„პოლიტიკაში უკან დახევა ყოველთვის დამარცხებას არ ნიშნავს“
სამწუხაროდ, ვერ გათვალეს ის, რაც არცთუ ისე ძნელად გასათვლელი უნდა ყოფილიყო, - ამბობს აკადემიკოსი ლადო პაპავა მმართველი პარტიის სურვილზე, ყველაფრის ფასად მიეღო ე.წ. აგენტების კანონი. რატომ ვერ შეაფასა "ქართულმა ოცნებამ" საფრთხეები, რაც ამ კანონის მიღებას მოჰყვებოდა ქვეყანაში თუ მის საზღვრებგარეთ როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად, ამ საკითხებზე ლადო პაპავას ვესაუბრეთ:
- საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი მკაფიო, ერთმნიშვნელოვანია და და დადასტურებულია სპეციალური ჩანაწერით საქართველოს კონსტიტუციაში. ქართველი ერის მისწრაფება, ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, ურყევია. მოსახლეობის დიდ უმეტესობას სწორედ ასე აქვს წარმოდგენილი საქართველოს მომავალი და ეს ყოველმხრივ გამართლებულია. საქართველოს სურს გახდეს ევროპის პოლიტიკურ-ეკონომიკური სივრცის ნაწილი, ბუნებრივია, მას აქვს თავისი სტანდარტები და მოთხოვნები. ჩვენ ასოცირების შეთანხმებითაც გვაქვს ევროკავშირთან ხელშეკრულება, რომ ჩვენი კანონმდებლობა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ევროკავშირში მოქმედი ყველა კანონი პირდაპირ იქნეს გადმოტანილი საქართველოში, მით უფრო, თვითონ ევროკავშირშიც არ არსებობს ერთიანი კანონი, ყველა ქვეყანას თავისი კანონები აქვს, თუმცა სტანდარტი აუცილებლად დაცულია. მთავარია, რა კანონსაც მივიღებთ საქართველოში, არ ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ სტანდარტებს. არცთუ შორეული ისტორიიდან შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღებისთვის 2008 წლის სექტემბრიდან ითხოვდა, საქართველოს ხელისუფლებას შეეცვალა "შრომის კოდექსი", რომელიც ევროპულ სტანდარტს არ პასუხობდა. ასევე, შემოეღო მომხმარებელთა უფლებების დაცვის ევროპული კანონი, განსაკუთრებით, სასურსათო უვნებლობისა. გარდა ამისა, გვქონდა კონკურენციის ხელშეწყობის ევროპული სტანდარტის კანონმდებლობა. ეს "ქართულმა ოცნებამ" შეცვალა და 2014 წელს ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. 2023 წელს ე.წ. უცხო ქვეყნის აგენტის კანონპროექტის ინიცირება თავისი არსით გაუმართლებელი იყო. ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომელი მოდელი შემოგვთავაზეს, ქართული, ამერიკული, რუსული თუ უნგრული, არამედ ის, რომ არც ერთი არ ჯდება ევროპულ სტანდარტში. ცხადია, გამჭვირვალობა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობისა, ევროპული მიდგომაა, მაგრამ ეს უნდა მიღწეულ იქნეს არა ასეთი ტიპის კანონით, რომელიც ევროკავშირის სტანდარტს ეწინააღმდეგება. ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ უნგრეთს ჰქონდა ასეთი კანონი და ისიც გაუქმდა სასამართლოს გადაწყვეტილებით. ასეთი კანონის მიღება ეწინააღმდეგებოდა ჩვენს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სამწუხაროდ, ვერ გათვალეს ის, რაც არცთუ ძნელად გასათვლელი უნდა ყოფილიყო. როდესაც ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ხომ გვახსოვს, რამდენი ხალხი გამოვიდა რუსთაველზე და გამოხატა ევროპული იდეალების მხარდაჭერა. მაშინ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა ევროკავშირის წევრობა და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. როდესაც ბრიუსელიდან თუ ვაშინგტონიდან სხვადასხვა სახელმწიფოებრივი თუ არასამთავრობო სტრუქტურა მოგიწოდებს, ეს არ გააკეთოო, ხომ უნდა მიმხვდარიყავი, რომ ამას აუცილებლად მოჰყვებოდა მღელვარება. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა და ვთვლი, რომ საბოლოოდ საპარლამენტო უმრავლესობამ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. პოლიტიკაში ჯიუტობას კარგი შედეგი არასოდეს მოაქვს. ხანდახან ჯობს ნაბიჯი უკან გადადგა, რადგან დათმობა არ ნიშნავს წაგებას.
- თქვენი აზრით, რაში სჭირდებოდათ ამ კანონის მიღება?
- ცხოვრების ათი წელიწადი აქტიურ პოლიტიკაში მაქვს გატარებული და ჩემი გამოცდილებით თავს უფლებას მივცემ გითხრათ, რომ არც იმას გამოვრიცხავ, ამ საკითხის წამოწევა ერთგვარი სავაჭრო კომპონენტი ყოფილიყო, მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან, რათა მათ უფრო კონსტრუქციული პოზიცია დაეკავებინათ საქართველოსთან. ეს მხოლოდ ვარაუდია... შესაძლოა უმრავლესობამ ვერ გათვალა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. თუმცა შესაძლოა სხვა ჩანაფიქრიც ჰქონდათ, რასაც, სავარაუდოდ, მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როდესაც გაირკვევა, კანდიდატის სტატუსს საქართველოს როდის და რა პირობებით მისცემენ.
