„ცივილიზებულ სამყაროს არც აგვისტოს ომი უნდოდა და არც ახლა სურს მეორე ფრონტის გახსნა“
"კვირის პალიტრა" აგრძელებს ინტერვიუს თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკთან, სამხედრო ექიმ ლაშა ქოიავასთან, რომელიც რუსეთ-ურაინის ომის პარალელურად, 2008 წლის აგვისტოს ომზეც გვესაუბრება.
- როდესაც რუსეთმა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რა მოლოდინი ჰქონდათ?
- რუსები წინააღმდეგობას არ ელოდნენ. ცივილიზებული სამყარო გაოგნდა, როცა ვიღაც ქალი მოლოტოვის კოქტეილით რუსის ტანკს მივარდა და ესროლა. ამას არც რუსის ჯარისკაცი ელოდა. რუსები ყოველთვის თავიანთი ლეგენდებისა და პროპაგანდის მსხვერპლი არიან. ასე დაემართათ ავღანეთშიც. ერთხელ ავღანეთიდან დემობილიზებულ ჯარისკაცთან მომიწია საუბარმა, მითხრა, მეგონა, ავღანეთის გასათავისუფლებლად მივდიოდი, რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ვიღაც დუშმანები გვებრძოდნენ, მაგრამ როდესაც დავინახე, რომ ბავშვმა, რომელიც აღებულ ქვას ძლივს ერეოდა, გვესროლა, მივხვდით, რომ ავღანეთში ყველას ვეზიზღებოდითო.რუს ჯარისკაცებს ეგონათ, ავღანეთში ყვავილებითა და ფლავით დახვდებოდნენ. იგივე სიტუაცია დახვდათ უკრაინაშიც. აქ არის მეორე საკითხიც: რუსები ამბობენ, რომ მეორე მსოფლიო ომი ანუ როგორც თავად უწოდებენ, სამამულო ომი, მარტო მათ მოიგეს, მათ არავინ დახმარებია, პირიქით, ხელს უშლიდნენ. უზარმაზარი სააგიტაციო მანქანის დამსახურებაა იმ "უკვდავ პოლკზე" ლეგენდაც, ყოველ 9 მაისს ომში დაღუპული ოჯახის წევრების ფოტოებით რომ გამოდიან მათთვის პატივის მისაგებად. ეს ძალიან ეფექტურია ქვეყნის სამხედრო რელსებზე დაყენებისთვის, დაპყრობითი ომისთვის ადამიანის მენტალიტეტის შესაცვლელად. დონბასში რუს ჯარისკაცს ახლაც სჯერა, რომ წინ ვერაფერი დაუდგება. აქ კარგად მუშაობს პროპაგანდისტული გადაცემები, სადაც მონაწილეები ჰყვებიან, როგორ გადაჯდება რუსული სადესანტო პოლკი რომელიღაც კუნძულზე და ნორვეგიელები წამსვე იარაღს დაყრიან. მოკლედ, ამათ რომ ჰკითხო, ხელის ერთი მოსმით დაიპყრობენ ნატოს ბლოკის ქვეყნებს...
- თუმცა საინფორმაციო ომი რუსეთმა უკვე წააგო, რადგან მთელ მსოფლიოს უკრაინის მხარდამჭერი საინფორმაციო ხაზი აქვს.
- რა თქმა უნდა, წააგო. "თალიბანმაც" კი გამოთქვა შეშფოთება რუსეთის უკრაინაში შეჭრის თაობაზე, რადგან რუსეთს ვინც მის გარშემოა, ყველა დაპყრობილი ჰყავს. არ ჰყავს მეზობელი, რომლისთვისაც ტერიტორია არ ჰქონდეს ჩამოჭრილი.
- რუსეთის თავდასხმა სექტემბერში დამუხრუჭდა. უკრაინის ჯარი უფრო ორგანიზებული გახდა. სათანადო შეიარაღება მიაწოდეს?
- უკრაინის ჯარი საწყის ეტაპზე იმას დაეყრდნო, რასაც ქართველები ომის დროს ვეყრდნობოდით - ინიციატივასა და პატრიოტულ სულისკვეთებას. როგორც აღმოჩნდა, უკრაინული ჯარი ისეთი მაგარი ვერ იყო, როგორიც ჩვენი... შემდეგ დაიწყო ხალხის მომზადება, ჩამოვიდნენ ამერიკელი ინსტრუქტორები და მოამზადეს სერჟანტებიც და ოფიცრებიც. აზოვის პოლკი უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსონალური გმირობის მაგალითია, ისევე როგორც ჩვენთან შინდისის ბიჭების. დასავლეთის დახმარებამ კარგი ნაყოფი გამოიღო და რუსებმა უკან დახევა დაიწყეს. რა თქმა უნდა, არც რუსეთია ხელწამოსაკრავი.
