„ერის ბედნიერება ინდივიდების ბედნიერებაზე გადის“ - კვირის პალიტრა

„ერის ბედნიერება ინდივიდების ბედნიერებაზე გადის“

ქვეყანაში დაძაბულობაა და ბედნიერებაზე საუბარი, ცოტა არ იყოს, უხერხულია, მაგრამ... აქციაზე ბედნიერი ადამიანები არ გამოდიან, არც ბედნიერი პოლიტიკოსები გადიან უკანა კარიდან... მალე გაერო 2023 წლის ბედნიერი ქვეყნების ნუსხას გამოაქვეყნებს. 2002 წლიდან მათ კვლევაში­ 149 ქვეყანა მონაწილეობს. ბედნიერი ქვეყნების ინდექსს შემდეგი კრიტერიუმებით ადგენენ:­ ჯანმრთელობა, ეკონომიკური მდგომარეობა, მთავრობისადმი ნდობა, თავისუფლების­ განცდა, ეკონომიკური მდგომარეობა და გულუხვობის ხარისხი. გასულ წელს გამოქვეყნებულ ანგა­რიშში საქართველო მსოფლიო ბედნიერების ინდექსში ვენესუელ­ასა­ და ალჟირს შორის, 105-ე ადგილზე­ იყო. ბოლო 5 წელია ამ ნუსხის თავში ფინეთი დგას. 2022 წელს ბედნიერების ინდექსი საქართველოს 3 ერთეულით გაუუმჯობესდა. საინტერესოა, როგორი იქნება საქართველო 2023 წლის ნუსხაში?

რა არის ბედნიერება და როდის გრძნობენ ადამიანები თავს ბედნიერად, ამაზე ფსიქოლოგ ირმა კვაჭაძესთან ვისაუბრებთ.

"ბედნიერების ფორმულა, ალბათ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნაა ზუსტად და გულწრფელად"

- ჩემთვის ძალიან სუბიექტური და პირადი ფორმულა მაქვს - როდესაც ჩვენი­ სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს ემთხვევა, შეგვიძლია ვისაუბროთ ბედნიერებაზე, როდესაც მაქვს, რაც მინდა, და შემიძლია იმის მიღება, რაც მინდა. თუმცა შესაძლებლობებიც და სურვილებიც ინდივიდუალურია და ადამიანი ხშირად ილუზორულად თვლის, რომ რაღაც გარე მონაცემი გახდის ბედნიერს. შემდეგ მისკენ მომხმარებლური დამოკიდებულებით წახალისებული მიილტვის, რათა ის რაღაც მიიღოს, მიიღებს და არ არის ბედნიერი. რაც უფრო სუბიექტურ აღქმებს ჩაუღრმავდება თითოეული ინდივიდი, რა გააბედნიერებს მას აქ და ამჟამად, იმის მიღება უკვე ბედნიერებას უტოლდება. მაგალითად, შეიძლება ახლა ფიზიოლოგიური მოთხოვნილება მქონდეს და მინდოდეს წყალი, წყლის დალევის შედეგად ვიყო ბედნიერი, მქონდეს საუცხოო რომანიც წასაკითხად, მაგრამ წყურვილი იმდენად მძაფრი იყოს, რომ მისი დაკმაყოფილება უფრო ბედნიერს მხდიდეს, ვიდრე სულიერი საზრდოს მიღება.

მოთხოვნილებათა იერარქია მნიშვნელოვანია. მასლოუს პირამიდის მიხედვით, ადამიანებს გვაქვს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, უსაფრთხოების მოთხოვნილებები, სოციალური კომუნიკაციის მოთხოვნილებები, ცოდნის მიღებისა და გაცემის­ მოთხოვნილება და თვითაქტუალი­ზაციის მოთხოვნილება. თვითაქტუალიზაციით ადამიანი ამ იერარქიის პიკშია. მნიშვნელოვანია, ახლა ჩემი მოთხოვნილებები­ რა ეტაპზეა,­ აი, ამ წამის მოთხოვნილებები და საზოგადოდ, ცხოვრების ჭრილში მოთხოვ­ნილებები. ამიტომ ადამიანის ბედნიერება დამოკიდებულია მისი ყველა მოთხოვნილების გაცნობიერებასა და მათ დაკმაყოფილებაზე. ხშირად ადამიანს ჰგონია, რომ კარიერაში წინსვლა აბსოლუტურ ბედნიერებას მიანიჭებს, მაშინ როდესაც არა აქვს სოციალური ურთიერთობების კომპონენტი დაკმაყოფილებული. ადამიანი ბიოფსიქოსოციალური არსებაა და მისთვის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების დაბალანსება აუცილებელია და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ბედნიერებაზე. იგივე შეიძლება ითქვას საზოგადოდ ერზე. მოთხოვნილებათა იერარქიის რაც უფრო დაბალ საფეხურზე დგას ერი, მით უფრო ნაკლებად არის ბედნიერი. მაგალითად, თუ ერი დგას ფიზიკური საფრთხის წინაშე, ამ შემთხვევაში მისი ბედნიერება განისაზღვრება ლოკალური უსაფრთხოების შეგრძნების დაკმაყოფილებით.

- ბედნიერი ერების ნუსხაში არის ზოგი ისეთი ქვეყანა, რომლებიც არც ისე განვითარებული არიან.

- დიახ, რადგან მათი მოთხოვნილება­ და შესაძლებლობა ერთმანეთს შეესაბამება­. მათი მოთხოვნილებაა ჰქონდეთ საკვები­. მოთხოვნილების სიმწირე განაპირობებს­ სისრულის და ბედნიერების შეგრძნებას...