- სანამ ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა, იყო საერთაშორისო საზოგადოების განცხადებები, რომ არ იყო ეს კანონი ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადი, დემოკრატიას საფრთხეს უქმნიდა... რუსული კანონის ანალოგი რომც არ ვახსენოთ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ევროინტეგრაციაზე უარს ამბობდნენ?
- როდესაც ევროკომისია რაღაცას გეუბნება, ეს უკვე უმაღლესი ინსტანციაა. ევროპარლამენტარების განცხადება ყურადსაღებია, მაგრამ შეიძლება მთლად სერიოზულადაც არ მიიღო, იმდენად არიან ისინი სახელგატეხილი კორუმპირებულობითა და სუბიექტურობით, არცთუ დიდი ხნის წინ ერთ ევროპარლამენტარს პრემიერი ისევ გიორგი გახარია ეგონა... როდესაც შენთან მოდის მკაფიოდ ჩამოყალიბებული მკაცრი პოზიცია ევროკომისიიდან, მას აუცილებლად გათვალისწინება სჭირდება. საბედნიეროდ, უმრავლესობას ეყო პოლიტიკური სითამამე და გადადგა სწორი ნაბიჯი - ერთი კანონპროექტი უკან გამოიწვია, მეორე კი ჩააგდო. ეს შეიძლება ვინმემ სისუსტედ ჩაუთვალოს, მაგრამ პოლიტიკაში უკან დახევა ყოველთვის დამარცხებას არ ნიშნავს.
- ამ ხნის განმავლობაში პრემიერს ამ საკითხზე არაფერი უთქვამს და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ამ კანონის მიღების წინააღმდეგი იყო. თუმცა ბოლოს მაინც გააკეთა ამ კანონის მხარდამჭერი განცხადება. ამას როგორ ხსნით, სხვა თუ არაფერი, ევროკავშირთან ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი ხომ პირველ რიგში მთავრობაა?
- როდესაც პარტიის გამორჩეული წევრი ხარ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო პარტიის პოზიცია. რამდენად იყო ის სრულად ინფორმირებული, იმის გათვალისწინებით, რომ ამ დროს საქართველოში არ იმყოფებოდა, ამას ვერ გეტყვით. ერთი მომენტიც არის - მე წავიკითხე ბატონი ირაკლი მენაღარიშვილის კომენტარი, რომელიც წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ხოლო ამჟამად კი მთავრობის მრჩეველია საერთაშორისო საკითხებში. მან პირდაპირ თქვა, ხსენებული კანონი "ქართულ საქმეს" არ წაადგებაო. ალბათ, თბილისში რომ ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი, ის თავის მრჩეველთან ამ საკითხზე ისაუბრებდა.
- ოპოზიციის სტრატეგიასა და ქმედებებს აქციაზე ამ ვითარებაში როგორ აფასებთ?
- რადიკალური ოპოზიციის ინტერესში სულაც არ არის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი - თუ არ მივიღეთ სტატუსი, მაშინ ოპოზიციას უჩნდება ძლიერი არგუმენტები ხელისუფლების წინააღმდეგ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ლოგიკურად, ხელისუფლების აშკარა ინტერესშია კანდიდატის სტატუსის მიღება, რათა არჩევნებში თავაწეული გავიდეს. ამიტომ რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს, ფაქტობრივად, არც 12 პუნქტის შესრულებაში მიიღო მონაწილეობა, კომისიებშიც კი არ დაჯდა უმრავლესობასთან ერთად, რათა სალაპარაკო ჰქონდეს - ხელისუფლება თავს ვერ ართმევს 12 პუნქტის შესრულებასო.როდესაც ხსენებული კანონპროექტების გამო ბევრი საყვედური გვითხრეს ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, საზოგადოდ, ცივილიზებული სამყაროდან, ხოლო ჩვენმა ხალხმა გამოხატა პროტესტი, რა თქმა უნდა, ამით ისარგებლა რადიკალურმა ოპოზიციამ და სცადა, ეს მუხტი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. მთავარი ის კი არ იყო ოპოზიციისთვის, როგორი ტიპის კანონს მიიღებდნენ ან არ მიიღებდნენ, მას სურდა ახალგაზრდობის გულწრფელი პატრიოტული ენერგია სახელმწიფო გადატრიალებისთვის გამოეყენებინა. განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო ვიდეო, რომელიც გავრცელდა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან: რაც იქ ხდებოდა, სრული ვანდალიზმი იყო და რაც მთავარია, ეს ყველაფერი პირდაპირ ტელეეთერში ვნახეთ. როდესაც ოპოზიციის ერთმა ლიდერმა განაცხადა, ალყა შემოვარტყათ პარლამენტს, რომ დილით სხდომა არ ჩატარდესო, ამ მოწოდებაში კონსტრუქციული მუხტი არ იყო და ახალგაზრდების ნაწილი შეეწინააღმდეგა კიდეც, მაგრამ მერე მოხდა ის, რაც ვანდალიზმის გამოვლინება იყო.
