„ერთ დილას ტანკი მომადგა, ჩემი ცოლი მშობიარობს და უნდა წამომყვეთო“ - კვირის პალიტრა

„ერთ დილას ტანკი მომადგა, ჩემი ცოლი მშობიარობს და უნდა წამომყვეთო“

"1993 წელი იდგა, გაგანია ომი... ღამღამობით ჩემთან პარტიზანები მოდიოდნენ,­ ხომ იცით, ავადმყოფობამ დღე და ღამე არ იცის... ჩემთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა, ვისი ტყვია მომკლავდა, აფხაზის, ქართველის თუ რუსის. მარტო არ მიშვებდნენ, ყოველთვის მომყვებოდა უკან ერთი ან ორი აფხაზი. წამიყვანდნენ, რაც საჭირო იყო გამაკეთებინებდნენ და შემდეგ სახლში მაბრუნებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც რუსების ტანკითაც მივლია დაჭრილებთან, ღმერთმა იცის, რამდენი მშობიარობაც მიმიღია ტანკში. დილით ტყვიებს­ გვიშენდნენ, საღამოს კი ისევ ჩემთან მოდი­ოდნენ საშველად", - ამბობს საბერიოელი ექიმი­ მიმოზა მიქაია, რომელიც ომის დროს ერთადერთი ქართველი ექიმი იყო გალის რაიონში. დღეს ისევ საბერიოს საავადმყოფოში მუშაობს, ისევ თავს ევლება პაციენტებს. 2 მარტს მიმოზა მიქაიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჯილდო გადასცეს.

- გილოცავთ საპატიო ჯილდოს! ალბათ­, სასიხარულოა, როცა ღვაწლი გიფასდება?

- ძალიან ბედნიერი დღეა. მადლობა­ ყველას, ვინც გაიზიარა ჩემი სიხარული­. ადვილი არ იყო აქამდე მოსვლა... ვუსურვებ ქართველ და აფხაზ ხალხს შერიგებას, საქართველოს გამთლიანებას.

- დღეს როგორი სიტუაციაა აფხაზეთში?

- შედარება არ არის იმასთან, რაც იყო, მაგრამ არც ახლაა ადვილი ცხოვრება. ძალიან ძნელია მედიკამენტების შემოტანა, მიმოსვლა, ავადმყოფების აქეთ გადმოყვანა...

არც მინდა ომის გახსენება. პირველი დაბომბვის დროს ყოველი მეორე ოჯახი იწვოდა და ამ დროს მე ფეხით მივრბოდი მოხუცი ქალის საშველად ცეცხლმოკიდებული სახლის ეზოში. როცა დაბომბვა იწყებოდა, დავიმალებოდი და შემდეგ ისევ განვაგრძობდი გზას პაციენტის სახლამდე.­ ყველაზე რთული ის იყო, როცა მალულად მიწევდა მისვლა დაჭრილებთან. არასოდეს უთქვამთ ჩემთვის­ აფხაზებს, ეს ქართველია და არ დაეხმაროო. თუმცა, ავკაცს და ნაძირალას რა გამოლევს და ერთხელ ისევ აფხაზმა მიხსნა აფხაზი მოძალადისგან... ერთხელ აფხაზებმა ავადმყოფთან წამიყვანეს. უკან მობრუნებულები, ენგურის ხიდთან­ გაგვაჩერეს. მე წინ ვიჯექი და უკან მთხოვეს გადაჯდომა. ერთი ერთი მხრიდან­ ამომეფარა, მეორე - მეორიდან. მანქანის ფანჯრებიდან ლულებგაშვერილი მიმიყვანეს სახლამდე, ჩვენ შეიძლება ნებისმიერ დროს პარტიზანებმა დაგვხოცონ და შენ რა შუაში ხარო...

- ალბათ, ომის დროს არაერთხელ ჩაგიხედავთ­ თვალებში სიკვდილისთვის...

