„ქართული ოცნება“ აუცილებლად შეეცდება შურისძიებას“ - კვირის პალიტრა

„ქართული ოცნება“ აუცილებლად შეეცდება შურისძიებას“

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები იდეის გარშემო გაერთიანდნენ: "ქართულ ოცნებას" მოუწია ახალგაზრდ­ების ინტერესების გათვალისწინებამ, ახლა გაბრაზებულია და მათ დასჯას შეეცდება, რისთვისაც სამხედრო სამსახურის ფეიკრეფორმას გამოიყენებს. სამშაბათს ბიუროს სხდომა მიმდინარეობდა. ჩვენ ჯარის კანო­ნპროექტის განხილვას ველოდებოდით და ამ საკითხზე ვიყავით მობილიზებული­. დღის წესრიგი ყურადღებით წავიკითხეთ­ და ვნახეთ, რომ არც ჯარის კანონის განხილვა იყო შეტანილი და არც ე.წ. აგენტების კანონის. მხოლოდ დარბაზში შესვლისას გვითხრეს, რომ პოლიტიკური განცხადებების შემდეგ იქნებოდა აგენტების კანონის განხილვა. როგორც ჩანს, ასე მიზანმიმართულად მოიქცნენ, რათა ოპოზიციას საპროტესტო აქციის ორგანიზება ვერ მოესწრო. ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ "ქართული ოცნება" წერას ჰყავდა აყვანილი და არაფერი ესმოდა. სასწრაფო წესით, ხელის გადაგრეხით მიიღეს კანონი, პარალელურად კი ქუჩა ხალხით ივსებოდა", - ასე იხსენებს იაგო ხვიჩია იმ დღეს, როდესაც პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. რა იყო მიზეზი იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო, რა ხდებოდა პოლიტიკურ კულუარებში და რა მოლოდინი აქვთ ოპოზიციონერ­ დეპუტატებს, ამის შესახებ იაგო ხვიჩია გვესაუბრება:

- "ქართულმა ოცნებამ" უკან დაიხია, რადგან ქუჩაში ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა. იმასაც მიხვდნენ, რომ იმ ხალხისთვის "ნაცების" იარლიყის მიკერება შეუძლებელი იქნებოდა და სხვა გზა არ დარჩათ. რაც მოხდა, კარგი ჭკუის სასწავლებელია ყველა ხელისუფლებისთვის. "ქართულ ოცნებას" მანამდე კომპრომეტირებული ჰყავდა ოპოზიცია, დასცინოდა და ამასხარავებდა თავის ოპონენტებს. ახლა სულ რაღაც ორ დღეში პრორუსი ხელისუფლების­ იმიჯი­ შეიძინა და დაკარგა მორალური უპირატესობა. ამას მოხერხება ხომ უნდოდა! "ქართული ოცნება" წერას ჰყავდა ატანილი. ყველაფრის მიუხედავად, მგონი, ნაადრევია როგორც ჩვენი ხალხის, ისე ჩვენი დასავლელი მეგობრების სიხარული და ზეიმი. "ქართული ოცნება" აუცილებლად შეეცდება შურისძიებას და ჯოხის გადატეხას პოლიტიკურ ოპონენტებზე, მათ შორის ახალგაზრდებზე.

- რას გულისხმობთ?

- მათ მავნებლობა გადაწყვიტეს, მაგრამ ქართველმა ხალხმა არ გაუტარა და მოუწია უკან დახევამ. ყველაფერი ახალგაზრდებმა, ძირითადად, სტუდენტებმა გააკეთეს, რომლებიც გულწრფელად გააბრაზა საქართველოს რუსეთისკენ მოტრიალების პერსპექტივამ. თუმცა პარალელურად პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც იმ დაუმორჩილებელი ახალგაზრდების მოსარჯულებლად არის შემოტანილი, რომლებმაც, ფაქტობრივად, ბოდიში მოახდე­ვინეს. იმ შეურაცხყოფის გამო, რომელიც ქართველი ხალხისგან აიტანეს, ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება შური იძიოს. კანონპროექტს, რომელიც ახალგაზრდების ჯარში იძულებით გაწვევას ემსახურება, სწორედ ამ მიზნით გამოიყენებს. აქედან გამომდინარე, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, "ქართულმა ოცნებამ" უკან წაიღოს ჯარის ფეიკრეფორმაც, რომელიც სინამდვილეში არც ემსახურება ჯარის რეფორმირებას.

