"მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა იყო "ეროვნების გამო სირცხვილი", რომლის განცდა დღემდე არ მტოვებს" - კვირის პალიტრა

"მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა იყო "ეროვნების გამო სირცხვილი", რომლის განცდა დღემდე არ მტოვებს"

7 მარტს ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ თბილისის ქუჩებში დაწყებული აქციები მუდმივი განხილვისა და კამათის თემა იყო მსოფლიოს სხვადასხვა მედიასაშუალებაში, სოციალურ ქსელებში... საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებს თვალს ადევნებდნენ რუსეთშიც. ერთი ნაწილის თქმით, ეს ინტერესი იმით აიხსნებოდა, რომ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ უამრავი მათი ახლობელი საქართველოს აფარებს თავს. ზოგი პუტინის რეჟიმს გამოექცა, რათა როგორც რუსეთში უწოდებენ, არ გახდნენ "სისტემის შვილები", ზოგმაც უკრაინაში გაგზავნას აარიდა თავი.ანტიკრემლისტური მედია, ის ბლოგერები და პუბლიცისტები, რომლებიც პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგო მოსაზრებებს ავრცელებენ, 2012 წელს რუსეთში მიღებული კანონის თანახმად, "უცხოეთის აგენტებად" ითვლებიან. უცხოეთის აგენტად ითვლება პირი, რომელიც "იღებს ნებისმიერ მხარდაჭერას უცხოეთიდან, ან არის უცხოური გავლენის ქვეშ და დაკავებულია რუსეთში პოლიტიკური საქმიანობით", ოღონდ ეს პუნქტი ინტერპრეტაციების შესაძლებლობას იძლევა და შეიძლება თითქმის ყველაფერი "პოლიტიკურ საქმიანობად" ჩაითვალოს.

რუსი ბლოგერი, პუბლიცისტი და მკვლ­ევარი (პოლიტიკურ და სოციალურ თემე­ბზე სტატისტიკას აწარმოებს) ევგენია­ სოროკინა, რომელიც საქართველოში­ 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, სოციალურ ქსელებში საქართველოს მხარდამჭერი პოსტებით გამოირჩეოდა. როგორც გვიამბო, სწორედ ერთ-ერთი მათგანია, ვისაც რუსული კანონის გამო, "აგენტის" იარლიყით უწევს საქმიანობა. არაერთხელ გამხდარა ეფ-ეს-ბეს სამიზნეც, შეუსწავლიათ მისი საქმეები, საზღვარგარეთ კონტაქტები, შუაღამისას გაუჩხრეკიათ მისი და შვილის ბინა, პირადი კომპიუტერი, მობილური ტელეფონები, გადაუყვანიათ პოლიციის იზოლატორში, საიდანაც რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, ხელწერილის, ფინანსური თუ ადმინისტრაციული ჯარიმის შემდეგ უშვებდნენ. ამიტომ რუს ბლოგერს ძალიან კარგად ესმის ქართველი საზოგადოების პროტესტის არსი. ჩვენ მას ინტერნეტით დავუკავშირდით.

