გამარჯვებული ახალგაზრდები და დამარცხებული პოლიტიკოსები - კვირის პალიტრა

გამარჯვებული ახალგაზრდები და დამარცხებული პოლიტიკოსები

7, 8 და 9 მარტის მოვლენებში მთავარი ის არის, რომ დადასტურდა - საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, არც პოლიტიკურ ნიჰილიზმშია და არც უიმედობაში. მას შეუძლია ყოველგვარი მოწოდებების გარეშე გამოვიდეს ქუჩაში და გააპროტესტოს ის, რაც ქვეყნისთვის საზიანოდ მიაჩნია. და რაც მთავარია, მიზანსაც მიაღწიოს. ამ დღეებში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო არ არის არც რუსეთი და არც უახლოესი სამეზობლო (იმედია, საწყენად არავინ მიიღებს) - სამოქალაქო საზოგადოება შემდგარია. ამ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სად გადის ზღვარი პარტიულ და ქვეყნის ინტერესებს შორის. ჩვენი ქვეყანა თუნდაც მხოლოდ ამისთვის იმსახურებს ევროკავშირის წევრობის სტატუსს (იმედია, ეს ევროპის დედაქალაქებში კარგად ესმით). აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებას უკან დროულად რომ არ დაეხია, შესაძლოა მოვლენები ტრაგიკული სცენარით განვითარებულიყო.

ასევე, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გააჩინა ბევრი კითხვა როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ოპოზიციასთან. პოლიტიკოსებმა კეთილი უნდა ინებონ და ამ კითხვებს პასუხი გასცენ. მაგალითად, საკითხავია ("ოცნების" მისამართით) - რა საჭირო იყო მაინცდამაინც ახლა, ასე დაჩქარებულად "აგენტების შესახებ" კანონპროექტის განხილვა მაშინ, როდესაც ხედავ, რომ ეს იწვევს პოლარიზაციის მორიგ აფეთქებას?! რა საჭირო იყო მოვლენების პედალირება მაშინ, როდესაც ხედავ, რომ შენი მომხრეებიც კი ეწინააღმდეგებიან კანონის მიღებას?! რაც არ უნდა აუცილებლად მიგაჩნდეს მსგავსი კანონის მიღება (თუმცა ამ კუთხითაც ძალიან ბევრი კითხვაა), ხომ უნდა შეხედო, სასწორის მეორე პინაზე რა დევს - დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭება და სუპერპოლარიზაციის მორიგი რაუნდის დაწყება?!

ასევე, კეთილი ინებონ და მაღალჩინოსნებმა განმარტონ, რა აუცილებელი იყო 7-8 მარტს, პარლამენტში კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის მანქანების დაუყოვნებლივ გამოყვანა, რამაც პარლამენტთან შეკრებილი ხალხი გააღიზიანა. აქციის მონაწილეების დიდი ნაწილის პროტესტი იყო გულწრფელი და ცეცხლზე ნავთის დასხმა საჭირო არ იყო. შსს-ს არგუმენტით, მომიტინგეებმა პარლამენტის გვერდითა შესასვლელის ბლოკირება სცადეს (ამ შესასვლელებიდან გადის პარლამენტის ეზოდან ავტოტრანსპორტი, მათ შორის დეპუტატების მანქანები). ნუთუ არ შეიძლებოდა კორიდორის გაკეთება საპატრულო პოლიციის ძალით?! ან დეპუტატებს შენობაში, რომელიც კარგად იყო დაცული, 2-3 საათი რომ მოეცადათ, რამე დაშავდებოდა?!

