„ძალიან კარგია, რომ გამოინახა ერთადერთი სწორი გამოსავალი და კანონპროექტი ჩავარდა“
"მე ვერ გავხდები ვერც ლომჯარია, ვერც ბურჯანაძე და ვერც ჯანეზაშვილი, ვინაიდან ვიყავი, ვარ და ვიქნები ლევან იოსელიანი", - განაცხადა ლევან იოსელიანმა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პარტია "მოქალაქეების" ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყო. შეგახსენებთ, რომ ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად 7 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. არც ერთ დეპუტატს წინააღმდეგ ხმა არ მიუცია. ოთხმა დეპუტატმა კენჭისყრისგან თავი შეიკავა. იოსელიანი ამ თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს. ამავე სხდომაზე მას შეუჩერდა დეპუტატის უფლებამოსილება. ცნობისთვის: 2022 წლის 22 დეკემბერს რიგგარეშე სესიაზე პარლამენტმა ვერ მოახერხა ახალი სახალხო დამცველის არჩევა და, შესაბამისად, ევროკომისიის მე-12 რეკომენდაციის შესრულება. მას შემდეგ სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურა ხელახლა დაიწყო და ერთადერთი კანდიდატი ლევან იოსელიანი იყო. ლევან იოსელიანი, როგორც სახალხო დამცველი, პირველ ინტერვიუს "კვირის პალიტრას" აძლევს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს.
- მე მქონდა ჩემი სამოქალაქო პოზიცია, როდესაც ვიყავი პოლიტიკოსი, და მაქვს ახლაც, როდესაც წარმოვადგენ სახალხო დამცველს - ეს არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიმართ. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ამ კანონის მიღება მკვეთრად დააზიანებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივას. ძალიან კარგია, რომ გამოინახა ერთადერთი სწორი გამოსავალი და კანონპროექტი ჩავარდა.
რაც შეეხება აქციებზე განვითარებულ მოვლენებს, სახალხო დამცველის ოფისი ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა. აქციაზე მეც ვიყავი, პირადად მოვინახულე დაკავებულებიც, მათ შორის, ზურაბ ჯაფარიძე. მოგვიანებით ბრიფინგზე ვისაუბრებ საპოლიციო ღონისძიებასა და არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე.
- აქციაზე თქვენც დაზარალდით. თქვენი აზრით, ვინ იყვნენ ისინი, ვინც კვერცხები გესროლეს?
- ამ ინციდენტამდე დიდი ხნით ადრე ვიყავი მისული აქციაზე. ადგილზე ვაკვირდებოდი ყველაფერს. ბოლოს ქუჩის ზედა მხარეს ჩოჩქოლი შევნიშნე და მივედი. მანამდე იქ "ნაციონალური მოძრაობის"“ მხარდამჭერები იდგნენ. აგრესიაც მათგან წამოვიდა. ამ პარტიის ჩემდამი დამოკიდებულების მიუხედავად, მზად ვარ მათი უფლებებიც ისე დავიცვა, როგორც სხვა მოქალაქეების. რა თქმა უნდა, "ნაციონალების" კრიტიკული დამოკიდებულება განაპირობა ჩემმა პოლიტიკურმა საქმიანობამ, პარლამენტში პოზიციონირებამ და მათი ლიდერის მიმართ ჩემმა კრიტიკულმა მოსაზრებებმა. ჩვენ არასდროს გვქონია კარგი ურთიერთობა, თუმცა მაინც გულდასაწყვეტია, რომ ასეთი აგრესიული ფორმით გამოხატეს ჩემდამი დამოკიდებულება, მაშინ როდესაც ყველა ერთად ვაპროტესტებდით ასეთ მნიშვნელოვან ამბავს.
- დიახ, თქვენ "ნაციონალებთან" არც ადრე გქონდათ კარგი ურთიერთობა, მაგრამ სამშაბათს, მაშინ როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ აგენტების შესახებ კანონს იღებდა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ მთელი საპარლამენტო ოპოზიცია გაერთიანდით, გარდა იმისა, რომ კანონის მიღებას აპროტესტებდით, ფიზიკურადაც იცავდით ერთმანეთს.
- კი, ასე იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, "ნაციონალებს" თავიანთი მომხრეები დარწმუნებული ჰყავდათ, რომ სახალხო დამცველად ჩემი არჩევა ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღებასთან იყო დაკავშირებული.
- საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა, ორივე ამბობდნენ, რომ სახალხო დამცველის პოსტზე თქვენი მხარდაჭერა იმაზე იქნებოდა დამოკიდებული, თუ რა პოზიციას დააფიქსირებდით ე.წ აგენტების შესახებ კანონზე, ასევე ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად ნაწილში თქვენი შეხედულებები ოპოზიციისას დაემთხვა, თქვენ მაინც უმრავლესობის მხარდაჭერით აღმოჩნდით ომბუდსმენის პოსტზე. ეს როგორ მოხდა?
- საჯაროდ ვთქვი, რომ არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს მხარდაჭერას, რომელიც არ დგას "აგენტების შესახებ" კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში, რომ ეს კანონი ერთმნიშვნელოვნად ძალიან უარყოფითია და ინიციირების დღიდანვე როგორც პარლამენტში, ისე საჯარო სივრცეში კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მის მიღებას. ნიკა გვარამიას ჰქონდა ჩემთან კითხვა - მივიჩნევდი თუ არა მას პოლიტპატიმრად და საჯაროდ ვუპასუხე, რომ მისი დაპატიმრება ნამდვილად იყო ნაკარნახები პოლიტიკური მოტივით. ამას მე და ალეკო ელისაშვილი ნიკას დაპატიმრების პირველივე დღიდან ვამბობდით. რაც შეეხება სააკაშვილის ნაწილს - ის არ მიგვაჩნია პოლიტპატიმრად. თუმცა მივიჩნევთ, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს მისი ჯანმრთელობის დაცვისა და ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად ქვეყანაში თუ მის გარეთ.
- თქვენი აზრით, რატომ დაგიჭირათ მხარი მმართველმა გუნდმა?
- დაინახეს, რომ ერთადერთი ადამიანი ვიყავი, რომელთან დაკავშირებითაც შესაძლებელი იყო კონსენსუსი.
- დღეს თქვენთვის მთავარი გამოწვევა რა არის?
- პენიტენციარულ სისტემაში პრობლემები, თანასწორობის საკითხები...
- რამდენად მოსალოდნელია, რომ ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა შეიცვალოს აზრი, რომელიც სააკაშვილის შესახებ ჰქონდა პოლიტიკაში ყოფნის დროს?
- არც სააკაშვილის და არც სხვა რომელიმე პერსონის შესახებ პოლიტიკურ განცხადებებს არ გავაკეთებ. სახალხო დამცველი პატიმარ სააკაშვილის უფლებებზე ზედამხედველობას გააგრძელებს.
ხათუნა ბახტურიძე