შესაძლებელია თუ არა დაბერების პროცესის შეჩერება?
პლასტიკური ქირურგიის ამერიკის საზოგადოების სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ამერიკაში დაახლოებით 20 მილიონი პლასტიკური ქირურგიული პროცედურა ჩატარდა. სახის მოვლის პროცედურების უკონკურენტო ლიდერი კვლავ ბოტოქსია - 2022 წელს 7.000.000-მა კაცმა მიმართა ესთეტიკური მედიცინის ცენტრს ბოტოქსის ინიექციის გასაკეთებლად. მოთხოვნა განუწყვეტლივ იზრდება. მხოლოდ ამერიკაში არაინვაზიური პროცედურების 2022 წლის პირველი ოთხეული ასე გამოიყურება: ბოტოქსი - 7.000.000; ფილერი - 2.500.000; პილინგი - 1.200.000; ლაზერით თმის მოშორება - 1.000.000. ნაოჭების პრევენციისთვის ესთეტიკურ ცენტრებს 20-25 წლის გოგონებიც მიმართავენ. თუმცა სანამ ინიექციური მეთოდით სახის მოვლას დაიწყებთ, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ. რა უნდა ვიცოდეთ, რომ დაბერების პროცესი შევანელოთ? როგორ მოვუაროთ სახის კანს შინ? - ამ კითხვებს კოსმეტოლოგი სოფო თოიძე უპასუხებს:
- კანის დაბერებასა და დაბინძურებაზე მოქმედებს გარემო ფაქტორები: სტრესი, არასწორი ცხოვრების, ძილის რეჟიმი, კვება, ემოციური ფონი. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. Kკანი ცოცხალი, სათუთი ორგანოა, როგორც შენ მოექცევი, ისევე მოგექცევა ისიც. ადამიანი იბადება, იზრდება და გარკვეული ასაკის შემდეგ იწყება უკუსვლა,K ასაკთან ერთად კოლაგენი განლევას იწყებს. რა განსხვავებაა 60 წლის და 25 წლის ქალს შორის? 60 წლის ქალს დაწყებული აქვს დაბერება. მისი რეგენერაციის პროცესი შენელებულია. 25 წლის ქალის ორგანიზმში კოლაგენი უფრო სწრაფად გამოიყოფა, 60 წლის ქალის ორგანიზმში კი გაცილებით ნელა. ბუნებრივად დაბერების პროცესს ვერ გავაჩერებთ, ის გარდაუვალი პროცესია, მაგრამ შეგვიძლია შევანელოთ ჩვენი ცხოვრების წესით. რას ნიშნავს შენელება? - სწორი ცხოვრების რეჟიმსა და სახის მოვლას. ადამიანმა სახე უნდა დაიბანოს, განსაკუთრებით საღამოობით, როდესაც მთელი დღის ჭუჭყი, უარყოფითი ენერგიაა მოგროვილი მის სახეზე. კანი იღებს როგორც დადებით, ასევე უარყოფით ენერგეტიკასაც - ამიტომ დღის ბოლოს სახე უნდა გაისუფთაოთ.
- რა არის კოლაგენი, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად?
- კოლაგენი ყველაზე უხვი პროტეინია ორგანიზმში, რომელიც ხვდება კუნთებში, ძვლებში, კანსა და მყესებში. ის ორგანიზმში წებოს როლს ასრულებს და მისი დამსახურებაა ორგანიზმის მთლიანობა. კოლაგენი Kკანს ანიჭებს სიმკვრივეს, ელასტიკურობას და ორგანიზმს ეხმარება მკვდარი უჯრედების ჩანაცვლებაში. მისი წარმოქმნის პროცესი ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად ნელდება, ამიტომ ჩნდება კანზე ნაოჭები, იწელება კანი და სუსტდება ხრტილები სახსრებში. კოლაგენის მაღალი დონე კანს ანიჭებს სიგლუვეს, ეხმარება უჯრედების განახლებასა და აღდგენაში, ამაგრებს ფრჩხილებსა და კბილებს.
- როგორ შეიძლება მოვუაროთ სახეს მცირე ბიუჯეტით?
