რა ბერკეტები რჩება მმართველ პარტიას...
მმართველმა პარტიამ პირველი მოსმენით მიღებული ე.წ. აგენტების კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო. თუმცა გაურკვეველია ამ პროექტის მეორე ვერსიის ბედი, რომელსაც უმრავლესობა „ამერიკულიდან სიტყვასიტყვით ნათარგმნს“უწოდებდა. ჯერ უცნობია, ინიციატორების გაწვევის განაცხადით მიმართავენ პარლამენტის ბიუროს თუ თაროზე შემოდებენ "შავი დღისთვის" და სანამ ეს კითხვები არსებობს, რა ბერკეტები რჩება მმართველ პარტიას და რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ საზოგადოების ევროინტეგრაციის ძალიან მკაფიო განაცხადს საფრთხე არ შეექმნას, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა:
- ჯერ გასარკვევია იმ ე.წ. ამერიკულის ბედი, რადგან არაერთმა თქვა, რომ გამოწვევის თაობაზე "ოცნების" ლიდერების განცხადება ეხებოდა მხოლოდ პირველ ვარიანტს, რომელიც ჩააგდეს. შემდეგ ითქვა, რომ შეეშალათ, ამას გამოასწორებენ და იმედია, მეორესაც გამოიწვევენ. რაც შეეხება ჩაგდებულ ვარიანტს, მისი ხელახლა გამოტანა ერთი თვის განმავლობაში შეუძლიათ მეორე მოსმენით, თუმცა, ვფიქრობ, ამის ალბათობა ნაკლებია, რადგან ის მიზეზი, რის გამოც იძულებული გახდნენ, ჩაეგდოთ, არ გამქრალა და ისევ არსებობს.
- თქვენ გაქვთ ვერსია, რამ ან ვინ აიძულა?
- ზუსტად იმის თქმა, რამ აიძულა, არავინ ვიცით, და მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია გამოვთქვათ - ეს იყო პროტესტი. დიდი ხანია, ასეთი მძაფრი პროტესტი არ გვინახავს. ვგულისხმობ არა მარტო პროტესტანტთა რაოდენობას, არამედ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების განწყობასაც. აქ იყვნენ მეცნიერები, სპორტსმენები, კულტურის მუშაკები, ბევრი სხვადასხვა ჯგუფი იყო. რა თქმა უნდა, ძალიან არსებითია საქართველოს მეგობართა და პარტნიორთა პროტესტიც. ასევე ისეთი ზემოქმედებაც, რომელიც არ გასაჯაროებულა. ამიტომ არა მგონია, კანონპროექტი ამ ერთი თვის განმავლობაში ხელახლა გამოიტანონ კენჭისყრაზე. რაც შეეხება საკითხის თავიდან დაყენებას, თეორიულად შესაძლებელია, რადგან პარლამენტის რეგლამენტი ამას ითვალისწინებს. თუმცა იმისთვის, რომ ეს გაბედონ, არა მარტო საქართველოში, მთლიანად მსოფლიოში უნდა შეიცვალოს პოლიტიკური ვითარება. მაგალითად, თუ უკრაინა დამარცხდა, რისი ალბათობაც, ჩემი აზრით, ნულთან მიახლოებულია, მაშინ შესაძლებელია ხელახლა მოახდინონ ასეთი კანონპროექტის ინიცირება.
- ამ მოცემულობაში ოპოზიციას პარლამენტში რისი გაკეთება შეუძლია, რომ ხელისუფლებას რაც შეიძლება მეტი დაათმობინოს, თუნდაც 12 პუნქტზე, რომელიც, ფაქტობრივად, შესრულებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობამ თქვა, ყველაფერი შევასრულეთო?
- ჩემი აზრით, ოპოზიციამ ძალიან მიზანმიმართულად უნდა იმუშაოს სწორედ ამ 12 რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნაზე - ანუ უნდა იყოს სრული მონიტორინგი, დეტალურად უნდა გაანალიზდეს, თუ რა არის გაკეთებული და რა გასაკეთებელი. თუ რაიმე არასწორად არის გაკეთებული, ის გამოსწორდეს. ოპოზიციამ უნდა შეძლოს და ეს მოთხოვნები დააყენოს ევროკავშირის წევრობის მსურველთა და მომთხოვნთა თანამონაწილეობით. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამით შენარჩუნდება ის მუხტიც, რომელიც ახლა წარმოიქმნა, და შესაბამისად, შენარჩუნდება მმართველ პარტიაზე ძლიერი ზემოქმედების საშუალებაც.
- ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ამ ვითარებაში, რამდენად გააზრებულია ეს მოთხოვნა და რაც მთავარია, რამდენად არის შესაძლებელი დაკმაყოფილდეს?