- ფაქტია, მთელი წელი თავისი რესურსით ომობს.
- გეთანხმებით და ამ დროს მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ არის. მოლოდინი, რომ სამ თვეში რუსეთი გაცამტვერდებოდა, რბილად რომ ვთქვათ, დიდი სისულელეა, ისევე როგორც ის, რომ სამ თვეში უკრაინისგან ფერფლიც არ დარჩებოდა.
- თავიდან რუსეთის მხარეზე იყო ინიციატივა, შემდეგ უკრაინის მხარეს გადავიდა. ახლა, ასე თუ ისე, რუსეთი წინ მიიწევს და გვაქვს ბახმუტი, სადაც ორივე მხარემ ძალიან დიდი რესურსი ჩადო. კარგად გამაგრებული ქალაქია, ფაქტია, რუსები ნახევარ წელზე მეტია ამ ქალაქს ვერ იღებენ. ღირს კი ბახმუტი ამხელა დანაკარგად, ამ ქალაქისთვის ასეთი სისხლისმღვრელი ბრძოლები? იქნებ საქმე რაიმე სიმბოლურთან გვაქვს...
- როდესაც სიმბოლიკისთვის იწყებ ომს, აუცილებლად წააგებ, ისევე როგორც ჰიტლერს სტალინგრადთან დაემართა. თუმცა ბახმუტი რუსეთს სჭირდება ბუფერული ზონისთვის. ჩათვალეთ, ის არის ციხე, რომელიც მინდორში მყოფს დაგყურებს. იქიდან ყოველთვის შეუძლიათ შენი ჯარის დაზიანება. ამიტომ რუსეთმა ბახმუტით უნდა გააკონტროლოს თავისი ბუფერული ზონა, რათა ყირიმზე სახმელეთო გზას პრობლემა არ შეექმნას. უკრაინელები ბახმუტს იმიტომ არ თმობენ, რომ კარგად იციან, თუ ბახმუტი დაიკარგება, მაშინ, ერთი მხრივ, რუსეთს ყირიმისკენ სახმელეთო გზა მშვიდი ექნება, მეორე მხრივ, უკვე საფრთხეს შეუქმნის ოდესის გზას და დნესტრისპირეთისკენ გზაც გაეხსნება.
- რა შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის გამარჯვებად: რუსების შესვლა კიევში და ხელისუფლების ჩამოგდება თუ კიდევ სხვა რამ?
- იგივე, რაც საქართველოში გააკეთა, აიძულოს ხელისუფლება ხელი მოაწეროს ცეცხლის შეწყვეტას, დემილიტარიზაციას.
- მიტაცებული ტერიტორიების აღიარება?
- შეიძლება უკრაინამ არც აღიაროს ისინი რუსეთის ნაწილად, ამაზე რუსეთი არც დარდობს. მთავარია, ცეცხლის შეწყვეტა, დემილიტარიზაცია, რაც ავტომატურად ნიშნავს, ადამიანს იარაღი არა აქვს და თავს ვერასდროს დაგესხმება.
- ამით რუსეთი დამშვიდდება?
- საქართველო რომ ჩაიჯიბა, დამშვიდდა? რა თქმა უნდა, არა. ამის შემდეგ დაიწყო მოძრაობა უკრაინისკენ - ევროპის მიმართულებით. რასაკვირველია, ამით არაფერი მთავრდება, მაგრამ ის ჯერ უნდა მოძლიერდეს, რათა გზა განაგრძოს. რუსეთი თუ მიუშვი, ლისაბონში ჩავა. პუტინის რუსეთმა დაანახა მსოფლიოს, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. სავარაუდოდ, წინააღმდეგობა გაგრძელდება, იქნება პარტიზანული მოძრაობაც.
- გასაკვირია, რომ პარტიზანული მოძრაობა არ გაჩნდა რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
- ჩვენ რა ვიცით, რომ არ არის? პარტიზანულ მოძრაობაზე არც ბრიტანული გამომცემლობა იტყვის რამეს, არც ამერიკული და არც რუსული. ამაზე საუბარი არავის აწყობს.
- აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენთან თუ იყო ფიქრი სახალხო წინააღმდეგობაზე?
- 8 აგვისტოს გია ყარყარაშვილი ჩავიდა გორში და "ნაცმოძრაობის" "პოლიტბიუროსთან" შეხვედრას ცდილობდა, მაგრამ ვერავინ ნახა. შემდეგ გაიგო, რომ ტყვიავში სამხედრო ჰოსპიტალი იდგა, 9-ში ჩემთან ჩამოვიდა ტყვიავში და მთხოვა, იქნებ ვინმეს შემახვედრო, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ახლა რაც ხდება, ბევრჯერ მაქვს ნანახი, ყველაფერი ვიცი, რისი გაკეთებაა საჭირო, რა იქნება სწორი და რა შეცდომა, ახლა პროცესი არასწორად მიდის და საერთოდ, ცხინვალში რატომ შეხვედითო. როცა მოვუყევი, თავდაპირველი სამხედრო გეგმა რას ითვალისწინებდა, გადაირია, ვინ ეკითხებოდა შალვა ჯანაშვილს სამხედრო გეგმის შეცვლასო. წავედი შტაბში, შმაგი თელია დამხვდა, გენშტაბის უფროსის მოადგილე. გიას ნათქვამი გადავეცი და თან დავამატე, ამხელა საბრძოლო გამოცდილების კაცია, გამოვიყენოთ, კარგის მეტს რას გააკეთებს-მეთქი. გიას დაძახებაზე ბევრი მებრძოლი შეგროვდებოდა. როცა გაიგეს, გია გორში იყო, აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში ნაომარი ბიჭები მოვიდნენ. შტაბში რაღაცნაირი ავადმყოფური სიტუაცია იყო - კუდ-ის უამრავი თანამშრომელი ირეოდა, სამხედროები ძლივს ახერხებდნენ პროცესის გაკონტროლებას. სავარაუდოდ, თელია გენშტაბის უფროსს ან მინისტრს ესაუბრა. იქ თქვეს, ჩვენს მოგებულ ომს ყარყარაშვილს ვერ მივაწერთ, ვის სჭირდება წაგებული ომის გენერალიო, ღადაობდნენ. მერე, როცა დაინახეს, რომ ომს აგებდნენ, 11 აგვისტოს იკადრა კეზერაშვილმა გიასთან შეხვედრა. შენობიდან გამოსვლის დროს ძალიან სასაცილო იყო, დიდხანს იცვამდა ჯავშანჟილეტს და თან ვერ ახერხებდა. გია ირონიული ღიმილით უყურებდა. ინვალიდი კაცი მანქანაში იჯდა ყოველგვარი ჟილეტის გარეშე, პერანგით, მინისტრი კი ეზოში ჯავშანჟილეტით გამოვარდა. რომ ვერ ჩაიცვა, მოიხსნა, მივიდა და გიას დაელაპარაკა, თან ტელეფონით ვიღაც ბიჭი წარუდგინა, ჩემი მოადგილეაო. სავარაუდოდ, საკონტაქტო პირი უნდა ყოფილიყო. კეზერაშვილის მოადგილემ გიას ტელეფონის ნომერი ჩააწერინა, რამდენიმე წუთში დარეკა გიამ, ტელეფონი გამორთული იყო, არც არასდროს ჩართულა(?!).
როცა ომი წავაგეთ და ჯარი გამორბოდა, გია გორში იყო. ვეტერანები შევგროვდით, რამე ვქნათ, რაღაც მოვიმოქმედოთო. გიას ვუთხარი, დიდი შანსია, ოსებს ჩაგვაბარონ. ჩავიდეთ თბილისში, დავგეგმოთ, რას ვაკეთებთ და როგორ, გავარკვიოთ, რამდენი ვართ, რა შესაძლებლობები გვაქვს, ასე, ვაშა დავიძახოთ და სადმე შევცვივდეთ, არ გამოვა-მეთქი.
- საუბარი პარტიზანულ მოძრაობაზე იყო?
- სახალხო წინააღმდეგობაზე, ასე ვთქვათ. შემდეგ გიასთან მივიდნენ "კომპეტენტური ორგანოები" და უთხრეს, თუ არ გინდა შენ და შენს ბიჭებს პრობლემები შეგექმნათ, განზრახვაზე ხელი აიღეთო.