- თავდაცვის სამინისტრომ უკვე გაავრცელა­ ინფორმაცია, რომ ახალი კოდექსით სტუდენტის­ სტატუსი კვლავ სამხედრო სამსახურის გადავა­დების საფუძველი იქნება და სტუდენტები მხოლოდ სურვილის შემთხვევაში გაივლიან სამსახურს, ისიც მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.

- ეს არ არის ბოლომდე მართალი, იმიტომ, რომ ადამიანი სულ სტუდენტი ხომ არ არის. წარმოიდგინეთ ახალგაზრდა, რომელიც ახლა მეოთხე კურსზეა და მასზე ხელისუფლება ძალიან გაბრაზებულია იმის გამო, რომ მან აიძულა თავისი 76 დეპუტატი თავჩახრილი გამოეყვანა და ბოდიში მოეხადა. ამას ვინ აპატიებს?! ყველაფერს გამოიყენებენ, რომ შური იძიონ. ამისთვის კარგი საშუალებაა ჯარის შესახებ კანონი. ძალიან ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ რაკი დღეს უკან დაიხიეს და თქვეს, სტუდენტებს ჯარში არ გავიწვევთო, სასწავლებელს რომ დაამთავრებენ, ორმაგად არ აზღვევინებენ. ამიტომ ეს რეფორმა ან უნდა ჩავარდეს, ან იქიდან იძულების ელემენტები ამოიღონ. მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ამ ახალგაზრდების დასჯას კომისრების საშუალებით აპირებს. - უკვე გავრცელდა მოსაზრება, რომ თქვენ ამ კანონის წინააღმდეგი იმიტომ ხართ, აღარ გექნებათ შესაძლებლობა, ახალგაზრდებს 50 ლარის სანაცვლოდ გადაუვადოთ სამხედრო სამსახური. - ჩვენ მხოლოდ სავალდებულო სამსახურის გაუქმებას მოვითხოვთ. თუ ეს მოთხოვნა შესრულდება, 50 ლარს თუ გვაჩუქებს ვინმე, თორემ სამხედრო სამსახურის მოხდის საბუთი აღარავის­ დასჭირდება. ვიცოდით, რომ ჩვენი მო­წინააღმდეგეები, რომლებიც ბინძური ადამიანები არიან, ამას დაგვაბრალებდნენ, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ­ სავალდებულო ჯარის გაუქმებას, რაც ავტომატურად გამოიწვევს "ბიბლიური თავისუფლების" გაუქმებას და შესაბამისად, ჩვენი შემოსავლების გაუქმებასაც. სინამდვილეში, ხელისუფლებას ჩვენი შემოსავალი კი არ აღელვებს, ახალგაზრდებზე ზეწოლის მექანიზმი სჭირდება. ჩვენ რომ 50 ლარს ვიღებთ, იმ საქმეში მთავრობა 10.000 ლარს იღებს. წარმოიდგინეთ, ჩვენი 50 ლარი უკვირთ. ჩვენ ვეუბნებით ხელისუფლებას, გავაუქმოთ სავალდებულო სამხედრო სამსახური, ჩვენც კარგად ვიქნებით და თქვენც კარგად იქნებით, მაგრამ არა, არ უნდათ. რატომ? იმიტომ, რომ ამორალური ხალხია, ისეთივე ყალბი პატრიოტები, როგორიც ჩვენი ყალბი გენერლები, ყალბი პოლკოვნიკები, ყალბი მინისტრები და საერთოდ, მთელი ეს პროცესია პლასტმასის. სინამდვილეში, არც ერთი რეფორმა არ ემსახურება მიზანს, ყველაფერი ხალხის მოსატყუებლად კეთდება. ხალხს ატყუებენ, სინამდვილეში შლაგბაუმის გამღებად სჭირდებათ ახალგაზრდები.

- მთელ ამ ორომტრიალში ერთი მნიშვნელოვანი ამბავიც მოხდა - გვყავს ახალი სახალხო დამცველი, რომელსაც თქვენ მხარი დაუჭირეთ. საინტერესოა, რატომ არ დაუჭირეს სხვა ოპოზიციონერებმა მხარი და რატომ დაუშინეს მას აქციის მონაწილეებმა კვერცხები?

