გამარჯვებული თაობა!
არაერთ საზოგადო მოღვაწესა თუ რიგით მოქალაქეს გაუჩნდა პროტესტი ე.წ. აგენტების კანონის მიმართ, მათ შორის, იმ ადამიანებს, არასოდეს რომ არ ჩარეულან პოლიტიკაში. ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ჩვენმა საზოგადოებამ შეძლო ის, რომ ხელისუფლებას უკან გააწვევინა კანონი.
"9 მარტის გადაწყვეტილება იყო ხელისუფლების ძალიან გონივრული ნაბიჯი"
გიორგი კეკელიძე, მწერალი: - ამ მოვლენებს, რომელიც გულისხმობს ევროპულობასა და ევროპისკენ სწრაფვას, ვფიქრობ, ღრმად ქრისტიანული ფესვები აქვს, რადგან თავის დროზე მირიან მეფის არჩევანი, გარდა რელიგიის არჩევანისა, იყო ევროპულობის არჩევაც და აქედან გამომდინარე ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ახალგაზრდების ძალიან გულწრფელი სურვილი და პროტესტი, რომელიც 7 მარტის ღამეს გამოვლინდა, და რომელიც იყო სრულიად ცალკე მდგომი ძალა, არა მიტმასნილი სხვა ძალებთან. 9 მარტის გადაწყვეტილება იყო ხელისუფლების ძალიან გონივრული ნაბიჯი.
"დიდი მადლობა ჩვენს ბავშვებს!"
მანანა მენაბდე, მომღერალი: - მე ყოველთვის იქ ვარ, სადაც მოაზროვნე ადამიანები არიან, მაგრამ ერთი მინდა გითხრათ, - ევროპისაკენ კი არა, ჩვენი ქართულისკენ უნდა გვეჭიროს გეზი! რამე რომ გაგვიჭირდეს, ის ევროპაც ფეხებზე დაგვიკიდებს! ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ ქართულ ფუძეზე და ჩვენი მრწამსი დავნერგოთ მათში!
"ენა, მამული, სარწმუნოება" - დიდმა ილიამ დაგვიბარა, რომელიც წმინდანად არის შერაცხილი და აი, ამას უნდა მოვუაროთ რუდუნებით.
ევროპა ბუტიკები და მაღაზია კი არ არის, უნდა მივბაძოთ იმით, რომ იყოს სიტყვის თავისუფლება, წესრიგი და ერთმანეთის პატივისცემა. შეიძლება სხვადასხვა აზრი გვქონდეს, მაგრამ ასე ბილწსიტყვაობით არაფერი გამოვა! ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ! ევროპასაც და ამერიკასაც სათავისოდ სჭირდება საქართველო, ამიტომ ჩვენ უნდა მივხედოთ საკუთარს და დავიცვათ ის, არავინ უნდა ერეოდეს ჩვენს შინაგან პოლიტიკაში! მე ასე მესახება საქართველოს მომავალი. დიდი მადლობა ჩვენს ბავშვებს! მათი დამსახურებით, ჩვენმა ხელისუფლებამ უკან დაიხია და გაიწვია კანონი!
"გაოგნებულები მეკითხებიან, ნუთუ ეს მართლა ხდება შენს ქვეყანაშიო"
ბადრი წერედიანი, რეჟისორი: - ევროპას ალტერნატივა არა აქვს. ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია. ჩვენ ვართ უძველესი ევროპელები, ვიღაცებისაგან განსხვავებით. ლიეტუვაში, სადაც ახლა ვმუშაობ, და რომელიც ყველაზე მეტად გვეხმარება ყველა საშუალებითა და ძალით, რომ მოვხვდეთ ევროპის დიდ ოჯახში, ჩემდა სამწუხაროდ, ბოლო დროს აშკარად შეინიშნება, რომ შეურაცხყოფილი და დაბნეული არიან - მათი შეხედულება ქართველებზე აქამდე სულ სხვაგვარი იყო, დღეს კი გაოგნებულები მეკითხებიან ჩემი აქაური მეგობრები, ნუთუ ეს მართლა ხდება შენს ქვეყანაშიო.
საბედნიეროდ, 9 მარტის გადაწყვეტილებამ გადაგვარჩინა, რომ საბოლოოდ არ ჩამოვშორდით დიდ ევროპულ ოჯახს.