ამ აქციაზე გამოიკვეთა ორი სხვადასხვა მხარე: ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აქციები უნდა გაგრძელდეს და ამის ინიციატორები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან, მეორე მხარე კი ახალგაზრდობაა, რომელმაც ჩათვალა, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დაბრუნდა, რადგან ეს კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო. ამიტომ ახალგაზრდების გამეტება პოლიტიკური მიზნებისთვის, როცა ისეთი "პოლიტიკოსებიც" გამოჩნდნენ, რომლებიც პარლამენტის შენობაში შეჭრას ითხოვდნენ, კრიტიკას ვერ უძლებს.
- შეიძლება ვიფიქროთ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე გავლენა სწორედ ამ საფრთხემ იქონია?
- ფაქტია. როდესაც შეტევა იწყება აქციის მონაწილეებზე, რომელთაც სამართლიანი მოთხოვნა აქვთ, ეს უფრო მეტ დაპირისპირებას იწვევს, უფრო მეტი ხალხი გამოდის საპროტესტოდ. ამის გამოცდილება აქვს საქართველოს. ამიტომ ხელისუფლების გადაწყვეტილება ეფუძნება არა მარტო 7-8 მარტის აქციებს, არამედ იმ გამოცდილებასაც, რომელიც ამ წლების განმავლობაში დაგვიგროვდა.
- ეკონომიკურად ამ კანონის მიღება რა საფრთხეს ქმნიდა?
- ამ კანონის მიღებას მთავარი საფრთხე ექნებოდა არა იმდენად ეკონომიკური, რამდენადაც პოლიტიკური - 12 პუნქტის შესრულების საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდებოდა და კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლებელი გახდებოდა.
- ეს ხომ იმ დახმარების დაკარგვასაც ნიშნავდა, რომელსაც ევროკავშირი კანდიდატისთვის ითვალისწინებს?
- რა თქმა უნდა, და არა მარტო. ამას მოჰყვებოდა საერთაშორისო არხებით ფინანსური მხარდაჭერისა და სხვადასხვა პროექტის შეჩერება. ამასთან, ეს კანონპროექტი კანონად რომ ქცეულიყო, საპროტესტო აქციები უფრო ძლიერი იქნებოდა, რაც პოლიტიკურ კრიზისში გადაიზრდებოდა, რასაც მოჰყვებოდა უპირველესად სავალუტო კრიზისი, რომელიც მერე შეიძლება გადაიზარდოს ეკონომიკურ კრიზისში. როდესაც პოლიტიკურად არასტაბილური გარემოა, ეს უწინარეს ყოვლისა აისახება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე, ხოლო ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა უკვე იწვევს სხვადასხვა უარყოფით ეფექტს, მათ შორის ისეთს, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ეკონომიკურ კრიზისამდე. ასეთია საერთაშორისო, მათ შორის საქართველოს, გამოცდილებაც. ლარის კურსი კი თუ გაიქცევა, მაშინ ინფლაცია, რომელიც ისედაც მაღალია, უფრო მოიმატებს. ინფლაცია კი მაღალია იმიტომ, რომ მსოფლიოში პროდუქტების ფასი გაიზარდა. თუ ლარის კურსი გაიქცევა, ღმერთმა დაიფაროს, ფასები კიდევ უფრო მაღლა წავა. სხვა სიტყვებით, ჩვენი იმპორტირებული ინფლაცია ორ ფაქტორზეა დამოკიდებული - საერთაშორისო ბაზარზე ინფლაციასა და გაცვლითი კურსის ვარდნაზე. ამიტომ ის მონაპოვარი, რომელსაც საქართველომ სიმწრით მიაღწია, კერძოდ, ქვეყანაში დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა ჯერ პანდემიისა და შემდეგ უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, ყველაფერი წყალში გადაიყრება.
- დღეს რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფრთხე ჩავლილია?
- საფრთხე ჩავლილი არ არის, იმიტომ, რომ რადიკალური ოპოზიცია ისევ რადიკალურად მოქმედებს. მთავარია, როგორი იქნება ხალხის, განსაკუთრებით ახალგაზრდების პოზიცია. რამდენად გაითავისებენ, რომ მათი მიზანი მიღწეულია, და მეორე, ხომ არ სურს რადიკალურ ოპოზიციას მათი გამოყენება არეულობისთვის, სახელმწიფო გადატრიალებისთვის.
- თავად ხელისუფლებისგან თუ არის მოსალოდნელი ვითარების დაძაბვა?
- დღეს ვისაც ყველაზე მეტად ეს არ უნდა, ხელისუფლებაა. ასე რომ არ იყოს, ერთ კანონპროექტს არ გაიწვევდა, ხოლო მეორეს არ ჩააგდებდა.
რუსა მაჩაიძე