- საქართველოში პირველად 1980 წლის მაისში ჩავედი. სტუდენტი ვიყავი და ისე მომეწონა იქაურობა, რომ გადავწყვიტე, საცხოვრებლად გადავსულიყავი და წლების განმავლობაში დავრჩი კიდეც. ამ დღეების განმავლობაში რუსი საზოგადოების დიდი ნაწილი თვალყურს ადევნებს­ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, საპროტესტო აქციებზე მომზადებულ სიუჟეტებს, ფოტორეპორტაჟებს და გაოცებული არიან, რამდენჯერმე წყლის ჭავლითა და გაზით დაშალეს, მაგრამ ხალხი მაინც იკრიბებაო. დიახ, მე ბევრად უარესიც მინახავს. 9 აპრილის დროს შევჩენკოს ქუჩაზე ვცხოვრობდით, მთავრობის სახლის ახლოს, და ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. აქციაში მონაწილეობდა ჩემი მეუღლეც, რომელიც ნახევრად ქართველია. ვიცოდით, რომ სიტუაცია დაძაბული იყო და თუ რამე მოხდა (დარბევის ხსენებას მაინც ვერ ვბედავდით), იქნებ ვინმეს დავეხმაროო. მე ბავშვები ვერ დავტოვე. როდესაც თავისუფლების მოედანზე რუსული ტანკები გამოჩნდა, ყველაფერი ნათელი იყო. მე ძალიან მეშინოდა, რადგან ვგრძნობდი, სისხლი დაიღვრებოდა, მაგრამ ქართველი ქალები და გოგონები შიშს არ იმჩნევდნენ, ბრაზისგან ერთიანად ანთებული იყვნენ. რამდენიმესგან, ვისთანაც ახლო ურთიერთობა არ მქონდა, მინიშნებაც ვიგრძენი ჩემი რუსობის გამო, სხვებმა გააჩუმეს, ქართული მესმოდა, მაგრამ საუბარი მიჭირდა. რამდენჯერაც ლაპარაკი მოვინდომე, ჩემს საუბარზე ყველას გაეცინა და ამიტომ თავს ვიკავებდი. იმ წლებში რუსული თითქმის მთელი საქართველოს ახალგაზრდობამ იცოდა.

დარბევამდე, რა თქმა უნდა, უამრავი ტყუილ-მართალი ვრცელდებოდა. თითქოს საქართველოში ეთნიკური კონფლიქტის საფუძველი არსებობდა და არმიას უნდა "გაენეიტრალებინა". მაშინ ინფორმაცია ასე ხელმისაწვდომი არ იყო, მაგრამ ახსენებდნენ საბჭოთა არმიის გენერალ იგორ როდიონოვსა და გენერალ-მაიორ ალექსანდრ ლებედს, რომელიც შემდეგ ამ პროცესებიდან გაქრა, და მხოლოდ როდიონოვის გვარი ფიგურირებდა... 9 აპრილის ღამეს კომენდანტის საათი გამოცხადდა. აივნებიდან ვხედავდით რუსულ ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებსა და ჯარისკაცებს, ორლესული სასანგრე ნიჩბებით.

გამთენიას მომიტინგები დაარბიეს. მე და ჩემმა ქართველმა მეგობრებმა და მეზობლებმა რუსის ნიჩბებსა და სპეცრაზმს გამოქცეული, ნაცემი, გაზით მოწამლული ახალგაზრდები შინ ამოვიყვანეთ და როგორც შეგვეძლო დავეხმარეთ. რამდენიმეს თავბრუსხვევა, გულის რევა და ძლიერი თავის ტკივილი ჰქონდა. დღემდე არ არსებობს ზუსტი რიცხვი, რამდენი ადამიანი მოიწამლა და დაშავდა იმ ღამეს. შემდეგ კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ვიცხოვრე თბილისში, ვხვდებოდი იმ დაზარალებულებს და ვიცოდი, რომ ძლიერი თავის ტკივილით იტანჯებოდნენ.

წლების შემდეგ არაერთ დოკუმენტურ მასალას გავეცანი, რადგან როგორც თვითმხილველს, მაინტერესებდა, რამდენად ცივსისხლიანად მოქმედებდა რუსული არმია.

- კონკრეტულად, რას გაეცანით?

- ძერჟინსკის დივიზიის მე-4 მოტორიზებული პოლკის ვეტერანი აღწერდა, თუ როგორ მწყობრად მიდიოდნენ აქციის მონაწილეებზე, რათა მათ გასწორებოდნენ, პასუხად კი მომიტინგეებისგან დაშენილ ქვებს იღებდნენ, რომლებიც სინამდვილეში გზის მოსაპირკეთებელი ფილების ნატეხები იყო. თბილისის მილიციის მაშინდელი სერჟანტი იხსენებდა, ჯარისკაცები მიწაზე დაცემულსაც კი სასტიკად სცემდნენ, რამდენიმეს ჩემ თვალწინ ჩექმებით შესდგნენო.

