„ვამაყობ ქართველებით! მგლებივით იბრძვიან“
ერთ წელზე მეტია უკრაინა მთელი ცივილიზებული სამყაროს დახმარებით რუსეთის სამხედრო აგრესიას გმირულად ეწინააღმდეგება. უკრაინელები დიდი სისხლის ფასად ყოველდღე ამტკიცებენ, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას იმსახურებენ. ამ ომში გმირობის უდიდესი ისტორია დაწერა ლეგენდარულმა "აზოვის" ბატალიონმა. 29 წლის "აზოველი" რუსლან რომანოვი, რომელიც 9 წელია ამ ბატალიონის წევრია, უკრაინის ომის პირველ დღეებსა და სირთულეებზე გვესაუბრა:
- 29 წლის ვარ, წარმოშობით ლვოველი. ჩემი სამხედრო გზა 2015 წელს დაიწყო. მანამდე ჩემს თავს პანკროკერს ვუწოდებდი. 16 წლის ასაკში შევქმენი პირველი როკჯგუფი, თუმცა მუსიკალური განათლება არა მაქვს, სპეციალობით პარიკმახერ-სტილისტი ვარ და ომამდე ვმუშაობდი. 2015 წელს იმ დროისთვის ცნობილ "აზოვის" ბატალიონში შევედი. იქ ჩემსავით ხელოვანებიც იყვნენ და სხვადასხვა პროფესიისა თუ ასაკის მებრძოლები...
გასული წელი უკრაინისთვის უმძიმესი იყო. 2022 წელსაც ველოდებოდით რუსეთისგან თავდასხმას, მაგრამ არა ასეთ მასშტაბურს. როდესაც რუსეთი შემოიჭრა, ლვოვიდან კიევში წავედი დედაქალაქის დასაცავად. პირველ თვე-ნახევარს მე და ჩემი მეგობრები სამოქალაქო ფორმებით ვიბრძოდით, იარაღი თითქმის არ გვქონდა. ქუჩაში ვაგროვებდით ყველაფერს, რაც ხელში მოგვხვდებოდა. რუსები კიევსა და მის შემოგარენში არავის ინდობდნენ, ბავშვი, ქალი, მოხუცი - სულერთი იყო, ყველას მხეცურად უსწორდებოდნენ. ჩვენი მიმართულება იყო გორენკა, ირპენი, იქვე მოშუნა, რომელიც კიევის ოლქს ეკუთვნის. ირპენი-ბუჩაზე უამრავი დაიწერა და ითქვა, მაგრამ მე ვნახე რუსული ტყვიისა და ჭურვების პირისპირ დარჩენილი ადამიანები, რომლებიც მაინც იბრძოდნენ ერთმანეთის გადასარჩენად და მტრის წინააღმდეგ. მეგონა, ჩემს ხალხს ვიცნობდი, თურმე ვცდებოდი - უკრაინელი ერი გმირია. გაყინული, მშიერი, წყურვილისგან გონების დაკარგვამდე მისული ხალხი აქეთ გვეხმარებოდა - არ შეშინებიათ, პირიქით, ბრაზი ახრჩობდათ. საერთაშორისო საზოგადოებამ "სლავა უკრაინისთვის" რუსი ფაშისტების დახვრეტილი, ხელებზე ბორკილდადებული ტიმოფეი შადურა ნახა, მე კი ასობით და კიდევ მეტი. მოსახლეობა გვიყვებოდა, როგორ ესროდნენ რუსები ხელებშეკრულ, კედელთან მიყენებულ მშვიდობიან მოქალაქეებს უკრაინული დროშის, სამაჯურის, გულსაბნევისა და სხვა ეროვნული ატრიბუტიკის გამო.
დედაქალაქის დაცვის შემდეგ ქვეყნის აღმოსავლეთით წავედით, საიდანაც მტერი გვიტევდა.
- შეიარაღების პრობლემა გამოსწორდა?
- დიახ. აღმოსავლეთით მეორე ბატალიონის 1-ელ ასეულში, რომელიც ორი ბატალიონისგან შედგებოდა, პირველი შემტევი ოცეულის მეთაური ვიყავი. მაისის ბოლოს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე ავფეთქდი, რის შემდეგაც ამდენი თვეა ვმკურნალობ, ხელჯოხის გარეშე ვეღარ დავდივარ, თუმცა მაინც ვცდილობ ჩემს ქვეყანას დავეხმარო - საქველმოქმედო ორგანიზაცია შუპპორტ Aზოვ-ის საქმიანობაში აქტიურად ვარ ჩართული.
- ქართველ მოხალისეებსა და პროფესიონალ სამხედროებს თუ შეხვედრიხართ?
- 2014 წლიდან უამრავი ქართველი იბრძვის უკრაინაში. ერთ-ერთი მათგანი იყო გიორგი სარალიძე, იგივე "გიურზა-2", რომელიც დონეცკის აეროპორტთან ბრძოლის დროს დაიღუპა. მას ვიცნობდი, ნამდვილი სამხედრო იყო და უდიდეს პატივს ვცემდი. 57-ე ბრიგადაში მსახურობდა, 31 ოქტომბერს დაიღუპა, როცა სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს საყრდენ პუნქტ ოპიტნის, დონეცკის ოლქში. ვიცოდი, რომ "გიურზა" საქართველოს არმიის ვიცე-პოლკოვნიკი იყო და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, მანამდე კი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე იყო. დონბასში ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ჩამოვიდა და აზოვის ბატალიონში მოხალისედ ჩაეწერა. 2015 წელს მძიმედ დაიჭრა, თუმცა მკურნალობის შემდეგ ისევ ბრძოლის ხაზზე დაბრუნდა... შემდეგ კი მსახურება გააგრძელა სადაზვერვო შენაერთის მეთაურად 92-ე და 57-ე ბრიგადებში. ზაპოროჟიეში ჩვენებმაც მიაგეს პატივი მის ხსოვნას მამაცობისა და თავდადების გამო. გიორგი პირველი დღიდანვე ჩვენ გვერდით იყო. აქ, ფრონტის ხაზზე, ყველა ერთი ოჯახის წევრი ვხდებით, ასეთია ომის დაუწერელი კანონი. ვამაყობ ქართველებით! მგლებივით იბრძვიან.
