„პირველი შემთხვევაა, როცა ხალხმა საკუთარი ინიციატივითა და ბრძოლით საქართველოში დემოკრატიული და კონსტიტუციური გადატრიალება ჩაახშო“ - კვირის პალიტრა

„პირველი შემთხვევაა, როცა ხალხმა საკუთარი ინიციატივითა და ბრძოლით საქართველოში დემოკრატიული და კონსტიტუციური გადატრიალება ჩაახშო“

მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" "გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტი ჩააგდო, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები განცხადებებზე ვრც­ელ­დება. მაკრონმა მეორე დღესვე გამოაქვეყნა ქართულ ენაზე "ტვიტი", სადაც წერს: "გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ. ევროპისკენ შეტრიალებულმა­ საქართველომ იცის, რომ საფრანგეთის მეგობრობის იმედი უნდა ჰქონდეს". ექსპერტთა აზრით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანტიდასავლური რიტორიკით­ ხელისუფლებამ­ დასავლეთთან ხიდი ჩატეხა და მის აღდგენას საზოგადოების უმრავლესობა ცდილობს.

გიორგი კობერიძე, GIPA-ს პროფესორი: - ხიდის აღდგენა შესაძლებელია, თუ დასავლეთის პოლიტიკური ნება იქნა. ჩვენს ხალხს აქვს ხიდის აღდგენის სურვილი და ცდილობს ამას. რასაც ხალხი ითხოვს, თუ პასუხი იქნება კანდიდატის სტატუსი, ეს ევროპისგან ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება.

- რა გარემოებებმა აიძულა ხელისუფლება უკან დაეხია?

- კაცმა არ იცის, ამ კანონის ამუშავ­ების ფორმები როგორი იქნებოდა, ვის რა სტატუსს მიაწებებდა ხელისუფლება, რა საქმიანობას შეუზღუდავდნენ. როდესაც­ 2012 წელს ეს კანონი რუსეთში მიიღეს, 10 წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაამატეს ან ამოიღეს მუხლები და საბოლოოდ ისინი, ვინც ოდესმე მაინც ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი და მერე ცდილობდნენ პოლიტიკაში მოსვლას­, ან საჯარო სამსახურის დაწყებას, მაქსიმალურად შეზღუდეს. მედიასაშუალებებს შეეზღუდათ­ ინფორმაციის გავრცელება ისე, თუ დართული არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ისინი უცხოეთის გავლენის აგენტები იყვნენ. დაიწყო ასეთი პირების დაკავება, ფინანსურ­ პოლიციაში დაბარება და მათზე კორუფციული საქმეების შეთხზვა, მათ კარებზე მიწერა, რომ ისინი არიან აგენტები...

მსგავსი რაღაცები საქართველოშიც შევამჩნიეთ, როცა იყო პროპაგანდა, თითქოს­ არასამთავრობოები ეკლესიას უტევენ, მის წინააღმდეგ გამოდიან - ანუ ზუსტად იგივე მწიფდებოდა საქართველოში. ამ კანონის აღსრულებით დაიწყებოდა ამ სექტორის შეზღუდვა. ავტომატურად შეიზღუდებოდნენ მედიასაშუალებებიც არასასურველი ინფორმაციის გავრცელებისთვის. რაც მთავარია, ამავე კანონში შენიშვნის სახით ეწერა, რომ აგენტად ის პირიც აღიქმებოდა, ხელშეკრულებით რომც არ მუშაობდეს, უცხოეთიდან ფულსაც რომ არ იღებდეს, სულაც არაფერს აკეთებდეს, ანუ, პრაქტიკულად, ეს კანონი ყველას­ შეგვეხებოდა, ვისაც განსხვავებული აზრი გვაქვს. სრულად უნდა ჩაეკლათ ახალგაზრდული და სტუდენტური აქტივობები, სტუდენტური პროგრამები, რაც ნიშნავს, რომ მათ უკარგავდნენ პერსპექტივას თავისუფალი ყოფილიყვნენ, მათ ხელში უნდა ყოფ­ილიყო ტვინის რეცხვისა და არა მარტო ახლანდელი, სამო­მავლო ოპონენტების დაჩაგვრის საშუალებაც. ეს იყო გრძელვადიანი კონტროლის მექანიზმი.­ მერე ამას შეიძლება მოჰყოლოდა სანქცირებული მიტინგის შესახებ კანონის შემოღება. კანონის ინიციატორებს­ ხელი იმან შეუშალა, რომ არ ელოდნენ ამ მასშტაბის რეზონანსს. იმ იმედით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიჰი­ლიზმია, იმედოვნებდნენ, რომ წინააღმდე­გ­ობა არ იქნებოდა, თუმცა შეცდნენ. მათ მოქალაქეებს იმდენად დაუჩლუნგეს კრიტიკული აზროვნება, რომ ისიც ჩათვალეს, ახალგაზრდებს პოლიტიკა არ აინტერესებდათ. ისინი შეიძლება არავის უჭერენ მხარს, მაგრამ ესმით, რა არის რუსეთი და რა - დასავლეთი.

