"გავრილოვის ღამიდან" "აგენტების კანონამდე" - ერთნაირი სცენარით ორჯერ საქართველოს კრიზისულ სიტუაციაში ჩაგდება... - კვირის პალიტრა

"გავრილოვის ღამიდან" "აგენტების კანონამდე" - ერთნაირი სცენარით ორჯერ საქართველოს კრიზისულ სიტუაციაში ჩაგდება...

ყველა ქმედება იწვევს უკუქმედებას - ნიუტონის მესამე კანონი მარტო ფიზიკას არ ახასიათებს, ასეა ცხოვრებაშიც, მათ შორის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, რაშიც კიდევ ერთხელ მწარედ დავრწმუნდით.საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების დიდი ნაწილის ქმედებამ საქართველო გასულ კვირას სერიოზულ კრიზისულ სიტუაციაში ჩააყენა პარლამენტზე იერიშით...თუმცა ეს ამ პოლიტიკოსებისგან არ გვიკვირს და ამიტომაც მოჰყვა საზოგადოების მკვეთრი, ხშირად აგრესიაში გადაზრდილი უკუქმედებაც.გავიხსენოთ "გავრილოვის ღამე", 2019 წლის 20 და 21 ივნისი, როდესაც წინა მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა ჯერ პარლამენტში შეიყვანეს და შემდეგ სპიკერის სავარძელში ჩასვეს რუსეთის დუმის დეპუტატი გავრილოვი (იმ რუსეთის, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული) და მათ ქმედებას საზოგადოების ნაწილის მწვავე რეაქცია მოჰყვა პარლამენტში შეჭრის არაერთი ცდის ჩათვლით...მაშინაც საპარლამენტო უმრავლესობას დეპუტატების ის ჯგუფი წარმოადგენდა, რომელთა ქმედებამაც 2023 წლის 8-9 მარტს ისევ პროვოცირება გამოიწვია - პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის სასწრაფო განხილვით და პირველი მოსმენით მიღებით მათ საზოგადოების ნაწილის მკვეთრი უკურეაქცია გამოიწვიეს, რაც კვლავ პარლამენტის შენობაზე იერიშის მიტანის ცდასა და შესაბამისად, სამართალდამცავების შემაკავებელ მოქმედებებში გადაიზარდა.იბადება კითხვა: ნუთუ არც რუს დეპუტატ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმისას და არც ე. წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით დაჩქარებულად მიღებისას პარლამენტართა ეს ჯგუფი ვერ ხვდებოდა, რომ ამას არა მარტო ჩვენი დახავსებული ოპოზიციის, არამედ ხალხის დიდი ნაწილის მწვავე რეაქცია მოჰყვებოდა? თუკი ვერ ხვდებოდნენ, რითი იყო ეს განპირობებული - არაპროფესიონალიზმით, მიამიტობით თუ წინასწარი განზრახვით?თუკი არაპროფესიონალიზმის ბრალია, მაშინ რად უნდა ქვეყანას ასეთი დეპუტატები პარლამენტში, ხოლო თუკი წინასწარი გათვლით, სპეციალურად ჩააყენეს საქართველო კრიზისულ სიტუაციაში "გავრილოვის ღამის" სცენარით, მაშინ მით უმეტეს, რა ესაქმებათ ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში?ეს ორი კრიზისული სიტუაცია იმითაც ჰგავს ერთმანეთს, რომ დაძაბულობის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობა შემდეგ მაინც უკან იხევს - "გავრილოვის ღამიდან" ორ დღეში პარლამენტის თავმჯდომარე მაინც გადადგა, ისევე როგორც ორიოდ დღეში ე.წ. აგენტების შესახებ კანონი საპარლამენტო უმრავლესობამ უკან წაიღო. არადა, ეს მაშინვე რომ გაეკეთებინათ, რამდენი ჩვენი მოქალაქე გადაურჩებოდა დაშავება-დასახიჩრებას როგორც მომიტინგეების, ისე საპოლიციო ძალებისგან?!ფეხბურთში ორი "ყვითელი" ბარათი ერთ "წითელს" უდრის და მოთამაშეს მინდვრიდან აძევებენ. დადგა თუ არა დრო, რომ მცდარი ქმედებების გამო ქვეყნის ორჯერ უკიდურეს კრიტიკულ სიტუაციაში ჩამყენებელი საპარლამენტო უმრავლესობის კონკრეტულ დეპუტატებს (რომლებიც ამ ორივე დაძაბულობის უშუალო ინიციატორები გახდნენ) "წითელი" აენთოთ და "პოლიტიკურ პენსიაზე" გავიდნენ იმ ოპოზიციონერი დეპუტატების დიდ ნაწილთან ერთად, რომლებიც არანაკლებ დიდ უარყოფით რეაქციას იწვევენ საზოგადოების უმრავლესობაში?ხომ არ დადგა დრო, რომ ქართულ პოლიტიკაში მასობრივად შემოვიდნენ ის პოლიტიკურად სუფთა ახალგაზრდები, რომლებიც ახლოს არ გაიკარებენ "ჩასვრილ" პოლიტიკოსებს როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციის წრიდან, რისი თვალსაჩინო მაგალითიც ვნახეთ მიტინგზე, როდესაც ოპოზიციის ლიდერები ახალგაზრდებმა მიკროფონს არ გააკარეს."გაუსვრელი" ახალგაზრდების გამოჩენა ქართულ პოლიტიკაში იქნება იმედი იმისა, რომ ამ მოჯადოებული წრიდან ქართული პოლიტიკა რამენაირად გამოვა. თუმცა ამაში ახალი, ძალზე სერიოზული საფრთხეც იმალება.

