„ჩვენი შიდა ძალების ხელით კეთდება რუსული საქმე“ - კვირის პალიტრა

„ჩვენი შიდა ძალების ხელით კეთდება რუსული საქმე“

მასშტაბურმა აქციებმა ნაყოფი გამოიღო და "ქართულმა ოცნებამ" ე.წ. აგენტების­ კანონი უკან გაიწვია. საზოგადოება გამარჯვებას ზეიმობს. როგორ განვითარდება მოვლენები და რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის­ პალიტრა" იურისტ ლევან­ ალაფიშვილს­ ესაუბრა:

- მმართველი ძალა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სულ იმას გაიძახოდა,­ დასავლეთი გვთხოვს მეორე ფრონტის გახსნასო, სინამდვილეში, რაც გააკეთეს, სხვა არაფერია, თუ არა ომის გამოცხადება. რუსეთის საქმის გაკეთება სწორედ იმ დემოკრატიულ სამყაროსთან დაპირისპირებაა, რომელიც დღეს უკრაინას უჭერს მხარს, და რამდენიც არ უნდა სცადონ ამის სხვანაირად წარმოჩენა, სხვა დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.

საქართველოში 1998 წლიდან მოქმედებს კანონი "ლობისტური საქმიანობის შესახებ", რო­მლის მიხედვით, პირი, სანამ­ ლობისტად დარეგისტრირდება, ვალდებულია დამრეგისტრირებელთან, მაგალითად,­ პარლამენტში, წარადგინოს პირადი მონაცემები, ნასამართლეობის შესახებ ცნობა,­ ვის სასარგებლოდაც ლობირებს იმ ორგან­იზაციის­ სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და რაც მთავარია, იმ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ფინანსურ საკითხებსაც მოიცავს­. ლობისტად დარეგისტრირების შემდგომ ლობისტი ვალდებულია ყოველთვიურად წარუდგინოს პარლამენტს გასულ თვეში გაწეული საქმიანობა და რაც მთავარია, სრული­ ფინანსური ანგარიში - ანუ იმაზე მკაცრი რეგულაცია კანონით უკვე არსებობს და ისმის კითხვა, მაშინ რა საჭიროა ამის მიღება? ეს კანონპროექტი 20 თებერვალს დაარეგისტრირეს პარლამენტში­ და 21 თებერვალს მე, ლევან ალაფიშვილმა, ამ კანო­ნპროექტის საწინააღმდეგოდ პარლამენტში წარვადგინე განცხადება, მის წინააღმდეგ ლობისტად დამარეგისტრირეთ-მეთქი. ამის მიზანი იყო სიმბოლურად დამენახვებინა,­ რომ მე აქ ვარ იმ კანონის სუბიექტი, რომელსაც­ არეგულირებს მოქმედი­ კანონი იმაზე მკაცრად, ვიდრე ესენი წარმოგვიდგენენ. გამჭვირვალობაზეც უნდა ვთქვა. ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა პარლამენტის ვებგვერდზე ჩემი გვარ-სახელი ან სიტყვა "ლობისტი" რომ ატვირთოს, ჩემზე­ სრული ინფორმაცია ექნება. ჩემი პირადი მონაცემები, სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, ყოველდღიური ანგარიშები, ხელშეკრულებები - ყველაფერს ნახავს. როგორც კი წარვადგენ ახალ ინფორმაციას, მას მაშინვე ვებგვერდზე განათავსებენ - ანუ ანგარიშგების გამჭვირვალობა, ხელმისაწვდომობა, პროაქტიურობა, ეს ყველაფერი კანონით მოქმედია და ამასვე ითვალისწინებს ამერიკული "ფარაც". აქედან გამომდინარე, ისმის ლოგიკური კითხვა:­ თუკი გვაქვს ასეთი­ კანონი, რატომ არის ახლის საჭიროება? გამოდის, უნდა დახურონ "ფარა" და მიიღონ კანონი "უცხოური აგენტების შესახებ". ამას დაარქვეს "გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რათა უფრო დაებნიათ საკუთარი მხარდამჭერები. რისი დაკანონება სურთ? ეს კანონი მხოლოდ ორ ქვეყანაში­ იყო და ახლა მხოლოდ რუსეთშია. ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას გავლენის აგენტებად მხოლოდ რუსეთში­ მოიხსენიებენ. უნგრეთშიც იყო, მაგრამ აღარ არსებობს ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მაშინ რა დასკვნა გავაკეთოთ, ეს კანონი ხომ რუსულია? ეს რუსული გამოცდილების გადმოტანის ცდაა საქართველოში.

- ვენეციის კომისიის რეკომენდაციის­ შემდეგ შეიძლებოდა ხელისუფლებას უარი ეთქვა­ ამ კანონის მიღებაზე?