"ვის დავუჯერო, "ნაციონალებს" თუ ვაშაძეს, ეს ჩვენი ბავშვები რომ წააქეზა"
თემურ ჩალაბაშვილი, პოეტი - ეს რა ვნახე? ეს რა იყო? ვკანკალებდი... გულწრფელად მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც აკეთებენ იმას, რაც სწამთ და ესენი არიან ჩვენი შვილები. სახლში რა გამაჩერებდა, მეც წავიდოდი, მაგრამ იმხელა ოპერაცია გადავიტანე, წამალს წამალზე ვსვამ. თუმცა ამ პარტიების გამოც შევიკავე თავი - ვის დავუჯერო, "ნაციონალებს" თუ ვაშაძეს, ეს ჩვენი ბავშვები რომ წააქეზა და ამის გამო კინაღამ სისხლისღვრა მოხდა... თუ ხაბეიშვილს დავუჯერო, წესიერად რომ ვერ გაურკვევია, სად არის? ყველა სათავისოდ იყენებს ამ სიტუაციას და ამიტომ არცერთი პარტიის არ მჯერა.
ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ზვიად გამსახურდიას გვერდით დგომა იყო საჭირო, მას რამდენიმე ადამიანი ვახლდით და ამით ვამაყობ. მე იმ საოცარი სულისკვეთებიდან მოვდივარ, მაგრამ მაშინ იქ ეროვნული სულისკვეთება იყო...
ეს შედეგი ჩვენი შვილების უდიდესი დამსახურებაა! ახლა მთავარია, სწორი კურსი შევინარჩუნოთ და არ მოვდუნდეთ! მე პოეტი ვარ და ჩემს სათქმელს ასე გეტყვით:
"ვცხოვრობ უფლის განაჩენით მწამს ღმერთი და სულიწმინდა. სხვა ჯანდაბას დანარჩენი, ქვეყნის გადარჩენა მინდა..."
"ხელისუფლებას ერთ მეგობრულ რჩევას მივცემ: არ გინდათ, ნუ შეეჯახებით ახალგაზრდებს, მათი ძალა კედელს გაანგრევს!"
მიხეილ ჭიაურელი, რეჟისორი:”- როგორ შეიძლება ახალგაზრდებს შეასხა სპირტი თვალებში იმისთვის, რომ შენი გაიტანო?! მთავრობა ხალხის მხარეს უნდა იყოს და არა პირიქით.
1956 წელს ჩემ თვალწინ დახოცეს ახალგაზრდები, 9 აპრილს ისევ ჩემ თვალწინ დახოცეს ბავშვები და ქალები. აფხაზეთი იყო და, რამხელა უბედურება ვნახე, გახსენებაც არ მინდა. რა უნდათ, ისევ ამ ყველაფრის გამეორება? ცხოვრებაში წამალი რომ არ დამილევია, მეორე დღეა წამლებს ვსვამ. შვილები არ ჰყავთ, თავიანთ შვილებს როგორ უნდა ჩახედონ თვალებში?! რადგან ამაზე წავიდნენ, უფრო შორსაც შეტოპავენ და შეიძლება ძალიან დიდი უბედურება დაგვატყდეს თავს. ჩვენი საშველი არ არის, ყველაფრის ღირსი ვართ, აქამდე რომ მოვიყვანეთ ეს ჩვენი ახალგაზრდობა. მაგრამ ავიწყდებათ, რომ ახალგაზრდებს ვეღარ გააჩერებენ, ძალიან დიდი ტალღა წამოვიდა. შედეგმაც არ დააყოვნა, 9 მარტს უკან გაიწვიეს კანონი. ისე ხელისუფლებას ერთ მეგობრულ რჩევას მივცემ: არ გინდათ, ნუ შეეჯახებით ახალგაზრდებს! მათი ძალა იმდენად დიდია, ყველანაირ კედელს გაანგრევს! დროა, გონს მოვეგოთ და ფართოდ გახელილი თვალებით შევხედოთ იმ ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო ხდება.
"მე ვდგავარ იქ, სადაც ჩემი შვილები დგანან"
კატო ჯავახიშვილი, მწერალი: - ახლა, როცა ქვეყანას ასეთი გადამწყვეტი დრო უდგას, იმის მაგივრად, ჩვენი გადასახადებით გამოკვებილი მთავრობა ყველაფერს აკეთებდეს 12 პუნქტის შესასრულებლად, უფრო მეტად გვაშორებს ევროპულ ფასეულობებს და ხალხს წითელი ნაჭერივით უფრიალებს ამ საშინელ კანონს, რომელიც, ზუსტად იცოდნენ, რომ ხალხის უკმაყოფილებას გამოიწვევდა. საერთაშორისო პარტნიორებს თავი რომ დავანებოთ, ქართველი ხალხი არ დაუშვებდა რუსეთის გუბერნიად გადაქცევას და ასეც მოხდა! მე ვდგავარ იქ, სადაც ჩემი შვილები დგანან. იქ, სადაც ჩვენი ახალგაზრდების ხმა ისმის და ყოველთვის ასე იქნება.
"არ შეიძლება გადაიდგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენივე კონსტიტუციას ეწინააღმდეგება!"