- მთავარია, რიგგარეშე არჩევნები როგორი საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუ კონსტიტუციაში არ შევიდა ცვლილება, რასაც სჭირდება "ქართული ოცნების" მხარდაჭერა, მაშინ რიგგარეშე არჩევნები რომც დაინიშნოს, გაიმართება არსებული საარჩევნო სისტემით, რაც ნამდვილად იქნება ძალიან წამგებიანი. ამიტომ არა მგონია, ახლა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა მიზანშეწონილი უნდა იყოს, რადგან კონსტიტუციაში ცვლილების შეტანაზე მმართველი პარტიის დათანხმება ძალიან რთული იქნება. ამიტომ არა მგონია, რიგგარეშე არჩევნებს "ქართული ოცნება" დათანხმდეს. პირიქით, უნდა აიძულონ მმართველი პარტია, რომ 2024 წლისთვის შეცვალოს საარჩევნო პირობები.
- რა უნდა გაკეთდეს ამისთვის?
- საარჩევნო კოდექსით“ ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. კერძოდ, ძალიან ბევრ საარჩევნო უბანზე არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება და ბიულეტენებსაც ელექტრონულად დაითვლიან. თუმცა პრობლემა იქნება უცხოეთში მცხოვრებთა მიერ ხმის მიცემა, რადგან საარჩევნო უბნები მხოლოდ ერთ ან ორ ქალაქში იხსნება და უმეტესობა ვერ ახერხებს ხმის მიცემას, მით უმეტეს, ვინც არალეგალურად არის წასული. ასევე პრობლემურია საარჩევნო ადმინისტრაციების საკითხი. იმ წესით, როგორც ახლა იქმნება, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ 2021 წლის ბოლოს მიღებულ შესწორებას, რომლითაც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ე.წ. პროფესიონალ წევრებს არ უწყდებათ უფლებამოსილება ვადის ამოწურვის შემთხვევაშიც კი, თუ არ არის მათი უფლებამონაცვლე არჩეული. ამან გამოიწვია სწორედ ის, რომ ცესკოს თავმჯდომარეს კარგა ხანია, გაუვიდა ვადა, მაგრამ პარლამენტი მის უფლებამონაცვლეს არ ირჩევს, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან არც ერთს, რადგან სურს თავისი კაცი ჰყავდეს ამ პოსტზე. იგივე ითქმის ცესკოს იმ წევრებზე, რომელთაც პარლამენტი ირჩევს. გამოდის, მმართველ პარტიას ცესკოშიც უმრავლესობა აქვს. მერე ცესკო ნიშნავს საოლქოში თავის ხალხს, საოლქო - საუბნო კომისიებში და გამოდის, ყველა დონის კომისიაში უმრავლესობა ექნებათ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელს და მასთან აფილირებულ წევრებს. ეს კი ყოველთვის იწვევს ეჭვს და აჩენს უნდობლობას. ასე რომ, საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი ერთ უდიდეს პრობლემად რჩება. ერთ პარტიას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა კომისიებში უმრავლესობა ჰყავდეს. ასევე პრობლემურია საარჩევნო ზღურბლის (ბარიერის) საკითხი. დღევანდელი პარლამენტის ბარიერი ლამის ბუნებრივი ბარიერის დონეზე იყო. შემდეგი არჩევნებისთვის იქნება 5%, თუ კონსტიტუციაში ცვლილება არ შევიდა. ჩემი აზრით, საქართველოსთვის 5% ძალიან მაღალია. ყველაზე უფრო ოპტიმალური იქნებოდა 2-3% იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს არა ორპარტიული პარლამენტი, სადაც უმრავლესობა ყოველთვის ერთპარტიულია, არამედ მრავალპარტიული. ერთპარტიული უმრავლესობა ძალიან სახიფათოა არა მარტო ჩვენისთანა რეჟიმის პირობებში, არამედ იქაც, სადაც დემოკრატიის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ, განსაკუთრებით საპარლამენტო რესპუბლიკებში. საარჩევნო ზღურბლი არის საარჩევნო რეფორმის საკვანძო საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია და მმართველი პარტია ამაზე შეთანხმდნენ, მათ შორის გაფორმდა შარლ მიშელის შეთანხმება, "ქართული ოცნება" ჯერ კიდევ უარს ამბობს ამის ბარიერის შეცვლაზე.
- ახლა რომ დაითანხმოს ოპოზიციამ მმართველი პარტია, არის შანსი?
- ამის გაკეთება შესაძლებელია და აუცილებლად გასაკეთებელია. მანამდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ძალიან პრობლემური იქნება, მაგრამ უფრო ცუდი ის არის, რომ 2024 წელს, როდესაც სრულად პროპორციულზე გადავალთ, საარჩევნო ზღურბლის საკითხი სერიოზულ პრობლემას შექმნის.
რუსა მაჩაიძე