იყო თუ არა "გავრილოვის ღამეს" და ახლაც ე. წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საპროტესტო მიტინგები მშვიდობიანი?

samx4-1678629850.jpg

თვალთმაქცობა არ გვჭირდება - რუსთაველის პროსპექტზე მაინცდამაინც ტანკები უნდა შემოგრიალდნენ და პარლამენტის შენობას აუცილებლად 100 მმ-იანი საზენიტო ქვემეხით უნდა ესროლონ ჭურვები როგორც 1991 წელს სამარცხვინო თბილისის ომში, რომ მიტინგი არამშვიდობიანად ჩაითვალოს?

განა პარლამენტის შენობაში შეჭრის ცდები ქვებისა და "კოქტეილი მოლოტოვისთვის" (სწორია "კოქტეილი მოლოტოვისთვის" და არა "მოლოტოვის კოქტეილი", რადგან როდესაც 1939 წელს საბჭოთა ტანკები ფინეთში შეიჭრნენ, მათ ფინელები ბოთლებში ჩასხმული ცეცხლგამჩენი სითხით წვავდნენ და თანაც მიაძახებდნენ, გასინჯეთ "კოქტეილი მოლოტოვისთვისო") სროლით, ცეცხლის წაკიდებით, ფანჯრებიდან რკინის ცხაურების ჩამოგლეჯით, მშვიდობიანი მიტინგისთვის დამახასიათებელი ატრიბუტებია?

ისევე როგორც "გავრილოვის ღამეს" ან ე. წ. აგენტების კანონის გაპროტესტებისას მიკროფონთან "გლანდებგადმოგდებული" ორატორების ყვირილი გადაფარა ძალზე აგრესიული ახალგაზრდების ჯგუფებმა, რომლებიც აშკარად იწვევდნენ "ბეტმენებს" გინებით, ქვების სროლით, პარლამენტის შესასვლელების შემტვრევის არაერთგზის ცდითა და შემდგომ ქუჩებში ავტომობილების გადაბრუნება-დაწვით.

რამდენად პროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ მომიტინგეთა აგრესიული ნაწილის აქტიური მოქმედებების აღსაკვეთად?

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის პოზიცია ხშირად დიდ კითხვას აჩენს - ისინი გამწარებული აპროტესტებდნენ, "გავრილოვის ღამეს" შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა თუ რატომ დაუწყეს მომიტინგეებს თავიდანვე რეზინის ტყვიების სროლა და ჯერ წყლის ჭავლი არ გამოიყენეს, რაშიც გარკვეულწილად მართლებიც იყვნენ.

