"ჩავიფიქრე, ბევრი შვილი მყოლოდა, ეს იყო ყველაზე ღირებული, რაც ჩემი ქვეყნისთვის შემეძლო"
როგორ არ უნდა შეგეშინდეს 10 შვილის გაჩენის, როცა ვიღაცას ერთის გაზრდაც აშინებს?! როცა ამხელა ტვირთს იდებ, წინდაუხედავი ხარ თუ გმირი, რომელმაც იცის, რომ თავის სიცოცხლეში ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს?! ვფიქრობ, მაკა ხოხონიშვილი და ვლადიმერ ვასაძე გმირები არიან. განსაკუთრებით კი მაკა, ადრე დაობლებული გოგონა, რომელმაც პატრიოტიზმიცა და სიცოცხლის აზრიც შვილების გაჩენაში დაინახა. ამ გადაწყვეტილებამ ის მამაც ქალად აქცია, რომელიც არანაირ სირთულეს არ უშინდება.
მაკა ხოხონიშვილი: - იმ სირთულეებზე რომ დავფიქრდები, რაც ჩემი შვილების გაზრდაში გამოვიარე და კიდევ მაქვს გასავლელი, თავადაც მიკვირს, ნუთუ ეს მე შევძელი-მეთქი. ძალა შვილების სიყვარულმა მომცა. მაღიზიანებს ახალგაზრდების ყოყმანი, რომლებიც ერთი შვილის გაჩენასაც შორეულ მომავალში გადადებენ ხოლმე. ახლა 42 წლის ვარ, 10 წლის ვიყავი, რომ დავობლდი, 30 წლის მამა გარდამეცვალა. დედამ ეკლესიას მიაშურა. მე და ჩემმა დამ კი იქ განსაცდელიდან გამოსვლის რწმენა ვისწავლეთ... ბევრ შვილზე ყოველთვის ვოცნებობდი. ალბათ, იმიტომ, რომ ჩემს ბავშვობაში ხშირად მესმოდა ქვეყნის ბედზე საუბარი (რაზეც ჩვენს შვილებს ახლა ნაკლებად ესაუბრებიან), ამიტომ ჩავიფიქრე, თუ სამშობლო მიყვარს, მისთვის რაიმე მეც უნდა გავაკეთო-მეთქი. ბევრი შვილი უნდა მყოლოდა, ეს იყო ყველაზე ღირებული, რაც ჩემი ქვეყნისთვის შემეძლო. თუმცა რომ არა ჩემი მეუღლის თანადგომა, 10 შვილის გაზრდას ვერ შევძლებდი. ჩემი მეუღლე ემიგრაციაშია, პოლონეთში შრომობს ოჯახის ფეხზე დასაყენებლად, მაგრამ ამან სიშორის ნაცვლად ერთმანეთზე ფიქრი უფრო გაგვიძლიერა. ასე ვიყავით ყოველთვის, ერთმანეთისთვის პატარ-პატარა დღესასწაულების მოწყობა არ გვავიწყდება. არც ისე დიდები ვიყავით, რომ დავქორწინდით, მაგრამ კამათი არ დაგვჭირვებია, ერთიმეორის მიყოლებით გაჩენილი ბავშვებისთვის ვის როდის მოგვევლო. თავიდან ჩემი უკარგესი დედამთილიც მეხმარებოდა, მაგრამ საუბედუროდ, მძიმედ დაავადდა, მკურნალობის სახსრებისათვის ბინა გავყიდეთ და უბინაოდ დავრჩით. ამ დროს უკვე მეოთხე შვილიც შეგვეძინა და დიდი პრობლემები დაგვეწყო. ნაქირავებშიც მოგვიწია გადასვლამ. გაუსაძლისი სირთულეები გვქონდა - ბინის ქირის გადახდა და 5 შვილის გამოკვება. ჩემი მეუღლე ნებისმიერ საქმეს ჰკიდებდა ხელს...
- ასეთ პირობებში ამდენი შვილის გაჩენა როგორ გაბედეთ?
- ყველაფერს ადამიანის ფსიქიკა წარმართავს და არა გაჭირვება. როდესაც ამხელა გაჭირვებას შევეჩეხე, იმის ფიქრი და სიჯიუტე გამიჩნდა, რომ ეს გასაჭირი ჩემი გამოცდა იყო, შევძლებდი თუ არა ჩემი ქვეყნისა და საკუთარი თავისთვის მიცემული პირობის შესრულებას. ეს გამოცდა აუცილებლად უნდა ჩამებარებინა. აბორტზე ფიქრიც ყოველთვის მზარავდა - ეს შვილის მკვლელობაა. ახლა ჩემს შვილებს რომ შევყურებ, ხანდახან ვფიქრობ, რა უბედური ვიქნებოდი, რომ ნებისმიერი მათგანი არ გამეჩინა-მეთქი. ყველა დარდი, პრობლემა, გაჭირვება სწორედ იმიტომ გადავიტანე, რომ ჩემი შვილები მყავს.…ყველაზე დიდ გასაჭირში, რომ გგონია, აუცილებლად წავიქცევიო, სწორედ მაშინ წამოგაყენებს ვიღაც. სხვათა შორის, ბინა სახელმწიფომ მოგვცა - ჯერ 10 წლის განმავლობაში როგორც თავშესაფარში, ისე ვცხოვრობდით, რამდენიმე ხნის წინ კი საკუთრებაში გადმოგვცეს. მეუღლე მუშაობდა, რომ ბავშვებს კვების თუ განათლების შესაძლებლობა ჰქონოდათ. შვილების განათლება ჩემთვის შეუცვლელი ღირებულებაა. გროშს გროშზე ვდებ, რომ საჭირო მომენტში მასწავლებელი მივაშველო...