- თქვენს ჭრილობაზეც გვიამბეთ...
- დაზიანებები სახის არესა და ფეხზე მქონდა. ექიმებმა მაშინვე საველე ჰოსპიტალში გამაქანეს. მას შემდეგ ორი თვის განმავლობაში აუტანელი ტკივილით ვიტანჯებოდი. რვა თვე გავიდა, მაგრამ ტკივილი ისევ მაწუხებს. თუმცა ასიათასობით კაცი დაიღუპა და დასახიჩრდა ამ ომში, ჩემი ჭრილობა რა მოსატანია.
- რას ნიშნავს ომის პირისპირ ცხოვრება?
- ყოველდღიურ ბრძოლას, ერთმანეთის, საკუთარი თავის, სახელმწიფოს გადასარჩენად და მსოფლიოსთვის იმის დამტკიცებას, რომ ასე ადვილად ვერ დაგვაჩოქებენ. სადაც რუსეთია, იქ ბოროტება, სისხლი, სიბნელე, ტყუილი და ცრუპროპაგანდაა, რომელიც ომზე არანაკლებ საშიშია. რუსეთის ბუნებას უკრაინელებზე ნაკლებად არ იცნობს ქართველი ერი. რუსეთი ცდილობს შხამით გაგუდოს ყველა, ვინც გაბედავს და იტყვის, რომ მის ჭაობში დარჩენა არ უნდა. საქართველოც ომის პირისპირ ცხოვრობს, თქვენი ქვეყნის ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ბაზებია, იტაცებენ ადამიანებს, რომლებიც ბოსტანს თუ ბაღს ამუშავებენ, უბრალოდ, ინტენსივობა და მასშტაბია განსხვავებული. ამიტომ გესმით ჩვენი და გმადლობთ ამისთვის. უკრაინის მოსახლეობა რუსული რაკეტების, ჭურვების, დრონებისა და ტანკების პირისპირ ცხოვრობს, რაც წარმოუდგენელ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი ბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ იცის, შესაძლოა სახლ-კარი დაენგრეთ, სიცოცხლე დაკარგონ. ჩვენ, სამხედროები, მაინც სხვაგვარად ვუყურებთ ყველაფერს, მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები, მოზარდები ბოლომდე მაინც ვერ იაზრებენ, რაც გარშემო ხდება. თუმცა ჩვენ უკრაინელები ვართ, ძლიერი, თავისუფალი ერი, და გავიმარჯვებთ, რადგან სიმართლე და ღმერთი ჩვენს მხარესაა. ცნობილი ატამანის ივან სირკოს თქმის არ იყოს, მონები მონებს შობენ. ჩვენ კი, მადლობა ღმერთს, მონები არა ვართ.
დიახ, ძალიან მძიმეა ომში ცხოვრება, მით უფრო მაშინ, თუ სახლი და მშობლები ჯერ კიდევ 2014 წელს დაკარგე. მათ მიჰყვნენ მეგობრები, ახლობლები, რომელთა იმედი მქონდა, მიყვარდნენ, ვუყვარდი... მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ მიწა-წყალს ვიცავდით, დიდხანს "ტერორისტებს" გვიწოდებდნენ. რუსული პროპაგანდა მუშაობდა და შედეგიც ჰქონდა. იმ წლებში "აზოვის" ბატალიონის წევრობა ადვილი არ იყო - რუსეთი პროპაგანდაში ძალიან დიდ ფულს დებდა, მათ შორის უკრაინაში, და ამის შედეგი ის იყო, რომ ბევრი, თვით უკრაინაშიც, ამრეზით გვიყურებდა. ეს ძნელად ასატანი იყო, ახლა კი მსოფლიომ გაიგო, რომ ტერორისტობა კი არა, არც ერთი დღე უსამართლოდ არ გვიბრძოლია, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და მისი კეთილდღეობისთვის ვიბრძვით. ახლა, როდესაც ამდენს წერენ "აზოველებზე", მინდა მათ ვკითხო: ბოლოს და ბოლოს, ხომ გაიგეთ, ვინც ვართ?!.. გამოუცდელი 20 წლის ბიჭი ვიყავი, როდესაც "აზოველი" გავხდი. მას შემდეგ 9 წელი გავიდა და ამ დროის განმავლობაში იმდენი ტრაგედია, სისხლი და ცრემლი ვნახე, სული გამეყინა, ტირილი აღარ შემიძლია. ბავშვების ცხედრების წინაშე ვმდგარვარ, მაგრამ ვერ მიტირია. ემოციები აღარ შემრჩა. ალბათ, მხოლოდ მაშინ ვიტირებ, როდესაც მივხვდები, რომ გავიმარჯვეთ, რომ ჩვენს ამდენწლიან ბრძოლას, ადამიანების, გმირების სიცოცხლეს უშედეგოდ არ ჩაუვლია. ეს იქნება სიხარულის ცრემლები. იმედია, ამ დღეს მოვესწრები. თუმცა, თუ უკრაინას ევროპა და ამერიკა კიდევ უფრო არ დაუდგებიან მხარში, ეს მართლაც ტერორისტი სახელმწიფო მიზანს მიაღწევს.
ლალი პაპასკირი