7-8 მარტს დაფიქსირდა პოლიციისთვის "მოლოტოვის კოქტეილების" სროლის ფაქტებიც, რაც უმძიმესი პროვოკაციაა, პირველ რიგში, ქვეყნის წინააღმდეგ. 7-8 მარტსვე დაფიქსირდა პარლამენტის შენობაში შეღწევის მცდელობა. დაუყოვნებლივ დასადგენია, ვინ იყო ეს ხალხი და ვისი დავალებით მოქმედებდა. ვიცით, რომ არის რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფი (წინა ხელისუფლების მხარდამჭერები), რომელიც ნებისმიერ პროტესტს იყენებს იმისთვის, რომ მოვლენების ესკალაცია მოხდეს. მათ შეუძლიათ, ერთი მხრივ, პროტესტის დისკრედიტაცია და მეორე მხრივ, ტრაგედიის გამოწვევა. ან ვინმე გამორიცხავს, რომ საერთოდ, ასეთი პროვოკატორები მტრულად განწყობილმა ქვეყანამ შემოგზავნოს?!

8 მარტის საღამოს მომიტინგეები კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტთან. თქვენი მონა-მორჩილი დარწმუნებული იყო, რომ აქციის ორგანიზატორებიც და შსს-ც სულ რამდენიმე საათის წინ მომხდარი ინციდენტებიდან დასკვნებს გამოიტანდნენ და ის ღამე მშვიდობიანად ჩაივლიდა. თუმცა, როდესაც გიორგი ვაშაძემ მომიტინგეებს მოუწოდა, რომ პარლამენტისთვის ალყა შემოერტყათ, გულმა ცუდი მიგრძნო. ღამის თერთმეტ საათზე რა აზრი ჰქონდა ცარიელი პარლამენტისთვის ალყის შემორტყმას, სადაც სპეცრაზმის გარდა, არავინ იმყოფებოდა?! სულ რამდენიმე საათის წინ იყო შეტაკებები სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის, ხალხი არის გაღიზიანებული, ნერვები დაწყვეტაზე აქვთ მომიტინგეებსაც, პოლიციელებსაც და... ამ დროს პოლიცია და მომიტინგეები ერთმანეთს ისევ პირისპირ უნდა მიაყენო?! რა გარანტია გაქვს, რომ ის პერსონაჟები, რომლებიც სულ რამდენიმე საათის წინ "მოლოტოვის კოქტეილებსა" და ქვებს ისროდნენ, ისევ იმავეს არ გააკეთებენ?! პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ ის არის, რომ არ დააყენო რისკის ქვეშ შენი თანამოქალაქეების სიცოცხლე. 8-9 მარტის მოვლენებს მსხვერპლი რომ მოჰყოლოდა, ხომ წარმოგვიდგენია, რა საზარელი დომინოს პრინციპი ამოქმედდებოდა?!

გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ პარლამენტისთვის ალყის შემორტყმის გეგმა შეთანხმებული ჰქონდა აქციის საკოორდინაციო საბჭოსთან თუ კომიტეტთან. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი აცხადებს, რომ გეგმები შეთანხმდა და იცოდნენ "ლელომ", ზურა "გირჩი" ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და სხვებმა. მაშინ რატომ დუმან ისინი? თქვან, დიახ, ჩვენ ვიცოდით და პარლამენტისთვის ალყის შემორტყმის გეგმას მხარი დავუჭირეთ. დუმილი თანხმობის ნიშანია თუ უარყოფის?! მეორე მხრივ, საკოორდინაციო საბჭოს წევრმა ნინო ლომჯარიამ "რეჟიმის მოკავშირე" უწოდა ვაშაძეს, საკოორდინაციო საბჭოს წევრმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ პარლამენტის ალყის თემა არ იყო არავისთან შეთანხმებული, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ვაშაძემ მერაბიშვილისა და კეზერაშვილის დაკვეთა შეასრულა.

ყოველ შემთხვევაში, როდესაც რუსთაველის პროსპექტზე მოვლენები დრამატულად ვითარდებოდა, ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთ უკრაინულ არხზე განიხილავდა "თბილისური მაიდნის" შესაძლებლობას, აიღებდნენ თუ არა "ბასტილიის ციხესავით" "ვივამედის" კლინიკას, სადაც სააკაშვილი მკურნალობს და ა.შ. ისე, ამ ერთი კვირის მანძილზე რატომღაც ყველას "დაავიწყდა" სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღარ არის ცუდად?! არ უნდათ მოიკითხონ?

