"ბებიაჩემი საბერძნეთში 13 წელი მუშაობდა.. გადავწყვიტე, მისთვის სიურპრიზი მომეწყო" - რას ჰყვება "ბერძნული ხმის" ქართველი ფინალისტი
ქართველებისთვის გასული კვირა შესანიშნავი იყო. არაერთი სასიხარულო ამბავი მოხდა - "აგენტების კანონპროექტის" ჩაგდებით დაწყებული, მერაბ დვალიშვილის რუს პიოტრ იანზე გამარჯვებით დასრულებული. ასევე იყო ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი გოლი "ატალანტას" კარში.
ახლა კიდევ ერთ კარგ ამბავზე გიამბობთ, ქართველი მომღერალი დოდონა ნამორაძე "ბერძნული ხმის" ფინალში გავიდა. ის ოთხ საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა.
ფინალში გამარჯვება 16 წლის ბერძენმა შემსრულებელმა მოიპოვა, ქართველი მომღერალი კი ხმების მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა. მას ემიგრანტები განსაკუთრებით გულშემატკივრობდნენ და მართალია, გული სწყდებათ, რომ გამარჯვება სხვამ მოიპოვა, თუმცა უცხო ქვეყნის პროექტში ქართველის ამგვარი წარმატება, თუნდაც მეორე ადგილზე გასვლა, ძალიან ახარებთ.
"ჩემო მეგობრებო, ვინ ვის სჯობდა უკვე აღარაფერს ნიშნავს, გაიმარჯვა 16 წლის ბავშვმა პატარა საყვარელი გოგონაა, გთხოვთ ცუდ კომენტარებს ნუ დაუწერთ! წარმოიდგინეთ რას იგრძნობს, როცა ამას წაიკითხავს. უდიდეს წარმატებას ვუსურვებ", - დაწერა ფინალის შემდეგ მომღერალმა. დოდონა ნამორაძე 2023 წლის თებერვალში ჟურნალ გზას ესაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:
- ბერძნული "ვოისი" რატომ აირჩიეთ?
- ბებიაჩემი საბერძნეთში 13 წელი მუშაობდა. შემდეგ ინსულტის გამო, საქართველოში ჩამოსვლა მოუწია. საბერძნეთი ძალიან უყვარს. თავად სულ ჰქონდა სურვილი, იქ რომელიმე მუსიკალურ კონკურსში გამოვსულიყავი. როდესაც ბერძნული "ვოისისთვის" კასტინგი გამოცხადდა, ამის შესახებ იქ მცხოვრებმა მეგობრებმა მაცნობეს. გადავწყვიტე, ბებოსთვის სიურპრიზი მომეწყო: კასტინგისთვის ჩემი მონაცემები გავგზავნე. როდესაც კონკურსზე მოვხვდი, ბებოს მხოლოდ მაშინ ვუთხარი. ყველას გაუხარდა. თან, საბერძნეთი საქართველოსთან ახლოს არის - ამ 2 ქვეყანას შორის მიმოსვლა ჩემთვის უფრო იოლია.
- საბერძნეთში გიცხოვრიათ?
- არა, პირველად ვიყავი. იქ მეგობრები, ნაცნობები და ნათესავები მყავს. ბებიის მსგავსად, ჩემი რამდენიმე ნათესავი იქ მუშაობს და კონკურსის შესახებ სწორედ მათგან შევიტყვე.
- პროექტში მონაწილეობისთვის ბერძნული ენის ცოდნა საჭირო არ იყო?
- იქ ინგლისურად თითქმის ყველა საუბრობს. ეთერში ჩემი ინტერვიუც ინგლისურად გავიდა, სცენაზე გასულსაც ინგლისურად მესაუბრებოდნენ... ბერძნული საერთოდ არ ვიცი. ცოტ-ცოტას ახლა ვსწავლობ. იხილეთ სრულად