- დემოკრატიის ერთგული პოლიტიკო­სები ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებას ითვალისწინებენ­, მაგრამ შორს წასვლა არ არის საჭირო,­ გავიხსენოთ, როგორ მოიქცა მმართველი გუნდი, როცა მოსმენების კანონზე ან თუნდაც სახელმწიფო ინსპექტორის კანონზე იყო ლაპარაკი. არც დაელოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას, თქვეს, მისი დასკვნა რეკომენდაციაა და არ გავითვალისწინებთო. ახლაც იმ კომისიაში კანონის გაგზავნა "ქართული ოცნების" მანიპულირება იყო.

- ასე რატომ თვლით?

- უნგრული გამოცდილება ვახსენე და ვთქვი, რომ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს აქვს მიღებული ამაზე გადაწყვეტილება. მმართველი ძალა ამბობს, ვენეციის კომისიამ უნდა გვითხრას, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაში რა წერიაო. შე ოჯახაშენებულო, აიღე გადაწყვეტილება და წაიკითხე, ვენეციის კომისია სხვა რამეს გეტყვის? თუ იმის იმედად გზავნი, რომ ისე მოექცე, როგორც მოექეცი გასულ წელს მოსმენების კანონს? ასე რომ, ეს მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაცია და რეალური მიზნის მიჩქმალვა იყო. წარმოგიდგენიათ, ევროპული სივრცის წევრობა გინდოდეს, იქაური სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება გქონდეს, რომელიც ამბობს, რომ ევროპის კონსტიტუციას არ შეესაბამება ეს კანონი, და მაინც ამბობდე, ეს ვენეციის კომისიამ მითხრასო, თან იმ გათვლით, რომ მის აზრს მაინც არ გაითვალისწინებ. გამოდის, შენი განზრახვაა, საფუძველი გამოაცალო საქართველოს ევროასოცირების პერსპექტივას! სწორედ ეს სურს პუტინს მოლდოვისთვის და საქართველოსთვის. კანდიდატის სტატუსის შესახებ მიღებული სამწუხარო გადაწყვეტილების შემდგომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ეს ფრონტიც გაიხსნას და გეოპოლიტიკურად ისარგებლებს დასავლეთთან დაპირისპირებაში. აი, ამას ვადევნებთ ახლა თვალს - ჩვენი შიდა ძალების ხელით კეთდება რუსული საქმე... ამ კანონის მხარდამჭერები ძალიან ბევრს იტყუებიან, რაც გვაფიქრებინებს, რომ დავალება ჩრდილოეთიდან მოდის და პუტინის რეჟიმისთვის მნიშვნელოვანია, რათა დასავლეთს გარდა უკრაინისა, სხვა საზრუნავიც გაუჩნდეს. მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში რუსეთისთვის არის მნიშვნელოვანი, ამ გზით შეასუსტებს ყურადღებას უკრაინისადმი. სამწუხაროა, რომ ჩემს სამშობლოზე ამის თქმა მიწევს, მაგრამ ეს საფრთხე რეალურია, რაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსებობას უკავშირდება. თუკი ეს გამოწვევა, ეს პროცესი ძალიან ფრთხილად არ გავიარეთ, შეიძლება სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ.

მახსენდება ჩემი სტუდენტობის პერი­ოდი.­ 1994 წელს დსთ-ში საქა­რთვე­ლ­ოს­ შეყვანის საკითხი განიხილებოდა და მახსოვს,­ როგორ ჭარბად იყო რუსული ინტერესი­ წარმოდგენილი. კონკრეტული­ პოლიტიკოსები პრორუსობას არც მალავდნენ...­ იმედია, ევროპა საქართველოს მისცემს სტატუსს, რადგან მან კარგად გაიგონა ქართველი ხალხის ხმა. ქართველმა ერმა სტატუსი ნამდვილად დაიმსახურა. ბოლო დროს ევროპელი პარტნიორებისგანაც გაკეთდა მინიშნება, რომ ქართველი ხალხი გამიჯნულია ხელისუფლებისგან. ეს მაძლევს უფლებას ვიფიქრო, რომ შესაძლებელია წლის ბოლოს მივიღოთ სტატუსი, ოღონდ მას უნდა მოჰყვეს ევროკავშირის მკაცრი საშინაო დავალებები სხვადასხვა პირობით. არც მინდა დავუშვა, რომ შეიძლება ამ ყველაფრის გამო ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა არ დაგვიტოვონ შანსი და ამ პატარა პოლიტიკური ჯგუფის გამო დემოკრატიულ ოჯახში შესვლაზე გვითხრან უარი.