"ჩვენი პარტია პირველ საკითხად აყენებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ამ მიტინგის მიღწეული ერთ-ერთი მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. უნდა გესმოდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ნახევარ საათში ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს ნიშნავს.…თქვენ დაინახეთ, რომ გუშინ პარლამენტთან ხალხი უბრალოდ იდგა და მათ წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი. ზუსტად იგივე მოხდება საავადმყოფოსთან, რადგან როგორც კი წავიყვანთ იქით ხალხს, ხელისუფლება იქით გადაისვრის ძალებს. სად იქნება ეპიცენტრი, ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, რადგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ჩვენი პირველადი ამოცანაა. ამ დრომდე ამას დიპლომატიური მეთოდებით ვცდილობდით. ამჟამად ამერიკაში ჩვენ ძალიან სერიოზული მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით. არ არის მნიშვნელოვანი, სად გაირღვევა პოლიციის კორდონი - პარლამენტთან თუ საავადმყოფოსთან. კორდონის ნებისმიერი "გარღვევა" არის სააკაშვილისა და მთელი საქართველოს გათავისუფლება", - აცხადებდა მერაბიშვილი.

ცინიზმის მწვერვალია, რომ 7 ნოემბრისა და 26 მაისის შემოქმედი მომიტინგეების ბედზე მოთქვამს. ტრაგიკომიკურია განცხადებები, თითქოს მომიტინგეების ერთ-ერთი მიზანი სააკაშვილის გათავისუფლება იყო. მე რომ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი ვიყო, აუცილებლად ვკითხავდი ვანო მერაბიშვილს, შემთხვევით, "ოცნებასთან" ხომ არ არის შეკრული, რომ უდროო დროს გამოჩნდეს ხოლმე მედიასივრცეში და პროტესტის დისკრედიტაცია მოახდინოს. სხვათა შორის, თავად სააკაშვილი, სანამ ხელისუფლებამ კანონპროექტი არ გაიწვია და სიტუაცია არ განიმუხტა, ჩუმად იყო და მერეღა გაავრცელა ფეისბუქგანცხადებები.

თუ ვინმე სპეციალურად შეეცადა, რომ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინა დესტრუქციული მიზნებისთვის, მას ჰქონდა მარტივი გათვლა - მსხვერპლი მომიტინგეებში, მსხვერპლი პოლიციელებში, რასაც მოჰყვებოდა სრულმასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება. აი, უკვე შემდეგ არის მრავალწერტილი. რა თქმა უნდა, ხელისუფლება დასრულდებოდა, მაგრამ სამოქალაქო დაპირისპირება რამდენიმე დღეში ალაგდებოდა თუ წლები გაგრძელდებოდა, საკითხავი აი, ეს არის. თუმცა პუტინი არც ერთ მხარეს დაელოდებოდა და არც მეორეს - ქაოსის დაწყებისთანავე რუსული სპეცსამსახურები თავადვე მოახდენდნენ საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებზე თავდასხმის იმიტაციას და მათ "დასაცავად" აქ ტანკებს გამოგზავნიდნენ.

თუმცა მთავარია, ყველაზე მძიმე სცენარს გადავრჩით. ფაქტი ერთია - გაიმარჯვეს ახალგაზრდებმა და დამარცხდნენ პოლიტიკოსები (ხელისუფლებასაც ვგულისხმობთ და ოპოზიციასაც). სწორედ ეს ახალგაზრდები არიან გარანტი იმისა, რომ საქართველო საბოლოოდ დააღწევს თავს პოლიტიკურ მორევს და შეუქცევადად დაადგება გზას ევროპისკენ.

გიორგი კვიტაშვილი