თუმცა დღეს იგივე არასამთავრობოები უკვე იმას აპროტესტებენ, რომ თურმე ბრანდსპოიტებიდან გაშვებული წყლის ჭავლი "ძალის გადამეტებული გამოყენება" ყოფილა, თანაც წიწაკის სპრეისთან ერთად, ხოლო ხმოვანი გაფრთხილებების შემდეგ თურმე მომიტინგეებს დიდი დრო უნდა მისცემოდათ იმის მოსაფიქრებლად, დაშლილიყვნენ თუ არა.

გარკვეულწილად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პროვოცირებულ "გავრილოვის ღამეს" მოქმედი საპოლიციო ძალების აგრესიული მომიტინგეების საპასუხო ქმედებები მაშინ გადამეტებულად შეფასდა, რადგან რეზინისა და პლასტიკურ ტყვიებს ახლო მანძილიდან ისროდნენ, ზოგჯერ თავში სპეციალურად დამიზნებით, მაგრამ ა.წ.-ის 8-9 მარტის ღამეს სამართალდამცავების მოქმედება ბევრად "დახვეწილი" აღმოჩნდა, თანაც რეზინისა და პლასტიკური ტყვიების გამოყენების გარეშე, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს.

რა ტაქტიკით უტევდნენ პარლამენტის შენობას და როგორ იცავდნენ მას

samx3-1678629850.jpg
სპეცრაზმელი თოფიდან ცრემლსადენი აირის ყუმბარას ისვრის მომიტინგეების მიმართულებით...

საქართველოს პარლამენტი ორი კორპუსისგან შედგება - ზედა 1938 წელს აშენდა, ქვედა - 1953 წელს. შენობის სიგანე 84 მ-მდეა, სიგრძე კი 130 მ-ს შეადგენს.

პარლამენტს ოთხივე მხრიდან აქვს შესასვლელი - რუსთაველის პროსპექტის მხრიდან საპარადო, ძმები ზუბალაშვილების ქუჩიდან საშვის ბიუროში, ხოლო ჭიჭინაძისა და 9 აპრილის (ყოფილი ჩიტაძის) ქუჩებიდან კი დეპუტატების ავტომობილები შედიან პარლამენტის შიდა, დიდ ეზოში.

შესაბამისად, აგრესიულად მოქმედი მომიტინგეთა ნაწილის იერიშის სამიზნე პარლამენტის ოთხივე შესასვლელი გახდა, თუმცა, თუკი 8 მარტის ღამეს იერიში ძირითადად რუსთაველის პროსპექტის მხრიდან პარლამენტის საპარადო შესასვლელზე იყო, 9 მარტს მათ ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზეც გადაინაცვლეს და ერთგვარ წარმატებასაც კი მიაღწიეს საშვთა ბიუროს შესასვლელებზე იერიშისას და შენობის პირველ სართულზე რკინის ცხაურის ჩამოგდებით, რასაც მალევე შენობაში შეღწევა მოჰყვებოდა, "ბეტმენები" რომ არ ჩართულიყვნენ "ბრძოლაში".

"ბეტმენებს" ის ტაქტიკური უპირატესობაც ჰქონდათ, რომ თავდაცვით ზღუდეებს ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩების აღმართში იკავებდნენ და შეტევაზე გადასულებზე უკეთეს პირობებში იყვნენ, მით უმეტეს, წყლის ჭავლის გამშვები სპეცმანქანების ოპერატორები.

შეიძლება ხელისუფლებამ სპეციალურად ადროვა აგრესიულ ახალგაზრდებს, რომ ძმები ზუბალაშვილების ქუჩიდან პარლამენტის საშვთა ბიუროს შესასვლელებზე იერიში მიეტანათ, რათა იქ მომუშავე ათობით ვიდეოკამერაზე ნათლად აღბეჭდილიყო ძალადობის ფაქტები და მხოლოდ შემდგომ გასცა "ბეტმენების" გააქტიურების ბრძანება.

9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებიდან გამოდევნილ მომიტინგეებს თავისუფლების მოედნიდან დაძრული შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის "ბეტმენებიც" მიაწვნენ და რუსთაველზე უკან დაახევინეს, რასაც მოჰყვა ყველაზე აგრესიულ მომიტინგეებზე "ნადირობა" და დაკავება.

samx2-1678629850.jpg
პოლიციის სპეცმანქანა წყლის მძლავრი ჭავლით შლის მომიტინგეებს...

