაზრდების გონიერებაზე.

ამას აქვს მეორე მხარეც - ასეთმა პროტესტმა უნდა გაწვრთნას, გამოჩეკოს ახალი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მოახერხებენ ახლო მომავალში ქვეყნის მართვის ხელში აღებას. ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან, მათ ჯერ კიდევ ბევრის სწავლა და გამოცდილების დაგროვება სჭირდებათ, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ დღეებმა გვაჩვენა, რომ მოდის თაობა, რომელსაც ქვეყნის მართვის სტილის შეცვლა შეუძლია, თაობა, რომელსაც ძალუძს თვითორგანიზება. მათ ნათელი გონება აქვთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაცადოთ გაზრდა. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი ადრეულ ასაკში რომ არ გამხდარიყო პრეზიდენტი, ახლა ციხეში არ იჯდებოდა. ეს იქცა მისთვის პიროვნულ უბედურებად. ამ უთუოდ ნიჭიერმა კაცმა ახალგაზრდა ასაკში ძალაუფლების ცდუნებებს ვერ გაუძლო და ბევრი შეცდომა სწორედ ახალგაზრდული სულსწრაფობით დაუშვა.

- მოგეხსენებათ, პროტესტის მთავარი ლოზუნგი იყო "არა რუსულ კანონს!". ჩვენში არაერთი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ კანონპროექტით პირდაპირ რუსულ დაკვეთას ასრულებდა. საინტერესოა, რომ მისი მეორე მოსმენაზე ჩაგდების შემდეგ ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ რუსეთიდან, მათ შორის სერგეი ლავროვის, დმიტრი პესკოვის, კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი კი თბილისის განადგურებითაც დაგვემუქრა.

- არა მგონია, პირდაპირი დაკვეთა ყოფილიყო, თუმცა ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, რომ ხელისუფლებაში რუსული მმართველობის მოდელი ძალიან მოსწონთ და ძალაუფლების შესანარჩუნებლად მის გამოყენებაზე ფიქრობენ. იმედია, მიხვდნენ, რომ ეს არ გამოუვათ. რაც შეეხება რუსეთიდან განცხადებებს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს მათთვის დამახასიათებელი ქცევის გაგრძელებაა და აქ ვითარების ამტუტებას ემსახურება. რუსეთიდან ხიფათი 1796 წლიდან გვემუქრება, როგორ მოიქცევიან ისინი, არ ვიცი, მაგრამ მათგან აგრესიისათვის არავითარი საბაბი არ არსებობს.

დუმის სპიკერის განცხადება იყო საინტერესო, თურმე ამ კანონის უკან გამოწვევით ამერიკელებმა სუვერენიტეტი დაგვაკარგვინეს, რაც, რა თქმა უნდა, სისულელეა. კანონი გამოიწვიეს ქართველი ხალხის სურვილით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაც. ლავროვისა და პესკოვის განცხადებები არ ყოფილა რაიმეთი გამორჩეული, რაც შეეხება სიმონიანს, მას საკუთარი ერიც მოღალატედ მიიჩნევს და მაგის მუქარას ჩალის ფასი აქვს. ჩემი აზრით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხე არა მგონია იმაზე დიდი იყოს ახლა, რაც, მაგალითად, 10 წლის წინ იყო.

- ხელისუფლება უკან დახევის ასახსნელად სხვადასხვა მიზეზის დასახელებას ცდილობს. თავდაპირველად თუ ამბობდნენ, რომ მათთვის ერთი ბავშვის დაზიანებადაც კი არ ღირდა მიღებული გადაწყვეტილება, ახლა ამბობენ, რომ ქვეყანა დიდ საფრთხეს გადაარჩინეს... მათი ვერსიით, უკრაინიდან შემოსული "ნაცმოძრაობის" მომხრეები და რადიკალური ოპოზიცია აქ არეულობის გეგმავდნენ..

- აბა რა, კაცი რომ ბრმად მიდის წინ და ორმოში მაინც როგორღაც არ ჩავარდება, თავს საფრთხისგან გადარჩენილად მიიჩნევს. ასეა ჩვენი ხელისუფლების საქმეც. არ ვიცი, რამდენი ადამიანი უნდა ჩამოსულიყო უკრაინიდან, ან რა უნდა ექნათ იმგვარი, რომ აერიათ ვითარება... ყველაფერი ხელისუფლებამ დაიწყო. რომ არა ეს კანონპროექტი, ოპოზიციას ქუჩაში 5 კაცი ძლივს გამოჰყავდა. უკვე ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ამ პროტესტთან არც რადიკალური და არც სხვა ოპოზიცია დაკავშირებული არ ყოფილა. ყურით მოთრეული მგონია ხელისუფლების განცხადებები. მოვისმინე მაიდანთან გასული კვირის მოვლენების შედარებაც, რაც არასწორი მგონია. მაიდანი უკრაინის ევროპული მომავლისთვის ბრძოლასთან ერთად, ძალაუფლებისთვის ბრძოლაც იყო, რაც 7-8 მარტის პროცესებს განასხვავებს უკრაინული მოვლენებისგან. აქ ხელისუფლების დამხობა არავის სურდა, პროტესტანტებს სურდათ ხელისუფლებას გადაწყვეტილება უკან წაეღო და მიაღწიეს კიდეც ამას.

- თბილისში განვითარებულ მოვლენებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა დასავლეთიდან. არ დარჩენილა წამყვანი მედიასაშუალება, რომ ეს პროცესები არ გაეშუქებინა. აქტიურობდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქართულ ენაზე გამოეხმაურა ქართველების ევროპულ მისწრაფებას, რაც მისი თქმით, ევროპაში გაიგონეს. როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად აისახება საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზე?

- მე თუ მკითხავთ, უკვე აისახა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი განაღდებული გვაქვს. ის ცნობილი რეკომენდაციების 12 პუნქტიც ფორმალურად აუცილებლად შესრულდება და მათი შეფასებისას ევროკომისია არ იქნება ძალიან მკაცრი.