სახალხო დეპუტატთა კონგრესის კომისიის მოხსენებაში, რომელსაც ანატოლი სობჩაკი ხელმძღვანელობდა, მოვლენები ოფიციალურად იყო აღწერილი: "ოპერაციის ხელმძღვანელის, გენერალ-პოლკოვნიკ ი.ნ. როდიონოვის მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილებით, 9 აპრილის 3:30 საათისთვის ჯარები კონცენტრირდნენ ლენინის მოედანზე და მათ დაევალათ აქციის მონაწილეების მთავრობის სახლის წინ მოედნიდან და რუსთაველის გამზირზე რესპუბლიკის მოედნამდე გაყრა.

4:05 საათზე რუსთაველის გამზირზე მთავრობის სახლთან ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი გამოჩნდა. ჯავშანმანქანებს სამხედრო ჯაჭვები მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლამდე და რუსთაველის გამზირამდე დაიწყეს გადაადგილება. იმავდროულად, მთავრობის სახლის მარცხენა მხარეს მყოფ აქციის მონაწილეთა უმეტესობას წასვლა არც უფიქრია, ადგილზე რჩებოდნენ, რითაც მიმდებარე ტერიტორიიდან დაჭერილი ადამიანების გასვლა შეაფერხეს". მაშინ პირველად ვნახე სასანგრე ნიჩბები. მეორე დღეს მოვკარი თვალი, მეტრზე ოდნავ დიდი იყო, სახელურით. თურმე ხელკეტებთან ერთად დღემდე იყენებენ, მათ შორის რუსეთის რეგიონებში, პროტესტის ჩასახშობად. ოფიციალურად "ქვეითთა პატარა ნიჩაბი" ჰქვია.

თბილისში მომხდარს საერთაშორისო მედია მაშინვე გამოეხმაურა. "რეზინის ჯოხებისა და მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენება ინსტრუქციების უხეში დარღვევით", - ასე აფასებდნენ 9 აპრილის ტრაგედიას, რომელიც სამუდამო ლაქად დარჩა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა რუსეთში ჩემი გარემოცვის ნაწილი (ცნობისთვის, ქართველებიც) ბრაზობდა აჯანყებულ ქართველებზე და როდიონოვის გადაწყვეტილებას "სამართლიანს" უწოდებდა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა იყო "ეროვნების გამო სირცხვილი", რომლის განცდა დღემდე არ მტოვებს. მას შემდეგ ვუყურებ ჩემი ხელისუფლების საკუთარი თუ სხვა ქვეყნისა და რესპუბლიკების ხალხების თავზე აღმართულ ნიჩბებს, მათკენ გასროლილ რაკეტებს, კალაშნიკოვის ტყვიებს, ცაში აფრენილ ავიამოიერიშეებს, ოღონდ ეს თურმე "მათივე გადასარჩენად" კეთდება... 2008 წელს ოსები "გადაარჩინეს" ქართვ­ელებისგან, 2014 წელს უკრაინელების­ გადარჩენა დაიწყეს, რომელიც 2022 წელს მასშტაბური "დენაციფიკაციით" გააგრძელეს­. რაც მთავარია, ომით დასუსტებულ რუსეთშიც ვერ ვხედავ ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივას. 90-იანი წლების შემდეგ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში შეიცვალა რაღაც. სომხეთმაც კი გააცნობიერა, როგორ გუდავდა ამდენი წლის განმავლობაში "სტრატეგიული პარტნიორი", მაგრამ თავად რუსეთში არაფერი შეცვლილა. ჩვენ ახლა ბევრად უარეს ვითარებაში ვცხოვრობთ, ვიდრე საბჭოთა რუსეთი იყო. პუტინის ხელისუფლება ახლაც მზად არის ერთ ღამეში გაუსწორდეს ასობით ადამიანს და დილით ეს "სახელმწიფოებრიობის გადარჩენით", ხალხის უსაფრთხოებისთვის გადადგმული გარდაუვალი ნაბიჯით გაამართლოს და ხალხი უჯერებს.

- ეს კრემლის პროპაგანდის დამსახურებაა თუ ხალხის მენტალიტეტიც უწყობს ხელს?..