- მხარი დავუჭირე იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია, კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ საუკეთესო სახალხო დამცველი იქნება. რაც შეეხება მისთვის კვერცხების სროლას, მე შევნიშნე, რომ აქციაზე პროვოკატორების ორი ჯგუფი მოქმედებდა. პირველი შედგებოდა სუს-ის პროვოკატორებისგან, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებით იყვნენ შეირაღებული. მათი მიზანი იყო თავიანთი კრიმინალური მოქმედებით აეყოლიებინათ გაბრაზებული ხალხი, დანაშაულის ჩადენაში ხელი შეეწყოთ და მერე დაეჭირათ. მეორე, მაგრამ არანაკლებ სახიფათო პროვოკატორების ჯგუფს წარმოადგენდა ზოგიერთი "ნაციონალი", რომლებიც შესაძლოა სუს-თანაც კი თანამშრომლობენ. დადიოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მას, ვინც მიშისტი არ არის. გამოვრიცხავ, ჩვეულებრივ ადამიანს კვერცხის სროლა მოუნდეს ერთი დღის დანიშნული სახალხო დამცველისთვის, რომელსაც ჯერ არაფერი აქვს დაშავებული. ნორმალური ადამიანი კვერცხებით შეიარაღებული არც მივა აქციაზე. ასეთი პროვოკაციების წყარო არის ან ხელისუფლება, ან "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ზუსტად ხელისუფლების მსგავსად მოქმედებს ოპონენტების გასაშავებლად. ჩვენს ხალხს ძალიან მოჰბეზრდა პოლიტიკოსების პროვოკაციები და მათ გარეშე გადაწყვიტა საკუთარი მოთხოვნების წამოყენება.

- საუბრის დასაწყისში თქვით, ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებული ამბავი ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს ხელისუფლებისთვისო. ოპოზიციას არაფერს მიანიშნებს ის, რომ სტუდენტები მაქსიმალურად ცდილობდნენ მათგან დისტანცირებას?

- მე კი ვთქვი, ეს ამბავი ხელისუფლებისთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს-მეთქი, მაგრამ რასაც ახლა აკეთებენ, იმაზე მეტყველებს, რომ ჭკუის სწავლაზე კი არა, შურისძიებაზე ფიქრობენ. მე ველოდები კომპრომატების გამოგდებას, კონკრეტული პირების გაშავებას, ჯარის შესახებ კანონის ბოლომდე მიყვანას და ახალგაზრდების დასჯას. რაც შეეხება ოპოზიციას, არც ის მგონია მზად იმისათვის, რომ ჭკუა ისწავლოს, თორემ ჭკუის სასწავლის მეტი რა ჰქონდათ. ისე კი, ეს ამბავი ნამდვილად არის ჭკუის სასწავლებელი ოპოზიციისთვისაც. ბოლოს და ბოლოს, ახალი გამოცდილებაა, რომელიც, წესით, ყველა ჩვენგანმა უნდა გაიაზროს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთადერთი, რაც ხელისუფლებაზე ნამდვილად მოქმედებს, არის ხალხის ძალა, მისი პირდაპირი მუქარა, ქუჩაში გამოსვლა.

- "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ სწორად ვერ აუხსნა ხალხს თავისი სათქმელი და ახლა მეტი მონდომებით შეეცდება ამას. აგერ, "უცნობი" ახალგაზრდებს უფასო კონცერტებს ჰპირდება. რატომ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ამ ახალგაზრდების დასჯაზე ფიქრობს და არა გადაბირებაზე?

- სწორად შენიშნეთ, ხელისუფლება იმას კი არ ამბობს, ბოდიში, ეს სიგიჟე რომ შემოვიტანეთ, ხალხს სწორად ვერ ავუხსენით, ახლა რაღაცას ვიზამთ, მერე ჩვენ ვიცითო, ეს ნიშნავს, რომ ხალხისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის გატეხას შეეცდება და შემდეგ გააგრძელებს არჩეულ გზას. ეს ძალიან საშიშია და ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. ხელისუფლებამ ერთი ნაბიჯით მხოლოდ იმიტომ დაიხია უკან, რომ ახალი შეტევისთვის მოემზადოს. ამიტომ გეუბნებით, რომ ჯარის შესახებ კანონი აუცილებლად უნდა გავაპროტესტოთ, ვინაიდან ისიც ანტიევროპულია, ადამიანის თავისუფლებას ზღუდავს და სისტემას აზიანებს.

ხათუნა ბახტურიძე