- მათი თინეიჯერობის პრობლემებს როგორ აგვარებთ?
- იცით, ზოგი რამ, რაც შვილებს მშობლებმა უნდა ავუხსნათ, მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებმა თითქოს თანდაყოლილად იციან. ამიტომ ნაკლებად ჭირვეულობენ... ბავშვისთვის შეუფერებელი შრომა არასოდეს დამივალებია შვილებისათვის, რადგან ყველას სჭირდება ბავშვობის სიხარული. ერთადერთი, უფროსი ვაჟის დარდი დღემდე გამომყვა - როდესაც მისი მომდევნო შვილები გამიჩნდნენ, მისთვის მიწევდა იმის თქმა, რომ "დიდი" იყო და უნდა დაეთმო. მაშინ მართლაც ყველაზე დიდი მეგონა, არადა, ისიც ბავშვი იყო და "დიდობა" ნაკლებად უნდა შემეხსენებინა. ახლა ის მართლაც დიდია და უკვე დაქორწინებულია... ისე, გარდატეხის ასაკის პრობლემები მრავალშვილიანებსაც აქვთ. მაგალითად, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ჩემი შვილი ცხვირს გაიხვრეტდა, მაგრამ უფროსმა გოგონამ გაიხვრიტა. ამაზე ომი არ დამიწყია, მხოლოდ ჩემი აზრი ვუთხარი, არ მომწონს, ცხვირის გახვრეტა ნამდვილად არ გამშვენებს-მეთქი, და შვილებში ყველაზე მეამბოხემ გაითვალისწინა ჩემი აზრი.
- 10 შვილის დედა ემიგრაციაში იყავით სამუშაოდ, ჩვენს დემოგრაფიულ კატასტროფაში ეს მეტისმეტია. რატომ უნდა იყოს იძულებული 10 შვილის დედა, რომ შვილები მიატოვოს?
- როცა გადასახადების თუ სხვა საჭიროების გამო ვალები გაქვს, შვილები ჯერ არ მუშაობენ და ზოგი აბიტურიენტიც არის, რაღაც რადიკალურის მოფიქრება მოგდის თავში. ამიტომაც გადავწყვიტე სამუშაოდ პოლონეთში წასვლა, ვალებს გავისტუმრებ, ბავშვებს მასწავლებლების ფულს გადავუხდი-მეთქი. ამაზე ლაპარაკი რომ დავიწყე, მეუღლეს ეგონა, ვხუმრობდი, ამდენი ბავშვის დატოვება დედისთვის სახუმარო საქმე ნამდვილად არ არის. მოკლედ, წავედი და ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი. განა იმიტომ, რომ ქვეყანა არ მომეწონა, არა, მუშაობაც დავიწყე, მაგრამ ფიქრმა და გარემომ გამაგიჟა. სუნთქვა არ შემეძლო ჩემი ქვეყნისა და შვილების გარეშე, რომ არ შემეძლო შვილებთან ვყოფილიყავი და მათთან მესაუბრა თუნდაც სამშობლოს სიყვარულზე, რაზეც მხოლოდ ჩემს შვილებს კი არა, მათ მეგობრებსაც ვესაუბრები, მარტო ხომ არა უნდა იცხოვრონ ამ სამოთხეში, რომელსაც საქართველო ჰქვია! სამშობლოს სიყვარული ჩვენთან უფრო ოკუპანტის სიძულვილზეა აგებული, იმას კი აღარ ვუხსნით, რით ვართ იმ ოკუპანტზე უკეთესი, როდესაც ბევრ რამეს ისე ვაკეთებთ, რასაც ისინი აკეთებენ. მაგალითად, ოკუპანტი რომ მშობლიურ ენას გვართმევდა, იმავე ენას ჩვენვე ვკარგავთ დღეს. აბა, გავიაროთ რუსთაველზე, თუ ერთ ქართულ წარწერას შევხვდებით! არც ის მომწონს, ჩვენს ბავშვებს სულ უცხო სიმღერები რომ აქვთ ატაცებული. სხვათა შორის, ამას წინათ, ჩემმა გოგონამ, სწორედ მან, რომელმაც ცხვირი გაიხვრიტა, მითხრა, ქართულ სიმღერებს, რომელიც სამშობლოს სიყვარულზეა, მაგალითად "ბაში-აჩუკის" სიმღერას მინდა ჩემი ტოლებიც ისმენდნენო.
- ემიგრაციიდან რა იმედით დაბრუნდით, გეყოფათ კი ემიგრაციაში დარჩენილი თქვენი მეუღლის შემოსავალი?
- მაგის იმედი არა მაქვს, მაგრამ არც ახლა დავეცემით. ახლა ჩემს ქვეყანაში ვარ, ვმუშაობ და ჩემი ტვირთის სიმძიმეს შეძლებისდაგვარად ვამსუბუქებ. რაც მთავარია, ჩემს ქუჩებში დავაბიჯებ, სადაც ყველა გამვლელი ჩემიანი მგონია და მზად ვარ ყველა გადავეხვიო. როცა სამოთხესავით ქვეყანა გაქვს, უნდა ეცადო, რომ არ დაკარგო.