თავდასხმის რა საშუალებებს იყენებდნენ აგრესიულად მოქმედი ახალგაზრდების ჯგუფები

პარლამენტზე იერიშს შეიძლება ისიც "აადვილებს", რომ 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩების აღმართები რიყის ქვითაა მოპირკეთებული და კარგად ჩაცემენტებული ამ ქვების მორყევისა და ამოღების შემთხვევაში მომიტინგეს ხელში სასროლი იარაღი უჩნდება.

"ბეტმენების" რიგებს არ დაჰკლებია აგრესიული მომიტინგეებისგან ნასროლი ქვები, წყლით სავსე ბოთლები, "კოქტეილი მოლოტოვისთვის", ფეიერვერკები და... ლაზერის სხივებიც კი.

9 აპრილის ქუჩაზე "ბეტმენების" მწკრივში "კოქტეილი მოლოტოვისთვის" სროლას კინაღამ ტრაგედია მოჰყვა, სამართალდამცავები წკიპზე გადაურჩნენ ცეცხლის წაკიდებას, წყლის ჭავლის მანქანების ოპერატორმაც ივაჟკაცა და ცეცხლი ჩააქრო.

არანაკლებ საშიში იყო მძლავრი ფეიერვერკების ზალპი "ბეტმენებისკენ", როდესაც ისინი მათ თავზე ფეთქდებოდა, ისევე როგორც ლაზერული მომნიშვნელიდან გაშვებული სხივების სპეციალურად შენათება თვალებში.

რა არალეტალური იარაღი გამოიყენეს სამართალდამცავებმა

"ბეტმენები" აღჭურვილი იყვნენ დამცველი ფარებით, მუზარადებითა და დარტყმაგამძლე პლასტმასის კოსტიუმებით, რაც მათ მეტ-ნაკლებ თავდაცვას უზრუნველყოფდა ნასროლი ქვებისგან, მაგრამ 59 სამართალდამცავი მაინც დაშავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი აღჭურვილნი იყვნენ აირწინაღებით, ბევრი მაინც ცუდად გახდა ინტენსიურად გამოყენებული წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი ყუმბარების გამო.

ადვილად წარმოსადგენია, რა დღეში იქნებოდნენ თავად მომიტინგეები, რომლებსაც აირწინაღები არ ეკეთათ (ის რამდენიმე აქტიური მომიტინგე, რომლებსაც საბჭოთა დროინდელი აირწინაღი ეკეთა, არ გვგონია უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყვნენ, რადგან ამ მოძველებული აირწინაღების გააქტიურებული ნახშირის მოქმედების ვადა წლების წინ ამოიწურა).

წიწაკის სპრეის "ბეტმენები" უხვად ასხურებდნენ იმ მომიტინგეებს, რომლებიც მათ მწკრივს გინებით მჭიდროდ მიადგებოდნენ, ხოლო ბრანდსპოიტებიდან გაშვებული წყლის მძლავრი ჭავლით "წერტილოვნად" ურტყამდნენ და ძირს აგდებდნენ იმ მომიტინგეებს, რომლებიც რამდენიმე მეტრიდან "ბეტმენების" რიგს ქვებსა და "კოქტეილი მოლოტოვისთვის" ესროდნენ.

ცრემლსადენი აირის ყუმბარებს სამართალდამცავები სპეციალური თოფებით (ამ თოფებით რეზინისა და პლასტიკური ტყვიების სროლაცაა შესაძლებელი) რამდენიმე ათეული მეტრის სიშორეზე უშუალოდ მომიტინგეთა რიგებში ისროდნენ მათი დაშლის მიზნით.

სამართალდამცავებმა ასევე გამოიყენეს აკუსტიკური ქვემეხებიც - მანქანაზე დამონტაჟებული პარაბოლური ანტენის მსგავსი მოწყობილობა მაღალი სიმძლავრის დაბალსიხშირიან ბგერებს გამოყოფს და წესით 15 მეტრში ადამიანი ვერ უნდა გაუჩერდეს, ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასეთი აკუსტიკური ქვემეხებით იგერიებდნენ ნიგერიელ მეკობრეებს, მაგრამ ქართველებზე ეტყობა ნაკლებად მოქმედებს - რუსთაველზე ამ აკუსტიკური ქვემეხის ყურისწამღებ ხმებზე მომიტინგეები კი არ იშლებოდნენ, არამედ... ცეკვავდნენ, თუმცა ძალზე უცნაურად.