- კანონპროექტის გაწვევამდე პრემიერი სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლეს შეხვდა. აზვირთებული პროტესტის გარდა, საერთაშორისო ზეწოლამაც ხომ არ ითამაშა როლი ასეთი გადაწყვეტილების მიღებაში?

- რა თქმა უნდა. დასავლეთს ძალიან დიდი ენერგია, დრო და ინვესტიცია აქვს ჩადებული საქართველოს დასახმარებლად. ამ დროს კი გამოდის საქართველოს ხელისუფალი და პირდაპირ შეურაცხყოფს, მტრად მოიხსენიებს. დასავლეთმა როგორც კი დაინახა, რომ საქართველოში უკვე ჩვეულებრივი კონსტიტუციური გადა­ტრიალება იყო, რა დროსაც სახელმწიფო და კონსტიტუცია მთლიანად ხელში­ ჩაიგდეს ძალებმა, რომლებსაც აღებული აქვთ პირდაპირი პრორუსული კურსი, მით უმეტეს, დაინახეს დიდი სახალხო პროტესტი, რომ ჯანსაღი ძალა მათკენ იყო, დასავლეთმაც იმოქმედა. "ქართულმა ოცნებამ" ამით მიიღო უზარმაზარი საშინაო და საგარეო რეპუტაციული დარტყმა, რომლის გამოსწორება ძალიან გაუჭირდება. დასავლეთს ყველანაირი დიქტატორი, აგრესორი და მტრული სახელმწიფო შეზღუდული ჰყავს. ის სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ ანტიდასავლური ღონისძიებების გატარებასა და მოსახლეობის დაჩლუნგებას, გარიყული ჰყავთ. მათ კარგად ესმით, რომ საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ უპირისპირდება ქართველი ხალხის ნებას, რომელსაც დასავლეთისკენ სწრაფვის 83%-იანი მხარდაჭერა აქვს. საქართველო რუსეთი ან ჩრდილო კორეა არ არის, რომ მარტომ იარსებოს. არც ქართველი ხალხი არის კორეელი, რუსი და ბელარუსი, მას ყოველთვის სხვანაირი აზროვნება ჰქონდა და აქვს.

- ევროინტეგრაციის პერსპექტივა როგორია ამ ეტაპზე?

- ხელისუფლება მხოლოდ ფიქციურად არის ევროპული, სინამდვილეში კი ევროპულობის არაფერი სცხია. ხალხის მოთხოვნის საპასუხო იქნება, თუკი კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. ეს იქნება ევროპის ძალიან კარგი ნაბიჯი. ჩვენი ხალხი უფრო მოტივირებული გახდება, რომ მან შეძლო და მოიპოვა ეს სიკეთე. სხვა შემთხვევაში, პრორუსული ძალები ხელზე დაიხვევენ,­ აგერ, ჩვენ გავიწვიეთ კანონი, მაგრამ ხომ ხედავთ, ისევ ისე ვართ, არ გვაძლევენ სტატუსსო. ამიტომ ახლა ევროპის სახელმწიფოებმაც პოზიტიური სიგნალები უნდა გამოუშვან და მოტივაცია მისცენ ქართველ საზოგადოებას.

- იმედისმომცემია ევროკავშირის ქვეყნების გამოხმაურება, თუნდაც "ტვიტერზე" მაკრონის ქართულ ენაზე გამოქვეყნებული პოსტი, სადაც სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს.