ჩვენ ხშირად ინერციით მივდივართ წინ, გვინდა ის მივიღოთ, რაც არა გვაქვს. არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს და სხვისი იდეებისა თუ აბსტრაქტული მოლოდინის დაკმაყოფილებით ვართ დაკავებული. არადა, არ შეიძლება სიამოვნება მივიღოთ­ იმით, რაც ჩვენი არ არის. მაგალითად, თუ ჩვენ გვაქვს მოთხოვნილება რაღაც ნივთის, მდგომარეობის ან სტატუსის და ეს მოვიპოვეთ, მაშინ ბედნიერები ვართ. მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი იმ სტატუსის, მდგომარეობის ან ნივთის მიღებით, რომელიც­ ჩვენს პარტნიორს ან მშობელს სურს რომ გვქონდეს. ესე იგი რაღაც იდეალს გარემო­ გვკარნახობს... ერის ბედნიერება ინდივიდების ბედნიერებაზე გადის. შესაბ­ამისად, ინდივიდი ბედნიერია მხოლოდ მაშინ, როდესაც ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს იცნობს და აქვს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს. რაც უფრო მყარად აქვს ერს ჩამოყალიბებული მოთხოვნილება და კონცეფცია, მისი მიღებით მეტად ბედნიერია...­ აქედან გამომდინარე, როდესაც ლაპარაკია ნაკლებად განვითარებულ ერებზე, ისინი­ იმას იკმაყოფილებენ, რა მოთხოვნილებაც აქვთ, მათი მოთხოვნილება არ არის გამრუდებული მომხმარებლური საზოგადოებით.

- მეგობარი ჩამოვიდა, კუბაში იმოგზაურა­ და გაკვირვებული იყო, მაღაზიის დახლები­ ცარიელია და ამ დროს ყველა მღერის, ცეკვავს­ და გაღიმებული დადისო... ბევრი მზე და ოკეანე ხომ არ თამაშობს ამაში გადამწყვეტ როლს?

- კულტურაც, მზეც... ბედნიერების ჰორმონებისა და ენდორფინების გამომუშავებას ორგანიზმში კლიმატიც უწყობს ხელს, მაგრამ მარტო ეს ინდივიდუალური ბედნიერებისთვის საკმარისი არ არის. თუმცა განწყობასა და ადრენალინის დონეს ზრდის სისხლში და ცხადია, ადამიანი ბევრად ენერგიული და პროდუქტიულია.

- ბედნიერების ფორმულა თუ არსებობს?

- ბედნიერების ფორმულა, ალბათ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნაა ზუსტად და გულწრფელად. როდესაც კარგად ვიცით, რა გამოგვდის კარგად, რა ცუდად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკუთარ თავს კარგად ვიცნობთ. ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ ბედნიერების ფორმულად.

- შოკოლადი და ბედნიერება რა შუაშია ერთმანეთთან?

- შოკოლადი ენდორფინებს გამოყოფს, ენდორფინები კი დროის მოკლე მონაკვეთში დადებითი განწყობის შექმნას უწყობს ხელს. რასაკვირველია, კვირაობით შოკოლადის ჭამა ადამიანს ვერ გააბედნიერებს. ბედნიერება ჩვენი დაგეგმილი ამოცანების შესრულებაა. მშობლის ბედნიერება შეიძლება იყოს შვილისთვის თავდაჯერებისა და კარგ ადამიანად ჩამოყალიბების შესაძლებლობის მიცემა. ბედნიერი ადამიანი ლაღია, ის არასდროს იქნება ბოროტი, იმიტომ, რომ თვითკმარია. ბედნიერებას შეუძლია გადაცემა და გადადება, რომ ჩვენი სისავსით სხვას დავეხმაროთ, რომ ისიც გახდეს სავსე. ჩვენს ბედნიერებაზე პასუხისმგებლობა, პირდაპირ თუ ირიბად, სხვა ადამიანების ბედნიერებაზე ზრუნვაში გვეხმარება. შეიძლება იყო უპოვარი და ბედნიერი, მაგრამ იყო შეძლებული და არ იყო ბედნიერი. ბედნიერება არ არის ჩვენგან განყენებულ-განცალკევებულ მოვლენებზე დამყარებული. თუ ჩვენი ბედნიერება დამოკიდებულია გარემოს ცვლაზე, მე მასზე ვხდები დამოკიდებული. ასე რომ, მე არა ვარ ჩემს ბედნიერებაზე დამოკიდებული. ბედნიერება სუბიექტური შეგრძნებაა და ადამიანმა უნდა იზრუნოს ამ შეგრძნების უფრო ხშირად განცდაზე, თორემ ვერც ერთი გარე პროცესი ვერ იქნება ჩვენი ბედნიერების გარანტია.

- მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, მომავალ წელს უფრო მაღლა იქნება თუ დაბლა საქართველოს ბედნიერების ინდექსი სხვადასხვა ბედნიერი ქვეყნის ნუსხაში?

- გააჩნია, რა შედეგით დასრულდება­ ეს ყოველივე. თუ თავისუფლება იქნება, ცხადია, უფრო მაღლა ვიქნებით, თუ თავი­სუფლება შეიზღუდება, რა თქმა უნდა, თუ ვიტყვით, ბედნიერი ვართო, ეს მხოლოდ ილუზია იქნება. თავისუფლების გარეშე ბედნიერება არ არსებობს.

- რუსულ კანონად წოდებული ამ კანონის მიღება-არმიღება არის ერის ბედნიერებაზე დამოკიდებული?

- თუ ამ კანონის მიღება თავისუფლების აღკვეთის წინა პირობა იქნება, რა თქმა უნდა, ერის ბედნიერება ამ კანონის მიღება-არმიღებაზეა დამოკიდებული. თავისუფლება და თავისუფლების შეგრძნება გულწრფელი ბედნიერებისთვის აუცილებელი მოცემულობა!