- ომი რომ დაიწყო, ყველა გაიკრიფა. ციდან ჩამოვარდნილივით მარტო დავრჩი ავადმყოფი მშობლების ამარა. განა მარტო საბერიო იყო ასე, ახლომდებარე სოფლებსაც არ ჰყავდათ ექიმი. მე უარს არავის ვეუბნებოდი დახმარებაზე. ერთხელ მოხუცი კაცი მოვიდა მეზობელი სოფლიდან,­ შვილიშვილი მიკვდება, სიცხისაგან იწვისო. ვთხოვე, მოკლე გზით წამიყვანე, რომ შინ მალე დავბრუნდე, მეც ავადმყოფი მშობლები მელოდებიან-მეთქი. წავედით, გზად საცალფეხო ხიდზე გავლამ მოგვიწია, დიდ მდინარეზე უნდა გადავსულიყავით. მივედით შუა ხიდამდე და იმ კაცმა წინ მე გამიშვა. ფეხი დავდგი თუ არა, ფიცარი ჩატყდა და მდინარეში ჩავვარდი. საშინელი ამინდი იყო, თოვლჭყაპი. ისეთი სწრაფი დინება იყო, ვერაფრით წავედი ნაპირისკენ. დიდხანს მატარა წყალმა, არხი რომ გაფართოვდა და დინება კალაპოტში ჩადგა, მაშინღა შევძელი ნაპირზე ასვლა. ბოტები წყალმა წამართვა, ვდგავარ ფეხშიშველი... ვინ დაგეხმარება? უკაცრიელი ადგილია, ამ დროს მოხუცის ხმა გავიგონე... როგორც იქნა, მოვიდა ჩემამდე, ჩამომაწოდა მოჭრილი ტოტი და ამომიყვანა. ასე გალუმპული წავედი ავადმყოფთან და იმავე დღესვე გავიყვანე ბავშვი სამშვიდობოს.

ერთ დილას ტანკი მომადგა, ჩემი ცოლი მშობიარობს და უნდა წამომყვეთო. მე მანამდე გინეკოლოგიაში არ მიმუშავია. რაც თეორიულად ვიცოდი, იმით დავეხმარე, მაგრამ გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. იმ ქალმა რომ იმშობიარა, მერე მე გავხდი ცუდად...

ყველაზე მძიმე მომენტი მაშინ დადგა, როდესაც სოფელში ათასი ჯურის უამრავი­ მეომარი შემოვიდა. მაშინ "ენგურჰესის" დირექცია ძალიან დამეხმარა. თუ რაიმე გამიჭი­რდებოდა, მათ მივმართავდი. თავიდან ხარებშებმული ურმით, ან ცხენებით დავდიოდი და ასე გამომყავდა საზღვარზე ავადმყოფები... დაახლოებით ორი წელიწადი ასეთი რეჟიმით ვიცხოვრე. ჩემს მოხუც მშობლებს მეზობლებს ვუტოვებდი. სოფელში მარტო რომ დავრჩი, ღამღამობით ტყეში ვიმალებოდი, მამაჩემის ნაბადს მოვიხურავდი და ვიძინებდი, თან ყური სახლისკენ მეჭირა, თუ მოხუცები დამიძახებდნენ, რომ გამეგონა. როცა გაერო შემოვიდა, ცოტა ამოვისუნთქე. შევეცოდე, აღმართ-დაღმართ ფეხით რომ დავდიოდი, და თავიანთი მანქანით დამატარებდნენ.

ის ძმათამკვლელი ომი რუსების პროვო­ცირებული იყო. მანამდე ქართველები და აფხაზები ოჯახებით ვახლობლობდით. ოჩამჩირეში გავიზარდე, ინტერნაციონალურ უბანში. არასოდეს გაგვირჩევია, ვინ აფხაზი იყო, ვინ მეგრელი, ვინ ქურთი და ასე შემდეგ. ყველას გვესმოდა ერთმანეთის. აფხაზებსაც აქვთ შეგნებული თავიანთი წილი დანაშაული. აი, ბევრი ახალგაზრდა კი, რომლებიც იმ ომს ვერ მოესწრნენ, თვლიან, რომ ქართველები მათი მტრები ვართ...

ქალბატონ მიმოზასთან საუბრისას საბერიოს საავადმყოფოს გადაუდებელი სამსახ­ურის ხელმძღვანელი ხათუნა გარგულია შემოგვიერთდა: - მიმოზა მიქაია ჩემი ბავშვობის გმირია. ჩვენი­ კორპუსი ერთმანეთის მომიჯნავე იყო. ომის დროს თუ შუქს დავინახავდი მიმოზას ფანჯარაში, ეს ნიშნავდა, რომ იმედი კიდევ არსებობდა. ერთხელ დედა ცუდად გახდა. ის პერიოდია, როცა აღარც საავადმყოფო გვქონდა და აღარც ექიმი გვყავდა, მაგრამ იყო მიმოზა, რომელიც თავისი სამედიცინო წითელჯვრიანი ჩანთით უშიშრად მიდიოდა ყველგან. მთელი რეგიონის იმედი იყო.

მახსოვს, ხანდახან სახლობანას რომ ვთამაშობდი, მიმოზას ვასახიერებდი. ვოცნებობდი, რომ გავიზრდები, მიმოზას მსგავსი ექიმი ვიქნები-მეთქი... მისი დამსახურებაა, რომ ჩვენს ამბულატორიას მუშაობა არ შეუწყვეტია. მისმა ენთუზიაზმმა დაგვაბრუნა ყველა, ვინც დღეს აქ ვმუშაობთ. ის ავტორიტეტი იყო როგორც ქართველების, ისე აფხაზებისათვის.

რუსუდან შაიშმელაშვილი