"ახალგაზრდებს ორჯერ­ უბიძგეს შტურმისკენ, თავად კი გაიძურწნენ“ - კვირის პალიტრა

"ახალგაზრდებს ორჯერ­ უბიძგეს შტურმისკენ, თავად კი გაიძურწნენ“

ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის პარალელურად, აქციებზე გამოიკვეთა ოპოზიციის ინტერესებიც - კერძოდ, დესტრუქციული პროცესების გამოწვევა, რასაც ახალგაზრდების ნაწილი არ აჰყვა - მათ პოლიტიკოსებს პირდაპირ უთხრეს, რომ მათი დრო წავიდა. ექსპერტი ამირან­ სალუქვაძე­ ამ თემებზე გვესაუბრა:

- აქციაზე იყვნენ გულწრფელი პროტესტით ანთებული ახალგაზრდები და მათი დამსახურებაა მუხტის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ გაგრძელდა ამდენ ხანს ასე მასშტაბურად აქცია. გამომსვლელებს განცხადებებში ინტელექტი ეტყობოდათ. იმასაც ხვდებოდნენ, რომელიმე პოლიტიკოსისთვის რომ დაეთმოთ მიკროფონი, განსაკუთრებით ისეთისთვის, ვისაც ავტორიტეტი დაკარგული აქვს, ეს მუხტს დააგდებდა.

- "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს.

- გიორგი ვაშაძემ ახალგაზრდებს, ფაქტობრივად, დანაშაულისკენ უბიძგა, მაგრამ როცა დაინახეს ახალგაზრდების განწყობა,­ მალევე ვაშაძეც და სხვა პოლიტიკოსებიც იქაურობას გაეცალნენ, აქტივისტებს თუ არ ჩავთვლით, "გირჩი" - მეტი თავისუფლებას" ლიდერის გარდა, არც ერთი პოლიტიკოსი არ დაუკავებიათ. რაც მოხდა, მხოლოდ ვაშაძის კი არა, ყველა ოპოზიც­იური პარტიის სირცხვილი იყო. თურმე ერთობლივი კონსულტაციები გაიარეს და გადაწყვეტილებაც გამოაცხადეს, პარლამენტს ალყა შემოვარტყათო. მანამდე, ორი დღის განმავლობაში, ხაბე­იშვილი ატყუებდა ახალგაზრდებს, პოლიტიკოსები თქვენი ინსტრუმენტები ვართ და გამოგვიყენეთო, მაგრამ ცხადი შეიქნა, რომ მათ გამოყენებას თავად ცდილობდნენ და ერთხანს გამოუვიდათ კიდეც - ორჯერ­ უბიძგეს შტურმისკენ, თუმცა თავად გაიძურწნენ. ახალგაზრდობის ნაწილი მათ სცენარს არ ეთანხმებოდა, რადგან მიხვდნენ ხაბეიშვილის, ვაშაძისა და მათ უკან მდგომების ჩანაფიქრს. ამიტომაც ძალიან სწორად წაუყენეს პრეტენზიები ვაშაძეს...დავუშვათ შეჭრილიყვნენ, მერე რა?­ ეს პოლიტიკური ძალა 90-იან წლებშია ჩარჩენილი, ხელისუფლებას მოწყურებული არიან და ახალგაზრდებისთვის ტვინის არევა სცადეს. ასე რომ, აშკარაა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კანონის მიღება-არმიღების საკითხი დესტრუქციისთვის სჭირდებოდათ. ამას მიხვდნენ ახალგაზრდები და ამიტომაც უთხრეს შეგვეშვითო. ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ უმეტესობა ამიტომაც გაემიჯნა მათ.

თუ დააკვირდით, როგორ იქცეოდა ვაშაძე ამ ორი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით პირველ დღეს, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ერთად დადი­ოდნენ, ახლა დაყოფის დრო არ არისო, ცდილობდა მოვლენების ეპიცენტრში ყოფილიყო, მიკროფონისკენ იწევდა, რადგან ლიდერობა სურდა. ცდილობდა საპროტ­ესტო პროცესებს თავზე მოსჯდომოდა და "ნაციონალების" ლიდერი ხაბეიშვილი დაეჩრდილა, მაგრამ არ გამოუვიდა. განსაკუთრებით აქციის ბოლო დღეს კანონპროექტის ჩაგდების დღე იყო მისთვის მძიმე­ - ის, რაც მოუწყვეს, დიდი ალბათობით, "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერების ინიციატივა იყო. ოპონენტებისკენ კი იშვერს თითს, მაგრამ ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე მძიმე დარტყმა მან მიიღო. სიტყვას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა და არ აძლევდნენ, შემდეგ კი მიკროფონი საჯაროდ გამოჰგლიჯეს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ვაშაძე "ნაცმოძრაობამ" გარიყა, რათა შემდეგი აქციების ლიდერად არ იქცეს. ამის წინა პირობა იყო, ლომჯარიას პოსტიც...

- პოლიციის მოქმედებაზე რას იტყვით?

- ახლა ცემით არავის კლავენ, როგორც სააკაშვილის დროს, პოლი­ციის მიმართაც სხვა სტანდარტებია. მაშინ აქციაზე გასულ ყველა მოქალაქეს მოღალატეებად აცხადებდნენ. პარლამენტში შევარდნის ცდა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა კი არა, აბა, გაებედათ და პოლიციელზე ეძალადათ. მაშინვე სადამსჯელო ოპერაციებს იწყებდნენ.

- ამიტომაც გადავირჩიეთ.

- დიახ, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან ცუდად აღსაქმელია პროტესტის გამოხატვის აგრესიული ფორმა, ძალადობა. მშვიდობიან მომიტინგეს ზედმეტი არ უნდა აკადრონ, მაგრამ არც მათ უნდა იკადრონ. არმიასა და პოლიციაზე თავდასხმა სახელმწიფოსთვის საშიშია, მათზე ძალადობის წახალისება ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. როდესაც აქციები იმართებოდა, ვამაყობდით ხოლმე, ახლომახლო მცხოვრებ მოსახლეობას რაიმე საფრთხის შექმნა კი არა, მინიმალური ზიანიც არასდროს მისდგომია. აქციის მონაწილეებისგან მოლოტოვის კოქტეილების სროლა არ გვინახავს. თუ პოლიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ ახალგაზრდების ერთ ნაწილს გამოიყენებდნენ ამისთვის, ისიც უნდა იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი წინ დახვდებათ... არც ერთს არ უთქვამს, სიტუაციას ნუ გავამწვავებთ, შეწყვიტეთ კოქტეილების სროლაო, პირიქით, მიუშვეს იმ იმედით, იქნებ რაღაც მომხდარიყო, რასაც სათავისოდ გამოიყენებდნენ. ისევ აქციის მონაწილე ახალგაზრდები ამშვიდებდნენ სიტუაციას. ახალგაზრდებმა არ უნდა დაუშვან, რომ ამ აქციით მიღებული შედეგი პოლიტიკურ დივიდენდებად მიიწერონ ოპოზიციურმა პარტიებმა.