- არსებობს პროცედურები, რომელთა გაკეთება შინ არ შეიძლება, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს. მაგალითად, სახის წმენდა არ არის სახლში ჩასატარებელი პროცედურა, შეიძლება კანი დააზიანოთ, გააფართოოთ ფორები, ამიტომ უნდა მიმართოთ სპეციალისტს.
შინ სახის მოვლა გულისხმობს სახის მოწესრიგებას, განსაკუთრებით ძილის წინ გასუფთავებას. შეგიძლიათ გაიკეთოთ ნიღბები. მაგალითად, უნივერსალური ნიღაბია "ჰერკულესი". ათქვიფეთ ერთი სუფრის კოვზი წყალში ან რძეში, და დაამატეთ ის პროდუქტი, რომელიც გსიამოვნებთ, ვთქვათ, ბანანი ან არაჟანი, კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე. გახსოვდეთ, რომ ჩამოთვლილი ინგრედიენტებიდან ალერგია არც ერთზე არ უნდა გქონდეთ. "ჰერკულესის" ნიღაბი ატენიანებს და კვებავს კანს, მას ლიფტინგის ეფექტიც აქვს.
- რამდენად ხშირად უნდა მივმართოთ სპეციალისტს სახის გასაწმენდად?
- არსებობს ცხიმიანი, კომბინირებული და მშრალი კანი. ვიღაცას გააქტიურებული აქვს ცხიმის გამოყოფა, ამიტომ ცხიმიან და კომბინირებულ კანსაც აქტიურად წმენდა სჭირდება. სტანდარტი, თუ რა სიხშირით უნდა გაიწმინდოთ სახე, არ არსებობს. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, შესაბამისად, მიდგომაც ინდივიდუალური სჭირდება. გაუწმენდავი კანი კარგავს ელასტიკურობას და ლიმონის ქერქს ემსგავსება. რაც უფრო ჭუჭყიანია კანი, ფორები ფართოვდება და ბაქტერიები მრავლდება, რაც განაპირობებს ანთებითი პროცესის წარმოქმნას. რაც უფრო სუფთაა კანი, ფორები ვიწროვდება და უფრო ეფექტურია ის ანტიასაკობრივი პროცედურები. თუ სახე სუფთა და მოვლილია, დაბერების პროცესიც შენელებულია, თუ კანი მოუვლელი და ბინძურია, დაბერება გააქტიურებულია. რა პროცედურაც არ უნდა გაიკეთოს ადამიანმა - ბიორევიტალიზაცია, პილინგი, ფილერი და ასე შემდეგ, თუU კანი სუფთა არა აქვს, ამ პროცედურებს ეფექტი არ ექნება და პირიქით, სუფთა კანზე ეფექტი გაათმაგდება.
- დაახლოებით რა ასაკიდან ურჩევთ ქალს სახის კანის მოვლას?
- სახის წმენდა ერთ-ერთი უძველესი პროცედურაა კაცობრიობის ისტორიაში. წმენდასთან ერთად სახის მოვლის ადრეულ პროცედურებს შორის არის მასაჟიც. აბრეშუმის ნაჭრით სახის დამუშავება ჩინეთში პოპულარული და ეფექტური პროცედურა იყო. ძვ. წ. მეექვსე საუკუნეში ჩინელებში უკვე დამკვიდრებული იყო მასაჟით მკურნალობის მეთოდი. გადმოცემით, სახის მასაჟი განსაკუთრებით კლეოპატრამ განავითარა. მასაჟის დროს აქტიურდება სისხლის მიმოქცევა, რაც დაბერებას უშლის ხელს. სასურველია, სახის მასაჟი 25-30 წლიდან დავიწყოთ. კურსს ადგენენ ინდივიდუალურად, გააჩნია სახის პრობლემას. საზოგადოდ, ქალებში სახის კანის დაბერება 25-30 წლიდან იწყებოდა, მაგრამ ძალიან დაჩქარდა ეს პროცესი და ახლა 22 წლიდან იწყება. ეს განაპირობა სტრესმა, ცხოვრების სტილმა. 22-25 წლის გოგონებს ვურჩევ ჩაიტარონ სახის მასაჟის კურსი, სანამ ინიექციურ მეთოდებს მიმართავენ.
ნინო წიფურია