- თუკი შევძელით, რომ დემოკრატიული მუხტი ძალიან ძლიერი იყოს, დემოკრატიულად განვვითარდით, შეიძლება აღმოვჩნდეთ იმ ადგილას, სადაც ბევრი ევროპული ქვეყანა ვერც იოცნებებდა. საქართველოს ახლა აქვს შანსი იმისა, რომ თავისი დემოკრატიული და ავტოკრატიული ტრადიციების გადაფასებით სწორ გზაზე დადგეს. კანდიდატის სტატუსი დაგვაჯერებს, რომ დემოკრატია და თავისუფლებისათვის ბრძოლა მართლა აღებს ევროკავშირის კარს. თუ ჩვენ დავრწმუნდით, რომ სახალხო დემოკრატიას შეუძლია ევროკავშირის წევრობა მოიტანოს, მისკენ არა მარტო პოლიტიკოსების, ხალხის სწრაფვაც გაათმაგდება. ხელისუფლება, რომელიც აპირებს ამ ქვეყანაში დარჩენას, უნდა მიხვდეს, რომ დრო მასზე არ მუშაობს, თაობები იზრდებიან, მათ მეტი ამბიცია და მოთხოვნა აქვთ. ხალხი მუდმივად პასიური არ იქნება. დასკვნებს თუ გააკეთებენ, მიხვდებიან, რომ პოლიტიკაში წარმატებისა და ძალაუფლების გზა ხალხის უმრავლესობამდე მიდის. აქამდე ხალხის უმრავლესობა მდუმარე იყო, ხოლო ხმაურიანი უმცირესობა ცდილობდა საკუთარი თავი წარმოედგინა უმრავლესობად. ახლა ეს შეცვლილია - გამოჩნდა, ვინ არის რეალური უმრავლესობა და ხელისუფლება, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნება უნდა და ავტოკრატი ვერ არის, იძულებული იქნება აჰყვეს სახალხო ნებას, პოლიტიკურად გაატაროს ის რეფორმები, რომლებიც ხალხსა და სახელმწიფოს სჭირდება. განსაკუთრებით ის რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში არ დაუშვებს კორუფციას, პოლარიზაციას შეამცირებს, გამჭვირვალობას გაზრდის... ერთი სიტყვით, ყოველივე იმას, რაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საზოგადოების კეთილდღეობას. ის 12 პუნქტი ხელისუფლებას ხომ არ აიძულებს რაიმე ნეგატიურს, პირიქით, ხელს უწყობს, რომ ქვეყანაში სიტუაცია გაჯანსაღდეს. ეროვნულად მოაზროვნე ხელისუფლებას ეს უნდა აწყობდეს.

- რუსეთის ისტერიკას რით ახსნით? ამ კანონის გაწვევით აღშფოთებული ლავროვი და კრემლის პროპაგანდისტი ზახაროვა საქართველოს ემუქრებიან.

- ეს არის ჩვეულებრივი, ტიპური დაშინების ცდა, რომელსაც უკან არაფერი უდგას. ეს საქართველოს ბევრჯერ მოუსმენია. ეს იმ ტიპის დაშინებაა, იქნებ რამე გაგვივიდესო. რუსეთი ახლა უკიდურესად რთულ ომშია ჩართული, რთულ სიტუაციაშია, საარტილერიო ჭურვებიც კი უჭირს. შესაბამისად, რუსული მუქარა პოლიტიკური პანიკის დათესვის, პოლიტიკური პროცესების შემცირების ცდაა. ეს კარგად ნაცადი ხერხია, რომელმაც თუკი ერთხელ და ორჯერ გაამართლა, ასჯერ ვეღარ გაამართლებს. ცხადია, რუსების შეშფოთება იყო იმის ლუსტრირება, რომ კანონი რუსული იყო, თვითონაც თქვეს, ჩვენი ინტერესების კანონი ჩააგდესო.

- რეაქციული სეგმენტის, პრორუსული ძალების გააქტიურების საფრთხე თუ არსებობს? აღმოცენდა ვერსიები მაიდნის, სამოქალაქო დაპირისპირების სცენარის განვითარების.

- ამას გამოვრიცხავ. როგორც აღმოჩნდა, სინამდვილეში უმცირესობა ყოფილა ხმაურიანი და ამ "ალტინფოებისა" და ვიღაცების (რუსული და პრორუსული ორგანიზაციების), რომლებიც ხელისუფლების კალთას ამოფარებული ფაფხურობდნენ, პოლიტიკური ზეგავლენის უნარი ძალიან ლიმიტირებულია. იმდენად, რომ თუკი ხელისუფლებამ არ აიძულა რაიმე გააკეთონ, რეალურ პოლიტიკურ შედეგებს ვერც დებენ. ეს ძალები ჩამორჩნენ ტექნოლოგიებს, მათ პოლიტიკური მიმზიდველობა არა აქვთ. რაც უნდა გააკეთონ, არაფერი გამოუვათ. რუსეთს არ სცალია და დასუსტებულია, დასავლეთი მყარად დგას და ხალხიც, ასე თუ ისე, გამოფხიზლებულია - პირველი შემთხვევაა, როცა ხალხმა საკუთარი ინიციატივითა და ბრძოლით საქართველოში დემოკრატიული და კონსტიტუციური გადატრიალება ჩაახშო. ხალხის დაშინება ჩვეულებრივი ჰიბრიდული ომის მეთოდია - აი, მაიდანი იქნება, ეს იქნება, ის იქნებაო... უკვე ყველამ იცის ჰიბრიდული ომის მეთოდი და იმიტომ კი არა, რომ ყველამ გერასიმოვის დოქტრინა წაიკითხა, არა, იმიტომ, რომ იმდენჯერ იქნა გამოცდილი, გაკეთებული, რომ ხალხმა ეს დაისწავლა, ხალხს ასჯერ ერთი და იმავეთი ვერ მოატყუებ. ეს ყველაფერი უკრაინის ომის მიღმა რომ ხდებოდეს, შეიძლება ბევრად საშინლად გამოჩენილიყო, მაგრამ უკრაინის ომის კვალდაკვალ ეს მეთოდები უკვე სასაცილოა.

ნანა ფიცხელაური