აღსანიშნავია, რომ "გავრილოვის ღამისაგან" განსხვავებით, ამჯერად სამართალდამცავებს არ გამოუყენებიათ პლასტიკური ტყვიების სასროლი სპეციალური პნევმატური "ავტომატები", რომელთა "პრეზენტაცია" სწორედ რუსთაველის პროსპექტზე 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევისას გამართა მაშინდელმა ხელისუფლებამ.

პარლამენტის მძიმე აუარა - ადგილი, სადაც ან უცხოები გვარბევენ, ან ქართველები ერთმანეთს ვუსწორდებით...

2023 წლის 9 მარტს რუსთაველის პროსპექტზე ქართველი ქართველს ქვასა და ცრემლსადენ ყუმბარას ესროდა და ეტყობა, მათი ძვლებიც შეტოკდა საფლავებში, ვინც სწორედ ამ ადგილას 67 წლის წინ, 1956 წლის 9 მარტს დახვრიტეს საბჭოთა სამხედროებმა "კალაშნიკოვების" ჯერებით.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა იმპერიამ კიდევ ერთხელ ჩახოცა ქართველები რუსთაველის პროსპექტზე, იმ შენობის წინ, რომელშიც მაშინ უმაღლესი საბჭო მუშაობდა.

2007 წლის 7 ნოემბერს მაშინდელმა ხელისუფლებამ ოპოზიცია პარლამენტის წინ კი არ დაშალა, არამედ დაარბია...

2011 წლის 26 მაისის გამთენიისას რაც მოხდა პარლამენტთან, რუსთაველის პროსპექტზე, იმას მომიტინგეთა დარბევაც აღარ ერქვა. ეს იყო სამაგალითო დასჯა განსაკუთრებული სისასტიკით. არადა, არც 7 ნოემბერს და არც 26 მაისს არც ერთ მომიტინგეს არ უცდია პარლამენტის შენობაზე იერიშის მიტანა.

2019 წლის 20 და 21 ივნისის ღამეები ასევე სამარცხვინო ფურცლებად ჩაიწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში, რადგან მართალია პარლამენტზე არაერთგზის მიიტანა იერიში აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების ნაწილმა, მაგრამ სამართალდამცავების საპასუხო რეაქციაც არანაკლებ დაუნდობელი გახლდათ, რასაც მომიტინგეთა ნაწილის დასახიჩრება მოჰყვა.

და აი, "ტრადიციას" არ ვღალატობთ - 2023 წლის 8 და 9 მარტის ღამეს საქართველოს მთავარი საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტის კედლებთან ახალი "შეტაკებები" გაიმართა.

რის უფლებას აძლევს და რას უკრძალავს კანონი სპეცრაზმელს მიტინგების დაშლისას

რა საშუალებებს იყენებს სპეცრაზმელი მასობრივი არეულობის დროს: სპეცრაზმელი მოქმედებს "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც აქტიური და პასიური სპეციალური საშუალებების გამოყენებას არეგულირებს. აქტიური საშუალებებია: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, არალეტალური იარაღი (მათ შორის არალეტალური ჭურვი), ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და სასამსახურო ცხენი, ელექტროშოკური მოწყობილობა და შესაბოჭი ბადე.

რა ეკრძალება სპეცრაზმელს

კანონი "პოლიციის შესახებ" სპეცრაზმელს, რომელსაც მასობრივი არეულობის დროს საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა დაევალა, უკრძალავს სპეციალური საშუალებების გამოყენებას ორსულების, მცირეწლოვნების, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმული პირების მიმართ, თუმცა კანონი აზუსტებს - თუკი ასეთი მოქალაქეები შეიარაღებული არიან ან ჯგუფურად ესხმიან თავს პოლიციელს, მაშინ კანონი სამართალდამცველს აქტიური მოქმედებებისთვის ხელ-ფეხს უხსნის. უფრო მეტიც - კანონის 35-ე მუხლის მე-2 თავი პოლიციელს აფრთხილებს, რომ თუკი ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის საპოლიციო ფუნქციის შესრულებას, მაშინ მას შეუძლია აკრძალვა არ გაითვალისწინოს.

ირაკლი ალადაშვილი