ვანო ხუციშვილი, თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი:
- ერის, რომელიც ყოველთვის ცხოვრობდა ევროპული ფასეულობებით, ისტორიული ვალდებულება და მოვალეობაა ყოველთვის დაიცვას თავისი არჩევანი! ეს არჩევანი გადის ღირსებაზე და ადამიანის, როგორც მთავარი ფასეულობის, უპირობო არსებობაზე. არ შეიძლება გადაიდგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენივე კონსტიტუციას ეწინააღმდეგება! ჩემი არჩევანი ევროპაა! ყველა ხელისუფალი ვალდებულია ხალხის მაჯისცემას უსმენდეს და რეაგირებდეს.
"ვულოცავ ჩემს ხალხს ამ დიდ გამარჯვებას!"
რეზო ჩხიკვიშვილი, მსახიობი: - ბოლო დღეებია, აქ, გერმანიაში, ყველამ იცის, რომ საქართველოში საპროტესტო მიტინგებია ამ კანონის გამო. ყველა აქ მცხოვრები ქართველი ჩვენი ხალხის გვერდითაა. 30 წელია ევროპაში ვცხოვრობ და, რა თქმა უნდა, მივესალმები ევროინტეგრაციას! აქაური ქართველობა, ყველა, ვინც იცის თავისუფლების, ღირსების ფასი, გახარებულია კანონის უკან გაწვევით. ვულოცავ ჩემს ხალხს ამ დიდ გამარჯვებას!
"კარგია, რომ ხალხის ხმას ძალა აქვს და ამ დიდ არეულობას ბოლო მოეღო"
ციური მჭედლიძე, მომღერალი: - თუ სახელმწიფოში შემოსული გრანტები გაკონტროლდება, ეს ნორმალურად მიმაჩნია. კარგ საქმეს უნდა მოხმარდეს, არ უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგოდ მიმართული, მაგრამ, როცა ფული ემიგრანტებისგან შემოდის იმიტომ, რომ ოჯახები არჩინონ, აგენტებად როგორ უნდა ჩაითვალონ?! მთელი საქართველო სამუშაოდ ან სასწავლებლად არის გასული ქვეყნიდან და მათი გამოგზავნილი ფული ისევ მათ ოჯახებს ხმარდება. მიხარია, რომ საზოგადოებამ არ დაუშვა ამ კანონის მიღება, რომელიც, ვფიქრობ, საეჭვო გრანტების გასაკონტროლებლად შექმნეს. კარგია, რომ ხალხის ხმას ძალა აქვს და ამ დიდ არეულობას ბოლო მოეღო.
"ყველამ გაიგოს, საზღვარგარეთ ნამდვილი ქართველები ცხოვრობენ და უერთდებიან ჩვენს ახალგაზრდობას"
მარინე ზიზვიძე, ფილოლოგი (ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი):
- არა რუსულ კანონს! კმარა, ქართველობის ჩაკვლა და ჩახშობა! ყველამ გაიგოს, საზღვარგარეთ ნამდვილი ქართველები ცხოვრობენ და უერთდებიან ჩვენს ახალგაზრდობას. ჩვენი დებისა და ძმების, ჩვენი შვილების გულისათვის წინ ევროპისკენ, განათლებისაკენ, კეთილსინდისიერებისკენ, საკუთარი შრომით მოპოვებული კეთილდღეობისკენ! ევროპაში წლებია ვცხოვრობ და როცა იგებენ, რომ ქართველი ვარ, დიდი პატივისცემით მხვდებიან. ვენაში მცხოვრები ქართველები არასოდეს შევეგუებით მსგავს უზნეობას! წინ ევროპისაკენ! მეგობარმა დამირეკა და მითხრა, ვიცოდი, რომ ქართველები მაგარი ხალხი ხართ, მაგრამ ასეთი ძლიერები თუ იყავით, არ გვეგონაო! მე ამაყი და ბედნიერი ვარ. არც მიკვირს, რომ ჩვენმა ხალხმა ეს შეძლო.
"ჩვენ, ქართველები, ცივილიზაციის ნაწილი ვართ და არა სიბნელის!"
ნანა მესხი, კომპოზიტორი: - საქართველო ევროპული ღირებულებების ქვეყანაა და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. ჩვენ, ქართველები, ცივილიზაციის ნაწილი ვართ და არა სიბნელის! ჩვენი გმირები მხოლოდ ევროპულ მომავალს შეეწირნენ! ეს არის ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისა და პროგრესის ერთადერთი გარანტია. ჩვენი შვილები ნათელ, განვითარებულ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდნენ და არა ბნელეთში! ვფიქრობ, კანონის გაწვევა ჩვენი ხელისუფლების ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო. აქამდე არ უნდა მისულიყვნენ, ეს მათ სისუსტეზე მიუთითებს.
რუსუდან შაიშმელაშვილი