- ორივე ერთად. ქართულ პოლიციას ეფ-ეს-ბესა და "ომონს" ვერ შევადარებ, მაგრამ ამ ახალგაზრდების სიმამაცემ ყველაფერი სხვაგვარად დაგვანახა. ჩემი მეგობრები მნიშნავდნენ პოსტებზე.­ მათ ვეუბნებოდი, მთელ ერს, გასული 30 წლის განმავლობაში იმდენი რამ აქვთ გადატანილი, წყლის ჭავლით ვერ შეაშინებენ-მეთქი. იმ ახალგაზრდების დედების თაობა იდგა მაშინ­ ლენინის მოედანზე რუსული ტანკების პირისპირ და მე მათ თვალებში შიში არ დამინახავს. მთელი გულით ვწუხვარ, რომ ახლა ამ ახალგაზრდებს ქართველი სამართალდამცავების პირისპირ უწევთ თავიანთი მომავლის დაცვა. მაშინ ქართველი ერი ისეთი ერთიანი იყო, დარწმუნებული ვიყავი, საბჭოთა ბორკილების დამსხვრევის შემდეგ თავისუფალ, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყანას ააშენებდნენ. საქართველო, მძიმე გზის გავლის მიუხედავად, ბევრ რესპუბლიკასთან შედარებით ბევრად წინ არის, ახლა კი, ევროპულ ოჯახში მოხვედრის პერსპექტივა აქვს და არ უნდა დაუშვას ამ შანსის დაკარგვა. რუსეთმა არ უნდა ისარგებლოს სიტუაციით სათავისოდ, როგორც სჩვევია. პუტინის რუსეთი სიბნელე, უკანონობა, ძალადობა, კორუფცია, დაბალი სამოქალაქო განათლება, არაკრიტიკული აზროვნებაა, რაც უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა. ახლახან ჩავატარეთ გამოკითხვა და გაირკვა, რომ რუსეთის ქალაქებიდან არმიის "დისკრედიტაციაში" პეტერბურგელი ქალები ლიდერობენ. ამიტომ მათზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ეს ნიშნავს რეპრესიების გაძლიერებას, ეფ-ეს-ბეს გააქტიურებას, ასობით ადამიანის დანგრეულ მომავალსა და ჯანმრთელობას. კანონი "უცხოელი აგენტების შესახებ" უდრის მეხუთე კოლონას, აგენტურას, მოსყიდვას, შანტაჟს. ამით სახელმწიფოს ნებისმიერ რამეზე შეუძლია აგენტი გიწოდოს, შენი საქმიანობა "ქვეყნისთვის საზიანოდ" მიიჩნიოს და გაგასამართლოს. ეს არ უნდა დაუშვას ქართველმა ხალხმა!..

ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები საქართველოში გავატარე. ჩემი შვილიც თბილისში დაიბადა და იქაურ სკოლაში დადიოდა. როცა საქართველოში ჩავდიოდი,­ ყოველთვის მიმყავდა ჩემი მეგობრები, ისინი, ვისთანაც პოლიტიკური თანხვედრა მქონდა, პუტინის რეჟიმი მათთვისაც მიუღებელი იყო. ვამბობდით, როგორი სიმბო­ლურია, რომ ჩვენი ქვეყნის ნამდვილ ისტო­რიას იმ სახელმწიფოში ვეცნობით, რომლის 20%-ც პუტინის ხელისუფლებას ოკუპირებული აქვსო. თუმცა შემდეგ უფრო უარესიც ვნახეთ - ათიათასობით რუსმა, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებისთვის თავიანთი ძალა ეჩვენებინა, სწორედ საქართველოს შეაფარა თავი. ახლა ირკვევა, რომ აქციების გამო უკან დაბრუნება ან სხვა ქვეყანაში წასვლა გადაწყვიტეს. მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, მომავლის ფასად რუსეთში რჩება და მაინც აპროტესტებს პუტინის რეჟიმს, თავგანწირვას ვერ დავუკარგავ, მაგრამ კანონმა "უცხოელი აგენტების" შესახებ ეფ-ეს-ბესა და "ომონის" საშუალებით სიტუაცია საბოლოოდ გადატეხა - მოსახლეობის 80% პუტინის პოლიტიკის მომხრეა.