- ჩემი ინფორმაციით მაშინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე "მხედრიონი" იყო შესული.
- შესული არავინ ყოფილა, პარტიზანული მოძრაობა როგორც ასეთი, არ გაჩაღებულა, ისე, კი სცადეს ჩვენებმა, მაგრამ არ გამოვიდა. არა იმიტომ, რომ ხელშემშლელი ფაქტორი რუსები იყვნენ, უბრალოდ, რამდენიმე დღეში კუდ-ი ჩადგა, უამრავი პოლიციელიც იყო. განძრევა და შენი დაპატიმრება ერთი იყო...
2007-ში სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი გაუქმდა. როგორც ადრე გითხარით, იმ დროს ჯარი დააკნინეს, უფლებები ჩამოართვეს, პოლიციური მართვა დაიწყო. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოქრუაშვილის მინისტრობის დროს თათბირებზე მინისტრი ოფიცრებს აგინებდა. ამის გამო ბევრმა ოფიცერმა ჯარი დატოვა. ნებისმიერ აღშფოთებულ ოფიცერს სამსახურიდან უშვებდნენ.
აგვისტოს ომის შემდეგ ცხადი შეიქნა, რომ ჯარი გამწარებული და უკმაყოფილო იყო, რაც ხელისუფლებას, ცოტა არ იყოს, აშინებდა. ჯარი რომ იქით დაეშინებინათ, მუხროვანის ამბოხების ინსპირირება მოხდა, ხელოვნურად შეუწყვეს ხელი სიტუაციას...
- უკრაინას დავუბრუნდეთ... პუტინი შეიძლება შეეგუოს ლუგანსკისა და დონეცკის დათმობას, მაგრამ არ შეეგუება ყირიმის დაკარგვას.
- ლუგანსკი და დონეცკი იმისთვის სჭირდება, რომ სახმელეთო გზა ჰქონდეს ყირიმზე - მას ყირიმი სჭირდება.
- ბოლო დროს გახშირდა მოკავშირეების განცხადებები, რომ უკრაინას შეუძლია ყირიმს შეუტიოს. თუ ყირიმი მართლაც დაიბომბა, შეიძლება ეს იყოს ის წითელი ხაზი, როდესაც რუსეთმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკვე სამამულო ომად გამოაცხადოს, რაც ნიშნავს, რომ მთელი ქვეყანა სამხედრო რელსებზე გადავა?
- სავარაუდოდ, ასეც მოიქცევა, რუსებისთვის ამ ეტაპზე ყირიმი წითელი ხაზი გახდება.
- არაერთხელ მოგვისმენია განცხადებები ე.წ. მეორე ფრონტის შესახებ, სადაც მთავარი აქტორი საქართველო უნდა იყოს.
- ეს სრული სიბეცეა. ცივილიზებულ სამყაროს არც აგვისტოს ომი უნდოდა და არც ახლა სურს მეორე ფრონტის გახსნა. სანამ რუსეთი არ დაიჩოქებს, ჩვენგან რაიმე საბრძოლო მოქმედება არავის სჭირდება. აი, როცა დაეცემა, მაშინ უნდა დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები.
- რუსების მხარეზე დღეს იბრძვიან აფხაზი სამხედრო დაჯგუფებები, ასევე მოხალისეთა რაზმები ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან. ომის წაგების შემთხვევაში რუსეთმა თავისი ბედკრული მდგომარეობით რომც არ მოინდომოს აფხაზეთის საკითხში ჩარევა, ჩვენ რამდენად შევძლებთ ასეთი გამოცდილების მქონე აფხაზებისთვის ომის მოგებას?
- როგორც ვთქვით, იმისთვის, რომ აწარმოო ომი, გჭირდება ჯარი მთელი თავისი შემადგენლით: დაზვერვით, შეიარაღებით, სათანადო ლოჯისტიკით, განათლებული ოფიცრებით, სერჟანტებით, სამხედრო საქმეში გაწვრთნილი ჯარისკაცებით. ამ ყველაფრის შექმნა ერთ-ორ დღეში შეუძლებელია, ამას 10 წელი სჭირდება. ჩვენ დიდი ხანია დაწყებული უნდა გვქონდეს ჯარის მომზადება, რათა საჭიროების შემთხვევაში მოახერხოს საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.
იხილეთ ასევე: კრემლის "საშინაო დავალება" ანუ 30-წლიანი ომი რუსეთთან